საზარელი სიყვარულის ისტორია - კვირის პალიტრა

საზარელი სიყვარულის ისტორია

გულუბრყვილო, პროვინციელი გოგო ვიყავი, სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა. დიდ ქალაქში ჩამოსულს მეგონა, რომ ზღაპრული ცხოვრება მელოდა, მაგრამ რეალობა საზარელი აღმოჩნდა. ინსტიტუტში კი ჩავაბარე, მაგრამ თანაკურსელებთან ურთიერთობა ვერ ავაწყვე, თურმე "ბნელი" და "ჩამორჩენილი" ვიყავი. ამიტომ თავს მარტოსულად ვგრძნობდი. მშობლების გამოგზავნილი ფული ბინის ქირის გადასახდელად და გამოსაკვებად ძლივს მყოფნიდა, მოდურ ტანსაცმელსა და გართობაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო... მაინც მჯეროდა, რომ ერთ დღეს ჩემი ცხოვრება აუცილებლად შეიცვლებოდა და გამოჩნდებოდა ის, ერთადერთი, რომელიც უბედნიერეს ქალად მაქცევდა.

გაზეთებში განცხადებების კითხვა დავიწყე და აღმოვაჩინე, რომ კაზინოში კრუპიე სჭირდებოდათ. გასაუბრებისა და ერთთვიანი სწავლების შემდეგ უკვე სათამაშო მაგიდასთან ვიდექი. ღამღამობით ვმუშაობდი, დღისით კი ვსწავლობდი...

ის”სწორედ კაზინოში გავიცანი. მომიახლოვდა და ქათინაური მითხრა, მე კი ვუპასუხე, რომ აქაური წესებით კლიენტების გაცნობა მეკრძალებოდა. იმ დილით სახლამდე მიმაცილა, საღამოს კი ინსტიტუტთან დამხვდა. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი და ამავდროულად საზარელი ისტორია.

ძალიან გამოუცდელი ვიყავი და ზაზა თავდავიწყებით შემიყვარდა. ვაღმერთებდი, მისით ვსუნთქავდი, ჩემი ცხოვრების აზრად გადაიქცა. ის ალერსიანად მექცეოდა, ყვავილებს და ძვირფას სამკაულებს მჩუქნიდა, შეძლებული კაცი იყო.

დადგა დღე, როცა ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩემთვის ეს რთული იყო, რადგან ზაზამდე ინტიმური ურთიერთობა არავისთან მქონია. თუმცა, იმდენად მიყვარდა, რომ მზად ვიყავი, მსხვერპლადაც შევწიროდი. ზაზამ მის ბინაში გადასვლა და ერთად ცხოვრება შემომთავაზა. მაშინ მეგონა, რომ მალე დავქორწინდებოდით. მისივე თხოვნით, კაზინოში მუშაობას თავი დავანებე, რადგან არ სიამოვნებდა, რომ ღამღამობით ვმუშაობდი. ვსწავლობდი და ვცდილობდი ჩვენი ბინა მყუდრო ოჯახურ კერად მექცია... ვიცოდი, ზაზას აზარტული თამაშები ძალიან უყვარდა. ერთ დღესაც არ გამოტოვებდა, რომ არ ეთამაშა ხან სლოტ-კლუბებში და ხანაც რომელიღაც მეგობრის ბინაში, სადაც მე არასოდეს წავუყვანივარ.

ერთხელ ზაზა შედარებით ადრე დაბრუნდა და თავდახრილმა მკითხა, ფული ხომ არ გაქვსო. დაუფიქრებლად მივეცი მთელი ჩემი დანაზოგი. მადლობა გადამიხადა, მაკოცა და წავიდა. მეორე დღეს სამკაულები გამომართვა და იმ ღამეს სახლში არ მოსულა. დაბრუნებულმა კი გამომიცხადა, რომ ცოტა ხანს სხვაგან უნდა გვეცხოვრა. ზედმეტი კითხვები არ დამისვამს, ჩავიცვი და უსიტყვოდ დავიწყე ბარგის შეგროვება. გამაჩერა:

- ჯერ არ გინდა, მოესწრება. ახლა ამის დრო არ გვაქვს.

გამიკვირდა, მაგრამ ისევ არაფერი მითქვამს. სხვაგან ტაქსით მივედით. არც ის მიკითხავს, თავისი მანქანა რა უყო... კარი თავისი გასაღებით გააღო და გზა დამითმო. შევაბიჯე თუ არა, ზურგს უკან კარი მიჯახუნდა. გაოცებული შემოვბრუნდი და ჩაკეტილ კარს მიღმა მხოლოდ ორი სიტყვა გავიგე: მაპატიე, პატარავ... ამ დროს ზურგზე ვიღაცის ხელი ვიგრძენი. სანამ გავიაზრებდი, რა მოხდა, დავინახე, რომ უცხო ბინაში ოთხ უცხო მამაკაცთან ერთად ჩაკეტილი ვიყავი!

შემდეგ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც სიზმარში. როცა გავიგე, რომ ზაზა, თავის "მეგობრებთან" ბოლო ფულის წაგების შემდეგ ფსონზე ჩემს თავს ჩავიდა, გონება გამეთიშა - ხმები შორიდან, ყრუდ მესმოდა, თვალწინ მუქი წრეები დამირბოდა... თავში მხოლოდ ერთი აზრი მიფეთქავდა -–ეს შეუძლებელია!.. გონს მაშინ მოვეგე, როცა ვიღაცამ სახეში გამარტყა. შემდეგ კიდევ ბევრჯერ დავკარგე გონება ტკივილისა და შიშისაგან... ყველაფერი რომ დასრულდა, ხელში ჩანთა შემაჩეჩეს და გარეთ გამაგდეს. ღამე იყო. კოკისპირულად წვიმდა. წასასვლელი არსად მქონდა. მას შემდეგ, რაც ზაზამ ასე გამიმეტა, ჩემი სხეული კი ოთხმა კაცმა რიგრიგობით ჯიჯგნა, ცხოვრებამ სრულებით დაკარგა აზრი და... ხიდის მოაჯირზე შევდექი.

უცნობმა გამვლელმა გადამარჩინა...

სწავლას თავი დავანებე. ქალაქის გარეუბანში, პატარა კაფეში მიმტანად დავიწყე მუშაობა. ბინაც იქვე ვიქირავე. ჩემი გადამრჩენელი კაფეში ხშირად მსტუმრობს, მერე სახლამდე მაცილებს. იმ ღამის შესახებ არაფერს მეკითხება და მეც კრინტს არ ვძრავ. მისი მცდელობის მიუხედავად, ცოტა მაინც დამიახლოვდეს, ამის საშუალებას არ ვაძლევ. ინერციით ვცხოვრობ. არ ვიცი, რა მინდა... ღამღამობით ხშირად მესიზმრება ის საშინელი ბინა და თვითმკვლელობაზე ფიქრი ამეკვიატება ხოლმე...