პირველი ღამის კოშმარი - კვირის პალიტრა

პირველი ღამის კოშმარი

გჯერათ ბედისწერის? პასუხის მიუხედავად, ეს ამბავი ბევრს დაგაინტერესებთ. თუმცა, მანამდე ერთ ზღაპარს გავიხსენებ, რომლის თანახმად მისანმა უფლისწულს ღარიბ, მსახურ გოგონაზე დაქორწინება უწინასწარმეტყველა. ამაყმა ვაჟმა იუკადრისა ეს ამბავი, თვალებახვეული გოგონა ტყეში წაიყვანა, თავისი ხელით მუცელში ხანჯალი გამოუსვა და მხეცებს მიუგდო საჯიჯგნად. ბედად, გზად მიმავალ მდიდარ ვაჭარს გოგონას კვნესა მოესმა... თავისთან წაიყვანა, უმკურნალა და იშვილა. აღზარდა და თავსაც იწონებდა მშვენიერი შვილობილით. ერთ დღესაც წვეულებაზე უფლისწულს შეხვდნენ, რომელმაც ვერ იცნო გოგონა. გოგონამაც არ იცოდა, რომ სასიკვდილოდ უფლისწულმა გაწირა - მას ხომ თვალები ახვეული ჰქონდა. ქალ-ვაჟს ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდა და დაქორწინდნენ. პირველ ღამეს ქმარმა ცოლის ნაიარევი რომ ნახა და ყველაფერი მოისმინა, შეძრწუნდა, მერე კი ირწმუნა, რომ ბედისწერას ვერსად გაექცეოდა.

ნუკი და გიორგიც ვერ გაექცნენ ბედისწერას. ახლა ღიმილით ჰყვებიან ამბავს, წლების წინ კი...

ნუკი - გიორგი სკაიპით გავიცანი. ის ლონდონში იყო, მე თბილისში. საათობით ვლაპარაკობდით, თავზეც დაგვთენებია, მაგრამ ერთმანეთი ნანახი არ გვყავდა, ფოტოებსაც არ ვუგზავნიდი, რადგან ინკოგნიტოდ ფლირტი მომწონდა. ისიც სამაგიეროს მიხდიდა და სახეს არ მანახებდა. ერთ დღეს მთხოვა, შევხვდეთ, საქართველოში ვარო. არ ვიცი, რატომ მოვიქეცი ასე, მაგრამ ძველი სახლის მისამართზე დავიბარე, რომელიც 12 წლის წინ გაყიდეს ჩემმა მშობლებმა და წარმოდგენა არ მქონდა, ვინ ცხოვრობდა იქ. გიორგის სახლში ძალიან ლამაზი გოგო დახვედრია... ამის შემდეგ გიორგისგან 6 წელი არაფერი მსმენია...

გიორგი - ახლა მე განვაგრძობ. როდესაც კარი გოგომ გამიღო, გაოცებისგან  ძლივს აღმომხდა - ნუკი? გამიხარდა, ულამაზესი გოგო ყოფილა-მეთქი. ნუკი კი არა, მაიკო ვარო. როდესაც დავრწმუნდი, რომ ნუკიმ მომატყუა, მასთან დაკავშირება აღარ მიცდია, არასერიოზულ ქალად მივიჩნიე. მაიკო კი დანახვისთანავე თავდავიწყებით შემიყვარდა. თანაც ვიფიქრე, იქნებ ეს არის ჩემი ბედი და ხელიდან რატომ გავუშვა-მეთქი? დიდი გარჯა არ დამჭირვებია მასთან დასაახლოებლად. ანდა, რა მქონდა დასაწუნი?! ახალგაზრდა, სიმპათიური, ფეხზედამდგარი კაცი ვიყავი - ლონდონში აწყობილი ბიზნესი მქონდა.  მაიკო ძალიან თბილი, ყურადღებიანი და ალერსიანი გამოდგა. ორი თვის შემდეგ ხელი ვთხოვე და დავქორწინდით. ქორწილის მეორე დღეს, გამთენიისას თაფლობის თვის გასატარებლად ჰავაიზე მივფრინავდით, მაგრამ იმ ღამეს ჩემს ცხოვრებაში რაც მოხდა, ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი არ დაგესიზმრებათ - ქალი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა, ვისთვისაც ქორწინებამდე ხელი არ დამიკარებია და უმწიკვლო ანგელოზი მეგონა, გახრწნილი მატყუარა აღმოჩნდა. ჯერ იყო და, ქორწილში უზომოდ დათვრა, მერე იმდენს მამას არ ეფერებოდა, როგორც დის მამამთილს. ცეკვისას ისე ეხუტებოდა და კოცნიდა, Kგამიკვირდა. თუმცა იმდენად ბედნიერი და აღფრთოვანებული ვიყავი მისით, რომ ამისთვის ძალიანაც არ მიმიქცევია ყურადღება. რას წარმოვიდგენდი, წინ რა  საზიზღრობა მელოდა...

ხელში აყვანილი შევიყვანე საძინებელში. ერთი სული მქონდა, ეს ანგელოზივით  ქალი როდის გახდებოდა ჩემი, მაგრამ ისეთი მთვრალი იყო, ერთიანად მოწყდა. ტყვიასავით დამძიმებული ძლივს დავაგდე საწოლზე და გულგატეხილმა გავიფიქრე, ესეც შენი პირველი ღამე და რომანტიკა-მეთქი. ტანსაცმლის გახდის კი არა, თავის აწევის უნარიც არ ჰქონდა. ფრთხილად გავხადე, ლოგინში ჩავაწვინე და თავს ვებრძოდი, რომ მასთან პირველი კავშირი, როგორც მკვდართან არ დამემყარებინა, მაგრამ ისეთი თავბრუდამხვევი სხეული ჰქონდა, ნასვამმა თავი ვერ შევიკავე და ალერსს შევყევი... და უცებ გველნაკბენივით გამომაფხიზლა მისმა სიტყვებმა, - მთავაზობდა, გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი დამემყარებინა მასთან, თან თავისი დის მამამთილის სახელს ახსენებდა. ცხადი იყო, ვერ მცნობდა...

შოკში ჩავვარდი, ყურებს არ ვუჯერებდი, თავი სიზმარში მეგონა, ცოტა ხნის წინ საოცნებო, საყვარელი და სასურველი ქალი საშინლად შემძულდა, თითქოს ჩემ წინ გახრწნილი ხორცის მასა იდო. გაგიჟებულს რა მექნა, არ ვიცოდი, კედლებს ვაწყდებოდი. ერთხანს ისიც გავიფიქრე, იმ ბინძურ ბებერს მივახრჩობ და მერე ამ კახპასაც ზედ მივაყოლებ-მეთქი, მერე შეურაცხყოფილს წამით იმ აზრმაც გამიელვა, თავს მოვიკლავ და ჩემი ტანჯვაც ამით დასრულდება-თქო.   ამ წამებაში ვიყავი, რომ თვალი საწოლზე გაშხლართული პატარძლისკენ გამექცა და თითქოს აზრზე მოვედი - ღირდა კი ამ ამაზრზენი ქალის გამო თავის მოკვლა?! გაგიჟებული ჩემს ნივთებს ვეცი და ჩალაგება დავიწყე... თან დედაჩემს ტელეფონზე შეტყობინება გავუგზავნე: "მივდივარ, ცოლი არ მყავს და არც მეყოლება! ქალი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა, ზნედაცემული, უკანასკნელი კახპა აღმოჩნდა. ძებნას ნუ დამიწყებთ".

იმ ქალსაც დავუტოვე წერილი: "არ მეგონა ცოლთან პირველი ღამე თუ ასეთი გულისამრევი იქნებოდა. შენი გულისთვის ცხოვრებას დავთმობდი, შენ კი მატყუარა და გარყვნილი არსება აღმოჩნდი. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს შენი გახრწნილი ბებერი..."

მერე გამწარებულმა კარი გავიჯახუნე და აეროპორტში გავვარდი... საქორწინო მოგზაურობაში მარტო წავედი. ამაოდ ვცდილობდი თავიდან ამომეგდო პირველი ღამის კოშმარი - იმ ქალის სიტყვები სულ ყურში ჩამესმოდა... მერე ვიფიქრე, იქნებ გული გადავაყოლო და ჩემს ლონდონელ მეგობარ გოგონას მივწერე, ჰავაიზე გეპატიჟები-მეთქი. ორ დღეში ჩამოვიდა. ვიღაცისთვის ხომ უნდა მომეყოლა, რაც გადამხდა, თორემ გავგიჟდებოდი. თუმცა, სინტიამ ვერც ის გაიგო, რატომ ეწეოდა მაიკო გათხოვებამდე გაუკუღმართებულ სქესობრივ ცხოვრებას და ვერც ჩემი გაცოფების მიზეზს ჩასწვდა. მითხრა, - ეს მისი არჩევანი იყო და შეგეძლო მისთვის გაგეგოო. სულ გადავირიე, კი ვიცოდი ევროპელები სექსში მეტად თავისუფლები რომ არიან,  მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი თუ თანაგრძნობის ნაცვლად, გაოცებული მხრებს აიჩეჩდა... ასე იყო თუ ისე, სინტიასთან გულახდილმა საუბარმა შვება ვერ მომგვარა, ისევ მახსენდებოდა, როგორ ეხუტებოდა ჩემი ცოლი ქორწილში იმ კაცს, რომელიც ვინ იცის, რამდენი ხნის განმავლობაში რყვნიდა მას...

გავიდა წლები... მე ისევ ლონდონში ვცხოვრობდი და ჩემს ბიზნესს ვუძღვებოდი. მეგონა იარები მოვიშუშე და იმ ღამის კოშმარი სამუდამოდ დავივიწყე-მეთქი, რომ ერთ საღამოს საქმიან ვახშამზე ჭრილობა თავიდან გამეხსნა - რესტორანში იმ ბებრის საზიზღარ სახეს მოვკარი თვალი, გვერდით ბედნიერი და ლაღი მაიკო მოჰყვებოდა... სისხლი თავში ამივარდა, კისრის ძარღვები დამებერა და შურისძიებით დაბრმავებული ჯერ ქალს ვეტაკე, მერე კაცს ვეძგერე და მეტი არაფერი მახსოვს... იმ ბინძური ბებრის დაცვამ ისე მცემა, გონს საავადმყოფოში მოვეგე...

საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ იმ ქალისთვის მე ვიყავი შესანიშნავი საშუალება, ქალწულობა კანონის ფარგლებში დაეკარგა და მერე საყვარელთან ერთად მისცემოდა აღვირახსნილ ვნებას.

ნუკი - იმ პერიოდში ლონდონში გავდიოდი სტაჟირებას ერთ-ერთ კლინიკაში, მითხრეს, სასტიკად ნაცემი კაცი შემოიყვანესო. სანამ გონზე მოვიდოდა, გვერდიდან არ მოვშორებივარ, თავს ვევლებოდი უცნობ კაცს, ისეთი შეგრძნება კი მქონდა, თითქოს დიდი ხანია ვიცნობდი... ერთ დღეს კი, როდესაც გიორგიმ თავისი ამბავი მიამბო, იმ უფლისწულივით შემრცხვა... ახლა ბედნიერად ვცხოვრობთ, მაგრამ მუდმივად მაწუხებს სინდისი, გიორგიმ ამხელა განსაცდელი რომ გამოიარა.

რაც შეეხება მაიკოს, მისი ასავალ-დასავალი მშობლებმაც არ იციან. ქმართან წარუმატებელი პირველი ღამის შემდეგ, როგორც ჩანს, არც მას უფიქრია ბევრი - საყვარელთან ერთად გაუჩინარებულა...

სოფო გამრეკელი