"ნაშვილები" მემკვიდრე
04-02-2013
"ნაშვილები" მემკვიდრე
ძვირფასო რედაქცია, მინდა ერთი ოჯახის ამბავი მოგითხროთ და რჩევაც გკითხოთ: როგორ უნდა მოქცეულიყო ღვიძლი შვილისგან უარყოფილი მამა - მხოლოდ ნაშვილებისთვის დაეტოვებინა ქონება თუ გაეყო?

ვერ შეიქმნა მათი ოჯახი.  ყოველი შეხლა-შემოხლის შემდეგ თინა მშობლებთან გარბოდა... პირველი გაქცევის მერე დათომ ცოლს მიაკითხა, მაგრამ როცა თინამ მოუხშირა თავისიანებთან სირბილს, კაცმა ხელი ჩაიქნია. მერე უკვე თინა თავისით ბრუნდებოდა ქმრის ოჯახში. ამბობდა, - არ მინდა გიგა უმამოდ გაიზარდოსო... დათოს მოჰბეზრდა ცოლის წინ და უკან სირბილი,
ამიტომ მორიგი უთანხმოების შემდეგ უთხრა: ნუღარ დაბრუნდებიო.

რამდენიმე წლის შემდეგ დათომ მეორე ცოლი შეირთო. გაცხარებულმა თინამ და მისმა ნათესაობამ განაცხადეს, - ბავშვს გვარს შევუცვლით და თვალითაც არ დავანახებთო... გვარი არ შეუცვლიათ, მაგრამ მართლაც არ ანახებდნენ. გიგას  ეზოში მარტოს არ  უშვებდნენ, სკოლაში კი ბებია დაჰყვებოდა. რამდენჯერაც
დათო შეეცადა შვილის მონახულებას, გიგა იმდენჯერ გაექცა. მამის დანახვაზე ნერვიულობდა, ამიტომაც გადაწყვიტა, - გაიზრდება, ყველაფერს მიხვდება და ჩემთან ურთიერთობას აღადგენსო...

გავიდა დრო... დათოს მეორე ცოლთან შვილი არ შეეძინა. თეა ძალიან განიცდიდა უშვილობას, დათოსგან წასვლაც უნდოდა, მაგრამ ქმარმა უთხრა, - მიყვარხარ და არსად გაგიშვებო.
გამოხდა ხანი. გიგა სტუდენტი გახდა. დათომ გადაწყვიტა, სასწავლებელში მიეკითხა და შვილისთვის უნივერსიტეტში ჩარიცხვა მიელოცა. გიგამ ცივად მიიღო - ახლა გაგახსენდიო? - აჯახა მამას. დათოს უნდოდა ეთქვა, - ახლა კი არა, წლები შენს ნატვრასა და მოლოდინში გავატარე, ხშირად გაკითხავდი, მაგრამ შენს სიმშვიდეს ვუფრთხილდებოდი და ამიტომაც ახლოს არ გეკარებოდიო...  გიგას არაფრის გაგონება არ სურდა.

ერთ საღამოს აფორიაქებულმა თეამ დათოს უთხრა: - მეგობარმა გამაგებინა, რომ უდედმამოთა სახლში ობოლი გოგონა მიუყვანიათ, იქნებ გვეშვილაო... დიდხანს არ უფიქრია დათოს და წლინახევრის თამუნა  აიყვანეს. თინამ და მისმა მშობლებმა ეს რომ გაიგეს, ხელახლა აბობოქრდნენ - ღვიძლ შვილს არ პატრონობს და სხვისას ზრდისო?!

ერთ მშვენიერ დღეს, 14 წლის თამუნა შინ ატირებული დაბრუნდა. დათოს ყოფილმა სიდედრმა სკოლის წინ, მეგობრების თანდასწრებით ერთი ამბავი დააწია გოგონას: - შენ ვინა გდიხარ? სამადლოდ გაგზარდეს, ის ბინა კი, სადაც ცხოვრობ, ჩემი შვილიშვილისაა და დროა, იცოდეო...
გიგა ისედაც ალესილი იყო მამაზე და ახლა მთლად გადაირია, - მემკვიდრეობა მე მეკუთვნის და არა ვიღაც ნაშვილებსო... შვილისგან უარყოფილი მამა კი დარწმუნებულია, რომ სწორად მოიქცა...

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?