სამგზავრო რომანი მე-13 კუპე
29-07-2013
სამგზავრო რომანი მე-13 კუპე
როგორც იქნა, მეღირსა ქალაქიდან გაღწევა. ახლა მატარებელში ავდივარ, რომელმაც ზღვას უნდა მაზიაროს. გორგოლაჭებიანი ჩემოდნით მივიკვლევ გზას მატარებლის ვიწრო ვაგონში და მე-13 კუპეს ვეძებ...
ჩემს ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო, აუცილებლად გაიფიქრებდა, - რაღა 13 რიცხვი შემხვდაო, მაგრამ მე პირიქით, ინტერესი მკლავს... როგორც იქნა, შემხვდა ჩემი საყვარელი რიცხვი და ახლა გამოვცდი.


უკნიდან მაღალი ბიჭი დამეწია და გვერდით ამედევნა. გზა არ დავუთმე, რადგან არ უთხოვია, ისე სცადა ჩემთვის გაესწრო... მე კი არ მიყვარს
ასეთი რაღაცები.

- რა ხდება? რატომ მომეწებე? - ვკითხე და მკაცრად შევხედე.
- რა ვიცი... მგონი მაგნიტური დღეა! - მიპასუხა და თვალი ჩამიკრა. იუმორის გრძნობა ჰქონია, მაგრამ ზრდილობის რა მოგახსენოთ... ჭიდაობის თავი არ მქონდა და გზა დავუთმე. ძალიან დიდი ნაბიჯებით გაიჭრა წინ და იმდენ ხალხში
მალე თვალთახედვის არედანაც დავკარგე.

როგორც იქნა, მივაღწიე მე-13 კუპეს და კარი გამოვასრიალე. ოთხადგილიანი იყო. ფანჯარასთან შავი კაცი იჯდა. ისეთი "დაზაგრული" იყო, ზამთარშიც ვერ გათეთრდებოდა. მხოლოდ ეს არ იყო "გლამურული" რუჯი... მის გვერდით მჯდომი  მსუქანი ქალი სავარაუდოდ ცოლი იქნებოდა. შესვლისთანავე ცხვირში რაღაც მძაფრი სუნი მეცა და ცუდ ხასიათზე დავდექი. ჩემოდანს ადგილი მივუჩინე და ფანჯარასთან მოვკალათდი. ვიცოდი, რომ წინ გრძელი და დამღლელი გზა მელოდა, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ჩასვლისთანავე ზღვას ვნახავდი. საოცრად მამშვიდებს წყალი. არ არის აუცილებელი ზღვაში შევიდე. ნაპირზეც რომ ჩამოვჯდე, თვალები დავხუჭო და ტალღების ხმას მოვუსმინო, ესეც საკმარისია, რომ "დავრესტარტდე"...

იქნებ ამჯერად მაინც გამიმართლოს და გავიცნო ვინმე „ნორმალური ბიჭი. ნუ, თუ ვერ გავიცნობ, მაშინ რამე საინტერესო თავგადასავალი მაინც გადამხდეს...
ცხვირი ფანჯრისკენ მივმართე. ერთი სული მქონდა, როდის დაიძვრებოდა მატარებელი, რომ ცოტა განიავებულიყო კუპე. რა უბედურებაა! მგონი გუდის ყველი მოაქვთ ჩანთით... არა რაა, ასეთი საქციელისთვის ციხეში უნდა სვამდნენ ადამიანებს...

უცებ კარი გაიღო და კუპეში ის ბიჭი შემოვიდა, გასასვლელში რომ მომეწება. დამთხვევაც ამას ჰქვია. ჩემ გვერდით უნდა იმგზავროს... რომ დამინახა, სახეზე გაკვირვება გამოეხატა და ჩემკენ გამოემართა.

- ფანჯარასთან მე დავიკავე ადგილი!
- ვწუხვარ, მაგრამ ეს ადგილი ბილეთით მე  მეკუთვნის!
- აა, ადგილებიც დანომრილია? მე მეგონა, მარტო კუპე ეწერა...
- კი, დანომრილია!
- ტეხავს!  ვერ ვიტან მგზავრობას, თუ ფანჯარასთან არ ვზივარ!
- ვიზიარებ შენს მწუხარებას!

ჩემ გვერდით დაჯდა და შემომხედა.
- ნუ გეშინია, ძალით არ აგაგდებ ადგილიდან! - მითხრა და ირონიულად ჩაიცინა.
- საიდან მოიტანე, რომ მეშინია?
- რა ვიცი, ლამის მიეწებო ფანჯარას.
- შიში რა შუაშია? დღეს ხომ მაგნიტური დღეა?

ბიჭს გაეღიმა. როგორც ჩანს, სიტყვა-პასუხში ვგავართ ერთმანეთს... სიმართლე გითხრათ, გამიხარდა, რომ ჩემს კუპეში მოხვდა. შეიძლება არც არაფერი მოხდეს, მაგრამ მგზავრობამ უკვე აზარტი შეიძინა.
მატარებელიც დაიძრა. მან ჟურნალი ამოიღო და კითხვა დაიწყო... როცა ფანჯარაში ყურებისგან კისერი დამეღალა, ჩემს მოპირდაპირედ მჯდომ წყვილს შევხედე. ქალი წარამარა ძირს იხრებოდა, კუბოკრულ ჩანთაში (ისე, სიტყვა "სუმკა" უფრო შეეფერება ამ სიტუაციას) ხელს ჩაყოფდა და პარკებს აშრიალებდა. ხან რა სასუსნავს ამოაძვრენდა, ხან - რას. იმ თავის "დაზაგრულ" ქმარსაც აწვდიდა და ჭამდნენ.

ბოლოს, სწორედ ის გააკეთა, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა - ჩანთიდან გუდის ყველი ამოიღო. კიდევ კარგი, ვიჯექი, თორემ აუცილებლად წავიქცეოდი.  ეს მეტისმეტი იყო! ის იყო, პირი გავაღე, რომ მეთქვა, შეგვიბრალეთ, ჩვენც ადამიანები ვართ-მეთქი, რომ ბიჭმა დამასწრო.

- ვაგონ-რესტორანში გეპატიჟები ჩაიზე!
ეს ძალიან მოულოდნელი იყო... პირველად, ჩემს ცხოვრებაში ბიჭმა ჩაი შემომთავაზა და არა ყავა!
- კარგი, - ვუთხარი და კუპედან გავცვივდით.
- რა გქვია? - მკითხა, როდესაც ჩაის დასალევად დავსხედით.
- ანა, შენ?
- სანდრო... ზღვაზე მარტო მიდიხარ?
- მეგობრები მელოდებიან იქ... როგორ მიხვდი, რომ ჩაი მიყვარს?
- სიტყვაზე გითხარი!
- სიტყვაზე ყავას ამბობენ ხოლმე...
- გამონაკლისი ვყოფილვარ!

დიდხანს ვისაუბრეთ. ყოველ წამს ველოდი, რომ რაღაც ისეთს დააბრეხვებდა, რაც იმედს გამიცრუებდა, მაგრამ პირიქით ხდებოდა... სულ უფრო მომწონდა. მომწონდა მისი საუბრის მანერა, თემები, რასაც სასაუბროდ არჩევდა, მისი მუსიკალური გემოვნება - ღმერთო ჩემო, მგონი იდეალური მამაკაცი ვიპოვე!
ახლა გუდის ყველიც ვერ წამიხდენდა ხასიათს. ისევ კუპეში დავბრუნდით და მთელი გზა პირი არ გაგვიჩერებია.
ის რაღაცნაირი წყვილი უცნაურად გვიყურებდა. ჩასვლისას ჩემოდნის ჩატანაში მომეხმარა და როდესაც დამშვიდობების დრო დადგა, გული გამალებით ამიჩქარდა. ახლა ის დრო იყო, ჩემთვის ტელეფონის ნომერი უნდა გამოერთმია.

- ძალიან სასიამოვნო იყო შენთან საუბარი... ბედნიერ დასვენებას გისურვებ! - მითხრა და ბაქანი მოათვალიერა.
- შენც ასევე... თუ გინდა, ნომრები გავცვალოთ და... რა ვიცი...
- სიამოვნებით ვიმეგობრებდი შენთან! არაჩვეულებრივი გოგო ხარ, მაგრამ... ჩემმა შეყვარებულმა რომ ნახოს შენი ნომერი... ძალიან ეჭვიანია, - მითხრა უხერხულად და ოდნავ გაწითლდა. ამ სიტყვებით გულში ლახვარი ჩამცა.
- შეყვარებულმა? - ჩავილუღლუღე საწყლად და ოცნების კოშკი წამიერად ჩამომენგრა თავზე.
- ჰო... აქ მას ჩამოვაკითხე...
- გასაგებია! კარგი, არა უშავს... კარგად იყავი და... მოკლედ, წავედი...

ზურგი ვაქციე და ჩემი ჩემოდანი ბაქანზე გავასრიალე. ყელში ბურთი მომაწვა და ცრემლები წამომცვივდა. ვგრძნობდი, როგორ მიყურებდა უკნიდან. ჩემს მეგობრებს მოვკარი თვალი და ვეცადე თავი ხელში ამეყვანა. რა გაეწყობა, მართალია, ძლივს შეხვედრილი ნორმალური ბიჭი ხელიდან გავუშვი, მაგრამ ის მაინც გავარკვიე, რომ თურმე ჩემი საყვარელი რიცხვი 13 ჩემთვის უიღბლო აღმოჩნდა.
11 მარტი 2017 15:29
მომეწონა :))
ზაალი
17 სექტემბერი 2015 20:53
არა,გუდის ყველი რა შუაში იყო ეს ვერ გავიგე...
Gabro78
17 სექტემბერი 2015 16:51
Dzalian sainteresoa albad umetesobas kritkis gareshe ar shegidzliat cxovreba

რედაქტორის რჩევით