2009 წლის "მარგალიტები" - კვირის პალიტრა

2009 წლის "მარგალიტები"

"წლის პალიტრისთვის" კი გადანახული ამბებიდან რამდენიმე სახალისო ამოვარჩიეთ. მაშ ასე, 2009 წლის გამორჩეული ამბები...

ჩვენს რუბრიკას კვირიდან კვირამდე ძალიან ბევრი წერილი და მესიჯი მოსდის. რედაქციაშიც ხშირად მოდიან რესპონდენტები გულის გადასაშლელად.

ახლა წარმოიდგინეთ, ერთი წლის მანძილზე რამდენი ამბავი დაგვიგროვდებოდა. ბევრი იკითხავს, - თუ კაცი თავის დარდსა და სატკივარზე გიყვებათ, რატომ არ უბეჭდავთო? ჩვენო მკითხველო, ნუ გაგვინაწყენდები, მაგრამ ყველას გამოქვეყნება ტექნიკურად შეუძლებელია. ძნელია, გაზეთის ერთ გვერდში ყველა წერილის ჩატევა.

მორიდებული ვაჟიკა

ჩემს რესპონდენტთაგან გამორჩეულია ხევსური ვაჟიკა. თავიდან კვირა არ გავიდოდა, არ დაერეკა, ექსპრომტად ლექსი არ ეთქვა და მერე ამ რუბრიკით დაბეჭდილი წერილები არ განეხილა. თან ყოველ დარეკვაზე "პალიტრელებთან" ერთად ბარისახოში მეპატიჟებოდა... თანდათან ჩემს უცნაურ მკითხველსა და უდავოდ კოლორიტულ ვაჟიკას ისე შევეჩვიე, რომ ყოველ სამშაბათ საღამოს მოუთმენლად ველოდი მის სატელეფონო რეცენზიებს. ორი თვის მერე თავის ცხოვრებაზე მიამბო რაღაც-რაღაცები, ბოლოს კი დაამატა: მარინა, ამას პირადად ვერასოდეს გეტყოდი, ძალიან მორიდებული კაცი ვარ, მაგრამ სხვები რო ასე გახსნილად გელაპარაკებიან, მეც გავბედე ერთი-ორი სიტყვა მეთქვა ჩემზეო. გავიდა დრო. ჩვენი სატელეფონო დიალოგები ძველებურად გრძელდებოდა. მერე მითხრა, - თბილისში საქმე მაქვს, ჩამოვალ და რედაქციაშიც გამოგივლიო. მართლაც, სამი დღის შემდეგ მოვიდა... ვაჟიკა 64 წლის კაცია, ძალიან უყვარს პოეზია, თვითონაც ლექსებს, შაირებს, კაფიებს ხევსურთათვის დამახასიათებელი სილაღით წერს და მადლიანადაც კითხულობს. ფეხით აქვს მოვლილი მთელი საქართველო.

კარგა ხანს ვისაუბრეთ მე და ვაჟიკამ, რამდენიმე ჩემი კოლეგაც გავაცანი. კიდევ ერთხელ, ვინ იცის, მერამდენედ მიგვიპატიჟა ხევსურეთში. მერე წავიდა ვაჟიკა და თან გაიყოლა იმედი, რომ მისი საყვარელი გაზეთის ჟურნალისტები აუცილებლად ვესტუმრებოდით ბარისახოში.

გავიდა ორი დღე, მერე სამი, ოთხი და საკორესპონდენტო ოთახში თვალში მოგვხვდა დიდი შავი პარკი, რომელსაც თითს ჯიუტად არავინ აკარებდა, არადა, ძალიან "საინტერესოდ" გამოიყურებოდა... ერთმანეთს ვეკითხებოდით, "შენია?", "შენს რესპონდენტს ხომ არ დარჩენიაო",  მაგრამ ყველა მხრებს ვიჩეჩავდით... ბოლოს, ერთმა გვირჩია, - გახსენით, თქვე კაი ხალხო და ჩაიხედეთ, რაა შიგ, ეგება ბომბი ჩაგვიდო ვინმემო. ჯერ გაგვეცინა, მერე ცერად გავხედეთ შავად მოლაპლაპე ლამაზ პარკს და ბოლოს, ფრთხილად მივუახლოვდით საეჭვო "ობიექტს". გავხსენით და რას ვხედავთ? შოკოლადის დიდი ყუთი და სასმელი არ დევს?! მაშინვე მოგვინდა, გაგვეხსნა, მაგრამ ცოტათი შევყოყმანდით - იქნებ, ვის მოუტანეს და უხერხულია, სხვის ნობათს ჩვენ ხომ არ მივისაკუთრებთო! საღმა აზრმა კვლავ გაიმარჯვა - ჩვენ გარდა ამ ოთახში არავინ შემოდის, შესაბამისად, ერთ-ერთი ჩვენი რესპონდენტის მოტანილია, ასე რომ, ვინც ახლა აქ გვაკლია, დავურეკოთ, ვკითხოთ და თუ მისია, ამ მადისაღმძვრელი სასუსნავისა და სასმელის გახსნის ნებართვა ავიღოთ. ყველამ უარი თქვა.... მერე, ჩვენს ფოტოკორესპონდენტს, ფრიდონ გეგეშიძეს, მოთმინებამ უმტყუნა - დამელია სული, მაჭამეთ ერთი ცალი შოკოლადიო! პატარა ჭიქაში სასმელი ჩამოვასხით და ჩვენს ფრიდონს პირველი სიტყვის უფლება მივეცით. მან კი იმერული კილოთი საზეიმოდ წარმოთქვა: - ამით, მეგობრებო, იმ ადამიანს გოუმარჯოს, ვინც გეისარჯა და ჩვენ დაგვაფასაო - მე, ემამ, ნინომ და იზომ ავიტაცეთ და მართლაც გულით ვადღეგრძელეთ ის მადლიანი ადამიანი, რომელმაც ასე მოულოდნელად გაგვახალისა... და უცებ გამინათდა გონება, გამახსენდა, რომ ოთხი დღის წინ ჩემს რესპონდენტ ვაჟიკას იღლიაში უხერხულად ჰქონდა ამოჩრილი რაღაც დიდი შავი პარკი და სკამზე რომ ჩამოჯდა, იქვე, თაროზე დადო... როცა იქ მყოფთ ვაჟიკა გავახსენე, ისეთი სიცილი აგვიტყდა, კარგა ხანს ვერ დავწყნარდით. ასეთი მორიდებულობაც არ ვარგა, - ვბუზღუნებდი მოგვიანებით. არადა, ნეტავ იცოდეთ, ჩვენი ხევსური რა ლაღად კითხულობს ლექსებს ტელეფონში!..