"ვერ მოვკლავ, მაგრამ მის გვერდით არავის გავახარებ" - კვირის პალიტრა

"ვერ მოვკლავ, მაგრამ მის გვერდით არავის გავახარებ"

"თუ ნინოს ცოლად შერთვის უფლებას არ მომცემთ, თავს მოვიკლავ და მერე არკვიეთ, რა სჯობდა, ჩემზე უფროსი ცოლი მყოლოდა თუ მეცოცხლა"

მიშა 27 წლის არის და ასაკით უფროსი ქალი უყვარს. ამის გამო პრობლემებს დღემდე ვერ მორევია. იქნებ მკითხველმა რამე გონივრული მირჩიოსო, - გვთხოვა...

- ნინო 9 წლით უფროსია, თუმცა, ჩემზე ახალგაზრდულად გამოიყურება. წარმატებული ქალია, არასდროს ყოფილა გათხოვილი, არც შვილები ჰყავს... უკვე შვიდი წელია, ჩემი ფიქრები მას დასტრიალებს. რა ვქნა, ძალიან მიყვარს, თავს ვერ ვერევი. ცოლობა ვთხოვე, მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, - ჩვენს სიყვარულს მომავალი არა აქვსო. ალბათ, ბებიაჩემმა და დედაჩემმა დააფეთეს - როგორც კი გაიგეს, უფროსი ქალი მიყვარდა, ერთი ამბავი ატეხეს. მათთან ნამდვილი ომი მაქვს გაჩაღებული. მალე დაბერდება და გული სხვისკენ გაგიწევსო, დამარიგა "ჭკუისკოლოფა" ბიძამ. ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ რომ მითხრა, ნინო მალე დაბერდებაო, საშინლად გავბრაზდი და მივახალე, რაც დრო გადის, მე უფრო მემჩნევა ასაკი, ვიდრე ნინოს, თანაც იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ადრე მიყვარდა და კი არ მბეზრდება, ვგიჟდები მასზე, მინდა სულ ჩემთან იყოს-მეთქი.

ბიძაჩემს რა ალაპარაკებს, ვერ გამიგია, ასაკით უმცროსი ორი ცოლი გამოიცვალა და მაინც ვერ ააწყო ცხოვრება. ვერ ხვდება, რომ ასაკი არაფერ შუაშია. ბებიამ დაიჩემა, ჩემს მოძღვართან მიგიყვან, ის გეტყვის, რომ ასეთი კავშირი აკრძალულიაო. გული მეუბნებოდა, რომ ბებიაჩემი ტყუოდა და მისი მოძღვარი არაფერ შუაში იყო... ეკლესიაში რომ მივედით, ბებიაჩემმა რიხით დაიწყო, - აი, ეს ჩვენი ბიჭი ასე აპირებს თავი დაიღუპოსო. მღვდელმა გაოცებულმა შეხედა, - რატომ გგონიათ, რომ თავს იღუპავს, არსად წერია ასეთი აკრძალვა, მთავარი სიყვარულია და არა ასაკიო. სიხარულით გავბრწყინდი. ბებიაჩემი ცარცივით გაფითრდა. იმდენად ჯიუტად იდგა თავის აზრზე, რომ მღვდელსაც კი დაუწყო შეწინააღმდეგება, - მამაო, ქალი მალე დაბერდება, კაცი კი სხვა ქალზე დაიწყებს ფიქრს და ოჯახი დაინგრევაო. თუ ამ ყმაწვილს ის ქალი ნამდვილად უყვარს და მისი ცოლად შერთვა გადაუწყვეტია, მაშინ მათ კავშირს ვერაფერი დაანგრევს და ეს ბიჭი არსად გაიხედავს, ცოლის გარდაო, - ღიმილით მიუგო მოძღვარმა. მოკლედ, შინ მე გამარჯვებული დავბრუნდი, ბებია -  გაანჩხლებული, არაფრის თქმა არ სურდა ჩვენი მომლოდინე ოჯახის წევრებისთვის. ბოლოს, დაასკვნეს, - ზოგჯერ მღვდლებიც სცდებიანო და ისევ მტკიცეს უარი, ჩვენს თანხმობას ვერ ეღირსებიო...

გადავწყვიტე, შინიდან წამოვიდე და ბინა ვიქირავო. დედაჩემმა მითხრა, ამას თუ იზამ, თავს მოვიკლავ, ერთადერთი შვილი სიმწრით გაგზარდე და ქალის გამო გინდა მიმატოვოო? დედაჩემსაც ბიბლიიდან მოვუყვანე მაგალითი, ღმერთი აკურთხებს ქალის და კაცის კავშირს, ცოლქმრობას და გარკვევით წერია, - როდესაც კაცი თავის ცოლს შეუერთდება, მერე არავის აქვს მათ ოჯახში ჩარევის უფლება-მეთქი. მოკლედ, ჩემს შესაშინებლად რა სცენებს აღარ დგამენ. დედას ვუთხარი, თუ ნინოს ცოლად შერთვისა და ცალკე ცხოვრების უფლებას არ მომცემთ, თავს მოვიკლავ და მერე არკვიეთ, რა სჯობდა, ჩემზე უფროსი ცოლი მყოლოდა თუ მეცოცხლა-მეთქი.

მას შემდეგ, რაც ნინომ ჩემი ოჯახის გადარევის ამბავი გაიგო, ახლოს არ მიკარებს, საერთოდ არ ვთხოვდები და თავი დამანებეო. არადა, ვგრძნობ, რომ ჩემ მიმართ გულგრილი არ არის. აბა, როგორ წარმოგიდგენიათ, კაცი ყოველდღე აჩრდილივით დაგდევდეს, შენი სურვილები Uუთქმელად ესმოდეს და სიურპრიზებს გიწყობდეს, არ იფიქრებდი მასზე? დავემუქრე, თუ ცოლად არ გამომყვები, გაუთხოვარს დაგტოვებ-მეთქი. ასეც ვიქცევი, ყველას ძირშივე ვუკლავ ნინოსადმი ინტერესს. ვაფრთხილებ, ეს ამბავი ცუდად დამთავრდება-მეთქი.

- ბოლოდროინდელი ტრაგიკული შემთხვევა გამახსენდა, როდესაც ბიჭმა თავისი თანაკურსელი გოგონა ეჭვიანობის გამო მესამე სართულიდან გადმოაგდო, არ მითხრა, რომ შენც ასე ავადმყოფურად გიყვარს ნინო და ფიქრობ, რომ თუ შენი არ იქნება, მზად ხარ ზიანი მიაყენო - თქვენ რა, ის იფიქრეთ რომ მისი მოკვლა შემიძლია? უმისოდ ხომ მეც ვერ ვიცოცხლებ, ამას როგორ ჩავიდენ, მაგრამ ახლოს არავის გავაკარებ. ვიცი, ამის გამო ძალიან ბრაზობს. შემომითვალა, - შემეშვი, თორემ გიჩივლებ და თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაში დაგადანაშაულებო. მიჩივლოს, თუ უნდა დააპატიმრებინოს ჩემი თავი. ბედნიერი ვიქნები, იქნებ მერე ბებიაჩემი და დედაჩემი მიბრძანდნენ და დაჩოქილებმა სთხოვონ, - არიქა, ნინო, ვერ გავძლებთ მიშას გარეშე და პოლიციიდან საჩივარი გამოიტანე, დაქორწინდით, ბედნიერად იცხოვრეთ და ხელს არ შეგიშლითო.

ვფიქრობ, ჩემები მაშანტაჟებენ. ასეთი ფორმით არ უნდა ძალადობდნენ შვილზე. არასრულწლოვანი ხომ არ ვარ? მირჩიეთ, როგორ დავიხსნა თავი ოჯახისგან?

სოფო გამრეკელი