ჩემს მაჭანკალ მეგობრებს დავუჯერე და... - კვირის პალიტრა

ჩემს მაჭანკალ მეგობრებს დავუჯერე და...

38 წლისა გავთხოვდი და ვირწმუნე, რომ სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი.

ორი თვის წინ მეგობრებმა დამირეკეს, - ჩვენს უცხოელ ბიზნესპარტნიორს შენი გაცნობა უნდაო. თურმე "ფეისბუკიდან" მადევნებდა თვალყურს. ჯერ ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე, - ხომ იცით, ვერ ვიტან მაჭანკლობას-მეთქი, მაგრამ ისე შემომიჩნდნენ, რომ პაემანზე წავედი. სამნი დამხვდნენ, ორი ჩემი მეგობარი ქალი და ერთიც - შეყვარებული უცხოელი. დაღლილი რომ ვიყავი,  შემატყო საიმონმა და - ხომ ყველაფერი კარგად არისო, - მკითხა გულისხმიერად. გავუღიმე, - ცოტა დავიღალე-მეთქი. ცოტა რომ დავლიე, გამოვცოცხლდი. თანდათან მომეწონა ჰოლანდიელი. უცებ სამი ახალგაზრდა კაცი დაგვადგა თავს. ქართველები იყვნენ. საიმონს ჩაეხუტნენ. მოიკითხეს, მერე ჩვენც გადმოგვხედეს, გაგვეცნენ და დაუპატიჟებლად შემოგვიერთდნენ. ლაშა, ივა და ლევანი საიმონის მეგობრები გამოდგნენ. ივამ უმალ მომაქცია ყურადღება. საიდან გიცნობო? - მკითხა. მხრები ავიჩეჩე. ანიმ ივიკოს ღიმილით უთხრა, - ეს გოგო საიმონს მოსწონსო. ივას ჩაეცინა და ლაღად უპასუხა, საიმონს საქართველოდან ქალს არ გავატანთ, თანაც ასეთსო. მეც გამეცინა, მაგრამ ივას საქციელი ხუმრობად ჩავთვალე.

შეხვედრის მეორე დღეს

- გამარჯობა, ივა ვარ. არ მკითხო, საიდან ვიცი შენი ტელეფონის ნომერი. ფუნიკულორი გაიხსნა, არ გინდა, ავიდეთ?.. სად გამოგიარო, რომელ საათზე? - ისე სხაპასხუპით მომაყარა, კითხვებზე პასუხს არც დალოდებია...

დაუვიწყარი საღამო მომიწყო, თავბრუ დამახვია. გულში მეცინებოდა, - ნუთუ უცხოელს უნდა მოვწონებოდი, რომ მას შევხვედროდი-მეთქი? არადა, არ ვარ დასაწუნი ქალი, მაგრამ ყოველთვის მიჭირდა კაცებთან ურთიერთობა. ივასთან რაღაც იოლად აეწყო ყველაფერი. პატარა ბავშვებივით ვმხიარულობდით  საქანელაზე დავსხედით. მხოლოდ ის საღამო ღირდა ერთ ცხოვრებად.

შეხვედრიდან ერთ კვირაში

ივას შეხვედრის მიზეზი არ ელეოდა. იკითხავთ ალბათ, საიმონი სად იყო ამ დროსო. ივამ უთხრა, ეგ გოგო ჩემთვის მინდაო და მანაც გაუგო, ის ხომ ევროპელია!  მოკლედ, ჩემი და საიმონის შეხვედრიდან ზუსტად ერთ კვირაში თავდავიწყებით შემიყვარდა ივა, რომელსაც სჯეროდა, რომ იმ საღამოს ბარში ბედმა მოიყვანა ჩემთან შესახვედრად.

შეხვედრიდან ერთ თვეში

ზოგჯერ წლები გადის ქალის და კაცის ურთიერთობაში ისე, რომ ვერ ხვდები, გინდა თუ არა ცოლად წაჰყვე, ვერც ის ხვდება, შენ ხარ თუ არა მისი ერთადერთი და ბოლოს ყველაფერი განშორებით მთავრდება. არადა, სულაც არ არის საჭირო დიდი დრო ამის მისახვედრად. გაცნობიდან ერთ თვეში ივამ ავარიაში ფეხი მოიტეხა. საავადმყოფოში მივაკითხე. იქ დამხვდნენ ჩემი მომავალი დედამთილ-მამამთილი, მული და მაზლი. ჩემს დანახვაზე ივამ  ბედნიერი ღიმილით გამაცნო თავისი ოჯახის წევრები - ეს შენი მომავალი დედამთილიაო და ა.შ...

მოკლედ, ჩვენ დავქორწინდით, საიმონი ერთ-ერთი ხელისმომკიდე იყო.  ძალიან ბედნიერები ვართ. მე კი ჩემი ამბით იმის თქმა მინდოდა, რომ არასოდეს დაკარგოთ მომავლის იმედი და ნუ ეტყვით უარს მაჭანკლებს, შესაძლოა, ვისაც გირიგებენ, სულაც არ გაინტერესებდეთ, მაგრამ იმ უინტერესოსთან გადაეყაროთ სწორედ მას, ვისთვისაც ცხოვრება ღირს.

სოფო გამრეკელი