"ვისჯები იმიტომ, რომ სხვისი ოჯახი დავანგრიე?!" - კვირის პალიტრა

"ვისჯები იმიტომ, რომ სხვისი ოჯახი დავანგრიე?!"

"თუ ვინმე თქვენთან ურთიერთობას მალავს, ნუ ენდობით"

სამი წლის წინ, იანვრის ცივ ღამეს, გლდანში, მეგობრის დაბადების დღიდან გამოსულმა ტაქსის ხელი ავუქნიე...

- ბარნოვზე რამდენად გამიყვანთ?

- დაჯექით, ცივა, მოვილაპარაკებთ, მაინც იქით მივდივარ.

- აგაშენათ ღმერთმა.

- ინებეთ, იანვარია, ახალი წელი ჯერ არ დაძველებულა, ტკბილად დაბერდით - შოკოლადი გამომიწოდა მძღოლმა.

სითბოში მოსულიერებულმა შევნიშნე, რომ კაცი ძალიან სიმპათიური იყო. ბარნოვამდე საკმარისი გზა იყო საიმისოდ, ერთმანეთი რომ გაგვეცნო და ტელეფონის ნომრებიც გაგვეცვალა...

მერაბი ჩემზე ერთი წლით უფროსია. მან ჯერ ჩემი პირადი მძღოლივით დაიწყო ყოველ საღამოს სამსახურთან ყურყუტი. მერე  ჭიქა ყავაზე დამიყოლია... ბოლოს კი ისე შემაბა, მის ზარს ველოდი, თუ აგვიანებდა, ვნერვიულობდი, როგორც ყველა შეყვარებული ქალი. მერე ჩემთან დარჩა. ერთად გვეძინა და ამით დაიწყო დიდი განსაცდელი. ახლა ორსუ-ლად ვარ და ჩვენი დამალული სიყვარულის ნაყოფს ველოდები. ეს რომ გავიგე, არ ვიცოდი, როგორ მეთქვა მერაბისთვის. მეშინოდა, რომ უარს იტყოდა ბავშვზე.

მერაბს ოჯახი ჰყავს. შვილები უკვე იმ ასაკში არიან, როდესაც თვითონ ეძებენ სიყვარულში თავდავიწყებას. ვფიქრობ, რომ თუ მამა გაუმხელს ჩვენი სიყვარულის ამბავს, ამით ქვეყანა არ დაიქცევა.

ცოლი? ალბათ ცოლიც გაიგებს. ფაქტია, რომ ქმარი დიდი ხანია შინ თითქმის არ მიდის. მერაბი ამასობაში ერთ-ერთ იურიდიულ სააგენტოში მოეწყო, მაგრამ დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, საღამოობით კვლავ ტაქსის დაატარებს. მერე, გვიან ჩემთან მოდის და ისე ვცხოვრობთ, როგორც ცოლი და ქმარი, მაგრამ სახალხოდ ურთიერთობას ვმალავთ.

- მიმატოვებ? - ვკითხე, როდესაც ჩემი ორსულობის ამბავი გაიგო. ჩამიხუტა და დამამშვიდა, დაელოდე მოვლენების განვითარებასო... არ ვიცი, რა იქნება ხვალ. სამი წელია ვთხოვ, წერტილი დაუსვას ჩემს ტანჯვას. ხალხში გამოჩენას ვერიდებით, ადგილებს საგანგებოდ არჩევს, სადმე ახლობელს არ გადაეყაროს და ცოლ-შვილთან არ დაიწვას. რა გამოდის, მათ უფრთხილდება და მე - არა. ასეთი კაცი წამოვა ოჯახიდან? მეც სინდისი მქენჯნის, სხვის ბედნიერებას ვანგრევ, არადა, არ მინდოდა ასე მომხდარიყო, უბრალოდ ვერ გავუძელი ცდუნებას. მერაბი ძალიან თბილია, ყურადღებიანი. ალბათ ოდესღაც ცოლთანაც ასეთი იყო. ახლა, როდესაც სულ ჩემთან არის, ცოლი ხომ უნდა ეჭვობდეს რაღაცას? ერთხელ არ დაურეკავს, არ მოიკითხავს. დავიჯერო, ამ კაცის უსიტყვოდ სჯერა, რომ დილიდან დილამდე მუშაობს? ზოგჯერ კვირა ისე გადის, შინ არ მიდის ღამის გასათევად. ცოტა ხნით შეირბენს, მაშინაც დამირეკავს, ახლა შინ მივედი და მალე გამოვალო. თითქოს ანგარიშს მაბარებს, რომ არ ვიეჭვიანო. მისი მჯერა, მაგრამ მინდა ეს გაუგებრობა დასრულდეს.

სამი დღის წინ შემომთავაზა, უცხოეთში მუშაობის პერსპექტივა გამიჩნდა და ხომ არ წავიდეთო? ფეხმძიმედ რომ ვარ, ხომ არ დაგავიწყდა-მეთქი? მალე წავალთ, სანამ მუცელი შეგეტყობა და ბავშვსაც იქ გააჩენო. არ ვიცი კრიმინალური დრამების ზეგავლენის ქვეშ ვარ, თუ რა მჭირს, მაგრამ მისმა მოულოდნელად გამოჩენილმა უცხოეთში გადაბარგების შანსმა და იმანაც, რომ თითქოს ცდილობს, სანამ მუცელი შემეტყობა, მანამ მომაცილოს ახლობლების თვალს, შემაშინა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს, მისი საქციელი მაშინებს. ერთხელ ისიც კი მკითხა, ვინ იცის, ორსულად რომ ხარო? არავინ-მეთქი. ძალიან კარგიაო, მაგრამ ვერ გავიგე, რატომ არის ძალიან კარგი?! ვითომ ვისჯები იმის გამო, რომ სხვისი ოჯახი დავანგრიე? გაითვალისწინეთ ჩემი შეცდომა და ნუ გაიმეორებთ! თუ ვინმე თქვენთან ურთიერთობას მალავს, ნუ ენდობით. ასეთი სიყვარული ძალიან დამტანჯველია. როცა მორევი ჩაგითრევს, თავის დაღწევა ძნელია.

იხილეთ ასევე: "ორი ქმარი მყავს... პირველი არ მანებებს თავს, შენი ქმარი ვარ და ასე მოვკვდებიო"

სოფო გამრეკელი