სიზმრით შერთული "ლამაზისეული" - კვირის პალიტრა

სიზმრით შერთული "ლამაზისეული"

ამბობენ, კაცებს იშვიათად სჯერათ ბედისწერისო, თუმცა, ამბავი, რომელიც 78 წლის ნაზი ლომიძემ გვიამბო, სწორედ ბედისწერას აყოლილ კაცსა და მის უცნაურად შერთულ ცოლზე მოგვითხრობს. დიმიტრი ცხოვრებაძისა და ნინო ყველაშვილის ისტორია გორის რაიონის სოფელ რიეთში ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ.

ნაზი ლომიძე: - დიმიტრი ძალიან კარგი შესახედავი და დაუდეგარი ბიჭი იყო, სამამულო ომში იბრძოდა და  მთელი ევროპა ფეხით ჰქონდა შემოვლილი. ომიდან შინ დაბრუნებულს დედისთვის უთქვამს, მალე დავქორწინდები და შვილიშვილებს გაჩუქებო. დრო გადიოდა, დიმიტრი კი დანაპირების ასრულებას არ ცდილობდა. დედაც ნაღვლობდა, რა ვაჟკაცი მრჩება უშვილძიროდო.

ერთ ღამეს დიმიტრის უცნაური სიზმარი უნახავს, - უცნობი ლამაზი ქალი მისულა მასთან და უთქვამს, სხვაგან ნუ ეძებ საცოლეს, შენი ბედი ნინო ყველაშვილიაო.  გამოღვიძებულს ნანახი ისე კარგად ახსოვდა,  ვეღარ გაეგო, ცხადი იყო თუ სიზმარი. გონს რომ მოეგო, დედას უთხრა, ჩემი ბედი ვიპოვეო. ქალი სახტად დარჩა. ვერაფრით გაეგო, რა მოხდა ერთ ღამეში, რადგან წინა საღამოს დიმიტრის ცოლის შერთვაზე არაფერი უთქვამს. დიმიტრიმ იცოდა, რომელ სოფელშიც ცხოვრობდნენ ყველაშვილები. ამ გვარს საინტერესო ისტორია აქვს: მთიულეთში ძმებ წიკლაურებიდან ერთ-ერთი უდროოდ დაღუპულა. ქვრივი თურმე პატარა ვაჟს ზრდიდა. დედ-მამით დაობლებულ პატარაზე ზრუნვა სამივე ბიძას მოუნდომებია, მაგრამ ვერ მორიგებულან. ბოლოს უთქვამთ, ყველას შვილი იყოსო და ასე შექმნილა გვარი ყველაშვილი.

სწორედ ამ ობოლი ბიჭის შთამომავლები არიან ატენის ხეობის ზემოთ მცხოვრებნი, ყველაანთ უბანში. დიმიტრიც  მისდგომია ყველაანთ უბანს და უკითხავს ნინო ყველაშვილი. მიასწავლეს, თან მიაძახეს, მის მშობლებს კიდევ სამი გოგო ჰყავთ და ყველა გასათხოვარიაო.

მასპინძელს სიხარულით მიუღია სტუმარი. გაშლილა სუფრა. სასიძოთი აღფრთოვანებული მასპინძლები თავს ევლებოდნენ მხარბეჭიან ვაჟკაცს. სასიძოსაც მოუთხოვია, გოგო მაჩვენეთო. მშობლები საგონებელში ჩავარდნილან, ნინოს რომ ვაჩვენოთ, ვაითუ დაიწუნოსო და ნინოს მაგივრად, მისი და, უფრო ლამაზი გოგო უჩვენებიათ.

დიმიტრი სიხარულით ცას სწევია, ეს რა ლამაზი ბედი მყოლიაო და უთქვამს, ცოლად ვირთავ თქვენს ქალიშვილსო. ქეიფი კარგა ხანს გაგრძელებულა. წასვლის დროს დიმიტრის უფიქრია, ბარემ ახლავე წავიყვან საცოლესო და ოჯახისთვის განუცხადებია, ქალი გამომიყვანეთო. სიდედრ-სიმამრმა თურმე ფატაჩამოფარებული ნინო გამოუყვანეს.

დიმიტრიმ ეზოში ფეხი შედგა თუ არა, დედა მიეგება, დედამთილმა Dპატარძალს ფატა რომ ახადა, გული კინაღამ გაუსკდა. დიმიტრიც თვალებს არ უჯერებდა, მის წინ ლამაზი ქალის ნაცვლად გრძელცხვირა გოგო იდგა. დიმიტრიმ ერთი კი შემოიკრა თავში ხელი, ეს რა დამმართესო, მაგრამ ბედს შეურიგდა. ნინომ კი ისე ივარგა, მალე მთელი ოჯახი მის მზეს ფიცულობდა. ორი გოგო და ორი ბიჭი აჩუქა ოჯახს და ქმართან ერთად სიამტკბილობით თითქმის საუკუნე გალია.  დიმიტრი იტყოდა ხოლმე, ნინო ჩემი სიცოცხლის ელექსირიაო. ალბათ, ასეც იყო და იმიტომაც უყვარდა სიზმრით შერთული ცოლი.”