"მისნაირები ბედნიერებას იმსახურებენ" - კვირის პალიტრა

"მისნაირები ბედნიერებას იმსახურებენ"

ორი კვირის წინ დაბეჭდილმა წერილმა, "შენამდე ძალიან შორია", ბევრი დააინტერესა და მკითხველმაც არ დაიზარა თავისი შეხედულების გაზიარება.

ალბათ გახსოვთ, ერთი "დიდი" პრობლემა იყო - ბიჭს თავისი მეგობრის და შეუყვარდა. ამის გამო ბექა ყველამ გაკიცხა და ზურგი შეაქცია, გოგონამაც - ეს როგორ გამიბედაო, და პირი აღარ უჩვენა. ბექა ახლა უცხოეთშია და იქიდან საოცრად თბილ მესიჯებს უგზავნის ანას, რა ქნას, ვერ მოერია გრძნობას და გულწრფელად უკვირს, განა სიყვარული (თუნდაც ძმაკაცის დისა) ისეთი მკრეხელობაა, რომ მეგობრებმაც და უსაყვარლესმა ადამიანმა - ანამაც გასარიყად გაიმეტეს?!

ახლა კი შემოსული წერილებიდან ორს შემოგთავაზებთ:

"მინდა ანას მივმართო... მეც ანა მქვია და როდესაც ბექას წერილები წავიკითხე, ძალიან განვიცადე. ასე მეგონა, მე დავაშავე მის წინაშე და რამენაირად უნდა გამომესყიდა შეცდომა. "გამოსყიდვას" კი იმით ვახერხებ, რომ ანას ჩემს გულწრფელ რჩევას ვთავაზობ: ანა, მერწმუნე, დღეს ასეთი გრძნობა იშვიათობაა. შანსი მოგეცა, იცხოვრო ადამიანთან, რომელსაც უსაზღვროდ უყვარხარ და ვისთანაც ძალიან ბედნიერი იქნები. ნუ გაუშვებ ხელიდან, თორემ მერე ძალიან გვიან იქნება და სიკვდილამდე ვერ აპატიებ ამას საკუთარ თავს. გამოგიტყდები, არასოდეს შემცოდებია ბიჭი, მაგრამ ბექასნაირები ნამდვილად იმსახურებენ ბედნიერებას".

"ანა, რჩევა-დარიგებას არ დაგიწყებთ, უბრალოდ, ერთ ამბავს მოგითხრობთ და დასკვნა თვითონ გამოიტანეთ.

ჩემს მეგობარს, ლელას, ორი ძმა ჰყავს. შუათანა მალე დაქორწინდა, უფროსი, გიგა კი არ ჩქარობდა ცოლის შერთვას. მათ დიდი საკუთარი სახლი აქვთ და ლელას და გიგას მეგობრები მათთან ვიყრიდით ხოლმე თავს, თავისუფლადაც ვიყავით და კარგ დროსაც ვატარებდით. ჩვენს სამეგობროში პირველი ბზარი მაშინ გაჩნდა, როცა გიგას ყველაზე ახლო მეგობარი, დათო, ლელას სიყვარულში გამოუტყდა. გიგა ისე გაბრაზდა, დასაბმელი გახდა. ამის გამო უსიამოვნებაც მოუვიდათ ბიჭებს. ჩვენც გიგას მივემხრეთ. ლელაც გიჟივით ერთსა და იმავეს იმეორებდა, - ერთად გავიზარდეთ და ეს როგორ გამიბედაო... მოკლედ, ჩვენც გავრიყეთ დათო. ერთ მშვენიერ დღეს კი ლელა თანაკურსელმა მოიტაცა - მაშინ მეორე კურსზე იყო, სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა. ვიცოდი, ლელას იგი არ უყვარდა, მაგრამ საჭორაო რომ არ გამხდარიყო, უკან აღარ დაბრუნდა.  რეზო ნარკომანი გამოდგა. ერთ დროს ხალისიან ოჯახში თითქოს სიცოცხლე ჩაკვდა. გიგაც, მისი ძმაც და მეგობრებიც თავს ვიკავებდით ლელასთან სტუმრობისგან. რეზოც სამაგიეროს იმით გვიხდიდა, რომ ცოლს მშობლებთან იშვიათად უშვებდა და მეგობრებთან ურთიერთობასაც უშლიდა. ოთხი წლის შემდეგ რეზო ძმაკაცის ბინაში მკვდარი იპოვეს, ბინის პატრონი კი ძლივს გადაარჩინეს. ასე დაქვრივდა ლელა და პატარა ნუცისთან ერთად მშობლებს დაუბრუნდა... მაშინ დავრწმუნდი, რომ ნამდვილი სიყვარული არ ხუნდება. დათო არავის მოერიდა, მივიდა გიგასთან და ჯერ მას დაელაპარაკა, მერე კი ლელას და მის მშობლებს - ლელა ისევ მიყვარს, უმისოდ არაფერია ჩემი სიცოცხლეო. თუკი ადრე ყველამ ქვა ავაგდეთ და თავი შევუშვირეთ, ახლა უხმოდ დავეთანხმეთ... შემდეგ ლელა დათოს ცოლად გაჰყვა და ოჯახმა ისევ თვალში გამოიხედა. იცით, რა ბედნიერები არიან!  ახლა მათ სამი შვილი ჰყავთ: ნუციკო, გიორგი და ნიკა.

დასკვნა თქვენთვის მომინდვია!

მარიამ თოფურიძე, თბილისი".