ნოტარიულად დამოწმებული ლოგინი - კვირის პალიტრა

ნოტარიულად დამოწმებული ლოგინი

თავს სასაცილო ამბავი გადამხდა და გადავწყვიტე, თქვენთვის მომეთხრო.  მე და ლუკამ ერთმანეთი ეგვიპტეში მოგზაურობისას გავიცანით. ძალიან მეპრანჭებოდა, ცდილობდა, ჩემს ნომერში შემომძვრალიყო. რა აღარ იღონა, მაგრამ ამაოდ. მეც აზარტში შევედი. რაც უფრო მელტვოდა, მით უფრო ვეწინააღმდეგებოდი. თბილისში დავბრუნდით თუ არა, იმ საღამოსვე მომწერა, შენთან ერთი ღამე გამატარებინე და ნახევარ სიცოცხლეს დავთმობო. მეც უცებ ოინის ჩადენის სურვილი გამიჩნდა და მივწერე: ნოტარიუსით დამიმოწმე, რომ ნახევარ სიცოცხლეს ჩემს ლოგინში გატარებულ ერთ ღამეში მიცვლი-მეთქი. კარგიო, მომივიდა თანხმობა. მეორე დღეს ახლობელ ნოტარიუსს დავურეკე, შენთან მოვალ შეთანხმების დასამოწმებლად და დამეხმარე-მეთქი. მე და ლუკა ჩვენი უცნაური შეთანხმებით რომ მივადექით, გადაირია ქალი, - ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია, ეს რა მოთხოვნა და რა პირობააო? მოკლედ, დავარწმუნეთ ნოტარიუსი, რომ შეთანხმება დაემოწმებინა. ლუკა საღამოს ღიღინ-ღიღინით მომადგა სახლში. უზომოდ ბედნიერი იყო, რომ სურვილის ასრულების შანსი ეძლეოდა, მაგრამ რა იცოდა, რა ოინს ვუწყობდი. მოკლედ, სასმელში დასაძინებელი აბი ჩავუყარე, საწოლში ჩავაწვინე და მძინარეს თავისი მობილურით სურათი გადავუღე. მე კი მეგობართან წავედი ღამის გასათევად. Lლუკას წერილთან ერთად მობილური დავუდე, რომ გათენდა, დამირეკა, რისი ღირსი ხარო? - ღრიალებდა. მიჩივლე-მეთქი, ვხარხარებდი.

ეს ამბავი იმიტომ მოგიყევით, რომ თუ ვინმე სულელურ პირობას შემოგთავაზებთ, გაუკეთეთ ოინი.

ანი კ. თბილისი.