ცხოვრებაში ცოლი, ინტერნეტში - შეყვარებული
08-04-2013
ცხოვრებაში ცოლი, ინტერნეტში - შეყვარებული
რა პრობლემა აქვს ინტერნეტთაობას?

"კომპიუტერთან მიჯაჭვულები ცხოვრებაში მუნჯებს ვემსგავსებით, რომლებიც ფურცელზე სწრაფად აგიხსნიან რა უნდათ, პირადად კი უჭირთ ამის გადმოცემა"


არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, მაგრამ საზოგადოებაში ბევრს ლაპარაკობენ, თუ როგორ იზრდება ინტერნეტქსელებით გაცნობილ-დაოჯახებულთა რაოდენობა. თუმცა ასეთი ტიპის ურთიერთობით შექმნილი ბევრი ოჯახი ინგრევა, თანაც ძალიან მალე - როგორც კი წყვილი აღმოაჩენს, რომ რეალური და ვირტუალური შეყვარებული ერთმანეთს არ ჰგავს...

თაკომ და ალექსმაც ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი და მალე დაქორწინდნენ. რამდენიმე კვირაში კი
მათ ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა. ქმარმა უცებ აღმოაჩინა, რომ მისი ცოლი "ინტერნეტშეყვარებულისგან" სრულიად განსხვავდებოდა... თუმცა სჯობს ყველაფერი თაკოსგან გავიგოთ.

- ყველაფერი 2008 წელს დაიწყო, როდესაც ცხინვალში ომი მძვინვარებდა და თბილისში ახალგაზრდობა ცდილობდა საზოგადოებრივი გამოსვლებით პროტესტი გამოეხატა ოკუპანტების მიმართ. მოგეხსენებათ, მაშინ ერთადერთი სოციალური ქსელი, რომელიც მეტ-ნაკლებად ფუნქციონირებდა,
"ფეისბუკი" იყო და ჩვენც  იქ ვახერხებდით შეთანხმებას შეკრების დროსა და ადგილზე. შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომლის ადმინისტრატორებიც გვატყობინებდნენ, როდის რა იყო განზრახული. მაშინ ფლირტისთვის ნამდვილად არ მეცალა და არც ჯგუფში ვათვალიერებდი ვინმეს იმ მიზნით, რომ მასთან საუბარი გამება და მიმოწერაში ღამეები მეთენებინა. როგორც კი აგვისტოს მოვლენები მინელდა და ვნებათაღელვაც მეტ-ნაკლებად ჩაცხრა, საზოგადოებრივი აქტივობის მიზნით შექმნილი ჯგუფის წევრებმა ვირტუალური ფლირტი დაიწყეს. მე და ალექსმაც მაშინ შევნიშნეთ ერთმანეთი.

- ალბათ რეალობაშიც ხვდებოდით ერთმანეთს.
- კი, მაგრამ მაშინაც ვხვდებოდი, რომ ვირტუალური მიმოწერა გვერჩივნა. უცნაურია, მაგრამ შეხვედრისას თითქოს სათქმელი არაფერი გვქონდა. კომპიუტერთან მოვხვდებოდით თუ არა, გაუთავებელ მიმოწერას ვიწყებდით. ტელეფონითაც ვმესიჯობდით, მაგრამ შეხვედრისას რატომღაც არ გამოგვდიოდა ურთიერთობა, თითქოს  ლაპარაკიც გვიჭირდა...

- დაქორწინება როგორ გადაწყვიტეთ, არ გიფიქრიათ იმაზე, რომ ოჯახში ინტერნეტით კი არა, უშუალო კონტაქტი უნდა გქონოდათ?
- შენ ალბათ ვერ გაგვიგებ, მაგრამ ჩვენი თაობა, რომელიც ბავშვობიდან მიჩვეულია მესიჯებით კონტაქტს, რეალურ ცხოვრებაში უფრო მოდუნებული და ყველაფრის მიმართ გულგრილია. მე და ალექსს კარგად გამოგვდის ალერსი, სქესობრივი კონტაქტი, მაგრამ ყურადღებას არ ვამახვილებთ გრძნობებზე, თუმცა ეს ვირტუალურ სამყაროში მშვენივრად გამოგვდის. მოკლედ, როდესაც ერთ ჭერქვეშ დავიწყეთ ცხოვრება, აღმოჩნდა, რომ რაღაც უფრო მეტი გვჭირდებოდა - სითბო, სიყვარული, კომუნიკაცია. ალექსი შინიდან გასვლის წინ ბევრს დაბოდიალობდა ოთახებში, ვატყობდი, შებოჭილი იყო, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ ამბობდა. ისე გავიდოდა, რომ არც დამემშვიდობებოდა, მაგრამ ხუთ წუთში ტელეფონზე მომივიდოდა მესიჯი, მიყვარხარ, გაკოცე, ღიპუც და ა.შ. მერე მთელი დღე ვაგრძელებდით ინტერნეტით მიმოწერას. იქ ვწყვეტდით, საღამოს რა გაგვეკეთებინა, რა გვეჭამა, ყველაფერს ინტერნეტში ვგეგმავდით.

მოგვიანებით ერთმანეთს გამოვუტყდით, რომ ვირტუალურსა და რეალურ ცხოვრებაში სრულიად განსხვავებული ადამიანები ვიყავით და ასე თუ გაგრძელდებოდა, ჩვენი დაშორება გარდაუვალი იყო. ერთხანს ოჯახის შესანარჩუნებლად ფსიქოლოგთან მისვლაც დავაპირეთ, მაგრამ რაღაც საქმის გამო გადავდეთ და მერე კი უკეთესი გამოსავალი აღმოვაჩინე, რომელიც იმ ფაქტმა შთამაგონა, რომ ჩემი ქმარი, ახალი ინტერნეტპარტნიორის ძებნაში გამოვიჭირე. გონიერება მეყო და ისტერიკა არ გამიმართავს, არც დეპრესიაში ჩავვარდნილვარ. სასწრაფოდ შევქმენი ჩემი ინტერნეტკლონი და ახალი სასიყვარულო თავგადასავლის მაძიებელ ქმარს დავუმეგობრდი...

მან იცის, რომ ვერ შევხვდები, რადგან გათხოვილი ვარ, ქმარი მყავს და მიყვარს, მაგრამ ასეთი ურთიერთობები ყველაფერს მირჩევნია. მოკლედ, თავს ისეთად ვასაღებ, როგორიც თვითონ არის. გაგიკვირდებათ და ჩემმა "ეშმაკობამ" გაამართლა - ახლა რეალურ ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები გვაქვს. მან ხომ არ იცის, ინტერნეტში ცოლს რომ ელაპარაკება, მე კი ახლა ვიგებ მის სურვილებს, ვსწავლობ მის ქცევებს და რეალურ ცხოვრებაში ვუქმნი პირობებს, რომ გაიხსნას. ხვდებით, რა პრობლემა გვაქვს ინტერნეტთაობას? კომპიუტერთან მიჯაჭვულები ცხოვრებაში მუნჯებს ვემსგავსებით, რომლებიც ფურცელზე სწრაფად აგიხსნიან რა უნდათ, პირადად კი უჭირთ ამის გადმოცემა.

- ალექსი ინტერნეტით შენზე, ანუ ცოლზე თუ გიყვება რამეს?

- დიახ, თავიდან, როცა ჩემზე ლაპარაკი დაიწყო, ძალიან შევკრთი. ვიფიქრე, იტყოდა, რომ არ ვუყვარდი, ვერ მიგებდა და სხვ. მან კი, ძალიან თბილად მომიხსენია, ისიც თქვა, რომ ვუყვარდი, მაგრამ ამ სიყვარულის გაცნობიერება და ჩემთვის რეალობაში გადმოცემა უჭირდა. როდესაც ჩემზე, ანუ ცოლზე ლაპარაკობს, მე, მისი ინტერნეტშეყვარებული, ფსიქოლოგის როლში ვგრძნობ თავს. ალექსი მიამბობს იმ სირთულეებზე, რომელსაც ჩემთან აწყდება. მე კი ვუხსნი, როგორ მოექცეს ცოლს, ანუ მე. რეალობაში კი ისე ვიქცევი, თითქოს არაფერი ვიცი... ასე ვსწავლობთ ცხოვრებას, ერთმანეთთან ცხოვრებას და იცი რა არის ძალიან მაგარი? - ბოლო დროს ნაკლებად მეძებს ინტერნეტში. ორი კვირა არ შემხმიანებია და როდესაც ახლახან გამოჩნდა, სხვათა შორის მომიკითხა. მერე მიამბო, ჩემთან გატარებული შესანიშნავი ორი კვირის შესახებ და მირჩია, მეც იგივე გამეკეთებინა ჩემს ქმართან. მეცინებოდა... მე და ალექსმა შვებულება ავიღეთ და ვაშლოვნის ნაკრძალში წავედით სახეტიალოდ. ახლა იქ კარგი სეზონია. მერცხლების ქალაქში ვიყავით, ტალახის ვულკანები ვნახეთ და დავგეგემეთ, რომ მთელ ზაფხულს ხეტიალში გავატარებდით. ალექსი მიხვდა, რომ ასე უფრო მშვენიერია ცხოვრება და ჩვენ ახლა უსაზღვროდ ბედნიერები ვართ. ალბათ ოდესმე, სიცოცხლის ბოლოს გავუმხელ, რომ მისი ერთადერთი სიყვარული ინტერნეტშიც და ცხოვრებაშიც მე ვიყავი...

სოფო გამრეკელი
ხატიას!
16 თებერვალი 2018 13:05
რაოო ?
ხატია
13 აპრილი 2013 18:44
თაკოს ისტორია ძალიან ახლოა ბევრი ახალგაზრდა წყვილისათვი, უბრალოდ ამ პრობლემებზე ბევრი ასე ხმამაღლა არ საუბრობს. ჩემი აზრით თაკოს საქციელი თამამი გადაწყვეტილებაა ამავე დროს ცოტა სარისკოც. ასეთი ქცევებით ძალიან ხშირად ქალბატონები ძალიან ცუდ შედეგებამდე მიდიან ხოლმე და ბოლოს მათი ურთიერთობა ფატალურ ეტაპამდე მიდის. თაკოს გაუმართლა და მან შეძლო ქმრის გრძნობების შენარჩუნება. ყველა წყვილს აქვს პრობლემები და ამ პრობლემებს აქვს სხვადასხვა მიზეზები. მთავარია ეს არ იყოს ფინანსური და გრძნობის დეფიციტი. ეს ორი პრობლემა რთულად მოსაგვარებელი ხდება და დროსთან ერთად მოგვრების სურვილიც და საშუალებაც ქრება. ზოგადად საქართველოში მეტად რთულია ოჯახური თანაცხოვრება . ჩვენ აღვიზარდეთ სხვა ტრადიციებზე, წარმოვადგენთ მძიმე სოციალურ ერს, საუკუნოვანმი პრობლემებით, არ შეგვიძლია ბოლომდე თავისუფლება და ეს თავისუფლება არ ნიშნავს მხოლოდ თავისუფალ სექს. ეს არის საკუთარი გრძნობების დაცვა , მათში კარგად გარკვევის პერიოდის სწორად განსაზღვრა, ფასეულობების გადარჩევა, ჩვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება. ძალიან სწრაფი ტემპით იქმნება ოჯახები და ეს ხდება ძალიან ახალგაზრდა ასაკში რაც ხშირად დამღუპველია ამ კავშირის და მას ისევე მალევე ამთავრებს როგორც დაიწყო. და მძიმე შედეგი კი ასეთი დაუფიქრებელი ურთიერთობების არის თაობა რომელიც უკვე შეცდომებზე და არაჯანსაღ გარემოში უწევს გაზრდა და არა აღზრდა. ჩანასახშივე წირავ ნაყოფს როცა მას სთავაზობ არასტაბილურობას, დაუცველობას, ცალმხრივ სიყვარულს და უმოქმედობას, სისუსტეს, და ღალატის ცოცხალ მაგალითს. ეს 100 პროცენტიდან 95 ზე მძიმედ ასისახება. ინტერნეტ ურთიერთობა არ არის მხოლოდ ამის პრობლემნა ზოგადად დღეს მიუხედავად ჩვენი თვითაღიარებული ცივილიზაციისა შორს მჭვრეტელობის , პასუხისმგებლობის და სწორად განსაზღვრის დიდი პრობლემაა ახალგაზრდა თაობისათვის. ეს მხოლოდ მათი ბრალიც არაა ამაში კი 95 პროცენტი მისი მშობლები და გარემო საზოგადოება განსაზგვრავს. არადა თითქოს ახალ თაობას არ აინტერესებს საზოგადოების აზრი და დამოკიდებულება მათ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით თუმცაღა ახალდაწყებულ ურთიერთობისას უკვე იციან მათი ბებიის წარმოშობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შემოსავლების შესაზლებლობები მაგრამ არ იციან და არ საზღვრავენ ურთიერთობა რა სახის ეტაპამდე გამოდგება და რას მისცემს ასეთი კავშირი. სრულიად გაუთვითცნობიერებლად ქმნიან ოჯახს მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო სიახლოვის სურვილი. და რაღაც ახლის მოლოდინი, თუმცაღა ეს ყველაფერი მათ სწორედ ყველაზე პირველ რიგში სწყინდებათ და ბეზრდებათ და ბოლოს რჩებათ გრძნობები, მეორე ნახევრის ხასიეთი, უარყოფითი, დადებითი, ოჯახი, შემოსავალი და ა.შ. და მერე ბანალური და დღესდღეობით ყველაზე აქტუალური სიტყვათა თანფარდობა. ჩვენ ვერ გავუგეთ ერთმანეთს. არადა არც კი ქონიათ ამის დრო და სურვილი. ხედავენ იმას რისის დანახვაც მხოლოდ მათ სურთ. კომპლექსები , მეზობლები, შურიანი დაქალები, გაბრაზებული ოჯახისწევრები, ნაცემ ნაბეგვი დაჩაგრული ცოლები, მიტოვებული და მშიერი , დაკომლექსებული თავიდანვე განწირული ბავშვები. აი ძირითადი სტატისტიკა, აი რეალობა, მასა ესაა . რა თქმა უნდა საბედნიეროდ არსებობენ ადამიანები და ისინი არც თუ ისე ცოტანი არიან ვინც ამ ყველაფრისგან შორსაა და ქმნის შედარებით სრულყოფილ ოჯახს და ზრდის ჯანსაღ შვილს, თუმცაღა მის ამ ჯანსაღად აღზრდილ შვილს სწორედ იმ მეორე მხარეს მყოფი არაჯანსაღად მყოფი დაჩაგრული თაობა დგას და მათ შორის ჩანასახშივე ვირტუალურად ჩაღდება ომი და ამ ომში გამარჯვებული არცერთი მხარე არაა . ამ დროს მხოლოდ მშობელია დამნაშავე და ამ ომის წამოწყება გაუთვითცნობიერებლად დაიწყო მაშინ როცა გადაწყვიტა ვირტუალური ურთიერთობით გაერთოს ან სულ რამდენიმე თვის გაცნობლს დაუკავშიროს მისი ჩამოუყალიბებელი ცხოვრება. არადა რას ვერჩით ამ ბავშვებს მათ ხომ უბრალოდ ვირტუალური ურთიერთობით თამაში და გართობა გადაწყვიტეს და მეტი არაფერი.
1234
12 აპრილი 2013 18:47
მომეწონა =) და საინტერესო იყო =) მყავდა სეყვარებული, რომელიც ინტერნეტით გავიცანი და რომ ვანხულობიდ ვერაფერზე ვსაუბრობდი. არ ვიცოდი რაზე მესუბრა მასთან. ინტერნეტშჳ კიდე ადვილად ვნახულობთი თემას. (შედარებით). მართალია ჩემი "Love Story" არასასიამოვნოდ დამთავრდა. მაგრამ ამ აფქტმა, რაზეც აქ არის საუბარი გავლენა იქონია.. სხვა ხიბლი ექნებოდა მე რომ ის Live ში გამეცნო. თუმცა ;) "ცოდვა" გამხელლილი სჯობსო და კარგია რომ ის გვერდით აღარ მყავს :) ბევრად კარგი.

რედაქტორის რჩევით