ბედნიერი დრეს-კოდი
ბედნიერი დრეს-კოდი
როგორ იქცა "სამუშაო" თეთრი კაბა საპატარძლო კაბად

ახლახან ჩემს სამსახურში ხელმძღვანელობა შეიცვალა. უფროსმა ოფისში მოკლე ქვედაბოლოებისა და კაბების ჩაცმა აგვიკრძალა. ახალი დრეს-კოდით აიკრძალა მოშიშვლებული მხრები, დეკოლტე და ღია ფეხსაცმელიც კი. ეს ყველაფერი თანამშრომელმა გოგოებმა ტელეფონით შემატყობინეს, რადგან შვებულებაში ვიყავი.

დასვენება ძვირი დამიჯდა. შესაბამისად ჯიბეგამოფხეკილისთვის ახალი ტანსაცმლის ყიდვაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. არადა, მეორე დღეს სამსახურში გავდიოდი. იმ საღამოს ყველა მეგობარს დავურეკე, ვინც კი მომსახურების ზონიდან გასული არ იყო: თაკოს, ლიკას, ნინის,
ელის და ჩემზე განაწყენებულ ანასაც კი. აღმოჩნდა, რომ ჩემი ოფისის “დრეს-კოდის”მოთხოვნებს მათი გარდერობიც ვერ აკმაყოფილებდა. გადავწყვიტე, ტანსაცმელზე დილით, საღ გონებაზე მეფიქრა და დაღლილი საწოლისკენ გავქანდი.

დილით მთელი გარდერობი გადმოვაქოთე. თითქმის ყველა კაბა - მოკლე, ფეხსაცმელი კი ღია იყო. რაც მოკლე არ იყო,
დეკოლტე ჰქონდა, რასაც დეკოლტე არ ჰქონდა, ზურგი ჰქონდა მოშიშვლებული... ავიღე და შარვალი და ბლუზი ჩავიცვი - ორივე შავი. ჩავიხედე სარკეში მგლოვიარეს ვგავდი. ის იყო, პალტოსა და ჩანთას დავწვდი, რომ კარზე ზარი გაისმა. ანა იყო. შვებულებაში გასვლამდე რომ გავანაწყენე. უფრო სწორად, ანამ ამიხსნა, რომ გავანაწყენე, თორემ მე არც ვიცოდი... მიზეზი კი თურმე ის იყო, რომ მის შეყვარებულ ლაშიკოს თვალებს ვუჟუჟუნებდი. მართალია, აღარ მახსოვდა, ეს როდის მოხდა, ანდა საერთოდ მოხდა თუ არა, მაგრამ ანასთან კამათი არ მინდოდა. იმიტომ, რომ კიდევ უამრავ მიზეზს გამონახავდა ჩემზე გულმოსასვლელად.

- კაბა მოგიტანე! - მახარა ანამ და პარკი შემომაჩეჩა.
- მაგვიანდება, - ვცადე წინააღმდეგობის გაწევა.
- შენი გულისთვის ქალაქის მეორე ბოლოდან გამოვედი, - მეგობარმა თვალები დამიბრიალა, - თან, მოგეხსენება, ტრანსპორტი არ დადის, გაფიცულები არიან.
- აბა, როგორ მოხვედი? - ვკითხე გულუბრყვილოდ და პარკიდან თეთრი კაბა ამოვიღე.
- როგორ და ტაქსით! როგორია? მოგწონს?
- ვინ? - ანგარიშმიუცემლად ვკითხე და კაბა მივიზომე.
- ვინ კი არა! კაბა მოგწონს?
- ძალიან თეთრია, საქორწინოს ჰგავს.
- სამაგიეროდ, გულდახურულია და არც მოკლეა, ჰა, ჩაიცვამ თუ არა?

ოხვრით ჩავიცვი. სადღაც, გულის სიღრმეში ეჭვი გამიჩნდა, რომ ამ გზით ანა ჩემზე შურისძიებას ცდილობდა, თუმცა, მერე შემრცხვა და ეს აზრი თავიდან ამოვიგდე. მოკლედ, სამსახურში ჯვრისწერაზე დაგვიანებული პატარძალივით გამოვცხადდი. ჩემს დანახვაზე თანამშრომლები აჩურჩულდნენ.

- თხოვდები? - ვერ მოითმინა ერთმა, ქერა მდივანმა ეკამ.
- არც მიფიქრია, - ზურგი შევაქციე და დავიჭყანე.
მალე მენეჯერმა კაბინეტში გამომიძახა.
- შენთვის ცნობილია ხომ ახალი წესები? –- მკითხა მკაცრად.
- დიახ, - კაბაზე დავიხედე, - არ შევესაბამები?
მენეჯერი იძულებული გახდა, ჩემთვის აეხსნა, რომ გულდახურული და გრძელი კაბა, მით უმეტეს თეთრი, საოფისე ტანსაცმელი არ არის.
- კლიენტებს დაგვიფრთხობ, - დაამთავრა გამოსვლა, - ახლა თავისუფალი ხარ, ხვალ ამ კაბით არ დაგინახო.

ყურებჩამოყრილი დავბრუნდი სამუშაო მაგიდასთან და საქაღალდეების მოწესრიგება დავიწყე. სწორედ ამ დროს დამირეკეს რაიონიდან. ჩემი ბიძაშვილი იყო. შემატყობინა, რომ ჩვენი დიდი ბებია გარდაცვლილა და დაუყოვნებლივ უნდა ჩავსულიყავი. ერთი პირობა კი ვიფიქრე, სახლში შევირბენ და გამოვიცვლი-მეთქი, მაგრამ დაკრძალვაზე დამაგვიანდებოდა. მენეჯერს თვალებაწყლიანებულმა ვთხოვე, უნდა გამიშვა-მეთქი. იმანაც ხელი ამიქნია, წადიო და ავტოსადგურში ტაქსით გავქანდი. ავტობუსში მთელი გზა მგზავრები უხმოდ მომჩერებოდნენ, მაგრამ ეს არაფერი, ჩემს ნათესავებს გული კინაღამ წაუვიდათ, როცა პატარძალივით გამოწყობილი გამოვეცხადე. ნუნუმ - ბიცოლაჩემმა, ლამის ყურში წამავლო ხელი, ოთახში შემათრია და თავისი ძაძები გადამაცვა.

მეორე დილით ფეხაკრეფით გამოვიპარე სახლიდან და ავტოსადგურისკენ გავიქეცი. წვიმდა. კაბის კალთა, რომელიც პალტოზე გრძელი იყო, ტალახში ამომეგანგლა. საზიზღარ გუნებაზე ვიდექი, წარმოსახვაში ანაც მაგრად გავლანძღე და სანამ გულში ვეჩხუბებოდი, გვერდით ვიღაცამ მანქანა გამიჩერა. ახლა იმ ვიღაცის გასალანძღავად მოვბრუნდი და ხელში ჩემი ყოფილი კლასელი მამუკა შემრჩა, რომელსაც ჩემსავით ქალაქში მიეჩქარებოდა. გზაში დიდი ხნის უნახავებმა ბევრი ვილაპარაკეთ და უკვე მცხეთასთან მოახლოებისას მამუკამ გამომიცხადა:

- მოდი, ჯვარი დავიწეროთ! კაბაც ხელს გიწყობს...
ჭკუათამყოფელი ქალი ჩემს ადგილას ალბათ დაფიქრდებოდა, ყველაფერს აწონ-დაწონიდა, სამსახურშიც მივიდოდა, სახლშიც დაბრუნდებოდა და გადაწყვეტილებასაც საღ ჭკუაზე მიიღებდა, მე კი...

ასეა თუ ისე, დღეს ბედნიერი ოჯახის ბედნიერი დიასახლისი ვარ. და კიდევ, ძალიან ვემადლიერები ანას...
sofo
09 დეკემბერი 2016 12:51
კიმაგრამ რაიყო დაკრძალვის დღეს გაიგე ბებია თუ დიდი ბებია რომ გარდაიცვალა? რაღაც მოგონილი ამბავი მგონია. :DDDD
lika
26 თებერვალი 2013 14:03
ღმერთმა აბედნიეროთ თუ უყვართ ერთმანეთი რატოა ტინგიცა ვერ ვხვდები?
nana
21 თებერვალი 2013 12:16
ტინგიცა ქალი

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები