"მინდოდა ბოლომდე თქვენი ოჯახის კისერზე ყოფილიყო ამ ბავშვის სიკვდილიო..." - კვირის პალიტრა

"მინდოდა ბოლომდე თქვენი ოჯახის კისერზე ყოფილიყო ამ ბავშვის სიკვდილიო..."

მარინემ (სახელი შეცვლილია) კაფეში მთხოვა შეხვედრა - ჩემი თავგადასავალი უნდა გიამბოთ, არ მასვენებს საშინელი ცოდვაო... ის  ერთ-ერთ საავადმყოფოში წლების განმავლობაში აკეთებდა აბორტებს, სანამ განგებამ მძიმე განსაცდელის წინაშე არ დააყენა...

მარინე: - ლამაზი გოგო ვიყავი, მაგრამ ისე გადავყევი სწავლას, ჩემი თავისთვის ვერ მოვიცალე - უკან რომ მოვიხედე, უკვე გვიანი იყო. რომც გავთხოვილიყავი, შვილი აღარ გამიჩნდებოდა. მერე ცხოვრებაც აირია. მხოლოდ ექიმის, გინეკოლოგის შემოსავლით ცხოვრება გაჭირდა. მარტო რომ ვყოფილიყავი, გავიტანდი თავს, მაგრამ ნაადრევად დაქვრივებული დის სამი შვილი საპატრონო იყო - ჩემი სიძე აფხაზეთში დაიღუპა. ხელფასს ავიღებდი თუ არა, ვალებს ვისტუმრებდი და მორჩენილი გროშებით ბაზარში მივდიოდი. შინ ჯიბეცარიელი და ახალი ვალების მოლოდინით ვბრუნდებოდი. ასე ვცხოვრობდი, სანამ ღირსეული ექიმი ვიყავი.

ერთ დღეს თანამშრომელს ფული რომ ვესესხე, შემომთავაზა, ძალიან კარგი სპეციალისტი ხარ, არავის ახსოვს, რამე შეგშლოდეს, შენი გაკეთებული აბორტებიც უსაფრთხო იქნებაო. მაშინ არ მიფიქრია იმაზე, რომ უდანაშაულო სულები უნდა გამენადგურებინა, მაგრამ მაინც უარი ვთქვი, რადგან ჩემი განათლებისა და გამოცდილების ექიმს ეს საქმე არ მეკადრებოდა. პატივმოყვარეობა მაწუხებდა, ვიდრე მათი ბედი, ვისაც დაბადებამდე მოვუსწრაფებდი სიცოცხლეს. ერთი კვირის შემდეგ მივიღე საშინელი გადაწყვეტილება. ვერ ვაცნობიერებდი, რომ ჯალათი ვიყავი, რომელიც ჯალათობას სიდუხჭირით ამართლებდა.

- იცოდით, თქვენი საქციელი გაუმართლებელი იყო და მაინც აკეთებდით ამას?

- არაფერზე ვფიქრობდი, სანამ საბედისწერო დღე არ დადგა. დღეში ზოგჯერ 15 აბორტიც გამიკეთებია. იმ დღეს, კი, როდესაც ლიკა მოვიდა ჩემთან, თავზარი დამეცა. ლიკა ახლა ჩემი შვილობილია. მაშინ პაციენტი იყო. სიკვდილამდე მემახსოვრება მისი გამტკნარებული სახე. როდესაც გინეკოლოგიურ მაგიდაზე დაწვა, ხელები ამიკანკალდა, გულის რევის შეგრძნება გამიჩნდა, თავბრუ დამესხა. დავლიე დამამშვიდებელი, მაგრამ პაციენტთან რაღაც ძალამ არ მიმიშვა. უცებ ვუთხარი, - ხელს ვერ დაგაკარებ, ეს ბავშვი აუცილებლად უნდა დაიბადოს-მეთქი. სხვასთან წავალო, ამოილუღლუღა. ძალით შევიყვანე ჩემს კაბინეტში. ვუთხარი, - შვილი არ მყავს და გული მწყდება, რომ ვერასოდეს ვიგრძნობ იმ ბედნიერებას, რაც უამრავ ქალს განუცდია, როდესაც  ჩვილს მკერდზე დავუწვენ-მეთქი. რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, მე, ასობით აბორტის გამკეთებელი, ვუმტკიცებდი ლიკას, რომ უდიდესი ბედნიერებაა დედობა. უცებ გოგონამ გონება დაკარგა და სკამიდან გადავარდა. გონზე რომ მოვიყვანეთ, დამაწყნარებელი გავუკეთეთ და ჩაეძინა. იწვა ჩემს კაბინეტში დივანზე და ოთახიდან გასვლა არ მინდოდა. იმ დღეს უარი ვთქვი  აბორტზე, ეს იყო სამუდამო უარი ამ საშინელ საქმეზე.

- რა მოხდა?

- ალბათ ეს ბედისწერა იყო. ვფიქრობდი, როგორ გადამერჩინა უბედურებისგან ეს გოგო. მის მობილურზე ვიღაცამ დარეკა. ზარს რომ არ გაეღვიძებინა, სასწრაფოდ ვუპასუხე, ლიკას სძინავს, მოგვიანებით დაურეკეთ-მეთქი. უცებ ჟრუანტელმა დამიარა - ხმა ძალიან ნაცნობი და ახლობელი იყო. ეკრანს დავხედე, ჩემი დისშვილის, ჩემი საფიცარი გუგას ნომერი იყო...

- ლიკა გუგასგან იყო ფეხმძიმედ?

- დიახ. მან უარი თქვა ბავშვზე, ლიკა არ მიყვარს, ყველაფერი შემთხვევით მოხდაო. ჩემმა დამაც შვილს დაუჭირა მხარი. ლიკას მშობლებმაც აქციეს ზურგი...

თურმე გუგა ლიკას სთავაზობდა, - დეიდაჩემი გაგიკეთებს აბორტს, მე თვითონ მიგიყვანო... გოგონამ თვითონ მომძებნა, - მინდოდა, ბოლომდე თქვენი ოჯახის კისერზე ყოფილიყო ამ ბავშვის სიკვდილიო... ლიკა ვიშვილე, ვამშობიარე და ბებია გავხდი. სამუდამოდ გავწყვიტე კავშირი დის ოჯახთან.

ხშირად მეუბნებიან, ძალიან მკაცრად მოექეცი ახლობლებსო. იქნებ ასეც არის, მაგრამ მე ახლა ბედნიერი ვარ...

სოფო გამრეკელი