"მოდი, ერთმანეთი გავსინჯოთო, მითხრა ბიჭმა" - კვირის პალიტრა

"მოდი, ერთმანეთი გავსინჯოთო, მითხრა ბიჭმა"

"მე პარტნიორს ერთგულებით ვირჩევ და სულაც არ მაინტერესებს აკრძალული ხილის ქორწინებამდე გასინჯვა"

რა საჭიროა ქორწინებამდე სექსი?

უნდა ჰქონდეს თუ არა წყვილს ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი? საზოგადოების ნაწილს დღესაც მტკიცედ მიაჩნია, რომ ქორწინებამდე ასეთი სიახლოვე საჭირო არ არის. მათ შორის არის 19 წლის ანანოც: - ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბიჭები მხოლოდ გოგოს სხეულს ხედავენ და ერთი სული აქვთ, როგორმე მასთან სიახლოვეს მიაღწიონ. "უნდა გავსინჯოთ ერთმანეთი", - ეს არის ბიჭების საყვარელი ფრაზა. თუ სექსში ერთმანეთს ვერ გავუგეთ, ხომ დაგვენგრევა ოჯახიო. რა გამოდის? თუ სექსში ერთმანეთი არ მოგვეწონა, სხვა უნდა მოვძებნოთ? იქნებ მთელი ცხოვრება დაგვჭირდეს ამისთვის... მაშ, რით ვიქნებით მეძავზე უკეთესი, ფულს რომ არ ავიღებთ ამაში?!

ბიჭები მეუბნებიან, დროს ჩამორჩი, რა მოსაწყენი ხარო და მიდიან. ჩემი აზრით, მთავარი სიყვარულია... ბებია და ბაბუა ორი წლის დაქორწინებული ყოფილან, ბაბუა ავტოავარიაში რომ მოჰყვა. მთელი ცხოვრება ინვალიდის ეტლში ზის და ბებია უვლის. როდესაც უბედურება დატრიალდა, ბებიამ არც კი იცოდა, რომ მეორე შვილზე იყო ორსულად. ქმრის სამუდამოდ დაინვალიდებისა და ორსულობის ამბავი ერთდროულად შეუტყვია. ნათესავები ეუბნებოდნენ, ხეიბარ კაცს ხომ ვერ მიაჩერდები მთელი ცხოვრება, ლამაზი ხარ, ერთი ბავშვიც საკმარისია, მეორეს ნუ გააჩენ და მთხოვნელიც გამოგიჩნდებაო. გაგიჟებულა ბებია, ჩემი ქმარი ხეიბარიც მიყვარს, მე რომ იგივე დამმართოდა, მიმატოვებდაო? აბა, რას იზამდა, კაცის ერთგულება ვის გაუგიაო, იგესლებოდნენ თურმე... მაგრამ ისინი ერთმანეთს შეაბერდნენ. ერთხელ, მეგობრები იყვნენ ჩემთან და ჩამოვარდა ლაპარაკი ქორწინების წინ სქესობრივ კავშირზე.

ბაბუა ჩაერია კამათში და ყველაზე მტკივნეული საიდუმლო გაგვიმხილა -“ფეხებთან ერთად სქესობრივი კონტაქტის უნარიც წამერთვა, ვერ წარმომედგინა, თუ ლამაზი, ახალგაზრდა ქალი მთელ ცხოვრებას შემომწირავდა უმოძრაო ლეშს. მან კი საოცრება შეძლო - ფეხზე ვერ წამომაყენა, მაგრამ წამოჯდომა ვისწავლე. ამის შემდეგ ნათელას ვუწოდებ ქვრივს, რომელსაც ქმარი ცოცხალი ჰყავს... როდესაც დაქორწინებაზე ფიქრობთ, მთავარია, ისეთი ადამიანი შეარჩიოთ, რომელიც გიერთგულებთ, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანიაო. ამ ამბის მოყოლის შემდეგ ბაბუას ბევრი ვეფერე. მინდოდა ყველა იმ ბიჭისთვის გამეცნო, რომლებიც ძველმოდურად მოაზროვნეს და ზურგს უკან თურმე ქაჯსაც მეძახიან. აბა, წარმოიდგინეთ, შემიყვარდა ბიჭი და მან მითხრა, მოდი, ერთმანეთი გავსინჯოთო, დავყევი, მოგვეწონა ლოგინში ერთმანეთი. ისე მოგვეწონა, რომ ერთი სული გვაქვს, როდის დაღამდება და უცებ მოვყევი ავარიაში და დავინვალიდდი... რას იზამს ის ბიჭი, თუ მისთვის მნიშვნელოვანი ვარ, როგორც სექსუალური პარტნიორი, არ მიმატოვებს? რაში ვჭირდები ავადმყოფი?

ამას რომ ვუყვები ბიჭებს, დამცინიან, რა აუცილებელია, დაინვალიდდეო? შენ რომ გახდე ინვალიდი, მე რა ვქნა, უნდა მიგატოვო-მეთქი? პასუხი არ აქვთ, მხრებს იჩეჩენ და სამუდამოდ მიდიან. ვასკვნი, რომ მათ არ ვუყვარვარ, ან საერთოდ არ სურთ ვინმეს შეყვარება, რადგან პასუხისმგებლობას გაურბიან... მეგობარი გოგონებისგან ვიცი, რომ ბიჭების უმრავლესობა პრეზერვატივს არ ხმარობს, ითხოვენ, რომ გოგომ მიიღოს კონტრაცეპტივები და თუ მაინც დაორსულდა, ბიჭი არაფერ შუაშია, გოგომ უნდა მოაგვაროს თავისი პრობლემები. ძალიან გამაღიზიანებელია ასეთი დამოკიდებულება. ვფიქრობ, ისინი მხოლოდ ბაბუობის ასაკში მიხვდებიან, რა არის სიყვარული... მე პარტნიორს ერთგულების მიხედვით ვირჩევ და სულაც არ მაინტერესებს აკრძალული ხილის ქორწინებამდე გასინჯვა.

სოფო გამრეკელი