"ჩემი შვილი დღემდე მალავს, რომ დედა ჰყავს" - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილი დღემდე მალავს, რომ დედა ჰყავს"

"ქმარმა ჩემს მოძღვარს უთხრა, როგორც ქალი, არ ვარგოდაო"

"ათწლიანი დუმილის შემდეგ ინტერნეტში მხოლოდ სამი სიტყვა მომწერა, - დედა, როგორ ხარო"

- მე იზო ქარქაშაძე ვარ. 14 წლის წინ სიკვდილს ვებრძოდი. ღმერთმა არ გამწირა, მაგრამ იმ დღიდან ვდარდობ, რატომ არ მოვკვდი-მეთქი. სიკვდილი მიჯობდა ყველაზე საშინელ ტკივილს - შვილისგან უარყოფას, - ასე გაგვეცნო ქალი, რომლის სახეზეც სულიერი ტკივილი ჩანდა.

- ნამდვილად გნებავთ, რომ თქვენი ვინაობა გავამხილო? - კიდევ ერთხელ ვკითხე.

- დასაკარგი აღარაფერი მაქვს, მინდა ქვეყანამ იცოდეს, რა მტკივა და განმსაჯონ. იქნებ დავაშავე...

იზოს 14 წლის წინ საშვილოსნოს სიმსივნე დაუდგინეს, მესამე სტადია.

- ვევედრებოდი ღმერთს, არ მომკლა, შვილი მყავს გასაზრდელი-მეთქი. თურმე  ღმერთს და ახლობლებსაც  ტყუილად ვაწუხებდი. ქმარმა მიმატოვა, შვილიც გამიგიჟა. 12 წლის გოგონა მამას გაჰყვა...

ოჯახი ადრეულ ასაკში შევქმენი. 19 წლის ვიყავი, ქმარი - 18-ის. არ მიყვარდა, სამჯერ მომიტაცა. ბოლოს, დედაჩემმა თქვა, - სირცხვილია, თავი მომეჭრაო და დავრჩი ქმართან. პირველი დღეებიდანვე გამაგიჟა ქმრის ოჯახმა. სამი ძმანი იყვნენ. უფროსი სამხედრო სამსახურში იყო, უმცროსი სკოლაში სწავლობდა. ჩემს ქმარს რომ მოუწია ჯარმა, დედამთილმა გამომიცხადა, დედაშენმა სიძე ჯარიდან დატოვოსო. გამიკვირდა, დედაჩემს, 42 წლის ქვრივს, რომელიც მკერავად მუშაობდა ატელიეში, საამისოდ რა სახსრები უნდა ჰქონოდა? თქვენს შვილს ჯერ ჯარი მოეხადა და ცოლი მერე შეერთო-მეთქი, - ვუთხარი. შენ რისთვის შეგირთო, თუ ჯარიდან თავს ვერ დაიხსნიდაო, ზიზღით მომაძახა. მMივხვდი, მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა.

1985 წლის თებერვალი იდგა. იმ ზამთარს დიდი თოვლი მოვიდა და ყინვები დაიჭირა. ფილტვების ანთება დამმართა. საცოდავად ვიყავი ლოგინში მიგდებული. დედა ხომ არ მომკლავდა, თავისთან წამიყვანა და მიმკურნალა. დედამთილმა, რას დაეთრევი აქეთ-იქით, დედაშენს თუ რაიმეს მოტანა უნდა, აქ მოგიტანოსო...

მერე ჩემი ქმარი ჯარში გაიწვიეს. მე დედასთან ვცხოვრობდი. ყოველ 6 თვეში ან დათო ჩამოდიოდა, ან მე მამგზავრებდა დედაჩემი მასთან. დათოს ჯარში ყოფნის დროს გარდაიცვალა მამამისი. დაკრძალვაზე რომ ჩამოვიდა, ოჯახმა გზაში აცნობა, შენი ცოლი აქ არ მოეთრესო... ჯარიდან დაბრუნდა თუ არა, დავვორსულდი. გაგვიჩნდა გოგონა. ლანო დავარქვი. ბავშვი რომ დაიბადა, იმ პერიოდში გაცილებულები ვიყავით. თურმე ოჯახის წევრები გონებას ურევდნენ, მიატოვე და სხვა ითხოვეო. ქმარმაც ერთ დღეს სამკაულები მომპარა და წავიდა. ვერ ვისწავლე ჭკუა. მაინც შევურიგდი. დედაჩემს რატომღაც ისე უყვარდა, მე რძალს მეძახდა, იმას კი შვილს. სულ მეუბნებოდა, აცალე, გაიზრდება და კაცი დადგებაო. მაგრად გაიზარდა - გაირყვნა, ჩემი მეზობლის სიდედრთან, მასზე ბევრად უფროს ქალთან, შვილიც კი გაუჩენია. სამწუხაროდ, ეს ამბავი გვიან გავიგე, ისევე როგორც მისი მეძავებთან სიარულის ამბები.

კარგა ხანს დედაჩემთან ვცხოვრობდით. ერთხელ გამომიცხადა, - ბინა ვიქირავოთ და ცალკე გადავიდეთო. ისეთ ბინაში მიმიყვანა, რომელსაც თურმე მეძავები დღიურად ქირაობდნენ. ამან ბინის პატრონის ნაცვლად მეძავებისგან იქირავა სახლი. იკითხავთ, რატომო. არანორმალური იყო. ერთ დღესაც მეძავები მიადგნენ დედაჩემს და ჩემს დას და უთხრეს, თქვენს სიძეს ქირა აქვს გადასახდელი, ფული მოგვეციო. კინაღამ გაგიჟდნენ ჩემები. შემდეგ ახლობლების დახმარებით გადავედით სხვა ბინაში, სადაც დიდხანს ვიცხოვრეთ, იქ გავზარდე შვილი...

თითქოს ჩემი ცხოვრება დაწყნარდა. მე პროკურატურაში ვმუშაობდი, დათო - პოლიციაში. სამსახურმა ბინაც მომცა. მართალია, სარემონტო იყო, მაგრამ მაინც ძალიან მიხაროდა, - ჩვენი ჭერი გვექნება-მეთქი. თურმე ეს მხოლოდ მე მიხაროდა, რადგან ჩემს ქმარს გართობა ერჩივნა ყველაფერს - როდესაც შინ არ ვიყავი, მეძავები მოჰყავდა. მერე რაღაც სენი შემყარა. სამწუხაროდ, გვიან მივხვდი, როდესაც ძალიან გამირთულდა მდგომარეობა და საშვილოსნოს სიმსივნე დამიდგინეს. ქმარმა წვერი მოუშვა, ყოველდღე პალატაში იჯდა და თვალებში მიყურებდა. მეც ასეთი სიყვარულის შემყურეს არ მინდოდა სიკვდილი.

გადავრჩი, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდა ფინანსურად. ქმარმა დამატებით მუშაობა დაიწყო - თბილისი-ფოთის ჩქაროსნული მატარებლის გაცილება ევალებოდა. იქ გაუცნია ვიღაც ქალი, რომელიც საყვარლად გაიჩინა. ერთ დილას ძილში წამოსცდა, - ნინო რომელი საათიაო. ნინო ვინ არის-მეთქი. დაიბნა, ჩაიცვა და უსიტყვოდ წავიდა. წავიდა და წავიდა.  შემდეგ კოლეგამ მითხრა, - "პრავადნიკს" გაეკიდა და გამაგრდი, ნერვიულობად არ ღირს. ჯანმრთელობას მიხედე, შვილი გასაზრდელი გყავსო. ჩემი გოგონა ძალიან განიცდიდა მამის წასვლას. ერთ დღეს ბავშვთან სკოლაში რომ მისულა, ლანოს უკივლია, არ მომეკაროო. მიუხედავად ამისა, მაინც შეძლო ბავშვის დაყოლიება და მეშვიდე კლასელი გოგო წამართვა. ერთ დღეს სკოლაში პედაგოგებმა დამიბარეს, - თქვენი ქალიშვილი ცუდად სწავლობსო. ამის გამო მე და ლანო შევკამათდით, - მამაშენივით ტყუილებით გინდა იცხოვრო-მეთქი? კინაღამ ხელიც დავარტყი, დედაჩემმა არ მიმიშვა. ვნანობ, ასე არ უნდა გავბრაზებულიყავი. მეორე დილით ვაკოცე და ისე გავუშვი სკოლაში, თურმე ეს ყოფილა ბოლო მოფერება...

ჩემი მოძღვარიც ჩაერია საქმეში. დათოს უთხრა, ასე სასტიკად რატომ ექცევით იზოსო? იმან კი, ბავშვს სადისტურად ექცეოდა, სწავლას აძალებდა, შვილს ხომ არ ვანერვიულებდიო. ისე, ქალადაც არ ვარგა, ვერ მაკმაყოფილებსო. ღირსეული კაცი ამას იტყოდა მოძღვართან? მოძღვარს ლანოც უნახავს, - მე რატომ არ მეუბნებოდი, თუ დედა ცუდად გექცეოდაო, - უკითხავს. გოგონას ტირილი დაუწყია. მოძღვართან ვეღარ იცრუა, რომ ასე არ იყო, მაგრამ მაინც არ სურდა ჩემთან წამოსვლა. სხვა სკოლაში გადაიყვანეს. რომ მივაკითხე, აკივლდა. ტელეფონის ნომრებს ცვლიდნენ, რომ დალაპარაკების შესაძლებლობა არ მქონოდა.

4 წლის შემდეგ ლანო ჩემს მოძღვართან მისულა, იმანაც შინ მომიყვანა. ცუდად გავხდი, რომ დავინახე. დამპირდა, დავრჩებიო, მაგრამ რამდენიმე დღეში გამეპარა. ლანოს უთქვამს, დედაჩემი მამაჩემს ლანძღავდა და ვერ ავიტანეო. იმ პერიოდში კი თურმე დედინაცვალს გამოუგდია და იმიტომ მომადგა. არადა, მამადაც არ ვარგა ჩემი ქმარი. შვილი უსწავლელი დამიტოვა... მისთვის თურმე ცუდი ცოლი ვყოფილვარ, დედადაც ვერ მივარგია - გოგონას აშიმშილებდა და ცუდად აცმევდაო. ერთადერთ შვილს რამეს დავაკლებდი? ახლობლები მამხნევებენ გაუძელიო. ვუძლებ, სხვა რა დამრჩენია. თავი როგორ უნდა მოვიკლა? თვითმკვლელობას რომ რაიმე გამართლება ჰქონდეს, აქამდე ჩავიდენდი. უფალს ვერ განვარისხებ.

ლანო ვაშაკიძე ჩემმა დისშვილებმა ინტერნეტით მოიკითხეს. ძლივს გამოიმეტა პასუხი... როგორ შეიძლება ასეთი ცივი გული ჰქონდეს. ათწლიანი დუმილის შემდეგ ინტერნეტში მხოლოდ სამი სიტყვა მომწერა, - დედა, როგორ ხარო. მშვენივრად-მეთქი. რა უნდა მიმეწერა? თურმე აღიზიანებდათ ჩემი არსებობა. შარშან დაბადების დღეზე შევეხმიანე ინტერნეტით - მეათე დაბადების დღე გაგითენდა უჩემოდ, კიდევ არ დაფიქრებულხარ, რა გაგიკეთა მამაშენმა-მეთქი? იქით დამადანაშაულა, - მამაჩემი ავად იყო და სწავლის ფული ვერ გადამიხადა, ამიტომაც ვერ მივიღე უმაღლესი განათლება, შენ სად იყავი ამ დროსო... გათხოვილა კიდეც, ჯვარი დაუწერია სვეტიცხოველში. ესეც კი არ შემატყობინეს. რა დავუშავე ასეთი, რომ ქმრის ოჯახისთვის დედის გაცნობის სურვილი არ ჰქონოდა? დედის დალოცვის გარეშე როგორ ჩაატარა ეს ყველფერი? რა უთხრა ქმარს, დედა არ მყავსო? რა ცოდვა მქონდა ასეთი, რომ ვერ მოინელა? სიძისაც მიკვირს, როგორ არ დაინტერესდა ცოლის წარმომავლობით და დედის ნათესაობით. რა იმედი აქვს, რომ ცოლი, რომელსაც საკუთარი დედა არ ახსოვს, დედამთილს შეიყვარებს და ქმარს გაუწევს ერთგულ მეუღლეობას?

სოფო გამრეკელი