ინტერნეტმაჭანკალი - კვირის პალიტრა

ინტერნეტმაჭანკალი

ორიოდე დღის წინ "ფეისბუკით" გავრცელდა ჭორი, თითქოს საქართველოს პარლამენტში მზადდება კანონპროექტი, რომლის თანახმად, თუ 25 წელს გადაცილებული მოქალაქე არ არის დაოჯახებული, ვალდებულია დაყაბულდეს ხელისუფლების მიერ შერჩეულ მეორე ნახევარს. ეს ამბავი, რა თქმა უნდა, ჭორად მივიჩნიე, მაგრამ მაინც გადავამოწმე ნაცნობ პარლამენტარებთან, რასაც მხიარული ოვაციები მოჰყვა. რას აღარ მოიგონებენ ეს "მიუნჰაუზენი" ქართველებიო, თქვეს კანონშემოქმედებმა, - წინა პარლამენტს ხმები დაუყარეს, თითქოს ორცოლიანობის შესახებ კანონპროექტს იღებსო, ახლა კიდევ ეს სისულელე, მაგას სჯობს მაჭანკლის ინსტიტუტი შემოვიღოთო. არ ვიცი, მაჭანკლის ინსტიტუტის ოფიციალურად დაფუძნებას რა რეაქცია მოჰყვება ხალხში, მაგრამ "ფეისბუკზე" თურმე აქტიურად მოქმედებენ მაჭანკლები. აი, რა მიამბო მაჭანკალმა გიორგი ა.მ.

- ძალიან ახალგაზრდა დავქორწინდი, სამი შვილის მამა ვარ, მაგრამ სამეგობროში ბევრი დაუქორწინებელი ქალი და მამაკაცი მყავს. ბერბიჭობაში და შინაბერობაში გაჰყავთ დღეები, წუწუნებენ, მაგრამ  ისე მიეჩვივნენ მარტოობას, რეალობაში არშიყი, ფლირტიც ეზარებათ. სხედან "ფეისბუკში" და უაზრო, ვირტუალურ ყბედობაში გაჰყავთ დრო. სოციალური ქსელის გარეთ გახედვა და ერთმანთთან შეხვედრა არ უნდათ.  მოკლედ, ძალიან მიჭირს მათი გულგრილად ცქერა და გადავწყვიტე ვიმაჭანკლო. ცოლს რომ გავუმხილე ჩანაფიქრი, დამცინა, გასულელდი ამხელა კაცი, საქმე გამოგლევიაო, მაგრამ ისეთი აზარტი გამიჩნდა, მერე ცოლიც ავიყოლიე...

უკვე სამი ოჯახი “შევქმენით. ერთი წელიწად-ნახევრის წინ, მეორე რვა თვის წინ და მესამეც, სულ ახლახან, აღდგომის დღესაწაულის შემდეგ ჰქონდათ ქორწილი. ყველანი 30 წელს გადაცილებული არიან. გაზარმაცებული ხალხი, მეწყვილე რომ გულით სურდათ, მაგრამ გადაჩვეული იყვნენ გულითად ურთიერთობას. კაცები დროდადრო ახერხებდნენ მცირეხნიანი არასერიოზული ურთიერთობებით ტკბობას, ქალები კი სოციალურ ქსელში ფლირტით კმაყოფილდებოდნენ და გაჰყავდათ დრო უაზროდ. ორი წყვილი უკვე ბავშვს ელოდება. ჩემი მეუღლე ხუმრობს, არსებობენ სინჯარის ბავშვები და მალე იარსებებენ ფეისბუკბავშვები, შენი დახმარებით შექმნილ ოჯახებში რომ გაჩნდებიანო.

დიდი ჯაფა სჭირდება ამ საქმეს... ალექსანდრე და ეკატერინე ჩემი პირველი წყვილია. კარგა ხანს ვაკვირდებოდი, მომწონდა ბიჭიც და გოგოც. "ფეისბუკზე" ერთმანეთს ეკინკლავებოდნენ გამუდმებით, თან ბიჭს (თუმცა რაღა ბიჭს, 40 წელს გადასცილდა კარგა ხანია) ეტყობოდა, რომ ქალი მოსწონდა, ამას კაცური გუმანით მივხვდი, გოგო გამოჩენილი არ იყო სოციალურ ქსელში, ბიჭიც იქვე იყო "აკიაფებული" და ქალის სტატუსს, პოსტს, ფოტოს უკომენტაროდ არ ტოვებდა. ჯერ ეკატერინეს დავუახლოვდი. აღმოჩნდა, რომ ალექსანდრეს რამდენიმე თვის წინ მიუწერია მისთვის, მგონი, მიყვარხარო. ამის შემდეგ, როგორც ქართველი ქალების უმრავლესობას სჩვევია, ეკატერინეს თავი შორს დაუჭერია და გამოუცხადებია, გიყვარდე, ბატონო, მაგრამ მე სხვა მიყვარსო. მოვატყუეო, ამბობდა ეკა. არავინაც არ მიყვარს, მეგონა ალექსანდრე გააქტიურდებოდა და შეხვედრას მთხოვდა. მებრძოლი არ არის, ვერ მიხვდა, რომ თავპატიჟი გამოვიდე. არადა, მეც მომწონს ეს ბიჭიო.

სასწრაფოდ დავიწყე ძიება თემისა, რომელზეც ალექსანდრესთან პირად მიმოწერაში გავაბამდი საუბარს. აღმოჩნდა, რომ მის ფირმას ავტომობილები ჩამოჰყავს უცხოეთიდან. მისამართი ჩავიწერე და ოფისში მივაკითხე. იმ პერიოდში გადაწყვეტილი მქონდა მეუღლისთვის ავტომობილი მეყიდა და ალექსანდრეს შეკვეთა მივეცი. ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა, კეთილი, თბილი, მაგრამ ქართველი კაცების უმრავლესობასავით ზარმაცი. კაცებთან დასალევად რომ დაწანწალებს საღამოობით, თუმცა, ბოლო დროს ისიც ეზარებოდა, ქალები კი სერიოზულად მხოლოდ შორიდან აინტერესებდა. ბავშვებზე გიჟდება - ჩემი შვილები მანქანაში ჟრიამულობდნენ, ალექსანდრეს ოფისში რომ ვესტუმრეთ და მათ დაუწყო თამაში. ვითომ არ ვიცოდი მისი ოჯახური მდგომარეობა, სასხვათაშორისოდ ვიკითხე, თქვენ რამდენი გყავთ-მეთქი? არც ერთი, არ ვარ დაქორწინებულიო. Kკარგად "გამოვლანძღე" და ვუთხარი, რომ ის არის ერის მოღალატე, რადგან გამრავლებას არ ცდილობს. ქალებს დევნა უნდათ, მე კი მაგის თავი არ მაქვსო, ხელი ჩაიქნია. მოკლედ, ორი საღამოს შემდეგ მივწერე ფბ-ში, ეს ეკა კარგი გოგოა და ცოტა გააქტიურდი, შე კაცო-მეთქი. გამომიტყდა, ძალიან მომწონს, ვუთხარი, კიდეც, მაგრამ შეყვარებული ჰყოლიაო. ჩემი მეუღლის ახლობელია და ვიცი, რომ არავინ უყვარს, შეხვედრა შესთავაზე, თუ დაგყვა, დარწმუნდები, რომ სიმართლეს გეუბნები-მეთქი.

- ეკასთან შეთანხმებული გქონდათ ეგ ამბავი?

- არა. ვიფიქრე, რომ მეთქვა, კიდევ უფრო დაიწყებდა პრანჭვას. მოკლედ, სამდღიანი ყოყმანის შემდეგ გაბედა ალექსანდრემ და ეკას შეხვედრა სთხოვა. ერთ შეხვედრას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე, გაქრნენ "ფეისბუკიდან". უკვე თითის განძრევაც აღარ მჭირდებოდა. ჩემი მეუღლის მანქანის წამოსაყვანად რომ მივედით, ალექსანდრე ოფისში არ დაგვხვდა, მისმა პარტნიორმა მითხრა, მგონი ბედი გაეხსნა, შეყვარებულია და სულ იმ გოგოს დასდევს, ყველაფერს ტელეფონით ვუთანხმებო. თვე-ნახევრის შემდეგ დაქორწინდნენ. აგვისტოში ბავშვი შეეძინებათ.

- გაიგეს, რომ მათი დაახლოების სცენარი თქვენ გეკუთვნოდათ?

- დიახ. ამიტომაც თუ ბიჭი გაჩნდება მე უნდა მოვნათლო, გოგონაზე კი ჩემს მეუღლეს შეუთანხმდნენ.

გურამი და ლიაკოც პირველი შეხვედრიდან მალევე დაქორწინდნენ...

მესამე წყვილმა კი, ქეთიმ და ლევანმა გაგვაწვალეს, ორივე 40 წელს გადაბიჯებულია და შენელებულად აზროვნებენ (იცინის). ასე რომ, მოინდომეთ და გადახედეთ თქვენს "საფრენდოში"“გაჭირვებულებს, ერთი მაჭანკლური ბიძგი სჭირდებათ მათ და თვითონაც დაატანენ თავს ძალას. მოვუწოდებ ყველას, რომ ამ საქმით დაინტერესდნენ და ერის გამრავლებას შევუწყოთ ხელი.

სოფო გამრეკელი