"იქნებ, ღირსი ვარ, რომ მიმატოვა და სხვასთან წავიდა?" - კვირის პალიტრა

"იქნებ, ღირსი ვარ, რომ მიმატოვა და სხვასთან წავიდა?"

სასიყვარულო სამკუთხედი - მრავალჯერ გაგონილი და გადაულახავი ბარიერი.  ჩვენმა მკითხველმა, მაიკო ჯ-მ გულისტკივილით მიამბო თავისი, ერთ დროს დიდი და ლამაზი სიყვარულის შესახებ. მისი და თედოს ურთიერთობა მისაბაძი იყო - "მაიკოს და თედოს სიყვარული შეუდარებელია", "აი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი სიყვარული",  - ამბობდნენ მეგობრები, ნაცნობები...

რა მოხდა მათ ცხოვრებაში, მაია უკეთესად გადმოგვცემს იმ წერილში, რომელსაც მან "სულის ტკივილი" უწოდა:

"ძალიან მიჭირს, ასე სახალხოდ ვთქვა ჩემი სათქმელი... ძნელია თაბახის  რამდენიმე ფურცელზე დავტიო განცდა და ტკივილი. სანამ "ის" ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდებოდა,  გვქონდა ლამაზი ოჯახი და მომავალიც გვეიმედებოდა. მერე გამოჩნდა "ის", ხათუნა და გააფერმკრთალა, გაცრიცა ჩემი ლამაზი სამყარო.

ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, ვერც კი გავაცნობიერე, რა მჭირდა.  გაუსაძლისი იყო ყოველ საღამოს ელენიკოს შეკითხვა: "დედიკო, დღეს მამიკო მოვა?!"

გამუდმებით ვეძებდი საკუთარ თავში დანაშაულის საწყისს -  "იქნებ, ღირსი ვარ, რომ მიმატოვა და სხვასთან წავიდა?" "და მაინც, რატომ?" პასუხს ვერ ვპოულობდი. იმ "მესამესთან" (ხათუნა რომ ჰქვია), შეხვედრა და საუბარი გადავწყვიტე, მაგრამ მან არ ისურვა. შემომითვალა - მე რა შუაში ვარ, ჩემი სინდისი სუფთააო. მერე კი უტიფრად ჩამოთვალა თავისი "ღირსებები"... თურმე, სხვაზე უკეთ მღერის, რომ მისი და ჩემი ქმრის (აწ უკვე ყოფილის) დუეტი ნამდვილი ხელოვნებაა და ყველა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს, რომ კაცები ფეხქვეშ ეგებიან,  რომ მისი ვნება იმდენად უკიდეგანოა, ყველას აჯადოებს და ატყვევებს...

ამ "მესამეს" იოლად შეუძლია საკუთარი ცოდვა სხვას გადააბრალოს: "რა ჩემი ბრალია, რომ გულში აქამდე გაუგონარმა და არნახულმა სიყვარულმა ამოხეთქა?!. მხოლოდ ახლა მივხვდი, რას ნიშნავს ნამდვილი მამაკაცის გვერდით ყოფნა..."

თურმე ის უფრო იმსახურებს იმ კაცის სიყვარულს, რომელიც ადრე სხვისი ქმარი იყო და ახლა მხოლოდ მისი კუთვნილებაა. თურმე, დედამიწამ მის გარშემო უნდა იბრუნოს და ბედნიერი იყოს, თუნდაც ამას უდანაშაულო ადამიანები და მცირეწლოვანი შვილები ემსხვერპლონ (ეს მისი სიტყვებია!).

მიკვირს, ნუთუ ერთხელაც არ დაფიქრებულა იმაზე, რომ კაცი, რომელმაც ოჯახი მიატოვა და საყვარელი ადამიანები გაწირა, ხვალ მასაც გაწირავს? ან ნეტავ თუ სჯერა, რომ სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ააგებს?!

ამ "მესამეს"  თედო ოდნავ მაინც რომ უყვარდეს, სხვისი სიყვარულის დანახვასა და გაგებასაც შეძლებდა, საყვარელ კაცს ღირსებას არ დაუკარგავდა საზოგადოების თვალში, ოჯახს არ დაუნგრევდა, არც მის შვილს გაწირავდა უმამობის ტკივილისა და სირცხვილისთვის. ამ "მესამეს" "სიყვარული" გრძნობა კი არა, ახირებაა, თავკერძა ქალის კაპრიზია.

მე სხვაგვარი სიყვარული მარგუნა განგებამ - მე რომ მიყვარდა, იმ ბიჭმა, საოცრად კარგმა და კეთილმა, სხვანაირი სიყვარული იცოდა. საოცრად სუფთა, თვალები უცინოდა და ჩემკენ მოუხაროდა. მეც ვზრდიდი და ვასაზრდოებდი ამ სათუთ და უდიდეს გრძნობას.

ვიცი, ამ სტრიქონებს რომ წაიკითხავს, აბობოქრდება და იტყვის: მე რა შუაში ვარ,  თედოს მოჰკითხოს ყველაფერი და მას დასდოს ბრალიო... ეს კიდევ სხვა თემაა. მე თედოსთან დიდი სულიერი მეგობრობა მაკავშირებდა, მაგრამ ისეთი სიმდაბლე გამოიჩინა, მის საქციელს არც გამართლება აქვს და არც შენდობა უხერხდება.

და მაინც! არის იმედი ხვალისა, რადგანაც ზუსტად ვიცი, რომ ბოროტება დროშია შეზღუდული, რომ როცა ერთი კარი იკეტება, აუცილებლად იღება მეორე..."