ქალებზე მონადირე "ზღვის ლომი" და იდუმალი ქალთევზა
18-03-2013
ქალებზე მონადირე "ზღვის ლომი" და იდუმალი ქალთევზა
როგორ დასრულდა ველური რომანი

ის უხერხულ სიტუაციაში გავიცანი. გვიან ღამით სანაპიროზე გავედი. სასტუმროს პლაჟი კარგად დაცული იყო და არაფრის მეშინოდა, არხეინად მივუყვებოდი ქვიშიან ნაპირს. სასტუმროდან გამოსული სინათლე სუსტად ეცემოდა პლაჟს. უცებ პლაჟზე ლანდები შევნიშნე, არა, ლანდები კი არა, სხეულები... თავიდან ძალიან შემეშინდა, მაგრამ ისე ახლოს იყვნენ, მივხვდი, გაქცევას აზრი არ ჰქონდა და უნებლიეთ შევკივლე...

ქალი და კაცი სიყვარულს მისცემოდნენ. ჩემს კივილზე კაცმა თავი ასწია და მის თვალებს შევეფეთე. შემრცხვა. ქალის
სახე ვერ დავინახე, კაცი კი ვიცანი - ჩვენ ერთად ჩამოვედით სემინარზე. სწრაფად შემოვბრუნდი და სასტუმროსკენ წავედი. მალე ვიგრძენი - ვიღაც მომდევდა. ის იყო. გთხოვთ არავის უთხრათ, რაც ნახეთო, - მითხრა ჩურჩულით. რატომ უნდა ვთქვა, ან ვის რა უნდა ვუთხრა? უხერხულად გამეღიმა, მხრები ავიჩეჩე და გზა
გავაგრძელე.

რაღაც მჭირდა, ციებიანივით ვკანკალებდი. დანახვისთანავე ვიგრძენი, რომ ის კაცი საოცრად მიზიდავდა. რას ვიფიქრებდი, ასე უცნაურად თუ გავიცნობდი.

მეორე დღეს ადრიანად გავედი ზღვაზე, სემინარის დაწყებამდე ორი საათი მქონდა. ნაპირთან ახლოს მივაჩოჩე პუფი და ნეტარებით ჩავეფალი. ძალიან ლამაზი იყო ზღვა, შრიალა, ქოჩორა ტალღებით. შორს ვიღაც ცურავდა. უნებურად გავიფიქრე, ის იქნება-მეთქი. მართლაც, ნაპირს რომ მოუახლოვდა, ვიცანი... გაქცევა მომინდა, მაგრამ თავს შევუძახე, - რატომ და სად გარბიხარ-მეთქი. შორიდან დამინახა, გამიღიმა, მერე დიდი თევზივით მოცურდა და თითქმის ჩემს ფეხებთან გულაღმა გაწვა.

- ღამით სანაპიროზე ხეტიალის არ გეშინია? - მკითხა თვალებმოჭუტულმა.
- რისი უნდა მეშინოდეს? - გავიკვირვე.
- ჩემნაირი კაცების. ხომ ნახე, გვიან გამოვდივარ და ვნადირობ. წუხელ ქალთევზა შემხვდა, - ონავარი ბიჭივით იღიმებოდა, - მე ლევანი ვარ, შენ?
- ნათია, - ვუთხარი ისე, რომ მისკენ არც გამიხედავს.
- წყალში ჩამოსვლას არ აპირებ?
- ცურვა არ ვიცი.
- გასწავლი.

არც უკითხავს, მინდოდა თუ არა სწავლა, უცებ წამოხტა, ხელი ჩამავლო და ზღვაში შემათრია, გონს მოსვლა ვერ მოვასწარი, ისე შემომხსნა "პარეო" და ტალღებში შემაგდო.

- არა, - ვიკივლე და კისერზე ჩამოვეკიდე...
ზღვიდან ამოსვლის შემდეგ არ მინდოდა ხელი გაეშვა, ასე, მკერდზე მიხუტებული ავეყვანე ნომერში... საოცრება მჭირდა, ჩემი თავდაჭერილობა გამქრალიყო, თავს ვერ ვცნობდი... სემინარს ვერ ვუსმენდი. სულ მასზე ვფიქრობდი, მის მკლავებზე, მხრებზე, მკერდზე მიხუტებული, წყალში ისე ბედნიერად ვგრძნობდი თავს, მეგონა, ქარიშხალიც რომ ამოვარდნილიყო, შეშლილი ტალღები ვერაფერს დამაკლებდნენ... საღამოს დისკოთეკაზე წავედით, მთელი ღამე ვიცეკვეთ. დილით ისევ ზღვა, მერე ისევ სემინარი... სამი დღის შემდეგ უკვე დამოუკიდებლად ვცურავდი და ვგრძნობდი, რომ შეყვარებული ვიყავი... იმ გადარეული კაცისა ყველაფერი მომწონდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობა მკლავდა, ვინ იყო ის "ქალთევზა", იმ ღამეს, პლაჟზე რომ ეალერსებოდა. შეიძლება "ღამის პეპელა" იყო, მაგრამ გული მიგრძნობდა, ამ ამბავში რაღაც იმალებოდა.

კვირაც მიიწურა. თბილისში ვბრუნდებოდით, ავტობუსში გვერდიგვერდ ვისხედით, ის მიყვებოდა თავგადასავლებს და გულიანად ვიცინოდით. მერე დიდი ხნის მეგობრებივით დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ტაქსიში ჩამსვა და... გაქრა.

დედამ საუზმეზე ფიქრებში წასული რომ დამინახა, მკითხა, - რა ხდებაო. არაფერი-მეთქი, ჩავკოცნე და სამსახურში წავედი. იმედი მქონდა, იმ საღამოს მაინც დარეკავდა. ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა იმ საოცარი ერთი კვირის შემდეგ ასე გაუჩინარებულიყო. გავიდა კვირა, ორი კვირა, თვე, თვე-ნახევარი. ორი თვის თავზე გადავწყვიტე, თვითონ დამერეკა. ტელეფონი გათიშული იყო. გულმა რეჩხი მიყო, ალბათ გამოცვალა ნომერი, არ უნდოდა, რომ დამერეკა, მაგრამ რატომ? გუნება გამიფუჭდა, მეგობარს დავურეკე, საღამოს ბარში დავლიოთ-მეთქი...

ჩემი მეგობარი ლიკა ვიღაც ახალგაზრდა ქალთან ერთად მოვიდა. ლამაზი იყო, ქერათმიანი, დიდი მწვანე თვალები და ლამაზი სხეული ჰქონდა. უნებლიეთ "ქალთევზა" გამახსენდა...
- ეს ქეთაა, ჩემი მეგობარი, ისიც მოწყენილია და ვიფიქრე, რომ ორივეს ერთად გაგართობთ, - გამაცნო ლიკამ გოგო. აღმოჩნდა, რომ "ქალთევზას" ქმარი იმ ორგანიზაციის გენერალური დირექტორი იყო, სადაც ლევანი მუშაობდა. უცებ გამახსენდა ლევანის სიტყვები, - ხომ არ დაგინახავს ქალი, იცანი? არავის არაფერი უთხრა.

- ზღვაზე კარგი დრო გაატარე? - მკითხა ლიკამ. მეც სიამოვნებით ვუამბე ჩემი თავგადასავალი. ისიც მოვუყევი, სანაპიროზე მოალერსე წყვილს რომ წავაწყდი და კაცმა  მთხოვა, არავისთვის არაფერი მეთქვა. ვისთვის რა უნდა მეთქვა, თან ქალის სახეც არ დამინახავს, კაცი კი გავიცანი, ლევანი ჰქვია-მეთქი. ამბავს რომ ვყვებოდი, ის ქერათმიანი დაძაბული მისმენდა და უცებ ჩამეძია, - ქალის სახე მართლა არ დაგინახავსო? არ დამინახავს, ალბათ ვინმე ცნობილია, ან ქმარი ჰყავს და არ უნდოდა ამ ამბის გახმაურება-მეთქი, - მივაყარე სხაპასხუპით დარწმუნებულმა, რომ ჩემ წინ სწორედ ის ქალი იჯდა, რომელიც იმ ველური კაცის საყვარლობას მალავდა...

შინ გვიან დავბრუნდი. მეძინებოდა. ტელეფონზე მესიჯი მოვიდა: "ალბათ გძინავს და ამიტომ ახლა არ დავრეკავ, მაგრამ იცოდე, ძალიან მომენატრე. ახლახან დავბრუნდი მივლინებიდან. ლევანი". ორი თვე ველოდებოდი მის გამოჩენას. მის მესიჯს კი გულიც არ აუჩქროლებია. ვეჭვობდი, რომ "ქალთევზამ" შეატყობინა ჩემთან შეხვედრის ამბავი და კაციც იმიტომ შემეხმიანა. მეორე დღეს დამირეკა. არ ვუპასუხე. მეგონა, აღარ დარეკავდა, ის კი რეკავდა ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე, მიგზავნიდა მესიჯებს...

ერთ საღამოს ისევ შევხვდით მე და ლიკა. მისი "ქალთევზა" მეგობარი მოვიკითხე. დეპრესიაშია, საყვარელი ჰყავდა, რომელიც სათოფეზეც აღარ ეკარება. ამის გამო სკანდალი მოუწყო იმ კაცს. მისი ქმრის კომპანიაში მუშაობდა და სამსახურიდან გააგდებინა. გიჟდებოდა იმ კაცზე, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ცოლად არ მოიყვანდა. ესეც არ აპირებდა ქმართან გაშორებას ფულის გამო... აღარ მესმოდა, რას ლაპარაკობდა ლიკა. უნდა წავიდე, თავი ამტკივდა-მეთქი, - ვიცრუე.

მოთმინება აღარ მყოფნიდა, ისე მომინდა ლევანთან დაკავშირება. ტელეფონი ისევ გამორთული იყო. ერთი კვირა გავიდა მისი ზარის მოლოდინში. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. შვებულება ავიღე და კვიპროსზე გადავწყვიტე წასვლა, ჩემს დასთან. აეროპორტში სამი საათით ადრე მივედი, ვიდექი ვიტრინასთან და ისევ ზღვის რომანზე ვფიქრობდი. მერე ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ფილმებში. მხრებზე ხელი ვიგრძენი, მოვბრუნდი და... თურმე ლევანი  ახალი სამსახურიდან ხშირად მივლინებაში დადიოდა... კვიპროსზე ერთად წავედით, ჩვენი ურთიერთობა ისე გაგრძელდა, როგორც ზღაპარში. არ დაიჯეროთ, რომ საზღვაო რომანი მოკლევადიანია...

სოფო გამრეკელი
:D:D
30 აპრილი 2013 19:56
ჭირი იქა ლხინი აქა ,ქატო იქა ფქვილი აქა:D:D:D
nana
09 აპრილი 2013 19:32
ისე, რა მაგარია, მომავალ ქმარს რომ სხვასთან წაასწრებ :)))
nana
09 აპრილი 2013 19:25
ეგეთ კაცებს ვერ ვიტან, ვითომ ჯენტლმნეები რომ არიან და ყოველი კაბის დანახვაზე გიჟდებიან. სასაცილოა,,, ერთი ჩვეულებრივი მექალთანეა, დაინხა ამ გოგომაც და გადაირია საწყალი

რედაქტორის რჩევით