"ამით არ დამთავრებულა ჩვენი საბედისწერო შეხვედრა..." - კვირის პალიტრა

"ამით არ დამთავრებულა ჩვენი საბედისწერო შეხვედრა..."

"რა ვქნა, რომ ორივე მიყვარს?!"

- ისეთი რამ მჭირს, რომ ვერავისთან ვბედავ ლაპარაკს, დავიტანჯე... ისევ თქვენ უნდა მოგიყვეთ, იქნებ ვინმე მრჩეველი გამომიჩნდეს. რა ვქნა, რომ ორი კაცი მიყვარს, - ახალგაზრდა ქალი ამოუცნობი ნომრით რეკავდა. შეხვედრა ვთხოვე. არაო... ტელეფონით გეტყვი სათქმელსო... ჩამწერი მოვიმარჯვე და აი, ეს უცნაური ამბავიც:

- 11 წლის წინ გავთხოვდი. მე და ზურას შვილი არ გვიჩნდებოდა. ექიმებმა დაასკვნეს, რომ უშვილობის მიზეზი შეუთავსებლობაა. გვირჩიეს, ხელოვნური განაყოფიერება გვეცადა. შედეგი ვერ მივიღეთ, თუმცა, ჩემი ქმრის სპერმამ სხვა ქალის კვერცხუჯრედი გაანაყოფიერა. ის სხვაც ჩემსავით დედობას მონატრებული იყო, უშვილო ქმარი ჰყავდა. უყვარდა იმ კაცს ცოლი და დართო ნება სხვისგან, მაგრამ ხელოვნური განაყოფიერებით, გაეჩინა შვილი.

ჩემი ქმარი ძალიან ბედნიერი იყო იმის შეგრძნებით, რომ სადღაც იცხოვრებდა და ივლიდა მისი შვილი. მეუღლე ძალიან მიყვარს, მისი ბედნიერების გამო მზად ვიყავი, დამეთმო ყველაფერი. ისიც კი  ვინატრე, ის ქალი უქმრო ყოფილიყო. როდესაც ეს გავუმხილე, გაგიჟდა, - ეს რამ გაფიქრებინაო. მერე შევთავაზე, იქნებ ექიმები დაგვეხმარონ და იმ ქალს სთხოვონ, რომ მისი კვერცხუჯრედი კიდევ ერთხელ გაანაყოფიერონ შენი სპერმით, როგორც სუროგატ დედას, გადმომინერგონ და შვილით ბედნიერებას ვეღირსო-მეთქი. ჭკუაში დაუჯდა... ექიმს ვთხოვეთ, დაგვხმარებოდა. გჯერათ სასწაულის? ოთხჯერ სცადეს იმ ქალის კვერცხუჯრედის განაყოფიერება, არაფერი გამოვიდა.

ერთ დღესაც ჩემმა ქმარმა მითხრა, როგორც ჩემი შვილის დედას დართო ქმარმა ნება, მეც გაძლევ "ღალატის" უფლებასო და ჩამიხუტა. თავიდან ვიუარე, მაგრამ ისე მინდოდა დედობა, დავთანხმდი ქმრის შემოთავაზებას, სხვისი სპერმით დავორსულებულიყავი.

ძალიან ვღელავდი იმ დღეს, ექიმთან რომ მივდიოდი. კინოთეატრ "ამირანის" წინ მანქანების ნაკადის გადაჭრა ვცადე... მსუბუქად დამარტყა თეძოში ავტომობილმა, წონასწორობა დავკარგე და თავი ბორდიურს დავარტყი, გონება დავკარგე. გონს საავადმყოფოში მოვედი. ექიმთან ერთად პალატაში თავს  ახალგაზრდა კაცი მადგა...

- გონს მოვიდა, როგორც გითხარით, მსუბუქი შერყევა აქვს, მაგრამ ნუ გადაღლით ლაპარაკით, - უთხრა ექიმმა უცნობს.

ალბათ გამომძიებელია-მეთქი.

გამახსენდა, რომ აკრძალულ ადგილზე გადავდიოდი...

- მე ვარ დამნაშავე, მძღოლს ნუ მოსთხოვთ პასუხს, - ჩავიჩურჩულე.

- მე ვარ მძღოლი, - ამოილუღლუღა კაცმა.

- მან მოგიყვანათ საავადმყოფოში. ასე არ შეიძლება, ქალბატონო, ფეხით მოსიარულეები ბევრს სცოდავთ, - დამტუქსა ექიმმა. მერე მიხვდა, რომ მეტისმეტი მოუვიდა და დამამშვიდა, - საავადმყოფოში გასაჩერებელი არაფერი გჭირთ. შეგიძლიათ ოჯახის წევრებს დაურეკოთ და შინ წაბრძანდეთ. ერთი კვირა წოლით რეჟიმს გირჩევთ.

ჩანთას დავწვდი ტელეფონის ამოსაღებად, ქმართან რომ დამერეკა. მძღოლმა, რომელიც პატარა ბიჭივით აწურული იდგა, შემომთავაზა, - ნუ შეაშინებთ ოჯახის წევრებს, შინ მე წაგიყვანთო. დავუჯერე. მანქანაში  ტირილი ამივარდა. ეს ამბავი ალბათ იმიტომ მოხდა, რომ ექიმთან ვერ მივსულიყავი, ღმერთს არ უნდა, დედა გავხდე-მეთქი. კაცმა მანქანა გააჩერა. Gმთხოვდა დავწყნარებულიყავი, ეგონა, ფეხმძიმედ ვიყავი... ტირილით ავუხსენი, რაც ხდებოდა ჩემს თავს. მერე არ მახსოვს, ან მე რატომ მივენდე მის მკლავებს ან ის რატომ მომეხვია, ან როგორ დავმშვიდდი... Mმახსოვს, რომ გავბრუვდი, მერე კაცმა შუბლზე მაკოცა და მანქანა დაძრა...

ამით არ დამთავრებულა ჩვენი საბედისწერო შეხვედრა. ერთი კვირის თავზე დამირეკა, მომიკითხა, თავს როგორ გრძნობო... ჰო, ყველაზე მთავარი კინაღამ დამავიწყდა. მე, რომელიც ქმარს არაფერს ვუმალავდი, უცებ მატყუარა გავხდი, არაფერი მითქვამს ამ შემთხვევის შესახებ... ვიცრუე, შეუძლოდ გავხდი და გინეკოლოგთან ლაპარაკი ვერ შევძელი-მეთქი... მესმის, რომ გიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ უნდა გადადგაო, ისევ მითხრა ქმარმა. რამდენიმე კვირაში კი მართლა ვუღალატე, სწორედ იმ მძღოლთან.

ერთი კვირის შემდეგ რომ დამირეკა, მკითხა, ალბათ ექიმს უკვე გაესინჯეთ, რომ ტვინის შერყევის ნიშნები აღარ გაქვთო. არც მიფიქრია-მეთქი. შემომთავაზა, მე წაგიყვან, რომ დავრწმუნდე, ყველაფერი კარგად არისო.

თავპატიჟი არ გამომიდვია. საავადმყოფოდან კაფეში ყავაზე დამპატიჟა... სამი დღის შემდეგ ისევ დამირეკა, მერე ორი დღის შემდეგ, მერე ყოველდღე მირეკავდა... თუ აგვიანდებოდა, მოუთმენლობა მიპყრობდა... საღამოს კი ჩემი მოსიყვარულე ქმარი ბრუნდებოდა და ჩვენს საყვარელ იისფერ დივანზე ჩახუტებულები ვუყურებდით ტელევიზორს, ვიხსენებდით ლამაზ წარსულს...

დილით ქმარი სამსახურში მიდიოდა, რეკავდა მძღოლი, მერე მივდიოდით სადმე,  ვგრძნობდი, რომ ის კაცი საოცარად მიზიდავდა. ერთ დღესაც მიზიდულობამ თავისი გაიტანა... მე კი სინდისიც არ მქენჯნიდა, საერთოდ არ ვფიქრობდი იმაზე, რასაც ვაკეთებდი. დამიჯერეთ, ორივე გულწრფელად მიყვარს, არც ერთის მიტოვება არ შემიძლია, მაგრამ ვგრძნობ, ასე დიდხანს არ გასტანს.

მე ორსულად ვარ. ოცნება ამიხდა. ქმრისგან ნებადართული ღალატის შედეგად დავორსულდი. ოღონდ ხელოვნურად კი არა, მძღოლისგან... მას ვატყუებ, რომ ქმრისგან ვარ ორსულად, ქმარს კი ვეუბნები, ხელოვნურმა განაყოფიერებამ შედეგი გამოიღო-მეთქი. რა თქმა უნდა, ექიმი ვერ დავიყოლიე, რომ სიცრუეში დამეხმაროს, თუმცა, ქმარს აზრადაც არ მოსდის ექიმთან დარეკვა... სამაგიეროდ, მძღოლი ეჭვობს, რომ ბავშვი მისია და მამობის უფლებას ითხოვს, მეტიც, მთხოვს, ქმარს გავცილდე და მას გავყვე ცოლად.

საშინლად ვიტანჯები. ვფიქრობ, ის დღე მართლაც საბედისწერო იყო და მძღოლს ამიტომ შემახვედრა განგებამ... მასაც ძალიან ვუყვარვარ... ქმარს ხომ ვუყვარვარ და მერე როგორ?! არ ვიცი, რა ვქნა... მიშველეთ!

სოფო გამრეკელი