როგორ გახდა შეყვარებული ბიზნესმენი დაქირავებული მძღოლი - კვირის პალიტრა

როგორ გახდა შეყვარებული ბიზნესმენი დაქირავებული მძღოლი

"მანქანას დავაწერ, მე შენ მიყვარხარ, დეა!"

ნათქვამია, "სიყვარული გიჟს დააჭკვიანებს და ბრძენს გააგიჟებსო", - და ასეც ყოფილა. შეყვარებული ბიზნესმენი დაქირავებული მძღოლი გახდა და საყვარელ ქალს დღემდე ვერ უმხელს სათქმელს.

ლევანის შესახებ ერთმა ტაქსის მძღოლმა მიამბო. კარგა ხნის ხვეწნის შემდეგ კი ამბის მთავარი გმირი გამაცნო და ლევანმაც გადაწყვიტა სახალხოდ გაემხილა დეას მიმართ სიყვარულის ამბავი. ამბის გმირების სახელებს არ ვცვლით, ლევანი აპირებს "კვირის პალიტრაში" მისი გულის ხვაშიადის გამომზეურების შემდეგ გაზეთი დეას წააკითხოს...

- ყველაფერი მარტივად დაიწყო. ხილიანის ქუჩაზე მანქანით ჩამოვდიოდი  და ისეთი გოგო დავინახე, გავქვავდი, საჭე ვეღარ დავიმორჩილე და კინაღამ დავეჯახე. მომაჩერდა, რას სჩადიხარო? -  მკითხა მდუმარედ, საყვედურით სავსე თვალებით და გზა განაგრძო... ავედევნე, გზადაგზა მანქანას ვაჩერებდი და ვუყურებდი. მიდიოდა ლამაზი, ლაღი და სასურველი... ზოოპარკის შესასვლელთან გაჩერდა. ბავშვიან ქალს მიესალმა, პატარა ხელში აიყვანა და ზოოპარკში შევიდნენ. თვალს რომ მიეფარა, შევნიშნე, მოხუცი ტაქსის მძღოლი მიყურებდა და ხითხითებდა. ვკითხე, რა გაცინებთ-მეთქი. მოგწონსო? - მკითხა თბილად. ასეთი გოგო შეიძლება არ მომწონდეს-მეთქი? - შევუბრუნე კითხვა.  რომ იცნობდე, შეგიყვარდებოდაო...

დიდხანს ვიდექი ზოოპარკთან, მაგრამ რა აზრი ჰქონდა ლოდინს?! გამოვიდა, ჩაუჯდა იმ ტაქსის მძღოლს და წავიდა. აღმოჩნდა, რომ ქვრივი ყოფილა, ერთი შვილი ჰყავს და მარტო ცხოვრობს. ის მოხუცი ტაქსის მძღოლი კარგად იცნობდა - მეზობლები არიან. მითხრა, დეა ზოოპარკში ძიძასთან ერთად თითქმის ყოველდღე ასეირნებს ბავშვსო... მოკლედ, ერთი ნახვით შემიყვარდა დეა.

მეორე დღეს, ძმისშვილს დავურეკე და ვუთხარი, ხვალ საღამოს ზოოპარკში წაგიყვან-მეთქი. გადაირია ბავშვი სიხარულით. მშობლები გაოცდნენ, ქუჩაშიც კი არ გაგისეირნებია და ახლა რა გეტაკაო? მთელი დღე ზოოპარკში გავატარეთ, მაგრამ დეა არ გამოჩნდა. ერთი კვირის განმავლობაში ხან მარტო, ხანაც ჩემს გუკასთან ერთად დავდიოდი, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ისევ იმ ტაქსის მძღოლს, ზაურს მივადექი ამბის გასარკვევად... დეა უცხოეთში წასულა მივლინებით. ზაურს ჯიბეში ათლარიანი ჩავუდე ინფორმაციის საფასურად, ტელეფონის ნომრები გავცვალეთ და მის ზარს დაველოდე. რამდენიმე დღეში დამირეკა, შენთვის მაგარი ამბავი მაქვს, დეას პირადი მძღოლი სჭირდება, მე მთხოვა, მაგრამ ტაქსაობა მირჩევნია. არ გინდა, ვინმე შენიანს ანდო, მისი ყველა ნაბიჯი გეცოდინებაო. ჭკუაში დამიჯდა, მაგრამ შეყვარებული კაცი ძალიან ეჭვიანიც ყოფილა. ვერავის ვანდე, ფიქრშიც კი. ავდექი და მე, საქმიანი კაცი, რომელსაც ცხოვრება აწყობილი და წარმატებული ბიზნესი მაქვს, დაქირავებული მძღოლი გავხდი.

- ეგ როგორ, დეა ხელფასს გიხდის?

- მის თავს გეფიცები, ეგ ხელფასი დეას შვილის, ანანოს საიდუმლო ანგარიშზე შემაქვს. მე გავუხსენი ანანოს ანგარიში. რაც უნდა მოხდეს ჩემსა და დეას შორის, ფული ბავშვის იქნება...

...კურიოზულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. დეასთან გასაუბრებაზე "ბეემვეს" ჯიპით მივედი. გაოცებული მიყურებდა, თქვენ ამ მანქანით უნდა იმუშაოთ ჩემთან, რა გაგიჭირდათ საამისოო? მეგობრის მანქანაა, ჩემი ხელოსანთან მყავს-მეთქი, ვიცრუე. მერეც ხშირად ვცრუობდი, როდესაც ჯიპში ვჯდებოდი და გზაში მახსენდებოდა, რომ "დაქირავებული მძღოლი" ვიყავი.

- ახლა რა ეტაპზეა თქვენი რომანი?

- ისევ ცალმხრივად მიედინება, მაგრამ მგონია, რომ რაღაცას ხვდება. ძიძაც კი გავაშვებინე. უბრალოდ, ძიძის ყოლას აზრი არა აქვს. ბავშვი სულ ჩემთან არის. ბაღიდან რომ გამომყავს, ჩემთან ოფისში მიმყავს. სამეგობრო, დედაჩემი, ჩემი ძმა, რძალი გაოცებული არიან. როდემდე უნდა იარო ასე უაზროდ, უთხარი იმ ქალს, რაც გჭირსო. ანანოს ძალიან დავუმეგობრდი. დეას მიმართ კი რაღაცნაირი მოწიწება მაქვს. ზოგჯერ თავი მართლა მძღოლი და ის ჩემი ქალბატონი მგონია. ასეთი მდგომარეობაც კი მომწონს. ერთხელ მითხრა, ჩემი შვილი გადაიბირეთ, სულ თქვენთან უნდა ყოფნაო. ერთხელ ანანომაც ეშმაკურად იკითხა, რა მოხდება, ლევანი ჩემი მამა რომ იყოსო? მე გული ამიჩქარდა, გავწითლდი. დეამ კი, როგორც სჩვევია, ლაღად შემომხედა და გაიცინა, არაფერი უთქვამს. იმის მერე ადგილს ვერ ვპოულობ, ჩემს თავს ვეუბნები, უკვე დროა, უთხრა-მეთქი. სასაცილო მდგომარეობაში ვარ. წარმოიდგინე, საქმიან შეხვედრაზე ვზივარ და ამ დროს დეა მირეკავს, ლევან, გვჭირდები, ეს უნდა მიიტანო, მოიტანო, მიიყვანო, მოიყვანო... ვტოვებ შეხვედრას და გავრბივარ. თანაც ეს სირბილი, ეს უცნაური მდგომარეობა არ მღლის. ყველაფერს ვასწრებ. იდეალური ქმარივით ვარ, მაგრამ ცოლის გვერდით არ მძინავს...

- როდემდე აპირებთ ასე სირბილს?

- არ ვიცი. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, ახლაც რომ ჩამოვდიოდე ხილიანზე და ისევ შემხვდეს დეა, ზუსტად ისე მოვიქცევი, როგორც დღემდე. ვფიქრობ, მანქანას ყველა მხრიდან დავაწერ, მე შენ მიყვარხარ, დეა, და ისე მივადგები...

სოფო გამრეკელი