დედობის "საიდუმლო" ანუ არავინ იცის, ვის რას უმზადებს ბედი...
03-06-2013
დედობის "საიდუმლო" ანუ არავინ იცის, ვის რას უმზადებს ბედი...
ხელოვნური განაყოფიერებით აჩენ ბავშვს? - მკითხა წარბშეკრულმა მოძღვარმა

"ერთ დღეს ავდექი და მოძღვარს ვუთხარი, მინდა დედა გავხდე-მეთქი. მერე, რას ელოდები, გათხოვდიო. გამეცინა - მეორე ნახევრის ლოდინში დრო გადის და დედობის შანსიც მცირდება. აი, ნახეთ ჩემი ინ ვიტრო ფერტილიზაციის ლაბორატორიული გამოკვლევის დასკვნა, ექიმები მეუბნებიან, - თუ არ იჩქარებ, დედობას ვეღარ შეძლებო, - ვუთხარი მოძღვარს და სამედიცინო ცნობა მივაწოდე. წარბშეკრულმა მკითხა, - ხელოვნური განაყოფიერებით აპირებ ბავშვის გაჩენასო? დიახ, მამაო, მინდა დედა გავხდე,
ეს დანაშაულია-მეთქი? მოძღვარმა მცირე პაუზის შემდეგ მიპასუხა, - ნატა, ასეთი რამ არავის უთქვამს ჩემთვის და ამ საკითხზე ალბათ ამიტომაც არ მიფიქრია, მაგრამ ძნელია, ქალს უთხრა, - თუ ვერ გათხოვდები, დედობის სურვილი თავიდან ამოიგდეო".

მოძღვართან ეს დიალოგი სამი წლის წინ ჰქონდა ნატას. ახლა მას პატარა ნიკოლოზი
ჰყავს, თუმცა ის "სინჯარის ბავშვი" არ არის. გაგიკვირდებათ და ნატას კიდევ ერთი შვილი ჰყავს, ნიკოლოზზე ცოტა უფროსი ლუკა, თუმცა, სჯობს ნატას მოვუსმინოთ.

- მიუხედავად იმისა, რომ არც გარეგნულად ვარ დასაწუნი და არც სოციალური სტატუსით, პირადი ცხოვრება ვერ ავაწყვე. მაღიზიანებდა იმ ბიჭების ყურადღება, ვისაც ჩემი ქონება და დედისერთობა იზიდავდათ. ბევრი მომწონებია გარეგნობისა და მანერების გამო, მაგრამ მათთან პირისპირ დარჩენილი მალე ვხვდებოდი, რომ ის კაცები არ იყვნენ, ვისთვისაც შეიძლებოდა ბედი სამუდამოდ დამეკავშირებინა.

მშობლების გარდაცვალების შემდეგ სულ მარტო დავრჩი. გადავწყვიტე, შვილი გამეჩინა ხელოვნური განაყოფიერებით. მაშინ 36 წლის ვიყავი. აღმოჩნდა, რომ ოცნების განხორციელება საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. გადავწყვიტე, ფული მომეგროვებინა. ამ დროს ხომ იცით, როგორც ხდება, ცხოვრობ რაღაც მიზნისთვის, აგროვებ ფულს, მაგრამ გზადაგზა სხვა საქმეებიც გამოჩნდება, რისთვისაც ასევე გჭირდება ფული, ამიტომაც დანაზოგს აკლებ, მერე ამატებ, თან მარტოობასაც ეჩვევი და საკუთარ თავს ეკითხები, - იქნებ სჯობს მარტოობა. შვილი რომ გააჩინო და უცებ რაღაც დაგემართოს, ვინ მიხედავს  ბავშვს?.. მოკლედ, ასე საკუთარ თავთან ბრძოლაში მაინც დავაგროვე საჭირო თანხა, მაგრამ ამასობაში წლებიც მომემატა და ჩემ ორგანიზმში განაყოფიერების უნარიც ძალიან დაქვეითდა.

- მოძღვართან საუბრის შემდეგ გადაიფიქრეთ ხელოვნური განაყოფიერება?
- არა, უფრო მეტად მომინდა ბავშვის გაჩენა. მოძღვრისგან წინააღმდეგობა ვერ ვიგრძენი. ის ძალიან კარგი ადამიანია, განათლებული, ფსიქოლოგი და ხელაღებით არაფერს ეტყვის სულიერ შვილებს. ყოველთვის ფიქრობს ჩვენს პრობლემებზე და ისე გვპასუხობს. წავედი კლინიკაში... განაყოფიერების პირველივე ცდა მარცხით დამთავრდა. მეორეც... ბოლოს, ექიმებმა მითხრეს, აზრი არ აქვს ფულის გადაყრას, არაფერი გამოგივა, ორგანიზმმა ფაქტობრივად დაკარგა დედობის სურვილი და დიდი-დიდი სამ თვემდე მიიტანო ორსულობა, დაკარგავ ნაყოფს და ეს შენს ჯანმრთელობას, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გააუარესებსო.

- შენც ხელი ჩაიქნიე?
- განადგურებული წამოვედი. ძალიან ცუდად ვიყავი. მეგობრები თავს დამტრიალებდნენ, მაგრამ აღარ მინდოდა სიცოცხლე, თუმცა არავინ იცის, ვის რას უმზადებს ბედი.

- ლუკა როგორ გაჩნდა შენს ცხოვრებაში?
- ლუკა ღვთისგან მოვლენილი სასწაულია. როდესაც ძალიან სასოწარკვეთილი ვიყავი, მეგობრებმა ლეკვი მომიყვანეს იმ იმედით, რომ პატარა, დაუცველი არსება მაიძულებდა მისთვის მეპატრონა და ასე დაუბრუნდებოდა ჩემს ცხოვრებას აზრი. დამიჯერებთ? მეშინოდა ცხოველების, მაგრამ ბუთა ისეთი უმწეო იყო, მოვერიე თავს. დამყავდა სასეირნოდ, ვუვლიდი. ერთ საღამოს სკვერში ვნახე დაახლოებით ჩემი ხნის კაცი, პატარა ბიჭუნას ასეირნებდა. ალბათ შვილიშვილია-მეთქი, გავიფიქრე და შემშურდა კიდეც მისი. ბუთასთან ერთად ჩავუარე. ხუთიოდე მეტრი არ მექნებოდა გავლილი, რომ ბავშვის შეკივლება მომესმა, მოვბრუნდი, კაცი გაოცებული დასჩერებოდა პატარას, რომელიც იგუდებოდა, უმწეო და დაბნეულ კაცს კი არ იცოდა, რა მოემოქმედა. ტელეფონს ვეცი და სასწრაფო დახმარება გამოვიძახე... საავადმყოფომდეც გავყევი ტაქსით... იქ გავიგეთ, რომ ლუკას ცრუკრუპი დაემართა. ბიჭუნას დედა მშობიარობას გადაჰყოლია და ბავშვს მარტოხელა მამა ზრდიდა ძიძის დახმარებით... მე და რეზო ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. ძიძას ვენაცვლებოდი ხოლმე, თუ რეზო აგვიანებდა. ასეთმა სიახლოვემ შედეგი გამოიღო და გადავწყვიტეთ ერთად გვეცხოვრა. ლუკას გარეშე სიცოცხლე აღარ შემეძლო. ერთად ცხოვრების ზუსტად სამი თვის თავზე აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი. გიჟივით მივვარდი ექიმთან. არ მჯეროდა. მერე მეშინოდა, ვაითუ, ბოლომდე ვერ შევძლო და ნაყოფი დავკარგო-მეთქი. შევძელი, ღმერთმა შემაძლებინა. ლუკამ შემაძლებინა. მან გააღვიძა ჩემში მიძინებული დედობის გრძნობა.

ორსულობის პერიოდში აღმოჩნდა, რომ ხერხემლის თიაქარი მქონდა. ამიტომაც გადაწყვიტეს, საკეისრო გაეკეთებინა, მაგრამ 19 დეკემბერს, გამთენიისას, ნიკოლოზობის დღესასწაულზე, ჩემმა მეორე ბიჭმა თავისით ინება დაბადება.

მინდა ყველა ქალმა, რომელსაც შვილი უნდა, არასოდეს დაყაროს ფარ-ხმალი. ღმერთი მოწყალეა.

სოფო გამრეკელი
მანა
09 თებერვალი 2018 00:30
რა მაგარია. უფლის საჩუქარი. უფალს ვთხოვ ასეთი საჩუქარი მეც გამიკეთოს.
.
04 აგვისტო 2015 18:26
გმერტი ყველას დაეხმარება დიდება უპალს
მანჩო
04 აგვისტო 2015 16:28
გეფიცებით, თვალზე ცრემლი მომაწვა. გილოცავთ, იბედნიერეთ

რედაქტორის რჩევით