"მომახალა, ქმარს ცოლი გვერდით სჭირდება და არა საბერძნეთში. დედაშენის მოლოდინში მარტო ხომ არ იქნებოდაო..."
02-09-2015
"მომახალა, ქმარს ცოლი გვერდით სჭირდება და არა საბერძნეთში. დედაშენის მოლოდინში მარტო ხომ არ იქნებოდაო..."
"ახლა ერთი მიზანი მაქვს, როგორმე საბერძნეთში, დედასთან  გავიპარო"

- მე თაკო ვარ. ჩემი მშობლების ერთადერთი შვილი. მეტი ალბათ, ვერც მოასწრეს, რადგან 4 წლის ვიყავი, როდესაც დედა საბერძნეთში სამუშაოდ წავიდა. მე მამასა და ბებიასთან გავიზარდე. ახლა 14 წლის ვარ. ამ ხნის განმავლობაში დედას მხოლოდ სკაიპით ველაპარაკები. ისეთი სიყვარულით ლაპარაკობს მამაზე, თითქოს მამას მის ნატვრაში ელეოდეს სული... მინდა ამ საღამოსაც, დედა რომ დარეკავს და მამას სიყვარულით მოიკითხავს, ვიბღავლო, ვიყვირო, რომ მამა უნამუსოა...

შოკი #1 რამდენიმე თვის წინ გავიგე, რომ ნახევარძმა მყავს. მამაჩემს საყვარელი ჰყოლია. თუმცა, რაღა საყვარელია?! დედაჩემის გამოგზავნილი ფულით ბინა რომ იყიდა, იქ ცხოვრობდა თავის ცოლ-შვილთან ერთად. იმ ბავშვს არაფერი დაუშავებია, მაგრამ დანახვაც არ მინდა, რადგან ის არის მამაჩემის უნამუსობის მტკიცებულება. ეს ამბავი შემთხვევით გავიგე...  როდესაც
ბინა შევიძინეთ, დედამ მამაჩემს სთხოვა, ჩემს სახელზე გაეფორმებინა. ეს შენი მზითევია და შენი საკუთრება უნდა იყოსო... დედა ნივთებსაც გზავნიდა ჩემი სახლის მოსართავად. ეს ყველაფერი მამიდაჩემს მიჰქონდა და როგორც ვიცოდი, თავის ადგილს უჩენდა... 5 თვის წინ გასაღები ავიღე და ჩემი ბინის სანახავად წავედი. გადაწყვეტილი მქონდა, სკოლის შემდეგ გამევლო, ლეპტოპიც თან მქონდა, რომ სკაიპი ჩამერთო და დედას ჩემთან ერთად ვიდეოკამერით დაეთვალიერებინა ბინა. კარს გასაღები რომ მოვარგე და ვერ დავატრიალე, შემეშინდა, ხომ არაფერი შემეშალა-მეთქი. მერე უფრო შემეშინდა, როდესაც ვიგრძენი, რომ ვიღაცამ კარს იქით საკეტი  გადაატრიალა და სანამ გაიღებოდა, გული კინაღამ წამივიდა. ვიღაც ახალგაზრდა, ბავშვიანი ქალი იდგა და გაკვირვებული მიყურებდა. ვინ გნებავსო? ამ დროს ვხედავდი, მისაღებ ოთახში დივანზე დედას გამოგზავნილ გადასაფარებელს, მაგიდაზე - ხილის ვაზას... ძალა მოვიკრიბე, ჩემს ბინაში მოვედი, თქვენ ვინ ხართ-მეთქი? ქალი გაფითრდა, მდგმური ვარო. გამიკვირდა. არავის უთქვამს, რომ გააქირავეს. რა გაეწყობოდა, შინ წამოვედი...

შოკი #2 ბებიას ვუსაყვედურე, ჩემი ბინა გააქირავეთ-მეთქი? არაო, გაიკვირვა. როგორ? იქ ვიღაც ბავშვიანი ქალი ცხოვრობს-მეთქი... მეორე დღეს ისევ მივადექი ჩემს ბინას. ისევ იმ ქალმა გამიღო კარი. სახლში შევვარდი, ნამდვილად ჩემი ბინა იყო, დედაჩემის გამოგზავნილი ნივთებით სავსე, მაგრამ იქ აშკარად ვიღაც სხვაც ცხოვრობდა და მის ვინაობას მიმალავდნენ. იმ ქალმა წარბშეკრულმა შემომხედა და შემომიტია, გოგონა, გადი აქედან, თორემ პოლიციას დავუძახებო. ძალიან ავნერვიულდი. დაუძახეთ, ეს სახლი ჩემია, ჩემს სახელზეა გაფორმებული, დედამ მიყიდა და პოლიცია თქვენ მიგაბრძანებთ-მეთქი. ისტერიკულად მიმეორებდა, რომ ეს ბინა ჩემი მშობლებისგან იქირავა. უსირცხვილოდ ცრუობთ-მეთქი, გამოვუცხადე და გამოვიქეცი... საღამოს მამიდას ვეცი, ჩემი ბინა ვინ გააქირავა-მეთქი? რას ამბობ, იქ პირველმა შენ უნდა იცხოვროო, მითხრა ღიმილით და იმ წამში შემძულდა მატყუარა მამიდაჩემი, რომელიც დედამ გადაარჩინა - კიბო ჰქონდა და ძვირად ღირებული მკურნალობა სჭირდებოდა, დედა წელებზე ფეხს იდგამდა და უამრავ ფულს უგზავნიდა საბერძნეთიდან. მამიდაჩემი კი მადლიერების ნაცვლად ურცხვად მატყუებდა...

დაველოდე, როდის მობრძანდებოდა ბებიაჩემი სახლში. მერე მივაყურადე და რაც გავიგონე, ისე შემძრა, რომ მუხლები მომეკვეთა. ქალი, რომელიც ჩემს ბინაში ცხოვრობდა, თურმე ჩემი ძმის დედა იყო. როდესაც გონს მოვედი, ბებიაჩემს ვეტაკე, არამზადა და მატყუარა ხარ-მეთქი. მან კი ცინიკურად მითხრა, ჯერ პატარა ხარ, გაიზრდები და მიხვდები, რომ ქმარს ცოლი გვერდით სჭირდება და არა საბერძნეთში. დედაშენის მოლოდინში მარტო ხომ არ იქნებოდაო... ეს მითხრა ბებიამ, რომელიც ამ ხნის განმავლობაში დედას ფულით არსებობდა, დედაჩემმა ტანჯვით ნაშოვნი ფულით გადაურჩინა შვილი და ახლა მადლიერების ნაცვლად, საყვედურობდა, ქმარი რატომ დატოვაო...

მეშინია, დედას გული არ გაუსკდეს მოულოდნელი ელდისგან. ის ხომ ისე დაბეჩავებული ჩანს...
შინიდან გავიქეცი და ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ დავბრუნდი. ის ქალი ბინიდან გავაგდებინე. ახლა ვცდილობ, დედას როგორმე ვუთხრა, რომ მამა ატყუებს. სახლში თითქმის აღარ მოდის, ალბათ იმ ქალთან ცხოვრობს. ბებიაჩემი და მამიდაჩემი კი დედას ატყუებენ, რომ მამამ მუშაობა დაიწყო, მძიმე სამსახური აქვს და ძალიან ცოტა ხელფასს უხდიანო. ამ დროს ძლივს ვიკავებ თავს, რომ ისტერიკაში არ ჩავვარდე. არ ვიცი, როდემდე გავძლებ ასე. ყველაზე მეტად იმან გამაცოფა, რომ თურმე მე გვარის გამგრძელებელი არ ვყოფილვარ.  მითხარით, ნორმალურია ბებიაჩემი, ამას რომ ამბობს? ან საერთოდ იმსახურებს კი ისე მივმართო, როგორც ბებიას?
არავინ იცის, როდის დაბრუნდება დედა... ახლა ერთი მიზანი მაქვს, როგორმე საბერძნეთში, დედასთან გავიპარო, მხოლოდ ის არის ჩემი მშობელი...

სოფო გამრეკელი
ზაირა
22 იანვარი 2018 12:33
სწორედაც,დამნაშავეები უნდა ამხილო,უკიდურეს შემთხვევაში შენც მატყუარა ხდები.უთხარი დედას სიმართლე,გულს კიარატკენ. გაახარებ,როცა სიმართლეს გაიგებს
დალი
20 იანვარი 2018 19:24
ასეთი უსუნდისო ხალხის არსებობა არ მიკვირს! დედა გამობრძმედილია უკვე, ამასაც გადაიტანს! მთავარია ფული აღარ გამოუგზავნოს მაგ მუქთახორებს და დაუნახავებს, იმ სახლიდანაც ყველა გააძევე და დედასთან თუ წახვალ ძალიან კარგი იქნება! ყოჩაღ კარგი გოგო ხარ , რომ მაგათ მხარეს არ გადახვედი....
თამთა
20 იანვარი 2018 15:05
სიმართლე უთხარი დედაშენს რაც შეიძლება სწრაფად და შენი მატყუარა და ნაგავი "ოჯახი" მიწასთან გაასწორე! შენი დუმილი მათთვის შვებაა... არ დადუმდე, არაფრის შეგეშინდეს... იბრძოლე სიმართლისთვის... ეს დედაშენისთვის გააკეთე აუცილებლად! უკან არ დაიხიო!

რედაქტორის რჩევით