ლამაზად რომ გამოვიყურებოდეთ - კვირის პალიტრა

ლამაზად რომ გამოვიყურებოდეთ

უხსოვარი დროიდან კოსმეტიკურ ნიღბებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამ პროცედურას ყოველთვის მოაქვს დადებითი შედეგი, თუკი ის რეგულარულად და სწორად ტარდება.

საუცხოოა ხილისა და ბოსტნეულის წვენის, სხვადასხვა ბალახის ნაყენისა და ნახარშის, მცენარეული და ცხოველური ცხიმების ნიღბები. ასეთი ნიღბები კანზე სასიკეთოდ მოქმედებს, მათ შემადგენლობაში შედის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ვიტამინები და ფიტონციდები. ქალბატონებს ვთავაზობთ ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბებს. გახსოვდეთ, რომ ნიღაბი კეთდება მხოლოდ გაწმენდილ სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. დაუშვებელია მისი გაკეთება უპეებზე, ქუთუთოებსა და ტუჩებზე. როცა ნიღაბს გაიკეთებთ, წამოწექით და მოუსმინეთ კარგ, მშვიდ მუსიკას. 15-20 წუთის შემდეგ სახე ჩამოიბანეთ თბილი ან გრილი წყლით.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბები:

1) თითო ს/კ გახეხილი ყაბაყი, გახეხილი კომბოსტო და არაჟანი კარგად შევურიოთ ერთმანეთს, წავისვათ სახესა და ყელზე, 20 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ ჯერ თბილი, შემდეგ გრილი წყლით.

ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის

2) ერთმანეთში ავურიოთ გახეხილი ნახევარი სტაფილო, 1 ს/კ კარტოფილის პიურე და 1 კვერცხის გული. თბილი ნიღაბი წავისვათ სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. 20-25 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.

ნიღაბი - "ახალგაზრდობის ელექსირი"

3) 10-10 გ ოხრახუშის წვენისა და ახალი არაჟნის ნარევი წავისვათ სახესა და ყელზე, ჩამოვიბანოთ 15 წუთის შემდეგ.

ეს ნიღაბი განსაკუთრებით სასარგებლოა ნაოჭიანი და მოდუნებული კანისთვის.