ჩემი "პირადი მცველი" - კვირის პალიტრა

ჩემი "პირადი მცველი"

მე ნატალი ვარ. დედისერთა. მშობლები არაფერს  მაკლებდნენ, არ გვიჭირდა, ამიტომ ყველაფერი მქონდა, რაც მინდოდა. უნივერსიტეტში რომ ჩავირიცხე, მამამ მანქანა მიყიდა. გახარებულმა დავიწყე ავტოსკოლაში სწავლა. ერთი სული მქონდა, მართვის მოწმობა ამეღო. იმ ხანებში ერთი ჩემი ტოლი გოგო თავისი მანქანით ავარიაში დაიღუპა. დედაჩემი ძალიან შეშინდა და ამიკრძალა მანქანის საჭესთან მიახლოებაც კი. ბევრი ვიწუწუნე, ვიჩხუბე კიდეც, შინიდან წასვლითაც დავემუქრე, მაგრამ დედა მაინც ვერ დავითანხმე. მამამ მძღოლი დამიქირავა, 25 წლის ბიჭი. ჯერ უარზე ვიყავი, არ მინდოდა სხვას ვეტარებინე საკუთარი მანქანით, მაგრამ ბოლოს დამითანხმეს. ასე გავიცანი დათო, რომელიც ზრდილობიანი და სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა. იმ დღიდან ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. თანდათან ვუახლოვდებოდი დათოს. მალე იმდენად დავუმეგობრდი, რომ ყველაფერს ვუყვებოდი. მან უკვე კარგად იცოდა, რა მაწუხებდა, რა მახარებდა, რა მაინტერესებდა. ისიც გულახდილი იყო ჩემთან. დათოს ჩემი მშობლები ისე ენდობოდნენ, თითქოს ახლო ნათესავი ყოფილიყო.  "პირადი მცველის" როლსაც მშვენივრად ითავსებდა. როცა მასთან ერთად ვიყავი, მშობლები არაფერზე ნერვიულობდნენ.

ამ რამდენიმე თვის წინ რაიონში ნათესავი გარდაგვეცვალა და ჩემი მშობლები დაკრძალვაზე წავიდნენ. იმ დღესვე აპირებდნენ ჩამოსვლას, მაგრამ  დამირეკეს - დღეს ვეღარ ვახერხებთ წამოსვლას, დათოს უთხარი, დარჩეს შენთან, რომ ღამე არ შეგეშინდესო.

საღამოს დათო დაბარებულივით გამოცხადდა. უგუნებოდ ვიყავი - იმ დღეს შეყვარებულს ვეჩხუბე და დავშორდი. დათომ შემომთავაზა, - ერთი ჭიქა კონიაკი ან შამპანური დალიე და გამხიარულდებიო. ჭკუაში დამიჯდა, ბარიდან შამპანური გამოვიტანე. ერთი ბოთლი დავლიეთ, სასმელი მომეკიდა, გამახსენდა, რომ შეყვარებულს დავშორდი და ტირილი დავიწყე. დათო მამშვიდებდა, - ცოტა ხნის მერე ეს ამბავი სასაცილოდაც არ გეყოფაო. დავმშვიდდი და ჩამეძინა. როცა გამოვფიხზლდი, დავინახე, დათოს იქვე, დივანზე ჩასძინებოდა. ჯერ კიდევ არ იყო გათენებული, შემეცოდა, გავაღვიძე და ვუთხარი, - მეორე ოთახში დაიძინე-მეთქი. უცებ მკითხა, - რატომ ტიროდი, ნუთუ ასე ძალიან გიყვარდა ის ბიჭიო. გული დამწყდა, რომ ასე უაზროდ ვიჩხუბეთ-მეთქი. რახან წავიდა, ე.ი. შენი ღირსი არ ყოფილაო. მერე კი, ჩემდა გასაკვირად, თავად გამომიტყდა სიყვარულში. ვერ აგიხსნით, როგორ მესიამოვნა. მე ხომ ის ახლობლად მიმაჩნდა, მაგრამ, ეტყობა, ქვეცნობიერად მეც მიყვარდა და თავს ვერ ვუტყდებოდი. იმ ღამეს დათომ და მე ერთმანეთს სიყვარული შევფიცეთ... დილით სამზარეულოდან ხმა მომესმა - ჩემი მშობლები დაბრუნებულიყვნენ. დათო აღარ დამიხვდა - მამაჩემისთვის დაურეკავს, დღეს პრობლემები მაქვს და ვერ მოვალო. მთელი დღე ოთახში ვიჯექი და ვტიროდი, მეგონა, დათომ ჩემი სისუსტით ისარგებლა და სამუდამოდ წავიდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი... დათო დაბრუნდა და ცოლობა მთხოვა. ძალიან გამიხარდა, რადგან მივხდი, რომ დათოს გარეშე არსებობა არ შემეძლო, ის სიყვარული კი, რომელიც დათოსთან გამოვიტირე, მართლაც ბავშვური გატაცება იყო და მეტი არაფერი. ჯვარი ჩუმად დავიწერეთ - ვიცოდი, რომ ამ ამბავს მშობლები იოლად ვერ გადაიტანდნენ. მოგვიანებით ყველაფერში გამოვუტყდით... მამაჩემი ძალიან გაბრაზდა, დათოს ეჩხუბა, - ეს როგორ გამიბედეო და მასთან ურთიერთობა ამიკრძალა. წამართვა მობილურიც, მანქანაც. ახლა მკაცრად მაკონტროლებს. დედაჩემი ყველანაირად ცდილობს მხარში ამოგვიდგეს და მამაც რამენაირად დაითანხმოს, მაგრამ ჯერჯერობით საქმეს სასიკეთო პირი არ უჩანს... ერთი თვის წინ გავიგე, რომ მალე დედა გავხდები. აღარ ვიცი, რა გავაკეთო. მამამ რომ ეს გაიგოს... შავ დღეში ვარ. ხალხის თანადგომის იმედი არ მაქვს, ალბათ ყველა მე გამკიცხავს, მაგრამ რა ვქნა, მართლა ძალიან მიყვარს "ჩემი პირადი მცველი" და მის გარდა სხვა არავინ მინდა... ამ წერილის გამოქვეყნებისთვის კი წინასწარ გიხდით მადლობას.

ნატალი, თბილისი