ვინ არის შეშლილი - ჭორიკანა სოფელი თუ უბედური ქალი - კვირის პალიტრა

ვინ არის შეშლილი - ჭორიკანა სოფელი თუ უბედური ქალი

ტრაგედია, რომელსაც ერთი ავტორი არ ჰყავს

დღემდე მჯერა, თინა გიჟი არ იყო...

რი დღის წინ მეგობარმა დამირეკა. გახსოვს გიჟIი თინა ჩვენი ბავშვობიდან? აღარარისო. გულში რაღაც ძალიან ძვირფასი ჩამწყდა. თინა ბებიაჩემის მეზობლად ცხოვრობდა სოფელში და ზაფხულობით, მთელი არდადეგები მის თვალთვალში გამყავდა. ტრაგიკული ბედი ჰქონდა, ქმრისგან გაუბედურებულს შვილიც წაართვეს  და ძალიან ახალგაზრდა ჭკუიდან შეიშალა...

პატარა ვიყავი, სულ რაღაც 6-7 წლის, გიჟიაო, კი ამბობდნენ თინაზე უფროსები, მაგრამ ისეთი ლამაზი იყო და ისე მიზიდავდა მისი საიდუმლო, რომ ზოგჯერ გზაზე ვუსაფრდებოდი გამოსალაპარაკებლად. ბავშვები უყვარდა და თუ სადმე გადაგვეყრებოდა, მკერდში გვიხუტებდა. მუდმივად გრძელი, შავი კაბა ეცვა, რომელიც ეკლებს დაეძენძა მუხლს ქვემოთ. მაღალ თეძოზე კალათშემოდგმული გაივლიდა და მაყვლისგან გაშავებული ხელებით მარცვალ-მარცვალ იყრიდა პირში ტყის ნობათს. თუ დამინახავდა, კაბის კალთას ან მაისურს ამიწევდა, ჩამიპირქვავებდა შავად დაფერილ კენკრას, შუბლზე მაკოცებდა და მეტყოდა, ჭამე, დედი, ჭამე, შენთვის დავკრიფეო. სიტყვა "დედის" წარმოთქმისას განსაკუთრებით მგრძნობიარე იყო და რომ არა მისი უცნაურად მომზირალი თვალები, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ გიჟი იყო. შავი კენკრით რომ ამივსებდა კალთას, იმაზე ვფიქრობდი რა დაემართებოდა დედაჩემს, როდესაც ჩემს დათხვრილ ტანსაცმელს დაინახავდა...

თინასთან შეხვედრა ძალიან მიყვარდა. უცნაურად ლაპარაკობდა, - ტყეში ფოთლების სარკეებში ვიყურები, მელიებს თმის კუნწულებს ვუტოვებ ბუჩქებზე, დევებისთვის წყაროს წყალი ამაქვს სერზეო... მერე ისეთ ამბებს მოაყოლებდა, რომ თავი საოცრებათა ქვეყანაში მეგონა, თინა კი ალისა, რომელთან ერთადაც ზღაპრებში ვმოგზაურობდი... მაგრამ ვგრძნობდი, რომ თინას ზღაპრების მიღმა რაღაც ძალიან მძიმე იმალებოდა... ყმაწვილქალობაში გავიგე თინას საიდუმლო.

შესაძლოა მისი ამბავი ბევრისთვის გასაკვირიც არ იყოს, რადგან მსგავსი ტრაგედია მოგვიანებით მეც ბევრჯერ მსმენია, მაგრამ დღემდე მჯერა, რომ თინა გიჟი არ იყო. ვფიქრობ, დუმილში გატარებული ცხოვრება პროტესტი იყო იმის გამო, რაც თავს დაატყდა, ან იქნებ დაატეხეს.

17 წლის გოგონა მასზე 15 წლით უფროსი კაცისთვის შეურთავთ ცოლად. კაცი მდიდარი ოჯახიდან ყოფილა და თინას მშობლებს იმედი ჰქონდათ, ფულიანი სიძე მათ მზეთუნახავ შვილს დედოფალივით აცხოვრებდა. ქალიც მშობლების ნებას დაჰყოლია და უსიყვარულოდ გათხოვილა. ქმარს კი ლამაზი ცოლი რატომღაც ერთ თვეში მოჰბეზრებია და თურმე სრულიად უმიზეზოდ სცემდა. ქმარს გაცილებული უშვილო მულიც არ აკლებდა თურმე ხელს. უმიზეზოდ აუშარდებოდა რძალს და მერე სიამოვნებით უყურებდა მის ძმას, ჯერ ჭურჭელს რომ ლეწავდა, მერე კი ცოლს ათრევდა თმით.

ერთ დღეს თინას ბიძაშვილი ეწვია. შესჩივლა, არაფერი დამიშავებია და ქმარი სადისტურად მექცევა, წამიყვანეთ, სანამ მომკლავსო. თან დალურჯებული სხეული უჩვენებია.

ის გოგო ქვითინით ჩავარდნია ფეხებში ბიძას და ბიცოლას, თინას კლავენ, უშველეთ, წამოვიყვანოთო. მშობლებს ჯერ თავში ხელი წაუშენიათ, ჩვენს ლამაზ გოგოს როგორ უბედავს ხელის აღმართვასო, მერე სიძესთან  წასულან. ისიც დაჰპირებია, ყველაფერი კარგად იქნება, ცოლ-ქმრის ჩხუბი მხოლოდ სულელს ჰგონია მართალიო, უთქვამს და ხარხარით გადახვევია აკანკალებულ ცოლს სიდედრ-სიმამრის დასანახავად. მშობლებს თინაც დაურიგებიათ, შენი აქედან წაყვანა როგორ იქნება, ხომ მოგეჭრება სოფელში თავი, ყველა დევნას დაგიწყებს, ლამაზი ხარ, ნამუსს შეგირცხვენს ვიღაც და თავს ლაფი დაგვესხმებაო. მიწაზე დავარდნილა ქალი ღრიალით. ცრემლების ტბა დაუყენა თურმე მამას, იმას კი ზედაც არ შეუხედავს, - ცოლის ვალია, ქმარს ემსახუროსო. დაჭრილი ნადირივით ღრიალებდა თურმე ქალი, როცა ეზოდან მიმავალ მშობლებს გასცქეროდა. ქმარმა კი იმღამითვე გადაწყვიტა ჭირვეულის მორჯულება. სამი თვის ორსული ცოლისთვის თოფი მიუშვერია მუცელზე, თუ გაინძრევი, მოგკლავო. ჯერ მდუმარედ იდგა თურმე თინა, მერე კი კივილი დაუწყია. მეზობლები რომ შეცვენილან ეზოში, თურმე ქალი ბეტონის იატაკზე ეგდო და ქმარი გამეტებით სცემდა.  მეორე დღეს ხმა გავარდნილა, თინა ჭკუიდან შეიშალაო... ამასობაში მშობიარობის დროც დამდგარა... თურმე გაყინული თვალებით უყურებდა შვილს - არც ხელი ახლო, არც ძუძუ მოაწოვა. ჩვილი  ქმარმა წაიყვანა. დღემდე მიკვირს, როგორ არავინ მოსთხოვა იმ უღმერთოს პასუხი ძალადობის გამო? უშვილო მამიდას მოუსურვებია გოგონას აღზრდა. შვილიშვილი თინას მშობლებს არ დაუთმეს, დედამისისნაირი ალქაჯი გამოვა, თუ თქვენ გაზრდითო. მშობლებმა თინა სამშობიაროდან შინ წამოიყვანეს.

მახსოვს, ბირჟაზე ბიჭები რომ იდგნენ და თინა გამოივლიდა, ისეთი ლამაზი იყო,  პირდაღებული შესცქეროდნენ, მაგრამ მალევე ხელს ჩაიქნევდნენ, - ლამაზია, მაგრამ გიჟი, ვერ მიეკარები, ისე დაგკაწრავს, როგორც გარეული კატაო. მერე გავიგე, ერთ-ორს უცდია თინას მკლავებქვეშ მოგდება, მაგრამ ამაოდ. ვეფხვივით ჩაჰფრენია კისერში კბილებით და კინაღამ ყელი გამოუღადრავს მოძალადისთვის. იმის მერე თინას ქალის სახელი აღარ ჰქონდა, გიჟი მოდისო, ჩურჩულებდა ქალიან-კაციანად ყველა... სულ გარე-გარე დადიოდა, ტყეში, ყანებში. აგროვებდა ტყის კენკრას, თივას, ჩალას და მერე კაპიკებად აძლევდა მეზობლებს. ისინიც სარგებლობდნენ თინას სიკეთით და კაპიკებზე მაინც ევაჭრებოდნენ. გული მტკიოდა, როდესაც ყანიდან  ჩალის და თივის ზვინწამოკიდებული მოდიოდა. გვეცოდებოდა ბავშვებს და ვეშველებოდით ხოლმე.

შვილის მდგომარეობით შეძრწუნებულმა დედამ ვერ გადაიტანა ტკივილი და ალბათ დანაშაულის განცდაც, რომ თავის დროზე არ უშველა, ერთადერთ ქალიშვილს. მალე მოკვდა, მერე მამაც ლოგინად ჩავარდა. ღარიბებს და უმწეოებს, სამოწყალოდ აძლევდნენ ფულს მეზობლები. მერე ქვეყანა რომ აირია და ყველას რომ გაუჭირდა, თინასაც მოაკლდა "მეცენატები". ერთ დღეს მამაც რომ მიაბარა მიწას, დარჩა ბედის ანაბარად, მარტო. ბიძაშვილი თუ დახედავდა ხოლმე...

ზუსტად აღარ მახსოვს რამდენი წლის წინ იყო, მაგრამ ერთ დღესაც ბავშვობის მეგობარი მესტუმრა, სწორედ ის მეგობარი, რომელმაც ცოტა ხნის წინ თინას სიკვდილი შემატყობინა. საოცარ ამბავს მომიყვა.

თინას შვილის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, რადგან გოგონას არც ბებია-ბაბუას ანახვებდნენ და ნათესავებსაც ცივი უარით ისტუმრებდნენ, გიჟების მოდგმას ახლოს არ გავაკარებთ ჩვენს გოგოსო?! ბავშვი კი გაიზარდა, დედასავით ძალიან ლამაზი. 16 წლისა სახლიდან გაპარულა. შეყვარებულს გაჰყოლია მამისგან თავის დასაღწევად. ნინო ჰქვია იმ გოგოს. თუმცა, ახლა რაღა გოგო, ქალია და მოზრდილი ვაჟიც ჰყავს. ნინო რამდენიმე წლის წინ ვნახე. ახალგაზრდა თინა მეგონა. მასაც დედასავით არ დაჰყოლია ბედი. დედამთილმა არ ისურვა შინიდან გამოპარული რძალი და აითვალწუნა. მერე ჯერ კიდევ ყმაწვილ და ქარაფშუტა ქმარსაც განელებია ცოლის მიმართ ტრფობა და არევიათ ოჯახი. ნინოს მამის სახლში დაბრუნება არც უფიქრია. იქიდან შემოუთვალეს,  ჩვენთვის მკვდარი ხარ და ჯანდაბამდის გზა გქონიაო. ამდგარა გოგო და უცნობი და ნანატრი დედისკენ გამოსდგომია გზას. როგორც უცხო სტუმარი, თურმე ისე მიიღო თინამ. ასეც გაგრძელებულა სიცოცხლის ბოლომდე. შვილს ხმას არ სცემდა, შვილიშვილს კი თავს ევლებოდაო, ამბობენ მეზობლები. არც ნინოს  შეუცხადებია, ხელს რად მკრავ დედაო. მალე, ძალიან რომ გაუჭირდათ, საბერძნეთში წასულა, რომ დედა და შვილი როგორმე ერჩინა. უკვირდათ მეზობლებს, 5 წლის ბავშვი გიჟს როგორ დაუტოვაო, მაგრამ თინა ცივ ნიავსაც არ აკარებდა შვილიშვილს, ამბობენ, სკოლიდან მოსულ ბიჭს ამეცადინებდა კიდეცო.

- ეგ თავს ხომ არ იგიჟიანებდა ნეტავ, ვინმეს რომ აუგი არ ეკადრებინაო, -  თავიდან დაიწყეს მეზობლებმა ჩურჩული. მეც სულ მეგონა, რომ თინა გიჟი არ იყო, მან პროტესტი გამოუცხადა საზოგადოებას, რომელსაც მის ტრაგედიაში დამანაშავედ მიიჩნევდა. იქნებ ვცდები კიდეც, მაგრამ მგონია, რომ თინა ვერ ინელებდა მშობლების გულგრილობას, რომელთაც "რას იტყვის ხალხის" გამო ქალიშვილი დასაღუპად გაწირეს.

...კიბო აღმოაჩნდა თინას. ნინო ამაოდ ცდილობდა დედა გადაერჩინა. სიკვდილის წინ დაუძახა შვილს, ეფერა, გულში ჩაიხუტა და ასე დალია სული...

დაკრძალვაზე ვერ წავედი, მაგრამ მერე საგანგებოდ მოვინახულე თინას საფლავი, რომელიც ჩემთვის უფრო სტერეოტიპებს შეწირულთა ხსოვნის მემორიალია, "რას იტყვის ხალხის" შიშით რომ დაუნგრიეს ცხოვრება. არადა ის, რაც წლების წინ აკრძალული იყო, დროთა განმავლობაში ცხოვრების ნორმა ხდება... დღემდე მჯერა, თინა გიჟი არ იყო...

სოფო გამრეკელი