"როდესაც ჩემზე, ანუ ცოლზე ლაპარაკობს, მე, მისი ინტერნეტშეყვარებული, ფსიქოლოგის როლში ვგრძნობ თავს" - კვირის პალიტრა

"როდესაც ჩემზე, ანუ ცოლზე ლაპარაკობს, მე, მისი ინტერნეტშეყვარებული, ფსიქოლოგის როლში ვგრძნობ თავს"

რა პრობლემა აქვს ინტერნეტთაობას?

"კომპიუტერთან მიჯაჭვულები ცხოვრებაში მუნჯებს ვემსგავსებით, რომლებიც ფურცელზე სწრაფად აგიხსნიან რა უნდათ, პირადად კი უჭირთ ამის გადმოცემა"

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, მაგრამ საზოგადოებაში ბევრს ლაპარაკობენ, თუ როგორ იზრდება ინტერნეტქსელებით გაცნობილ-დაოჯახებულთა რაოდენობა. თუმცა ასეთი ტიპის ურთიერთობით შექმნილი ბევრი ოჯახი ინგრევა, თანაც ძალიან მალე - როგორც კი წყვილი აღმოაჩენს, რომ რეალური და ვირტუალური შეყვარებული ერთმანეთს არ ჰგავს...

თაკომ და ალექსმაც ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი და მალე დაქორწინდნენ. რამდენიმე კვირაში კი მათ ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა. ქმარმა უცებ აღმოაჩინა, რომ მისი ცოლი "ინტერნეტშეყვარებულისგან" სრულიად განსხვავდებოდა... თუმცა სჯობს ყველაფერი თაკოსგან გავიგოთ.

- ყველაფერი 2008 წელს დაიწყო, როდესაც ცხინვალში ომი მძვინვარებდა და თბილისში ახალგაზრდობა ცდილობდა საზოგადოებრივი გამოსვლებით პროტესტი გამოეხატა ოკუპანტების მიმართ. მოგეხსენებათ, მაშინ ერთადერთი სოციალური ქსელი, რომელიც მეტ-ნაკლებად ფუნქციონირებდა, "ფეისბუკი" იყო და ჩვენც  იქ ვახერხებდით შეთანხმებას შეკრების დროსა და ადგილზე. შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომლის ადმინისტრატორებიც გვატყობინებდნენ, როდის რა იყო განზრახული. მაშინ ფლირტისთვის ნამდვილად არ მეცალა და არც ჯგუფში ვათვალიერებდი ვინმეს იმ მიზნით, რომ მასთან საუბარი გამება და მიმოწერაში ღამეები მეთენებინა. როგორც კი აგვისტოს მოვლენები მინელდა და ვნებათაღელვაც მეტ-ნაკლებად ჩაცხრა, საზოგადოებრივი აქტივობის მიზნით შექმნილი ჯგუფის წევრებმა ვირტუალური ფლირტი დაიწყეს. მე და ალექსმაც მაშინ შევნიშნეთ ერთმანეთი.

- ალბათ რეალობაშიც ხვდებოდით ერთმანეთს.

- კი, მაგრამ მაშინაც ვხვდებოდი, რომ ვირტუალური მიმოწერა გვერჩივნა. უცნაურია, მაგრამ შეხვედრისას თითქოს სათქმელი არაფერი გვქონდა. კომპიუტერთან მოვხვდებოდით თუ არა, გაუთავებელ მიმოწერას ვიწყებდით. ტელეფონითაც ვმესიჯობდით, მაგრამ შეხვედრისას რატომღაც არ გამოგვდიოდა ურთიერთობა, თითქოს  ლაპარაკიც გვიჭირდა...

- დაქორწინება როგორ გადაწყვიტეთ, არ გიფიქრიათ იმაზე, რომ ოჯახში ინტერნეტით კი არა, უშუალო კონტაქტი უნდა გქონოდათ?

- შენ ალბათ ვერ გაგვიგებ, მაგრამ ჩვენი თაობა, რომელიც ბავშვობიდან მიჩვეულია მესიჯებით კონტაქტს, რეალურ ცხოვრებაში უფრო მოდუნებული და ყველაფრის მიმართ გულგრილია. მე და ალექსს კარგად გამოგვდის ალერსი, სქესობრივი კონტაქტი, მაგრამ ყურადღებას არ ვამახვილებთ გრძნობებზე, თუმცა ეს ვირტუალურ სამყაროში მშვენივრად გამოგვდის. მოკლედ, როდესაც ერთ ჭერქვეშ დავიწყეთ ცხოვრება, აღმოჩნდა, რომ რაღაც უფრო მეტი გვჭირდებოდა - სითბო, სიყვარული, კომუნიკაცია. ალექსი შინიდან გასვლის წინ ბევრს დაბოდიალობდა ოთახებში, ვატყობდი, შებოჭილი იყო, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ ამბობდა. ისე გავიდოდა, რომ არც დამემშვიდობებოდა, მაგრამ ხუთ წუთში ტელეფონზე მომივიდოდა მესიჯი, მიყვარხარ, გაკოცე, ღიპუც და ა.შ. მერე მთელი დღე ვაგრძელებდით ინტერნეტით მიმოწერას. იქ ვწყვეტდით, საღამოს რა გაგვეკეთებინა, რა გვეჭამა, ყველაფერს ინტერნეტში ვგეგმავდით.

მოგვიანებით ერთმანეთს გამოვუტყდით, რომ ვირტუალურსა და რეალურ ცხოვრებაში სრულიად განსხვავებული ადამიანები ვიყავით და ასე თუ გაგრძელდებოდა, ჩვენი დაშორება გარდაუვალი იყო. ერთხანს ოჯახის შესანარჩუნებლად ფსიქოლოგთან მისვლაც დავაპირეთ, მაგრამ რაღაც საქმის გამო გადავდეთ და მერე კი უკეთესი გამოსავალი აღმოვაჩინე, რომელიც იმ ფაქტმა შთამაგონა, რომ ჩემი ქმარი, ახალი ინტერნეტპარტნიორის ძებნაში გამოვიჭირე. გონიერება მეყო და ისტერიკა არ გამიმართავს, არც დეპრესიაში ჩავვარდნილვარ. სასწრაფოდ შევქმენი ჩემი ინტერნეტკლონი და ახალი სასიყვარულო თავგადასავლის მაძიებელ ქმარს დავუმეგობრდი...

მან იცის, რომ ვერ შევხვდები, რადგან გათხოვილი ვარ, ქმარი მყავს და მიყვარს, მაგრამ ასეთი ურთიერთობები ყველაფერს მირჩევნია. მოკლედ, თავს ისეთად ვასაღებ, როგორიც თვითონ არის. გაგიკვირდებათ და ჩემმა "ეშმაკობამ" გაამართლა - ახლა რეალურ ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები გვაქვს. მან ხომ არ იცის, ინტერნეტში ცოლს რომ ელაპარაკება, მე კი ახლა ვიგებ მის სურვილებს, ვსწავლობ მის ქცევებს და რეალურ ცხოვრებაში ვუქმნი პირობებს, რომ გაიხსნას. ხვდებით, რა პრობლემა გვაქვს ინტერნეტთაობას? კომპიუტერთან მიჯაჭვულები ცხოვრებაში მუნჯებს ვემსგავსებით, რომლებიც ფურცელზე სწრაფად აგიხსნიან რა უნდათ, პირადად კი უჭირთ ამის გადმოცემა.

- ალექსი ინტერნეტით შენზე, ანუ ცოლზე თუ გიყვება რამეს?

- დიახ, თავიდან, როცა ჩემზე ლაპარაკი დაიწყო, ძალიან შევკრთი. ვიფიქრე, იტყოდა, რომ არ ვუყვარდი, ვერ მიგებდა და სხვ. მან კი, ძალიან თბილად მომიხსენია, ისიც თქვა, რომ ვუყვარდი, მაგრამ ამ სიყვარულის გაცნობიერება და ჩემთვის რეალობაში გადმოცემა უჭირდა. როდესაც ჩემზე, ანუ ცოლზე ლაპარაკობს, მე, მისი ინტერნეტშეყვარებული, ფსიქოლოგის როლში ვგრძნობ თავს. ალექსი მიამბობს იმ სირთულეებზე, რომელსაც ჩემთან აწყდება. მე კი ვუხსნი, როგორ მოექცეს ცოლს, ანუ მე. რეალობაში კი ისე ვიქცევი, თითქოს არაფერი ვიცი... ასე ვსწავლობთ ცხოვრებას, ერთმანეთთან ცხოვრებას და იცი რა არის ძალიან მაგარი? - ბოლო დროს ნაკლებად მეძებს ინტერნეტში. ორი კვირა არ შემხმიანებია და როდესაც ახლახან გამოჩნდა, სხვათა შორის მომიკითხა. მერე მიამბო, ჩემთან გატარებული შესანიშნავი ორი კვირის შესახებ და მირჩია, მეც იგივე გამეკეთებინა ჩემს ქმართან. მეცინებოდა... მე და ალექსმა შვებულება ავიღეთ და ვაშლოვნის ნაკრძალში წავედით სახეტიალოდ. ახლა იქ კარგი სეზონია. მერცხლების ქალაქში ვიყავით, ტალახის ვულკანები ვნახეთ და დავგეგემეთ, რომ მთელ ზაფხულს ხეტიალში გავატარებდით. ალექსი მიხვდა, რომ ასე უფრო მშვენიერია ცხოვრება და ჩვენ ახლა უსაზღვროდ ბედნიერები ვართ. ალბათ ოდესმე, სიცოცხლის ბოლოს გავუმხელ, რომ მისი ერთადერთი სიყვარული ინტერნეტშიც და ცხოვრებაშიც მე ვიყავი...

სოფო გამრეკელი