"პირველი ღამის" კოშმარი და მეთვრამეტე "არასოდეს"
27-05-2013
"პირველი ღამის" კოშმარი და მეთვრამეტე "არასოდეს"
მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალებს დეტალებში გვამახსოვრდება განსაკუთრებული მომენტები ჩვენი ცხოვრებიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია - პირველი პაემანი, პირველი კოცნა, პირველი ცეკვა, პირველი... ნუ, გასაგებია, რაც... თანაც, გვამახსოვრდება დეტალებში. მაგალითად, რა ეცვა მას პირველ პაემანზე ან როგორი ვარცხნილობა გვქონდა, პირველად რომ გვაკოცეს, რა ფერის ლაქი გვესვა...

ჩემი გათხოვილი დაქალი ხშირად საყვედურობს ქმარს, რომ მას არ ახსოვს ასეთი მნიშვნელოვანი“რაღაცები და დღემდე ვერ პატიობს იმ სიტყვებს, რომელიც ქორწინების პირველ ღამეს აღმოხდა მის მეუღლეს... ყოველი ჩხუბისას წამოაძახებს:
- ხომ არ დაგავიწყდა, რომ მე არ დამვიწყებია, რა მითხარი ჩვენი ქორწინების პირველ ღამეს?
მის საცოდავ მეუღლეს კი არ ახსოვს, რა უთხრა ისეთი, რაც 10 წლის შემდეგაც ვერ დაივიწყა მისმა ცოლმა... მაგ
რამ, კითხვაზე: რა გითხარი ამისთანა, აღარ იტყვი? პასუხად ყოველთვის ერთი და იგივე ესმის: მაგას რა გამამეორებინებს!“

ის კი არა, მეც ვერ გამოვტეხე საკუთარი დაქალი, არადა, ცნობისმოყვარეობა მკლავს.
ზოგიერთი დაქორწინებული წყვილის შემხედვარეს, საერთოდ არ მოგინდება გათხოვება, მაგრამ უკაცობაც მოსაბეზრებელია... პირადად მე, თავისუფალი ურთიერთობების მომხრე ვარ, ყოველგვარი ვალდებულებებისა და მოვალეობების გარეშე, მაგრამ ხმამაღლა ვერ ვამბობ, რადგან მაშინვე მეძავად მოგნათლავენ და ქუსლებით შეგდგებიან. ამიტომ არც ვთხოვდები და არც... მოკლედ, ვარ ასე - ვკმაყოფილდები ხანმოკლე შეხვედრებით, რომელთა 90% არ ამართლებს ჩემს მოლოდინს. ახლაც პაემანზე გავრბივარ! კი არ მაგვიანდება, უბრალოდ ერთი სული მაქვს, როდის მივალ... აი, მივედი 10 წუთით ადრე. რა ვქნა, დაველოდო თუ იმ ტანსაცმლის მაღაზიაში შევიდე და ვიტრინიდან ვუთვალთვალო, როდის მოვა?..

ბიჭი, რომელსაც ახლა ვხვდები, განსაკუთრებულია! მეგობრის ქორწილში გავიცანი და საშინლად მომეწონა. მე გოგოს მხრიდან ვიყავი მეჯვარე, ის - ბიჭის. სიმპათიურის გარდა, ძალიან თავშეკავებული და ღირსეული ბიჭია (ამ შემთხვევაში სიტყვა "დასტოინის" უფრო იყენებენ ხოლმე).

ერთი ცეკვა და ხანმოკლე საუბარი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი, ჩემ წინ განათლებული, ჭკვიანი მამაკაცი იდგა... მონატრებამ რომ შემომიტია, მეგობარს მისი ნომერი გამოვართვი, მაგრამ არ დამირეკავს, ვერ გავბედე... შემდეგ, "ფეისბუკზე" მოვძებნე. დაახლოებით ათასჯერ მივიტანე მაუსის ისარი მეგობრებში დამატების ნიშანზე, მაგრამ ვერც ეს შევძელი. მეწყინა, რომ თვითონ არ ეცადა ჩემი ნომრის გაგებას და არც ინტერნეტში მომძებნა. არადა, ვიცი, რომ მოვეწონე... იმ ქორწილის მერე ერთი თვე გავიდა, რომელიც საკუთარ თავთან ბრძოლაში გავატარე. რამდენჯერაც დარეკვის სურვილი მომეძალა, იმდენჯერ ჩავკალი...  ფსიქიკა გამუდმებით მახსენებდა: გაიხსენე, რით დასრულდა შენი წინა სიყვარული? რა, გეცოტავება? ცნება "ღირსება" მაიძულებდა, რომ მთელი არსებით მეცადა მისი დავიწყება.

- სამუდამოდ გადავიკარგები  და არასოდეს ვნახავ მას!..“სწორედ ეს სიტყვა - არასოდეს, ჩაქუჩივით მირტყამდა თავში. თითქოს, ჩემი ტვინი ნაწილებად დაიშალა და თითოეული სათითაოდ ყვიროდა: არასოდეს მოვა! ვეღარასოდეს ნახავ! არასოდეს მოსწონდი! არასოდეს შეაწუხო ყურადღებით! არასოდეს დაურეკო პირველმა! არასოდეს! არასოდეს! არასოდეს!!! დავთვალე და ზუსტად ჩვიდმეტი "არასოდეს" გამომივიდა, მაგრამ ერთთვიანი ტანჯვის შემდეგ მაინც დავურეკე.

ყველაფერი უცებ მოხდა! მაშინვე გამიხსენა (იქნებ არც დავვიწყებივარ), თბილად მესაუბრა და შეხვედრაზე ოდნავ გაკვირვებული ტონით დამთანხმდა. ახლა ვდგავარ ქუჩაში და წარმოდგენაც არ მაქვს, რა უნდა ვუთხრა, როცა მოვა...

იმედი მაქვს, მოვა! უკვე 4 წუთით აგვიანებს... არ მოვა! არა, მაინც რა სულელი ვარ! რატომ მეგონა, რომ მოვიდოდა?!
- ბოდიში, ცოტა დავაგვიანე...
შევბრუნდი. ის არის. ჩემ წინ დგას და მიღიმის... ზუსტად ისეთია, როგორიც მახსოვდა (რა დამავიწყებდა? მისი ყველა სურათი მაქვს გადმოწერილი "ფეისბუკიდან").
- არა უშავს...
- გამიკვირდა შენი ზარი... არ მეგონა, თუ გახსოვდი. თითქმის ერთი თვე გავიდა!
- თვე და ცამეტი დღ... აა, ისა... ჰო... რატომღაც გამახსენდი და ნახვა მომინდა...
გაეცინა. წარმოდგენაც კი არ მინდა, როგორი გამომეტყველება მექნებოდა მაშIინ. ალბათ კიბორჩხალასავით გავწითლდი.

კინოში მივდივართ... ფილმი ერთ გათხოვილ ქალზეა, რომელსაც სამი შვილი ჰყავს და თან მუშაობს. დანარჩენი თქვენ წარმოიდგინეთ! კულმინაციურ მომენტში, როდესაც მთავარ გმირს ისტერიკული შეტევა დაემართა და გამწარებული ტუალეტში შეიკეტა, ირაკლი ჩემკენ გადმოიხარა და მითხრა: - აი, ამიტომ არ უნდა გათხოვდეს ქალი და ცოლიც არ უნდა მოიყვანოს კაცმა! გათხოვილი ქალი გამოუსადეგარი ხდება! წვეულებებზე არ დადის... კინოში მხოლოდ იმ იმედით მიდის, რომ გამოიძინოს... იცვამს ერთხელ და სამუდამოდ! მერე აღარასოდეს იხდის... ყველა წუთი გათვლილი აქვს! - ადგომა-საუზმე-შვილები-სკოლა-ქმარი... სექსის დროს რამდენჯერმე წამოხტება, რომ ბავშვს საბანი დააფაროს. იმედია, შენ არ აპირებ გათხოვებას! - ა რ ა ს ო დ ე ს! ამ ბოლო, მეთვრამეტე "არასოდეს"-მა ბოლო მომიღო. ახლა მივხვდი, რატომ შეარჩია ეს ფილმი... ვითომ სასხვათაშორისოდ მითხრა, მაგრამ სინამდვილეში "გამიიასნა", რომ ცოლის მოყვანას არ აპირებს და მასთან სერიოზულ ურთიერთობაზე არ ვიფიქრო...
სახლამდე მომაცილა და წავიდა. მე კი თვლა ამერია, მერამდენეჯერ დავიფიცე, რომ აღარავის შევხვდები! არასოდეს!!!

P.S. ჰოო, მართლა! მეორე დღეს, როდესაც ჩემი გათხოვილი დაქალის კალთაში მოვთქვამდი, როგორც იქნა, მითხრა ის "კოშმარი", რაც ქმარმა უთხრა პირველ ღამეს: - რა იყო ეს მიკიმაუსიანი ტრუსი? ექვსი წლისა ხარ? რამე სექსუალური ვერ ჩაიცვი?..

პატივისცემით - თქვენი დაქალი!
ჯიმი ლევი
15 ოქტომბერი 2015 03:28
ესეთი იდიოტობა აქამდე ჯერ არ მოგიგონიათ. საკუთარ თავს აჯობეთ.
mea
25 ივლისი 2013 23:13
ვაი გადავვარდი მიკიმაუსიანი ტრუსი-ო ???????? ამას მალავდა ამდენი ხანი კარგად ვიხალისე
overlordi
25 ივლისი 2013 09:50
ჯერ ერთი რომ ყველა ქალს უნდა გატხოვება, მეორეცერთი ტუ მაგარი ვიდისაა, დასტოინნია, კარგად ცეკვავს და ა.სჰ მაშინ მაგისთანებს არ გაეკაროთ, გიჟია ოჯახურ მარწუხებში რომ გაებას? :)

რედაქტორის რჩევით