სილამაზის საიდუმლო - კვირის პალიტრა

სილამაზის საიდუმლო

ამქვეყნად ყველა ქალს სურს ლამაზი და მიმზიდველი იყოს. სილამაზეს კი თავისი საიდუმლო აქვს. როგორც ჩანს, ამ საიდუმლოს ფლობდნენ ცნობილი ქალბატონები. აი ზოგიერთი მათგანის მშვენიერების "რეცეპტი".

კლეოპატრამ თავად გამოიგონა ემულსია სახის კანისთვის - დედოფალი ერთმანეთში ურევდა თაფლსა და ალოეს წვენს და სახეზე იცხებდა. ცნობილია, მისი სილამაზის საიდუმლო - მას განსაკუთრებით უყვარდა რძიან  აბაზანში ნებივრობა.

ესპანეთის დედოფალ იზაბელას, რომელიც სოლიდურ ასაკშიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, საუცხოო თმა და სახის კანი ჰქონდა. იგი სახეზე გვირილას, მრავალძარღვას, ათასფურცელას, როზმარინის, ვარდისა და შროშანის ნაყენის ნიღბებს იკეთებდა.

ნაპოლეონის მეუღლე ჟოზეფინა ბოგარნე უბრალო ქალი იყო, თუმცა იცოდა, რომ სილამაზის ნიღბის მომზადება ჩვეულებრივი მოხარშული კარტოფილითაც შეიძლებოდა. სახეს იგი ქაფურის ცხელი კომპრესებით იწმენდდა, ხოლო უზმოზე წყალში გაზავებულ ლიმონის წვენს მიირთმევდა.

რუსეთის იმპერატორი ეკატერინე მეორე ახალგაზრდობასა და სილამაზეს ყოველდღიური აბაზანებით ინარჩუნებდა, რომელსაც შემდეგნაირად ამზადებდა: ოთხ დასრესილ კვერცხის გულს ნუშის სქელ რძეს ამატებდა, შემდეგ  წყალს ასხამდნენ, რომელშიც მანამდე დიდხანს ლბებოდა ვარდის ფურცლები.

ლუდოვიკო მეექვსეს ფავორიტი მარკიზა დე პომპადური სახის ნიღბებს ნაღების, ათქვეფილი კვერცხის ცილისა და ლიმონის წვენით იმზადებდა. ნიღბის ჩამობანის შემდეგ კი ზეითუნის ზეთს ისვამდა. ამასთან, ყოველდღე 1 ჭიქა სტაფილოს წვენს მიირთმევდა, რომელშიც 1 კოვზ თაფლს უმატებდა.

მეფე ანრი მეორეს სატრფო დიანა დე პუატიე თვლიდა, რომ სილამაზეს ნიღბისა და ლოსიონის გამოყენებით ვერ შეინარჩუნებ, ამიტომ დილაუთენია ცივ აბაზანას იღებდა, სუფთა ჰაერზე სეირნობდა და მსუბუქი საუზმით კმაყოფილდებოდა. თუმცა, მისი ხანგრძლივი ახალგაზრდობის საიდუმლო მაინც იმაში მდგომარეობდა, რომ არასოდეს ფიქრობდა სიბერეზე.

ზეითუნის ზეთს იყენებდა მერილინ მონროც კანის დასატენიანებლად. იგი არასოდეს ირუჯებოდა, რადგან მიაჩნდა, რომ მზე დროზე მალე აბერებს. დილით ცხელ რძესა და ორ უმ კვერცხს მიირთმევდა, თუმცა თავისი სილამაზის მთავარ საიდუმლოდ მაინც სუფთა ჰაერს მიიჩნევდა.

დღეს მართალია კოსმეტიკური საშუალებების დიდი არჩევანია, მაგრამ სახის კანის სილამაზისთვის სამზარეულოშიც მოიპოვება პროდუქტი. 1 ჭიქა ცხელ წყალში ნახევარი ლიმონი ჩაწურეთ, მიღებული წვენი ყინულის ფორმებში ჩაასხით და საყინულეში შედგით. ყოველ დილით სახე ასეთი ყინულის კუბებით გაიხალისეთ. კანი დიდხანს შეინარჩუნებს სიგლუვესა და სინაზეს.