"ცოლ-შვილი წამართვეს" - კვირის პალიტრა

"ცოლ-შვილი წამართვეს"

ჩვენი რესპონდენტი თბილისელია. გოჩა სულაც არ მალავს, რომ ოსური წარმომავლობისაა, მაგრამ სამშობლოდ საქართველო მიაჩნია. - მხოლოდ თქვენი იმედი დამრჩა. ყველა გზა მოვსინჯე, მაგრამ ცოლის მშობლებთან ვერაფერი გავაწყვე. სიდედრს და სიმამრს ჩემი ცოლი და პატარა შვილი, თემო საჩხერეში, სოფელ მერჯევში ჰყავთ ჩაკეტილი და მათთან მიახლოებას მიკრძალავენ. ორივე სიგიჟემდე მენატრება. მეშინია, თავზე ხელი არ ავიღო და რაიმე საშინელება არ ჩავიდინო! ვის აქვს უფლება, შვილი მამას მოჰგლიჯოს, ცოლი წაართვას? მზად ვარ, ჩემს სიდედრსა და სიმამრს ყველაფერი მივუტევო, რაც ჩემ წინაშე ჩაუდენიათ, ოღონდ ცოლ-შვილი დამიბრუნდეს, - მითხრა გოჩამ.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

გოჩა დედისერთა იყო. ბევრ გოგოს მოსწონდა, მაგრამ ვერა და ვერ ელეოდა თავისუფლებას, არადა, წლები გარბოდა. როცა საქართველოში ცხოვრება გაჭირდა, გოჩაც და მამამისიც უმუშევრები დარჩნენ. ისინი პლეხანოვზე, დიდ ეზოში ცხოვრობდნენ. გოჩამ გადაწყვიტა, თავისი გარაჟის ადგილზე ერთი ოთახი აეშენებინა და გაექირავებინა, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ. დამქირავებელიც მალე გამოჩნდა - საჩხერელი თეა და მისი ნათესავი. თეა ძალიან გულთბილი გოგო აღმოჩნდა, გოჩას დედას დაუმეგობრდა. უმეტეს დროს მასთან ატარებდა, დიასახლისს საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა. გავიდა დრო და თეა მიხვდა, რომ გოჩა უყვარდა. ხშირად დედამისის კალთაში ცრემლებს ღვრიდა, - მიყვარს შენი შვილი და ცოლად რომ არ მომიყვანოს, გავგიჟდებიო. გოჩას დედა ამშვიდებდა, შვილს კი ჩასჩიჩინებდა, - ღმერთმა კარს ასეთი კარგი გოგო მოგაყენა და რაღას უცდი, მოჰკიდე ხელი და ცოლად შეირთეო. 2002 წელი მძიმე გამოდგა მათთვის. ჯერ გოჩას ბებია გარდაიცვალა, რამდენიმე თვის შემდეგ - მამა. ამან ძალიან იმოქმედა გოჩაზე, ფინანსურმა შეჭირვებამაც წელში გატეხა. მხოლოდ ბინის ქირით ძნელი გამოდგა ვალების გასტუმრება და ოჯახის შენახვა. ამასობაში თეამ დაამთავრა სასწავლებელი და შინ აპირებდა დაბრუნებას. გოჩასაც ძალიან მოსწონდა თეა, თან შეჩვეული იყო მასთან ყოფნას და - თეა, სად უნდა წახვიდე? დარჩი ჩემთან, ვიქორწინოთ და ერთი ლამაზი ოჯახი შევქმნათო, - უთხრა. თეაც დარჩა... თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო. თეას დედას, მანანას, უხაროდა, რომ უფროსი ქალიშვილი თბილისელ ბიჭს (თანაც ბინიანს!) გაჰყვა ცოლად, მაგრამ მერე... გოჩას დღემდე ვერ გაუგია, რას ერჩიან ცოლის მშობლები. ნარკომანობაც დააბრალეს (არადა, უბანში ყველამ იცის, რომ გოჩა არასოდეს გაჰკარებია წამალს). თეა ორსულად იყო, როცა დედამ ჩამოაკითხა, - აქ ჩემს შვილს ბევრი რამე აკლიაო, - თქვა, მოჰკიდა ხელი და საჩხერეში წაიყვანა, - იქ მივხედავ, კარგი საავადმყოფო გვაქვსო.

გოჩამ ამჯერად დათმო, რადგან არ უნდოდა დღე-დღეზე მოსამშობიარებელ ცოლს ენერვიულა. როგორც კი გაიგო, რომ თეა სამშობიაროში წაიყვანესო, მაშინვე საჩხერეში წავიდა. მშობიარობა რთული გამოდგა, ბავშვი ასფიქსიით დაიბადა... გოჩა სამშობიაროს მოსაცდელში ათენ-აღამებდა. ფული რომ გამოელია, მთელი დღე მშიერი იყო. ასე ეგონა, ცოტა ხნითაც რომ ცოლ-შვილს მოშორებოდა, რაიმე დაემართებოდათ. მალე გოჩა იქაურმა მედპერსონალმა გაიცნო. ყველა "საჩხერის მამას" ეძახდა ხუმრობით. თეას დედას ერთხელაც არ წამოსცდენია სიძისთვის, - დაღლილი ხარ და ჩვენთან წამოდი, დაისვენეო... იქაურ პერსონალს ეცოდებოდა თბილისელი "საჩხერის მამა" და ხან ყავას მიაწოდებდნენ, ხან ნამცხვარს ან ყველსა და პურს. ბავშვს თემო დაარქვეს. საჩხერეში მონათლა მამა ავთანდილმა. პატარას მდგომარეობა რომ დამძიმდა, ექიმებმა მამას ურჩიეს, თბილისში, ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკაში წაეყვანა. პატარას სეფსისი განუვითარდა და ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროებოდა... ღვთის ნებითა და ექიმების წყალობით, თემო თანდათან გამოკეთდა და გამოჯანმრთელებული გამოწერეს საავადმყოფოდან.

გოჩას ოჯახში დიდი სიხარული იყო. პატარა თემომ მართლაც გამოაცოცხლა იქაურობა.

თეას გოჩას დედასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ქმარი უსაზღვროდ უყვარდა... მაგრამ ეს სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა. ქალბატონი მანანასთვის საკმარისი გახდა ცოლ-ქმრის ერთი პატარა წაკინკლავება, რომ ქალიშვილსა და შვილიშვილს ხელი დაავლო და საჩხერეში წაიყვანა. თემო მაშინ წლინახევრის იყო. გოჩას დედა ცუდად გახდა. მისთვის ბავშვის წაყვანა სიცოცხლის განახევრებას ნიშნავდა... იმ დღის მერე 2 წელზე მეტი გავიდა. თემო ახლა 3 წლისაა. არაერთხელ სცადა მისი მონახულება, მაგრამ როგორც კი გოჩა საჩხერეში მათ სახლს მიუახლოვდებოდა, სიდედრი პატრულში რეკავდა. პატრულის ბიჭებს თავდაპირველად მართლაც ავარდნილი კაცი ეგონათ გოჩა (ასე ქალბატონმა მანანამ დაახასიათა), მაგრამ როცა ნახეს გამწარებული ადამიანი, რომელსაც ერთადერთი რამ სურდა - ცოლ-შვილის ნახვა და მათი დაბრუნება, გაკაპასებულ მანანას საყვედური აკადრეს. თეას მამა რუსეთში მუშაობს. არც მას სიამოვნებს სიძესთან გაუთავებელი კონფლიქტი, მაგრამ ძალა არ ჰყოფნის, ცოლს უთხრას, - ნუ ერევი ახალგაზრდების ცხოვრებაშიო. ნათესავები მხოლოდ ზურგს უკან ამტყუნებენ მანანას, გოჩას კი თანაუგრძნობენ...

როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს, არავინ იცის! როგორც გოჩამ მითხრა, მას შეიძლება მოთმინების ძაფი გაუწყდეს და საბედისწერო ნაბიჯი გადადგას. გოჩას დედა ყოველთვე ყიდულობს სანატრელი შვილიშვილისთვის ტანსაცმელს და მოუთმენლად ელოდება იმ დღეს, როცა რძალი და შვილიშვილი შინ დაბრუნდებიან.

გოჩამ თავისი ჩანაწერები გადმომცა, რომელსაც თეას და თემოს წაყვანის დღიდან აკეთებს. აქვეა თეას წერილებიც. ძნელია, მათი აუღელვებლად წაკითხვა.

ამონარიდი გოჩას დღიურიდან:

"წამართვეს შვილი, ურომლისოდაც სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია, დამაშორეს თეას, რომელიც ვერა და ვერ დამავიწყეს. აღარ ვიცი, რა გზას დავადგე. სულ დავკარგე ჩემს თავზე კონტროლი. ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. მეშინია, ამ ბოროტებასთან ჭიდილში მეც არ გავბოროტდე. ღმერთო, შემიწყალე და დამიფარე, გევედრები".

ამონარიდი თეას წერილიდან: "იცი, როგორ მენატრები! არ ვიცი, როგორ გადმოვცე ჩემი სიყვარული... გოჩა, თუ დამიჯერებ, ალბათ, ასე არავის არავინ ჰყვარებია. მინდა სულ ჩემ გვერდით იყო, მიღიმოდე და გახარებულს გხედავდე... არ დაგავიწყდეს, რომ ვარსებობთ მე და შენი შვილი. ჩვენ ორივეს გვიყვარხარ და გვჭირდები. მინდა კიდევ ერთხელ გითხრა, რომ ძალიან, ძალიან მიყვარხარ. შენ ხარ ჩემი ერთადერთი საიმედო დასაყრდენი ამ ცხოვრებაში".

P.S. იმედი გვაქვს, ქალბატონი მანანა ამ წერილის წაკითხვის მერე დაფიქრდება, გული მოულბება და დაშორებული წყვილის შერიგებისთვის ისიც გადადგამს ნაბიჯს.