"ქმარს გამოვუცხადე, მე შვილს ვეღარ გავაჩენ, სჯობს, შენი გზით წახვიდე და ხალხი აღარ ვაჭორაოთ-მეთქი"
30-11-2009
"ქმარს გამოვუცხადე, მე შვილს ვეღარ გავაჩენ, სჯობს, შენი გზით წახვიდე და ხალხი აღარ ვაჭორაოთ-მეთქი"
ბევრი არც  ულაპარაკია, ჩაალაგა თავისი ბარგი-ბარხანა და  საყვარელთან წავიდა

ნანი დ-მ დამირეკა და მთხოვა, გულდასმით წამეკითხა მისი ამბავი, - ასე მგონია, როგორც კი გაზეთში გამოქვეყნდება, სასიკეთოდ შეიცვლება ჩემი ცხოვრებაო. დავპირდი, ასე ვიზამ, თუკი ეს თქვენს პრობლემას მოაგვარებს-მეთქი. გთავაზობთ ქალბატონი ნანის წერილს:

"მე და ჩემს მეუღლეს შვილი არ გვყავდა. ეს მას თითქოს არც აწუხებდა, მე კი ძალიან ვნერვიულობდი... ერთხელ ქმრის ნათესავი შემომიჩნდა, - ავლაბარში ერთი ექიმბაში ვიცი, მისით უკმაყოფილო ჯერ ვერავინ
ვნახე და იქნებ შენც გეღირსოს შვილიო. მაშინვე გავყევი. იმ ექიმბაშმა რაღაც სითხე მომცა და დამარიგა, გაათბე და ყოველღამე არყის ჭიქით დალიეო... გახარებული წამოვედი. ასე მეგონა, დედობამდე აღარაფერი მაკლდა. ერთი კვირის მერე ცუდად გავხდი და ჯერ რესპუბლიკურ საავადმყოფოში წამიყვანეს, იქიდან ინფექციურში გადამიყვანეს. იმ სითხემ ორგანიზმის ინტოქსიკაცია
გამოიწვია და დროზე რომ არ ეშველათ, უთუოდ მოვკვდებოდი. ჩემებმა იმ ექიმბაშის ნახვა მოინდომეს, მაგრამ იმ სახლში აღარ დაუხვდათ. ჩემი ქმრის ნათესავი კი ძველებურად ამტკიცებდა, "მაგარი" ქალია, ხომ ვთქვი, მაგ ქალით უკმაყოფილო არავინ არის, ტყუპ-ტყუპად გააჩენინა ქალებს ბავშვები და ამას რა ჯანდაბა მოუვიდა, ეტყობა, ბერწია, რადგან ამხელა "ჯადოქრის" წამალმა არ გაჭრაო.
ერთი სიტყვით, გადავრჩი. დიდი ხანი არ გასულა, რომ ახლობლებმა ამბავი მომიტანეს, შენს ქმარს საყვარელი ჰყავსო. დავუძახე და წყნარად ვუთხარი, - მე შვილს ვეღარ გავაჩენ, ამიტომ სჯობს, შენი გზით წახვიდე და ხალხი აღარ ვაჭორაოთ-მეთქი. ბევრი არც მას ულაპარაკია, ჩაალაგა თავისი ბარგი-ბარხანა და იმ ქალთან წავიდა. ბევრი ვიდარდე, გამიჭირდა მარტო ცხოვრება, მაგრამ ძალით ხომ არ დავაბრუნებდი?
გავიდა წლები. ჩემს ქმარს არც მეორე ცოლთან შესძენია შვილი. მის ნათესავებს ახლა იმ ქალის დადანაშაულება უნდოდათ. თითქოს მას ისეთი დაავადება ჰქონდა გადატანილი, რომ არ შეეძინებოდა შვილი...
მინდოდა ბავშვის შვილად აყვანა, მაგრამ კარგა ხანს ვერ ვბედავდი. ბოლოს, როგორც იქნა, 48 წლისამ ვიშვილე წლინახევრის გოგონა. მეგობრები მირჩევდნენ, ცოტა რომ წამოიზრდება, უთხარი, რომ არ ხარ მისი ბიოლოგიური დედა, თორემ პრობლემები შეგექმნებაო, მაგრამ მე მინდოდა, რომ ელენე მთლიანად ჩემი ყოფილიყო და არავინ შემცილებოდა. მარტო გაჩენა ხომ არ არის დედობა? სამსახური კარგი მქონდა, ბავშვებსაც ვამზადებდი მათემატიკაში და გოგონას არაფერს ვაკლებდი... მერე გავიგე, რომ ჩემი ყოფილი ქმარი ლოთობის გამო მეორე ცოლს შინიდან გაუგდია... რაღაცა უსიამოვნოს მიგრძნობდა გული და ასეც მოხდა. შოთა მომადგა, - უნდა შემირიგდე, შენ ხარ ჩემი ნამდვილი სიყვარულიო.  კარგად იცოდა, ფინანსურად არ მიჭირდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რომ ჩემთვის ის უკვე სრულიად უცხო იყო. უარი ვუთხარი და კარი ცივად მივუხურე. გაბრაზდა და დამემუქრა, განანებო. მაშინ აზრადაც არ მომსვლია, რა უნდა გაეკეთებინა ისეთი, რომ გავემწარებინე. გამოხდა ხანი და ეს არაადამიანი თურმე ელენესთან მისულა სკოლაში და საშინელი რაღაცები უთქვამს ჩემზე და თანაც დაუყოლებია, - ნაშვილები ხარ და მე გაპოვნინებ ნამდვილ დედასო. ბავშვი კინაღამ გააგიჟა! ნამდვილ დედას მიუყვანა. იმანაც მიიღო. იმ ქალმა გუგულივით მე გამაზრდევინა შვილი, მერე კი წამართვა. ელენეს დედა მცხეთაში ცხოვრობს და ელენეც იქაა ახლა. რამდენჯერ ვთხოვე ჩემს გოგონას, ნუ მკრავ ხელს, დამიბრუნდი, ჩემთანაც იყავი და დედაშენთანაც-მეთქი. უარზეა. ჩემზე ნაწყენია, რატომ დამიმალა სიმართლეო. არ მენახვება, არადა, ძალიან მენატრება. ელენეს დედასაც შევხვდი. ვუთხარი, მე შენი ხელწერილი მაქვს, სადაც შენი ნებით ამბობ უარს ბავშვზე და იმასაც წერ, რომ პრეტენზია მასზე არასოდეს გექნებოდა-მეთქი. უტიფრად მითხრა, - მართალი ხარ, მაგრამ მე ხომ თითი არ გამინძრევია, ბავშვმა თავად მომძებნა და ხომ არ გავაგდებო! სასამართლოში მინდოდა სარჩელის შეტანა, მაგრამ ელენე 17 წლის გახდება სადაცაა და ვიცი, უფრო გააღიზიანებს ჩემი საქციელი, თანაც უკვე დიდი გოგოა და ძალა როგორ დავატანო? გულწრფელად მიკვირს, ნუთუ ჩემგან კარგი არაფერი ახსენდება? მე ხომ მისთვის ერთი ხმამაღალი სიტყვაც კი არ მითქვამს, ყოველ სურვილს თვალის დახამხამებაში ვუსრულებდი?! რომ აუჩემებია, მომატყუაო, განა, ერთი შეცდომა (თუკი ის მართლა შეცდომა იყო) არ უნდა მაპატიოს? მისთვის ის გარემო, სადაც ახლაა, უცხოა, მაგრამ ვიცი, კაცმა, რომელსაც ოდესღაც ჩემი ქმარი ერქვა, ავი სიტყვით მოწამლა... მირჩიეთ, რა გზას დავადგე და რა გავაკეთო? ძალიან მიჭირს ელენეს გარეშე ცხოვრება."   


...
16 დეკემბერი 2019 13:12
Me arc davucyebdi xvercnas gogo romelic 17clis xdeba is arari patara da unda xvdebodes rom im dedam gaimeta tavshesafaristvis tqven ki imis miuxedavat arc sisxli iyo tqveni da arc xorci miige camoiyvne da gazarde. Es uda esmodes magram ety cxivreba da fuli ufro mnishvnelovania albat mas meti awvs tqvenze da gaacon fulma. Tetqveni tyuili ra mosatania imasan ac misma dedam gaaketa sakutar shvilze uari twva
16 დეკემბერი 2019 10:58
ამ რთულ ასაკთან ერთად გადაუვლის და დაბრუნდება, დიდხანს და ბედნიერათ იცხოვრებთ მერე. გამძლეობას გისურვებთ!
ნუგზარი ,,ბათუმიდან"
16 დეკემბერი 2019 10:56
სხვის საქმეში ყველა როგორ მაგარია. ყოფილ ქმარს რაც შეეხება არაკაცი სრულიად ლაპარაკიც არ მინდა,ძაან მეცოდება მისი დრო რომ მოვა რა დღეში იქნება და საერთოდ რა გააკეთა , კაცური საქციელი თუა მაგი, სიბოროტეს ვერ მოერია . ბავშვი ჩემი აზრით რომ დაღვინდება აუცილებლად გაანალიზებს მომხდარს და დრო მოვა აუცილებლად მოიხდის ბოდიშსს. თქვენ გამძლეობას გისურვებთ, რას იზამთ აეწყო ცხოვრება მასე, მიზეზების ახსნას აზრი აღარააქვს . გააგრძელეთ ცხოვრება , ვიცი ძნელი იქნება მაგრამ შესაძლებელი არის ნორმალურად ცხოვრება

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი განსაზღვრება შეეფერება დღეს ქართველ ხალხს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი განსაზღვრება შეეფერება დღეს ქართველ ხალხს?