"ყოფილი ცოლისგან შვილის ნახვის უფლებას ვყიდულობდი" - კვირის პალიტრა

"ყოფილი ცოლისგან შვილის ნახვის უფლებას ვყიდულობდი"

"ჩემი ალქაჯი ნაცოლარის მეშინია"

"დასანანია, როდესაც ოჯახი ინგრევა, მაგრამ სამწუხაროა, როდესაც ქალი ან კაცი ერთმანეთის გასამწარებლად შვილებს იყენებენ. ევროპელი მეგობრებისგან გამიგონია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ეს პრობლემა დიდი ხანია დაარეგულირა კანონმა და ყოფილ ცოლ-ქმარს ბავშვებით მანიპულირების უფლება აღარ აქვთ. ჩვენში თუ ოდესმე მოგვარდა ეს საკითხი, იმ დღემდე ცოცხალი ვერ მივაღწევ. ჩემი ყოფილი ცოლის ბოროტება შემიწირავს - მან შესანიშნავად იცის, რომ ჩვენი შვილის გარეშე ერთი დღეც არ შემიძლია გავძლო", - მეუბნება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც საზოგადოებისთვის გულის გადაშლა იმ მიზნით გადაწყვიტა, რომ მის მდგომარეობაში მყოფი სხვა ადამიანებიც გამოეხმაურებიან და როგორმე დაიწყება მათი სატკივრის მოგვარება.

ლაშა: - 4 წლის წინ დავქორწინდით. სანამ ცოლად შევირთავდი, ანა ძალიან სათნო, ნაზი, თბილი გოგონა იყო. დაქორწინების დღიდან კი ურჩხულად იქცა.  ჯვრისწერის შემდეგ ეკლესიიდან რომ გამოვედით, ვერ ვიცანი, კოპებშეკრული ჩაჯდა მანქანაში და კბილებში გამოცრა, - ნეტავ ჩვენს ქორწილზე არ მიმიყვანა, არ მაქვს ხმაურის, სადღეგრძელოების და ტანცი-მანცის თავიო. ამას მეუბნებოდა ღამის კლუბში გაცნობილი ქალი, რომელსაც შეეძლო, დისკოთეკებზე დილამდე ეცეკვა. რა გეტაკა-მეთქი? - ვკითხე გაოცებულმა. ნათესავების ღრეობის დანახვა არ მინდაო, - მოკლედ მომიჭრა. იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ შევეცადე, ყურადღება არ მიმექცია მისი უკმაყოფილებისათვის. ისიც კი ვიფიქრე, იქნებ ორსულად არის, მიზეზობს და ამიტომაც შეეცვალა ხასიათი-მეთქი.

ორი კვირის თავზე, დედაჩემის დაბადების დღეზე, ეჭვიანობის სცენა გამიმართა, - ქალებს ეარშიყებიო, არადა, ჩემი ბიძაშვილ-მამიდაშვილების გარდა, იქ არავინ ყოფილა; ან ვინმე უცხოც რომ ყოფილიყო, რატომ უნდა მომნდომებოდა ეს? მე ხომ ცოლი თავდავიწყებით მიყვარდა.

მოკლედ, ანა დღითი დღე აუტანელი ხდებოდა და გადავწყვიტე, რომ დავშორებოდი. ამის თქმას რომ ვაპირებდი, სწორედ იმ დღეს გამომიცხადა, ორსულად ვარო...  რაღას ვიზამდი, შვილის გამო უნდა გამეძლო... თავს ვიმხნევებდი, იქნებ ბავშვის გაჩენის შემდეგ მაინც შეიცვალოს-მეთქი. არა, უფრო აუტანელი გახდა. დედაჩემი მამშვიდებდა, - ქალს და კაცს ერთად ცხოვრება ერთი წლის განმავლობაში ძალიან უჭირთ, სანამ ერთმანეთს შეეგუებიან, ხშირად კანკლაობენო.

ექიმთან კატეგორიულად არ მიდიოდა, არადა, წოლით რეჟიმს ურჩევდნენ, მუცლის მოშლის საფრთხე გაქვს, ბავშვს ჟანგბადი არ ჰყოფნის, უნდა იწვე, შენთვის სპეციალური მენიუა საჭიროო, - არიგებდნენ, მაგრამ არაფერი ესმოდა. ვეკითხებოდი, - ასე რატომ იქცევი, მე თუ არ გიყვარვარ, შენი შვილი მაინც შეიბრალე-მეთქი. დაიმანჭებოდა და დახედავდა მუცელს, ერთი სული მაქვს, ამ ტვირთს როდის მოვიშორებ, მივხვდი, გათხოვება ვიჩქარე, ოჯახური ცხოვრებისთვის მზად არ ვარო...

ერთ დღეს დედამისმა მითხრა, - შვილო, მე დავიღალე და ყოჩაღ, როგორ უძლებო. რა უნდა მეთქვა? ჩემი შვილი დაბადებამდე მიყვარდა და მის წინაშე უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, მხოლოდ დედის ანაბარა ვერ მივატოვებდი.

ჩვენი ულამაზესი გოგონა საკეისროთი დაიბადა. მძიმე ორსულობის გამო სუსტი ფილტვები დაჰყვა. მას არასოდეს არაფერს მოვაკლებ. საბედნიეროდ, ამის შესაძლებლობა მაქვს, მაგრამ ადამიანურ ბედნიერებას ვერ ვეღირსე.

მარიამი 8 თვის იყო, როდესაც დედამისს ვუთხარი, დავშორდეთ-მეთქი. არაფერს მოგაკლებთ, ბინასაც გიტოვებ, ოღონდ  საღამოობით ბავშვს წავიყვან და დილით მოგიყვან-მეთქი. ჯერ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, მერე უცებ დამთანხმდა.

მალე გაირკვა, რომ მას დღისითაც არ ეცალა ბავშვისთვის, რადგან ისევ ძველი ცხოვრების წესს დაუბრუნდა, ისევ ღამის კლუბებში დაიწყო სიარული. გათენებამდე შინ არ ბრუნდებოდა და დღისით ბავშვის მოვლის თავი როგორ ექნებოდა! შევთავაზე,  ბავშვი კვირაში რამდენიმე დღე შენთან იყოს, რამდენიმე დღე კი ჩემთან-მეთქი. მხოლოდ შაბათ-კვირას დავიტოვებ, მუშაობას ვიწყებ და მარტო მოვლა გამიჭირდებაო. გამიკვირდა, მუშაობის დაწყება რომ მოინდომა, ყოველთვიურად იმდენ ფულს ვურიცხავდი ბარათზე, რომ თავს გადასდიოდა, ბავშვს კი ისედაც მე ვპატრონობდი. Dსიამოვნებით დავთანხმდი, რადგან მარიამი ყოველდღე ჩემთან იქნებოდა. მალე შევიტყვე, რომ მუშაობა ერთ-ერთ ღამის კლუბში დაიწყო. ათასი ჭორ-მართალი მომდიოდა - უწესოდ ცხოვრობსო. აღარ მიყვარდა, მაგრამ გული მტკიოდა, ის ხომ ჩემი შვილის დედა იყო. ვიფიქრე, ფულად დახმარებას შევუწყვეტ-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ ბავშვის ნახვას ამიკრძალავდა, მე ხომ მისგან ჩემი შვილის ნახვის უფლებას ვყიდულობდი. ხშირად ბავშვისთვის შაბათ-კვირასაც ვერ იცლიდა. მარიამი დედას არც ნატრობდა, წესიერად ხომ არც კი იცნობდა.

წელიწად-ნახევრის წინ გავიცანი ქალი, რომელიც ძალიან მიყვარს და მასთან ოჯახის შექმნას ვაპირებ. მას შემდეგ, რაც ანამ ეს ამბავი გაიგო, ძიძა დაიქირავა და წამებით და ბრძოლით გვიწევს მისი დაყოლიება, რომ კვირაში ორი დღით მაინც გამოუშვას ბავშვი. როდესაც გოგონა შინ მოგვყავს,  ისეთი მოუვლელია, რომ ნახევარი დღე გვჭირდება მის მოსაწესრიგებლად. როგორც გაირკვა, ანას ვიღაც თავისი თანამშრომელი სტრიპტიზის მოცეკვავის დედა ჰყავს აყვანილი ძიძად. მარიამი თავისთვის თამაშობს, იმ ქალს კი შინ აკითხავენ ყავაზე და კარტზე მკითხაობის მსურველები. ბავშვს რომ ჭამა სჭირდება, ესეც კი თურმე მაშინ ახსენდება, როდესაც თვითონ დაიღლება და მოშივდება.

რამდენიმე დღის წინ შევხვდი ანას, ვუყურებდი და მზარავდა, რომ ოდესღაც ამ ქალს ჩემი ცოლი ერქვა. არც გისმენს წესიერად, ახირებული აქვს ერთი ფრაზა, ხელის გაწერას და ჯვრის აყრას ვერ ეღირსები, მაშინ მარიამს საერთოდ ვეღარ ნახავო. შევახსენე, სასამართლო მომანიჭებს ამის უფლებას და ბავშვს ნებისმიერ შემთხვევაში ვნახავ-მეთქი. ვერ ნახავ, დავმალავ, ყველაფერს გავაკეთებ შენს გასამწარებლადო. ფულს აღარ ვურიცხავ. მინდა ჩემი ბინიდანაც გამოვაძევო. ის სახლი მარიამის იქნება მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გახდება. ვაღიარებ, ჩემი ალქაჯი ნაცოლარის მეშინია. არ ვიცი, ბავშვს რას უზამს. უნდა, გამაუბედუროს, ოფიციალურად არ გავეყარო და ამისთვის მთავარ იარაღად ჩემს შვილს გამოიყენებს. ბავშვმა ერთხელ ტირილი დაიწყო, - არ მიდიოდა დედასთანო. ძალით შეათრია შინ და როდესაც შენიშვნა მივეცი, მომაძახა, ეს ბავშვი ჩემია და რასაც მინდა, იმას ვუზამო. ჩემი არ არის? რა ვქნა?

სანამ სასამართლო მტყუან-მართალს გაარკვევს, ამასობაში მეც ჩემი დამემართება და ბავშვსაც. ოჯახური ძალადობის საკითხზე რომ წარამარა ლაპარაკობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, დაფიქრებულან კი, რას განიცდიან ჩემს დღეში მყოფი მამები, ან ვინმეს უფიქრია, როგორ ირღვევა ბავშვის უფლებები?

სოფო გამრეკელი