რატომ ვისჯებით მშობლების წარსულის გამო
04-11-2013
რატომ ვისჯებით მშობლების წარსულის გამო
ხშირად, როდესაც სასიყვარულო თაგადასავლებს ვისმენ, ვფიქრობ, როგორ ჰგავს ეს ყველაფერი ჰოლივუდურ ფილმებს. თუმცა რა გასაკვირია? ფილმების სცენარებიც ხომ ადამიანთა თავგადასავლების მიხედვით იწერება. ანანოსა და ლუკას ამბავმაც შესაძლოა, ფილმები ან სულაც - ტელესერიალები გაგახსენოთ, ან ვიღაცას მათი ამბის ფილმად გადაღება მოუნდეს.

ანანო: - მე და ჩემი საქმრო ლუკა მშობლების წარსულის გამო ვისჯებით. დედაჩემს და ლუკას მამას ერთმანეთი ჰყვარებიათ, მაგრამ მათი რომანი უიღბლოდ დასრულებულა და ახლა სურთ, ჩვენც იგივე დაგვემართოს, მაგრამ შვილებმა
რატომ უნდა გავიზიაროთ მშობლების ბედი?

ლუკა სამი წლის წინ გავიცანი. მალე დავახლოვდით და აღმოვაჩინეთ, რომ უერთმანეთოდ გაძლება გვიჭირდა, მაგრამ რადგან ვსწავლობდით, დაქორწინება არ ვიჩქარეთ. დავამთავრეთ, მუშაობაც დავიწყეთ, თან ლუკას მამამ ბინა აჩუქა და მარტო გადავიდა საცხოვრებლად. მოკლედ, საქმე ისე აეწყო, რომ გადავწყვიტეთ, მშობლებისთვის ჩვენი გადაწყვეტილება
გაგვემხილა.

ჯერ მე მოვიწვიე ლუკა ოჯახში. თავიდან ყველაფერი კარგად იყო. სადილის დროს მამამ ლუკას ჰკითხა, რა გვარი ხარ, სად ცხოვრობ, მშობლები ვინ არიანო და როდესაც ლუკამ პასუხის გაცემა დაიწყო, დედას ხველა აუვარდა. ვიფიქრე, რომ ლუკმა გადასცდა. ბოდიში მოიხადა, ოთახიდან გავიდა და აღარ შემოსულა. რომ შეაგვიანდა, მივაკითხე. საძინებელში იწვა, თვალცრემლიანი. რა გჭირს-მეთქი? შევშფოთდი. ეგ ბიჭი არ მომწონს, მერე დაგელაპარაკებიო. ახლავე მითხარი, რა დაგიშავა-მეთქი? თვითონ არაფერს აშავებს, ცუდი მამა ჰყავს, ბევრი სიავის ჩამდენი კაციაო. გამაჟრჟოლა.  მივხვდი, თუ ლაპარაკს განვაგრძობდი, ლუკასთან ვეღარ დავმალავდი მღელვარებას და სასწრაფოდ მივატოვე დედა.

ლუკა: - ოთახში შემოსული ანანო ძალიან ცდილობდა, დაემალა თავისი განწყობა, მაგრამ სახეზე ეწერა, რომ რაღაც მოხდა. დედა შეუძლოდ გახდა და ბოდიში მოგიხადაო, თქვა და გამხიარულებას შეეცადა. მალე წამოვედი. გული მიგრძნობდა, რომ ჩემი სასიდედრო ჩემ გამო გახდა შეუძლოდ. თურმე წინ საშინელი სიურპრიზი მელოდა.

მალე ანანო ჩემთან მივიწვიეთ. დედაჩემი ღიმილით შეხვდა, გულში ჩაიკრა, რა ლამაზი გოგო ხარო, მამაჩემი კი შემცბარი უყურებდა (ანანო დედას ჰგავს) და უცებ ჰკითხა, შენი მშობლები ვინ არიანო? როდესაც ანანომ მშობლების ვინაობა გაამხილა, მამაჩემს ალმურმა აჰკრა და ოთახიდან გავიდა, თუმცა მალევე შემოვიდა. სახეზე სისველე ემჩნეოდა, ჩანდა, წყალი შეისხა გასამხნევებლად. სადილობისას წარბი ერთხელაც არ გაუხსნია. ვგრძნობდი, ცა იქუფრებოდა ჩემი და ანანოს თავზე და იმასაც ვგრძნობდი, რომ ჩვენს მშობლებს რაღაც აკავშირებდათ ერთმანეთთან.

ორიოდე დღეში მამაჩემმა გამოაცხადა, რომ ჩემს ბინას ჰყიდდა, ფული მჭირდება საქმეში ჩასადებადო. მე და ანანო დაქორწინებას ვაპირებთ და ახლა ბინის გაყიდვა არ მინდა-მეთქი. რა დროს ანანოა, ეგ გოგო არ მომწონს, ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ და უკეთეს ქალს შეხვდებიო. იმ წამიდან ვიცოდი, რომ არც მამაჩემის სახლი მჭირდებოდა და არც მისი სახელის გაგონება მინდოდა.

ანანო: - ლუკასთან შეხვედრის შემდეგ დედაჩემი ან დუმდა, ან ცალყბად მეტყოდა ხოლმე, ეგ ისეთი მამის შვილია, ბედნიერი ვერ იქნებიო. როგორც კი მამაჩემის თანდასწრებით ვცდილობდი დედაჩემის ალაპარაკებას, ოთახიდან გარბოდა. Bბოლოს მამას ვუთხარი, იქნებ შენ მაინც გაარკვიო, რა იცის დედამ ლუკას მამის შესახებ ისეთი, რის გამოც მისი რძლობა არ ღირს-მეთქი? სანამ მამა გაარკვევდა, სამამამთილომ გამაგებინა ყველაფერი. დამირეკა, უნდა შევხვდეთო. ჟრუანტელმა დამიარა. მგონი, დედა მართალია, როგორ მოვიქცე, ლუკას ვუთხრა, თუ მარტო შევხვდე-მეთქი? - დიდხანს ვიფიქრე და ბოლოს მარტო წავედი.

ის კაცი ადამიანს არ ჰგავდა, სიბრაზისგან სახე მოჰქცეოდა. ჩემს შვილს თავგზას ნუ ურევ, თავი დაანებე. დედაშენიც ასე ცდილობდა ჩემს ხელში ჩაგდებას და ახლა ცდილობს, სამაგიერო შენით გადამიხადოსო... ყველაფერი მამაჩემს და ლუკას ვუთხარი. ლუკა შინიდან წამოვიდა, ბინა იქირავა და მამაჩემს სთხოვა ჩემი ხელი. მამა დაგვპირდა, რომ ყველაფრით დაგვეხმარება. ამის გამგონე დედაჩემი ისე გაცოფდა, სახლიდან გაიქცა. ლუკას დედამაც ჩვენ აგვიბა მხარი, მაგრამ სამამამთილო ვერ ისვენებს - ლუკა მის მეგობართან მუშაობდა და სამსახურიდან გააშვებინა. საბედნიეროდ, მან სხვა სამსახური იშოვა და არ აპირებს ქორწინების გადადებას, მაგრამ მამამისი ახლა მე მიტევს, მითვლის, შენ და მაგ გამოსულელებულ ჩემს შვილს ცარიელ-ტარიელზე დაგტოვებთ, ქვეყნიდან გასაქცევად გაგიხდით საქმესო. წავალთ, ეგეც არ არის პრობლემა, მაგრამ ვერ გაგვიგია, ეს კაცი ასე რამ გააბოროტა, ან ერთმანეთს ისეთი რა დაუშავეს დედაჩემმა და იმ კაცმა, რომ ჩვენმა სიყვარულმა ორივე ჭკუაზე შეშალა - ერთმა ქმარი და სამი შვილი მიატოვა, მეორემ კი ერთადერთ ვაჟზე თქვა უარი?

ლუკა: - მეც უარს ვამბობ მამაზე და მზად ვარ, ჩემი სიყვარული დავიცვა, მამაჩემი კი ღმერთმა განსაჯოს. მისი საქციელის შემყურე ჩემს სასიდედროს ვერც კი ვამტყუნებ. მე როგორ მექცევა და შეყვარებულს რას უზამდა?!

სოფო გამრეკელი
vika
24 აპრილი 2017 01:58
Pirvel rigshi gaarkviet xalxo erti sisxlisani xom ar xart..ase dzaan rom gadairivnen mshoblebi tanac warsulshi ertad yofilan nutu arafris echvi gagichdat.. da yochag am bichs tavis siyvarulistvis ase rom brdzolobs mshobeltannn
ნანიკო
04 იანვარი 2015 17:21
აუცილებლად ათქმევინონ ანანოს დედას,ვისგან ჰყავს ანანო,თუ იმ კაცისგან,მაშინ დაშორება მოუწევთ და ამას უნდა შეეგუონ,რადგან და-ძმის,საერთო გენეტიკის მქონე ადამიანების ქორწინება, დაუშვებელიცაა და საშიშიც! თუ ეს გამოირიცხება,მაშინ აუცილებლად უნდა იბრძოლონ თავიანთი სიყვარულის გადასარჩენად,მშიობლების სისულელეებზე შვილები არ უნდა აგებდნენ პასუხს.ისე კი ორივე,ქალიც და კაციც უპასუხიხმგებლოები არიან,რა შუაშია რაიმეს დამალვა და ტყუილი,რატომ უნდა დაუნგრიონ შვილებს ცხოვრება და მოუწამლონ არსებობა ასეთმა უვიცმა ადამიანებმა?
gio
07 დეკემბერი 2013 17:15
თუ ანანო ლუკას დაა აუცილებლად უნდა აეხადოს ფარდა ამ საიდუმლოს, თუ არა მაშინ ასეთ დიდ სიყვარულზე უარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვან თუნდაც წარსულში მათ მშობლებს ინტიმური ურთიერთობა ჰქონოდათ.

რედაქტორის რჩევით