ჩემი 17 წლით უფროსი ქმარი მონსტრი აღმოჩნდა - კვირის პალიტრა

ჩემი 17 წლით უფროსი ქმარი მონსტრი აღმოჩნდა

"წარამარა იმეორებდა, მომწყინდა გართობა,  გვერდით მჭირდება ჩემსავით დაღლილი ქალიო..."

"არ შეიყვაროთ ასაკით ბევრად უფროსი კაცი"

ამ რუბრიკაში რამდენჯერმე წავიკითხე იმ ქალების ამბავი, ვისაც ასაკით ბევრად უმცროსი კაცები შეუყვარდათ. დამიჯერეთ, სჯობს ასე იყოს, ვიდრე მამისტოლა კაცს გაჰყვეთ ცოლად. საერთოდ, ვფიქრობ, კაცი ქალზე მაქსიმუმ 5-6 წლით უნდა იყოს უფროსი. სხვა შემთხვევაში სერიოზულად იჩენს თავს ასაკობრივი პრობლემები, - ქეთი, რომელსაც 17 წლით უფროსი ქმარი ჰყავდა და ახლახან დაშორდა, ცდილობს, ქალებს, რომლებსაც ასაკით ბევრად უფროსი მამაკაცები მოსწონთ, საფრთხე ააცილოს.

- ქმარი ჩემზე 17 წლით უფროსი იყო. მისი სტუდენტი ვიყავი. ლექციაზე საოცრად სიმპათიური მამაკაცი რომ შემოვიდა, მგონი, მაშინვე შემიყვარდა. მარტო მე კი არა, ყველა სტუდენტი გოგონა შესციცინებდა თვალებში. მისი ყურადღება რომ ვიგრძენი, სიხარულით გავგიჟდი. საოცრად რომანტიკული და მზრუნველი ჩანდა. დავყავდი მეგობრებთან, სადაც ბევრი პოეტი და მუსიკოსი იყო, დაუვიწყარ საღამოებს მჩუქნიდა. თავი ზღაპარში მეგონა. მაშინ არც მიფიქრია, ასეთ კაცს ამდენი ხანი ცოლი რატომ არ ჰყავდა... მივენდე, როგორც უზარმაზარ, მაგრამ ლამაზ ტალღას და თავდავიწყებით შემიყვარდა. ფაქტობრივად, მის მონად ვიქეცი. ყველაფერზე თავს ვუქნევდი. მხოლოდ ერთხელ შევკრთი, როდესაც შემთხვევით გავიგონე, მეგობრის ცოლს რომ უთხრა, კარგი ბავშვია და ჩემს ჭკუაზე გავზრდიო. ისე ძლიერ მიყვარდა, რომ ესეც დავივიწყე და სიამოვნებით დავდიოდი მის ჭკუაზე.

- რას ნიშნავს მის ჭკუაზე სიარული?

- კონსერვატიული და ეჭვიანი იყო. მოკრძალებულად უნდა მცმოდა, მოკრძალებულად უნდა მეცხოვრა. მისი თანდასწრებით ბევრი არ უნდა მელაპარაკა, ქალმა თავისი ადგილი უნდა იცოდესო. როდესაც მის მეგობრებთან ერთად სუფრასთან ვიჯექი, ის ლაპარაკობდა, ის იყო თამადა, ის იყო მეფე, მე თუ რამეზე აზრის გამოთქმას დავაპირებდი, ისე შემომხედავდა, რომ ლაპარაკის სურვილი მეკარგებოდა. თუ არ ვჩუმდებოდი, იტყოდა, - ქეთის სიმშვიდე, დუმილი და ღიმილი უხდება, ხომ მეთანხმებითო და ამ დროს საშინლად უხერხულად ვგრძნობდი თავს, სიტყვა მიწყდებოდა და ვმუნჯდებოდი.

- პროტესტის გრძნობა არ გქონდა?

- სიყვარული მხოლოდ ბრმა კი არა, მუნჯი და ყრუც ყოფილა. პირველად მაშინ ჩამწყდა გული, როდესაც ღამე ძალიან გვიან დაბრუნდა გალეშილი. დაეგდო დივანზე და კი არ დამიძახა, დამიღრიალა, - სად ხარო? გაოგნებული დავადექი თავზე. გამხადე, გოგო, რა დებილივით მიყურებ, ხომ ხედავ, რომ განძრევის თავი აღარ მაქვსო. საშინელი სანახავი იყო და ვფიქრობდი, ნუთუ აქამდე ვერ ვხედავდი-მეთქი. მაშინ გამახსენდა, მეგობრის ცოლს რაც უთხრა და გამიელვა, - ჩანს, სურდა, მოახლედ გავეზარდე-მეთქი.

- არ დაელაპარაკე გამოფხიზლებულს?

- ვერ გავუბედე... ეჭვიანი იყო. იბღვირებოდა, როდესაც ეუბნებოდნენ, - რა ლამაზი და ჭკვიანი ცოლი გყავსო. საათობით მიკითხავდა ლექციებს, როგორ არ უნდა ჰქონდეს ქალს პრეტენზია, საზოგადოებაში ქმარზე ჭკვიანი გამოჩნდეს. ქმარი მეფეა ოჯახში, ცოლი - მისი მსახურიო. მეფეს დედოფალი სჭირდება-მეთქი. დედოფალი ლოგინში უნდა იყო, სხვის თვალში შენი დედოფლობა არ მჭირდებაო. ამ ლოგიკით მათქმევინა უარი მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებაზე.

თუ დაქორწინებამდე კინოშიც დავდიოდით, თეატრშიც, მეგობრებთანაც, დაქორწინების შემდეგ სრულიად შეიცვალა. ყველაფერი გაქრა... ერთხელ ვთხოვე, სუხიშვილების კონცერტზე წავიდეთ, გახსოვს, შეყვარებულობისას წამიყვანე და ძალიან ბედნიერები ვიყავით-მეთქი. რა საჭიროა იმის განმეორება, რაც უკვე იყო, ერთხელ ხომ ნახე მაგათი ტლინკაობაო. კინაღამ დავმუნჯდი, კაცი, რომელიც სუხიშვილების კონცერტის შემდეგ მე და ჩემს მეგობრებს აღფრთოვანებული გვიყვებოდა ნანახის შესახებ, უცებ მეუბნება, რომ თურმე ეს  ხალხი მხოლოდ ტლინკაობს.

- იქნებ აქ ასაკი არაფერ შუაშია და შენი ტოლი რომ ყოფილიყო, მაშინაც ასე მოქცეულიყო?

- წარამარა იმეორებდა, მომწყინდა არაფრისმომცემი გართობა. გვერდით მჭირდება ჩემსავით დაღლილი ქალი, რომელიც იქნება ჩემი დედა და ჩვარიო... ჯანდაბას, კონცერტები, მეგობრებთანაც აღარ მიშვებდა. ამბობდა, რომ ქალს შინ ულევად აქვს საქმე და დაქალებში საწანწალოდ არ უნდა ეცალოსო.

- დიდხანს მოუთმინე?

- სამი წელი. ერთხელ ყელში ამომივიდა მისი ლოთობა და მივახალე, - ადამიანის სახე დაკარგე-მეთქი. ლაწირაკოო, - მიღრიალა და რაც ხელში მოხვდა, ყველაფერი დალეწა, მერე მკლავში ჩამაფრინდა და სახეში ისეთი სილა გამაწნა, რომ იატაკს დავენარცხე. ძლივს წამოვდექი. არც კი დამხედა, როგორ ვიყავი, მოვკვდი, თუ გადავრჩი. თავად დივანზე დაეგდო  და ხვრინვა ამოუშვა.

იმ ღამეს საძინებლის კარი ჩავკეტე,  ტანსაცმელი გარეთ გავუყარე, რომ ოთახში შემოსვლა არ ეცადა. მიზეზი არ ვიცი, მაგრამ მასთან ყოფნის პერიოდში არ დავორსულებულვარ, ვფიქრობ, ეს მუდმივი სტრესის ბრალია. ან იქნებ ის იყო უშვილო...

მინდა ქალებს ვურჩიო - სანამ დააპირებთ ცოლად გაჰყვეთ ასაკით ბევრად უფროს კაცს, დაფიქრდით, გაიკითხეთ, რა ხდებოდა მის ცხოვრებაში თქვენს გამოჩენამდე, რატომ უთხრეს თქვენზე უკეთესმა თუ არა, არაფრით ნაკლებმა ქალებმა უარი ცოლობაზე.

სამწუხაროდ, მე გვიან დავინტერესდი ამ საკითხით და კიდევ უფრო გვიან აღმოვაჩინე, რომ ჩემი გარეგნულად მომხიბლავი და უზადო მამაკაცი მონსტრი ყოფილა...

სოფო გამრეკელი