"დედამ მირჩია, ადექი და, საყვარელი შენც გაიჩინეო..." - კვირის პალიტრა

"დედამ მირჩია, ადექი და, საყვარელი შენც გაიჩინეო..."

რაც ეპატიება კაცს, არ ეპატიება ქალს?

ათი წლის წინ შეუღლდნენ. მანამდე იყო რომანტიკა, ხალისი, ეგონათ, რომ ქვეყნიერებაზე არავინ ჰყავდათ ერთმანეთზე ძვირფასი. დიდი ქორწილი გადაიხადეს, თაფლობის თვე ევროპაში გაატარეს. მერე პირველი ბიჭი გაჩნდა, ორი წლის შემდეგ ტყუპი ბიჭი მოევლინა ქვეყანას. მაშინ გიგი 22 წლის იყო, ანუკა 21-ის. რა ამბავია სამი შვილის მამობა, ჯერ მე თვითონ ბავშვი ვარო და ჭირვეულობა დაიწყო გიგიმ. არც მე ვარ მზად სამი შვილის დედობისთვისო, - გაჯიუტდა ცოლი. შეშფოთდნენ ორივეს მშობლები - ემანდ, ოჯახი არ დაანგრიონო და - გაერთეთ, მოილხინეთ, შვილებს ჩვენ დაგიზრდითო. საღამოობითღა ნახულობდნენ ბავშვები მშობლებს.

როცა უფროსი ბიჭუნას, რეზიკოს, სკოლაში მისვლის დრო დადგა, ანუკამ გადაწყვიტა, რომ შვილებზე თვითონ ეზრუნა, გიგისაც მოეწონა შვილებზე ზრუნვის იდეა, მაგრამ დიდხანს ვერ გაუძლო. ზოგჯერ სკოლაში მისვლა და ბავშვის წამოყვანა ავიწყდებოდა და ისევ ბებია-ბაბუების მოსაგვარებელი იყო ეს საქმე. მერე გიგის ცოლთან გაუჩნდა პრეტენზიები, საღამოს გასართობად რომ დააპირებდა წასვლას, ანუკა უარს ეუბნებოდა, - რეზი უნდა ვამეცადინო, იქნებ შენც შინ დარჩე და მომეხმაროო. ეს კაცების საქმე არ არისო, იტყოდა და შინიდან გაიძურწებოდა.

მალე ოჯახში უსიამოვნებებმა იმატა. გიგი უმიზეზოდ ჩხუბობდა... მისი უგუნებობის დიაგნოზი მალე გახდა ცნობილი. მამამ საყვარელთან წაასწრო და შავი დღე აყარა. თავისთან წაიყვანა სამსახურში, - ასე უკეთ გავაკონტროლებო, არაფერი გამოუვიდა. გიგიმ ახლა ოფისში დაადგა ერთ  თანამშრომელს თვალი. გადაირია მამა,  - მშვენიერი ცოლ-შვილი გყავს, გინდა ოჯახი დაანგრიოო? რატომ უნდა დავანგრიო,  ესეც იყოს და ისიცო, - წარბშეუხრელად პასუხობდა გიგი. Mმისი მორიგი გატაცება სამსახურიდან მიაბრძანეს. ქალი დაილია? ერთს ჩამომაცილებ, სხვას მოვძებნიო, - გამოუცხადა მამას. მერე სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა - ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში შეიტანა სამაგისტრო კურსზე საბუთები.

მორიგი სასიყვარულო გატაცებაც იქ დაიწყო. ყველგან იმ გოგოსთან ერთად ხედავდნენ, ყველას აცნობდა, - ჩემი შეყვარებულიაო.

ანუკამ ეს ამბავი რომ გაიგო, კინაღამ გაგიჟდა. დედამთილს ეცა, - მიშველე რამე, იქნებ შენი შეისმინოს, არ მინდა ოჯახი დამენგრესო. დედამთილმა დაუყვავა, - მამამისი ახლა რომ ჭკუადამჯდარია, სულ ეგრე კი არ იყო, მოვითმინე და მოვიგე, მორჩა წანწალს და დამიბრუნდაო. გაგიჟდა ანუკა, - როდის დაგიბრუნდა, როდესაც მიხვდა, რომ მომვლელი სჭირდებოდა გვერდითო?

მერე დედას შესტირა, - რა ვქნაო. "ამიტომ არ მინდოდა ადრე გათხოვილიყავი. შენი ცხოვრება უნდა დაგელაგებინა, განათლება მიგეღო, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება შეგძლებოდა. ახლა  რა გითხრა, წამოდი და სამი შვილით შინ დამიჯექი-მეთქი? ასე ხომ შენს მეტოქეებს უხსნი გზას. დედამთილი და მამამთილი ყურადღებას არ გაკლებენ, ის იდიოტი შენი ქმარიც ხომ არ ძალადობს, მშვიდად არის. შეირგე ის, რაც გეძლევა მისი ოჯახიდან, შეეცადე, განათლება მიიღო, სრულფასოვან ქალად იქცე, თორემ ასე ჩემი ბედის გაზიარება მოგიწევსო". რა ბედისო, - შეკრთა ანუკა და სანამ თვალებდახრილი დედა რამეს ეტყოდა, გულში გაიფიქრა, ნუთუ დედაჩემიც იმავეს მეტყვის, რაც დედამთილმა შემომჩივლაო. ეჭვი გამართლდა. დედამ ქვითინით უამბო: - მამაშენი დიდხანს დასდევდა ქალებს და როდესაც მე სხვისი ქმრები გამომადევნებდნენ თვალს, ვფიქრობდი - ხომ ხარ, ოთარ, ღირსი, მეც ისე დაგადგა რქები, როგორც შენ მადგამ-მეთქი. ისეთებიც ყოფილან, ოღონდ ოჯახი დამენგრია, შვილებსაც გაგიზრდითო, მპირდებოდნენ. იქნებ ასეც ყოფილიყო, მაგრამ ვერ გავბედე, მეშინოდა იმის გააზრებისა, თქვენ როგორ გატკენდათ გულს ხალხი, რომელიც დაუნდობლად შემაფასებდა, მამათქვენის გამოხდომები კი თურმე ჩვეულებრივი მოვლენა იყო. რა გირჩიო, წადი ქმრის ოჯახში, გამოიყენე შენი დედამთილ-მამამთილის კეთილგანწყობა, მიხედე თავს და შვილებს და თუ ვინმე დამფასებელი გამოგიჩნდება, ნუ აქცევ ზურგს. ოღონდ ამას ისე ნუ გააკეთებ, რომ შენს ბიჭებს მერე ვინმემ დასცინოსო...

ანუკა გაოგნებული უყურებდა დედას და ხვდებოდა, რომ თუ სადმე ყოფნა არ უნდოდა, ეს მშობლების სახლი იყო, არ უნდოდა დაენახა მატყუარა მამა...

ანუკა დღემდე ქმრის სახლში ცხოვრობს. დედამთილ-მამამთილი ძველებურად თავს ევლება. სწავლობს, მამამთილი მხოლოდ მას ანდობს ყველა საქმეს, ფაქტობრივად, მისი ბიზნესის მმართველად ზრდის. ბევრი ახალგაზრდა კაცი უყურებს მუშტრის თვალით. ყურადღებას არავის აქცევს. მამამთილი ყველაფერს ამჩნევს, ერთ დღეს ბოდიში მოუხადა რძალს, - გიგის მე მივეცი ცუდი მაგალითი, ჩემი ბრალია. ჩემთვის ახლა შენ უფრო ხარ შვილი, ვიდრე გიგი. ძალიან გაფასებ, მინდა ბედნიერი იყო და ჩემმა შვილიშვილებმაც ბედნიერად იგრძნონ თავიო.

გიგის კი არც შვილები ახსოვს და არც  ანუკა,  უბრალოდ, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. შვილების დანახვაზე დროდადრო იტყვის ხოლმე, - დამეზარდნენ ბიჭები და დროა მეც გავიზარდოო, მაგრამ უარესს სჩადის. ახლახან უთქვამს, - მინდა ქალიშვილი მყავდეს და ჩემს შეყვარებულთან ამაზე ვზრუნავო.

"გგონიათ, მე ერთადერთი ვარ ასეთ მდგომაროებაში? ჩემსავით უამრავი ქალი იტანჯება უპასუხისმგებლო, თავზე ხელაღებული ქმრების გვერდით იმიტომ, რომ არ იციან, ქმრის ოჯახიდან რომ წავიდნენ, მერე როგორ იცხოვრონ, როგორ გაზარდონ შვილები? უკვე შემიძლია დამოუკიდებელი ქალი ვიყო. ყველაფერი მაქვს ამისათვის, მაგრამ თუ ვინმე უნდა წავიდეს შინიდან, უთუოდ ჩემი ქმარი. ის უპასუხისმგებლოა არა მხოლოდ ცოლ-შვილის, მშობლების მიმართაც. ზოგჯერ მგონია, რომ არ არსებობს და როდესაც სახლში ვხედავ, ვუყურებ როგორც  აჩრდილს. ჩემი ქმარი იმ მახინჯი აზროვნების მქონე საზოგადოების პროდუქტია, რომელიც ფიქრობს, რომ ის, რაც ქალისგან დანაშაული და უზნეობაა, კაცისგან გამართლებული ჩვეულებაა. ბედნიერი ვიყავი, როდესაც თავი იმდენად ძლიერ და დამოუკიდებელ ქალად ვიგრძენი, რომ ჩვენი ყველა ფოტო, სადაც მხოლოდ მე და ის ვართ, შუაზე გავხიე და წინ დავუყარე. მართალია, ფეხებზე ეკიდა ჩემი საქციელი, მაგრამ იცის, რომ მე მისი მონა არ ვარ," - ამბობს ანუკა.