მოპარული გული, ანუ როგორ იქცა ქურდი კაცად - კვირის პალიტრა

მოპარული გული, ანუ როგორ იქცა ქურდი კაცად

"ქალს შეუძლია სასწაული მოახდინოს კაცის ცხოვრებაში, გარეწარსაც კი გაუღვიძოს ადამიანური გრძნობა და აღარასოდეს მოუნდეს ცხოვრების ფსკერზე დაბრუნება. შეყვარებული ქალის დახმარებით მეორედ დაბადებული კაცი ვარ და მინდა ჩემი თავგადასავალი გიამბოთ. იქნებ ვინმეს ძალიან სჭირდება ამის მოსმენა, რათა საყვარელი ადამიანის გადასარჩენ ბრძოლაში ხელი არ ჩაიქნიოს", - მითხრა მამუკამ, რომელიც რედაქციაში გვესტუმრა. საოცრად ღელავდა. მოგვიანებით დამშვიდდა და წლების წინ თავს გადახდენილი ამბავი გვიამბო.

"დღევანდელივით მახსოვს 1998 წლის 21 მარტი. ქუთაისში, კიკვიძის ძეგლთან ავტობუსს ველოდებოდი.“ჯიბის ქურდი ვიყავი და ავტობუსს იმ დროს ვუსაფრდებოდი, როცა სტუდენტები შინ ბრუნდებოდნენ, რათა მგზავრებით გატენილ ტრანსპორტში საკბილო იოლად მენახა... ერთხელ, ჩემდა გასაკვირად, ავტობუსი თითქმის ცარიელი მოვიდა. ასეთ დროს "მუშაობა" ჭირდა. ამიტომაც მგზავრების თვალიერება დავიწყე, რაიმე შანსი რომ არ გამეშვა ხელიდან. უკანა კართან გოგო იდგა, საოცრად ლამაზი,  ძალიან მშვიდი. ფიქრებით სულაც არ იყო ავტობუსში. უცებ შეკრთა, ჯიბიდან პლასტმასის სამაჯურიანი საათი ამოიღო, დახედა და ისევ ჯიბეში ჩააბრუნა. არ ვიცი, რა დამემართა. თვალს ვერ ვაცილებდი. გაჩერებაზე ხალხი ამოგვემატა. მე იმ გოგოს გვერდით დავდექი ისე, რომ მისი პალტოს განიერ ჯიბეში თავისუფლად შემეძლო ხელის ჩაყოფა. ძველი საათი ამოვაცალე და ჩემი, ცხადია, მოპარული, ძვირფასი საათი ჩავუგდე. იგრძნო, რომ რაღაც მოხდა. ჯიბეში ხელი ჩაიყო და საათს რომ დახედა, შეკრთა. მერე შემომხედა. უცებ გაჩერებული ავტობუსიდან ჩავხტი და გავიქეცი. რას ვიფიქრებდი, რომ გამომყვებოდა. გავჩერდი. რატომ მომდევ-მეთქი. ჩემი საათი დამიბრუნე და ეს წაიღეო, - მითხრა მკაცრად. ისეთი ტონი ჰქონდა, ვერ შეეწინააღმდეგებოდი. მივეცი და ვუთხარი, ჩემი არ დამიბრუნო-მეთქი. რად მჭირდებაო, მომიგდო და წავიდა. იმწუთას სიკვდილი ვინატრე.

უცებ გონს მოვეგე და ავედევნე. მომდევნო ავტობუსში ავიდა. გავყევი, სახლამდე ფარულად მივდევდი, მაგრამ გრძნობდა და დროდადრო უკან იხედებოდა. დავიმახსოვრე მისი კორპუსი. მეორე დღეს დავიწყე ძიება, ვინ იყო, ვისთან ახლობლობდა. თურმე ჩემს ბიძაშვილს, თაკოს და მას საერთო მეგობრები ჰყავდათ. ნინო ძალიან სერიოზული გოგოა, სულ წიგნებში აქვს ჩარგული ცხვირი, შენნაირ უსაქმურებს ზედაც არ შეხედავსო, - მითხრა თაკომ. ვნახოთ-მეთქი და ვთხოვე, როგორმე შევეხვედრებინე. ერთ საღამოს მითხრა, ხვალ, ლექციების შემდეგ, მეგობართან ვიკრიბებით და მოდიო. ნინომ დამინახა თუ არა, ზიზღით გამოცრა, - ახლავე წადი აქედან, თორემ მე წავალ და თან მიზეზსაც ვიტყვიო. საოცარი ძალა ჰქონდა ხმაში. მაშინვე წამოვედი. იმ დღეს გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, გავმხდარიყავი ისეთი კაცი, ვისაც ნინო პატივს სცემდა. თბილისში წავედი,  უნივერსიტეტში ჩავირიცხე, პარალელურად არანაირ სამუშაოს არ ვთაკილობდი, - თაკომ მკითხა, არ გეშინია, ნინო გათხოვილი რომ დაგხვდესო? არა-მეთქი. მტკიცედ მჯეროდა, რომ ის გოგო ჩემი ბედისწერა იყო. 3 წლის შემდეგ დავბრუნდი ქუთაისში, თბილისში უკვე ნორმალური სამსახური მქონდა მელოდა. გული მეუბნებოდა, რომ ნინოსთან შეხვედრის დღე ახლოვდებოდა. მინდოდა ენახა, როგორ ვიქეცი კაცად.

2001 წლის 11 იანვარი იყო. ნინოს სამსახურთან ვიდექი და ველოდებოდი, როდის გამოვიდოდა. მჯეროდა, რომ შემამჩნევდა და ხელს არ მკრავდა. თოვდა, საოცრად ლამაზად ბარდნიდა...

დავინახე და კანკალმა ამიტანა. დავუძახე, მობრუნდა, გამიღიმა და ხელი გამომიწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სცენა მილიონჯერ დამიდგამს წარმოსახვაში, არ მჯეროდა, რომ ყველაფერი ცხადში ხდებოდა.

ნინო დღეს ჩემი ცოლია. უბედნიერესი კაცი ვარ. ამიტომაც ქალსაც და კაცსაც ვურჩევ, თუ ვინმე გიყვართ და ხედავთ, რომ ცუდ გზას ადგას, ნუ ჰკრავთ ხელს, მიეცით შანსი, რომ ადამიანი მეორედ დაიბადოს...