"ჩემი შვილის მამის სახელიც არ ვიცოდი"
06-05-2013
"ჩემი შვილის მამის სახელიც არ ვიცოდი"
დედაშვილობის გრძნობას სასწაულის მოხდენა შეუძლია. მე ორჯერ მიხსნა ასეთმა სასწაულმა, - ამბობს ქეთი და ცრემლებს იმშრალებს, - მშობლებს გვიან გავუჩნდი და მანებივრებდნენ. ვიზრდებოდი, ურჩი და თავნება ვხდებოდი. ამას ისიც დაემატა, რომ ჩემმა ავყია ბიძაშვილმა მითხრა, - ვერ ხედავ, შენს მშობლებს საერთოდ არ ჰგავხარ, გიმალავენ, ეშინიათ, არ გაექცე და არ გეუბნებიან, რომ ნაშვილები ხარო. მოკლედ, იმდენი მიჩიჩინა, რომ დამარწმუნა. შევიძულე მშობლები. ეშმაკი შემიჩნდა და გადავწყვიტე, რახან გამშვილებლებს ვერ მივწვდებოდი, გამზრდელებისთვის გამეშრო
სისხლი. 15 წლიდან განსაკუთრებით ავიშვი თავი. მეგობარი ბიჭი გავიჩინე, ჩემზე 11 წლით უფროსი, მაშინ პანკობას აწვებოდა. მასთან ერთად ვეწეოდი მარიხუანას, მეძინა მიტოვებულ სახლებში, ბინძურ საწოლში და ეს სულ არ მაწუხებდა. თავს ვარწმუნებდი, - ალბათ ჩემი ნამდვილი დედაც ასე ცხოვრობდა ოდესღაც და მერე, როგორც ზედმეტი ბარგი,
მომისროლა-მეთქი.

ერთხელ გავცივდი, ფილტვების ანთება დამემართა, ძლივს გადამარჩინეს. დედა სკოლაში წასულა, რომ პედაგოგებისთვის ეთქვა, ჩემი შვილი სკოლაში ვერ ივლისო. მასწავლებლებმა დასცინეს, - ქალბატონო, ახლა გამოიღვიძეთო?.. მოკლედ, სანამ მე სიკვდილს ვებრძოდი, დედამ ყველაფერი გაიგო ჩემს უწესო ცხოვრებაზე. დამემუქრა, - მამას ვეტყვი და შენი ამბავი ცუდად დამთავრდებაო. ალბათ ეგონა, რომ მამას პატივს ვცემდი...

ფეხზე წამოვდექი თუ არა, ისევ წუმპეს მივაშურე. შინ გამთენიისას მივდიოდი, ან საერთოდ არ მივდიოდი. მშობლები სარდაფებსა და ბუნაგებში დამეძებდნენ... ერთ დღესაც სისხლდენა დამეწყო. ვკვდებოდი, ყველანი დაბოლილები იყვნენ,  "ჩემი ბიჭი" სასწრაფოს გამოძახებაზეც კი ვერ დავიყოლიე, კაიფში ვართ და აქ რომ სასწრაფო და პოლიცია მოვიდეს, დედას გვიტირებენო. ვთხოვე, ჩემთან მაინც მიდით სახლში, მშობლები გადამარჩენენ-მეთქი. არც ეს თხოვნა შემისრულეს. მეტი მოწიე და კარგად იქნებიო. სისხლში ამოთხვრილი გამოვლასლასდი, იქვე, კაფეში შევედი და გული წამივიდა. სასწრაფო გამოიძახეს... აღმოჩნდა, რომ გარეორსულობა მქონდა და კიდევ ერთხელ გადავრჩი. ამის შემდეგ არ ვიცოდი, რა მექნა, მშობლები კვლავ მძულდა, არც იქ, იმ წუმპეში და იმ ბიჭთან მინდოდა დაბრუნება. თვითონაც არ უცდია ჩემი მოძებნა. დიდი დრო არ დამჭირვებია მორიგი ბუნაგის მოსაძებნად. კახპა მეზობლები მყავდა, დები. იმათ დავუმეგობრდი. დედა ცდილობდა, წინ გადამდგომოდა, ამაოდ... მოკლედ, გავიცანი ერთი ბერძენი ქალი, რომელმაც შემომთავაზა, საბერძნეთში წაგიყვან სამუშაოდ, იქ ბევრ ფულს გადაგიხდიანო... 21 წლიდან უკვე სალონიკის ბარებში ვმეძაობდი, ისევ ვეტანებოდი ნარკოტიკს... ერთ დღეს გავიგე, მამაჩემი გარდაცვლილიყო, დედაჩემი კი ლოგინად ჩავარდნილა. დედას ფული გავუგზავნე და დავურეკე, - მომვლელი დაიქირავე და ყოველ თვეში გამოგიგზავნი-მეთქი. ტიროდა, მთხოვდა, დავბრუნებულიყავი. ვუკივლე, შენი ხმა აღარ გამაგონო, თორემ აღარასოდეს დაგირეკავ-მეთქი. მე ხომ მტკიცედ მჯეროდა, რომ მიშვილეს...

გული მტკივა, მამა ისე წავიდა იმქვეყნად, რომ ვერ გაიგო, როგორ უმიზეზოდ მძულდა... სამი წელი ფულს ვუგზავნიდი დედას და ვიცოდი, რომ არაფერი აკლდა. ერთ დღესაც დამირეკა და მითხრა, - ვკვდები და ისე არ მინდა წავიდე იმქვეყნად, რომ უთქმელი დამრჩეს ის, რაც ამდენი ხანი მაწუხებსო. ჟრუანტელმა დამიარა. ვიფიქრე, რომ ნამდვილი მშობლების ვინაობას მეტყოდა. ერთი კვირის თავზე შინ ვიყავი. ძლივს ვიცანი სახლი, თურმე დედას ფულს რომ ვუგზავნიდი,  მხოლოდ მცირეოდენ თანხას ხარჯავდა პროდუქტებსა და წამლებზე, დანაზოგით კი სახლი გაარემონტა, ავეჯი გამოცვალა, - ოდესმე ხომ დაბრუნდებაო... აღტაცება და მადლიერება არ გამომიხატავს, ესღა ვუთხარი, - სანამ ცოცხალი ხარ, მითხარი, ვინ იყვნენ ჩემი ნამდვილი მშობლები-მეთქი. გახევდა, ვერ გაიგო, რას ვეკითხებოდი და როდესაც წლების განმავლობაში გულით ნატარები ტკივილი მივახალე, ისტერიკული ტირილი აუვარდა. მითხრა, - მზად ვარ, დნმ-ის ანალიზი გავიკეთოთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაიჯერო, რომ მე ვარ შენი მშობელი დედა, რომელმაც ცხრა თვე გატარე მუცლით და საკეისროთი გაგაჩინეო. პირველად ვნახე მის მუცელზე უზარმაზარი იარა, თუმცა, ის იარა რა მოსატანია იმასთან, რა ტკივილი და ჭრილობაც მივაყენე ჩემს მშობლებს...

იმ წუთიდან სასწაული მოხდა: იმ ღამეს დედაჩემის გვერდით მეძინა, დილით სხვა ადამიანად გავიღვიძე, მინდოდა ერთი ხელის მოსმით წამეშალა ყველაფერი, დამებრუნებინა მამა და მეთქვა, რომ მე ვიყავი უვარგისი შვილი, რომელიც, როგორც იქნა, მოვიდა გონს და შინ  დაბრუნდა... თითქოს თავიდან დავიბადე და პირველად ვთქვი სიტყვა - დედა. გამუდმებით ვეძახდი, ვეკითხებოდი, ველაპარაკებოდი... დედას დამოუკიდებლად სიარული აღარ შეეძლო, ეტლი ვუყიდე, პატარა ბავშვივით ვასეირნებდი... ის სახლი გავყიდე. სხვა კორპუსში გადავედით, სადაც მე და დედამ ერთად დავიწყეთ სუფთა და ლამაზი ცხოვრება, რომელიც, სამწუხაროდ, დიდხანს არ გაგრძელებულა - წელიწად-ნახევარში გამომეცალა ხელიდან. ვეხვეწებოდი ექიმებს, გადამირჩინეთ-მეთქი. ვერაფერს გავხდით. უმძიმესი დანაშაულის გრძნობა მქონდა, ვბღაოდი, სიკვდილს ვნატრობდი...

დედას 40 გადავუხადე და ისევ საბერძნეთის გზას დავადექი, მაგრამ არ ვიცოდი, რა მეკეთებინა, არადა თბილისში რომ დავრჩენილიყავი, არაფერი გამიჭირდებოდა, კომერციული ფართობი შევიძინე და იქიდან მუდმივი შემოსავალი მქონდა. მაინც მეშინოდა თბილისის, იქ მარტოობას ვერ გადავიტანდი და ამიტომაც გავიქეცი. ერთი კვირის ჩასული ვიყავი, რომ ერთ საღამოს ბარში წავედი და ძალიან დავთვერი. თუმცა, სანამ იმ ზომამდე მივიდოდი, როცა ყველაფერი გავიწყდება,  ახალგაზრდა კაცი გამომელაპარაკა, ქართველი. არ მახსოვს მისი სახელი და გვარი, გარეგნობაც კი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ მასთან ერთად წავედი სასტუმროში, მეორე დღეს გვიან გამეღვიძა. ბალიშზე დამხვდა წერილი: "შეგიძლია საღამომდე იძინო. გადახდილია, გმადლობ". წერილი დავჭმუჭნე და მოვისროლე.
მეორე დღიდან ამეკვიატა შეგრძნება, რომ დავორსულდი...

არ ვიცი, როგორ გადმოგცეთ, რას ვგრძნობდი, როდესაც გავაცნობიერე, რომ დედა უნდა გავმხდარიყავი, თითქოს მშობლები ბრუნდებოდნენ ჩემთან, ჩემს გადასარჩენად. დიახ, ანასტასიამ გადამარჩინა. 9 თვის თავზე გამიჩნდა ულამაზესი გოგონა. ორსულობის პერიოდში პირველად მივედი ეკლესიაში. არ ვიცი, რა ძალამ მიმიყვანა. მთელი ცხრა თვე ეკლესიაში დამლაგებლად ვმუშაობდი. გულს მიღრღნიდა მხოლოდ ერთი რამ, რა უნდა მეთქვა შვილისთვის, როდესაც მამის გვარით დაინტერესდებოდა. როგორ უნდა დამეცვა იმისგან, რომ სისხლით ნათესავი არ შეჰყვარებოდა. კარგა ხანს ვეძებე ჩემი შვილის მამა და ვიპოვე. ისევ იმ სასტუმროს მეპატრონის დახმარებით, სადაც ჩემი შვილი ჩაისახა. კიდევ ერთხელ შევხვდი მას, მიცნო, მაგრამ ვუმტკიცებ, რომ სხვაში ვეშლები. მას ცოლ-შვილი ჰყავს...
ახლა ჩემთვის მთავარი ის არის, რომ შვილი მყავს და ჩემს ცხოვრებას აზრი აქვს.      

სოფო გამრეკელი
...
22 ნოემბერი 2017 12:58
მე ეს ფსიქოლოგია არ მესმის,რატომ ექცევიან შვილები არაბიოლოგიურ მშობლებს ცუდად , ან გაექცევიან მათ, რომლებმაც არაფერი დაიშურეს მათი აზრდისთვის და გარბიან იმ მშობლებთან რომლებმაც გადააგდეს
nn
22 ნოემბერი 2017 04:00
თუნდაც აყვანილი ყოფილიყო,პირიქით მაშინ უნდა ყოფილიყო მშობლების მადლიერი რომ გაზარდეს და არაფერს აკლებდნენ. უმადური ადამიანი როგორ დატანჯა საწყალი მშობლები.
maka
22 ნოემბერი 2017 00:16
აყვანილიც რომ ყოფილიყო გამარტლება წუმპეHში Hჩასვლაა?


რედაქტორის რჩევით