სიძემ ჩამოიარა...
12-08-2013
სიძემ ჩამოიარა...
ბედნიერი "რეისი" ანუ როგორ დავემგზავროთ სიყვარულს...

"ისე დამემართა, სადედოფლო კაბას რომ ჩაიცვამ და გზაზე თაიგულით გახვალ იმ იმედით, რომ სიძე გამოივლის"


ვისაც ევროპაში უცხოვრია, კარგად იცნობს მგზავრობის ისეთ ფორმას, რომელიც ფულის დაზოგვის საშუალებას იძლევა - შედიხარ სპეციალურ საიტზე და ეძებ ინფორმაციას იმ ხალხის შესახებ, რომლებიც შენთვის სასურველი მიმართულებით გადაადგილდებიან. ზოგი მცირედი გასამრჯელოს ფასად, ზოგიც სულაც უფასოდ, უბრალოდ იმიტომ, რომ მეგზური ჰყავდეს... ტელეფონით ან ინტერნეტით მძღოლს შეხვედრის ადგილზე უთანხმდები
და კომფორტულად და იაფად მგზავრობ.

შარშან ქართულ ინტერნეტსივრცეშიც გაჩნდა საიტი, სადაც საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე გადაადგილების მოსურნე მგზავრები თუ მძღოლები განცხადებებს აქვეყნებენ. ლიკასაც სწორედ ამ საიტით მოუძებნია მძღოლი, რომელიც ბათუმამდე წაიყვანდა.

- ზღვის ცხელი სეზონი იდგა. მანქანა გამიფუჭდა და მის გაკეთებას რომ დავლოდებოდი, ზღვაზე ვეღარ წავიდოდი. ამიტომაც ინტერნეტმეგობრების
რჩევა გავითვალისწინე და ზემოხსენებულ საიტზე შევედი. განცხადებებს ძირითადად, მიკროავტობუსების მძღოლები აქვეყნებდნენ, რომელთა შინაარსი იმთავითვე გამორიცხავდა კომფორტსაც და სიიაფესაც. ერთმა განცხადებამ მიიქცია ჩემი ყურადღება, მერსედესის ჯიპით ბათუმში მიმავალი ახალგაზრდა კაცი აცხადებდა, რომ შორ გზაზე მარტო მგზავრობა ეზარებოდა და ვინმე საინტერესოდ მოსაუბრე ქალს ან მამაკაცს  დაიმგზავრებდა... ერთი კი გავიფიქრე, ვინმე ოხერს არ გადავეყარო-მეთქი, მაგრამ თბილისური ყოფითა და საშინელი სიცხით გათანგულს ისე მინდოდა ზღვაზე წასვლა, რომ ბნელი აზრები სასწრაფოდ უარვყავი და "ჯიპიან კაცს" დავურეკე... შევთანხმდით, რომ დილით ადრიანად გამომივლიდა. ალბათ ბარგიც გექნებათ და სჯობს მე გამოგიაროთო. ეს შემოთავაზება ძალიან მესიამოვნა, მენიშნა, რომ ჩემი მძღოლი გალანტური კაცი იქნებოდა.

- გამართლდა წინათგრძნობა?
- ჯერ სად ხართ?! რომ მომაკითხა და მანქანიდან გადმოვიდა, რაღაც დამემართა... გავშტერდი. ვერ გეტყვი, რომ "კრასავჩიკია", მაგრამ ისეთი შარმი აქვს, რომ დავმუნჯდი.  ხელი ჩამომართვა, მერე ჩემს ბარგს დასწვდა, საბარგულში ჩადო და ღიმილით მითხრა, - წავედითო.

- ერთი ნახვით შეგიყვარდათ?
- ასე გამოდის. მთელი გზა ენა არ გაგვიჩერებია. მოკლედ, ლაპარაკით ერთმანეთი გავაბრუეთ. რიკოთზეც შევისვენეთ და ქუთაისთან "პრომეთეშიც" შევიარეთ...  ისე დავახლოვდით, ერთმანეთის შესახებ მგონი, ყველაფერი ვიცოდით...

- "პრომეთეშიც" შეიარეთ?

- ჰო, აბა. ვუთხარი, მანქანას რომ გავაკეთებ, უნდა წამოვიდე და "პრომეთე" ვნახო-მეთქი. რატომ უნდა გადადო, წამო, ახლავე ვნახოთო და წავედით.

- ისიც დასასვენებლად მიდიოდა ბათუმში? იქნებ თავგადასავალი უნდოდა... ასე გაბედულად როგორ მოქმედებდით?
- საღამოს ბათუმში ჰქონდა საქმიანი შეხვედრა, მაგრამ იმის გამო, რომ შარშან აგვისტოში საშინლად ცხელოდა, დილით ადრე გადაწყვიტა წასვლა. მეც სიცხის გამო არ მინდოდა "მარშრუტკებით" ბოდიალი. ჩემს მანქანას კი ისეთი ძვირად ღირებული ნაწილი გაუფუჭდა, ის რომ გამეკეთებინა, უფულოდ ვრჩებოდი და ვეღარც დავისვენებდი... როგორც ამბობენ, ზოგი ჭირი მარგებელიაო და... ბედს გადავეყარე.

მოკლედ, მე და ალექსი ბათუმში რომ ჩავედით, უკვე საღამო იყო. სასტუმრომდე მიმაცილა, დამაბინავა და შეხვედრაზე გავარდა. შეხვედრიდან მობრუნებულმა  ყავაზე დამპატიჟა. მთელი ღამე გავატარეთ ხან პიაცაზე, ხან "ღრუბლების ბარში", ხან სანაპიროზე ხეტიალში. სასტუმროში გამთენიის ხანს მიმაცილა და მითხრა, გინდ დაიჯერე, გინდ არა, შემიყვარდიო. ალბათ სულელური ღიმილი მქონდა, მოხიბლული და რეტდასხმული ვიყავი ამ კაცით და ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა. მინდოდა, მივყრდნობოდი მკერდზე და მეთქვა, რომ მეც მიყვარდა. მინდოდა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. მერე ხელი რომ მომხვია და ჩამიხუტა, საერთოდ დავდნი... ყველაფერი ზღაპარს ჰგავდა.

- ცოლობა როდის შემოგთავაზა?

- მეორე დღეს, საღამოს. ხელი სასწრაფოდ მოვაწერეთ ბათუმში და პირდაპირ თურქეთში წავედით, თაფლობის ორი საოცარი კვირის გასატარებლად. როდესაც ოჯახებში დავრეკეთ, დავქორწინდით და მოგვილოცეთო, არავის სჯეროდა. ყველამ იცოდა, რომ შეყვარებული არ მყავდა. დედაჩემი გაოცებული მეკითხებოდა, - ვინ არის, როდის გაიცანი, როდის შეგიყვარდათ ერთმანეთი, მე რატომ არაფერი მითხარიო? რომ მეთქვა, როგორ გავიცანი, არც დამიჯერებდა და რომც დაეჯერებინა, ჩვენს დაბრუნებამდე ბევრს ინერვიულებდა. ამიტომაც ვუთხარი, დავბრუნდებით და ყველაფერს გაიგებ-მეთქი. ალექსის ოჯახშიც იგივე ხდებოდა... სამწუხაროდ, მშობლები არ ჰყავს, უფროსი დები ჰყავს მხოლოდ და სიხარულისგან კიოდნენ...

- საბოლოოდ, ოჯახები კამყოფილი დარჩნენ სიძე-პატარძლით?

- ძალიან. ახლა ყველანი პატარას მოლოდინში ვართ. რაც დრო გადის, მით უფრო მჯერა, რომ ქვეყნად სასწაულები ხდება. უბრალოდ, უნდა გწამდეს და განწყობილი იყო მათ მისაღებად. მე ისე დამემართა, სადედოფლო კაბას რომ ჩაიცვამ და გზაზე თაიგულით გახვალ იმ იმედით, რომ სიძე გამოივლის...

სოფო გამრეკელი

რედაქტორის რჩევით