კონკიას ქართულ-ამერიკული ზღაპარი - კვირის პალიტრა

კონკიას ქართულ-ამერიკული ზღაპარი

ოჯახის სარჩენად უცხოეთში გადახვეწილთა უზარმაზარ ლაშქარში ერთი ლამაზი, თბილისელი გოგოც აღმოჩნდა. მამა ნაადრევად გარდაეცვალა. დედას მძიმე სენი დაუდგინეს, იმედიც მისცეს, თუ ძვირად ღირებულ მკურნალობას ჩაიტარებთ, გადარჩებითო. ქეთიმ ავადმყოფი დედა უმცროს და-ძმას დაუტოვა. უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლაც შეწყვიტა და ამერიკაში გადაიხვეწა.

ქეთიმ მალევე იშოვა სამსახური - ოფისის დამლაგებლად აიყვანა ახალგაზრდა იურისტმა საკუთარ კომპანიაში. საღამოობით კი მოხუცს უვლიდა, ძაღლს ასეირნებდა და სხვა წვრილმან სამუშაოებსაც ასრულებდა. თავისუფალი დრო თითქმის აღარ რჩებოდა, მაგრამ თავს არ ზოგავდა. ერთ დილას დაქანცულს ისე ჩაეძინა, რომ ოფისში დააგვიანდა. ჯეიმსს, კომპანიის შეფს, ყოველთვის მოწესრიგებული ქეთისგან გაუკვირდა ეს. როდესაც გოგონა აღელვებული უხსნიდა დაგვიანების მიზეზს, დაამშვიდა, ერთხელ ყველას შეიძლება ჩაგვეძინოსო. ქეთი ჩაიზე დაპატიჟა და მის შესახებ მეტის გაგება მოინდომა. დამქირავებელს ეგონა, გოგონა ამერიკაში სწავლობდა და დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით ალაგებდა ოფისს. როდესაც მისი ამბავი შეიტყო, გაიკვირვა, ასეთი განათლებული გოგო დამლაგებლობაზე როგორ ცდებიო?!

ქეთი - მხრებაწურული დავემშვიდობე. მესამე დღეს შეტყობინება დამიტოვა, როდესაც ოფისს დაალაგებთ, არ წახვიდეთ, თქვენთან სალაპარაკო მაქვსო. ვგრძნობდი, რაღაც უჩვეულო უნდა მომხდარიყო... შემომთავაზა, უნივერსიტეტში სწავლა გამეგრძელებინა. თუ ჩაბარებას შეძლებ, სტიპენდიაც კარგი გექნება და მეც უკეთეს სამსახურს გაშოვნინებ, ისე, რომ შენს ოჯახსაც დაეხმარები და ცხოვრებაშიც წინ წახვალო. ენა კინაღამ ჩამივარდა, როდესაც გამომიცხადა, გამოცდებისთვის რომ მოემზადო სამ თვეს გაძლევ და ზუსტად იმ თანხას დაგინიშნავ სტიპენდიად, რამდენსაც თვიურად ათას სამუშაოზე მოდებული იღებ.  არაფერს გჩუქნი, ისწავლი და მერე დამიბრუნებო... გაოცებული შევცქეროდი კაცს, რომელიც მფარველ ანგელოზად მომევლინა.

- ალბათ, შეგიყვარდა კიდეც?

- არა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სიმპათიური და უზომოდ კეთილი ადამიანია, ტვინში გამორთული მქონდა სიყვარულის, ფლირტის, კეკლუცობის ყველა ინსტინქტი. ამერიკაში ხომ იმიტომ ჩავედი, ოჯახი გადამერჩინა...

უნივერსიტეტში მიმიღეს სამაგისტრო პროგრამაზე. ჯეიმსთანაც ვმუშაობდი სოციოლოგიურ კვლევებზე. ერთ დღეს შემომთავაზა, უიკენდზე მთებში ხომ არ წამოხვალო? გავყევი. აინტერესებდა ყველაფერი ჩემი ქვეყნის შესახებ. მეც ვუამბობდი სვანეთზე, თუშეთზე, ხევსურეთზე... უცებ მომიბრუნდა, არ გინდა საახალწლოდ შენს სამშობლოში წავიდეთო? მაშინ კიდევ უფრო თბილი, უშუალო და ძალიან ახლობელი ჯეიმსი დავინახე. იმ საღამოს ამეკვიატა მასზე ფიქრი... არადა, ყოველთვის მამასავით ვუყურებდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის მხოლოდ ათი წელი იყო სხვაობა...

საქართველო რომ მოვიარეთ და უკან ვბრუნდებოდით, მაშინ გამომიტყდა სიყვარულში. ლონდონში თვითმფრინავში გადაჯდომამდე დრო გვქონდა და ქალაქის ქუჩებში გავისეირნეთ. უღიმღამოდ ათვალიერებდა იქაურობას. მერე ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა -  საქართველოს ნახვის შემდეგ ყველაფერი გაუფერულდა, შენ კი ძალიან მომწონხარ და მინდა ცოლად გამომყვეო...

- ალბათ, მალე დაქორწინდით.

- ვუთხარი, რომ  ძალიან მინდოდა ჯვარი დამეწერა ჩემი რელიგიის მიხედვით, მაგრამ ამას ვერ შევძლებდი, თუ ჩემი ქმარიც მართლმადიდებელი არ იქნებოდა... რამდენიმე ხანში თავის რუმინელ მეგობარს სთხოვა, მისი ნათლია გამხდარიყო და რუმინულ ეკლესიაში მოინათლა. შემდეგ თბილისში ჩამოვედით და ჯვარი დავიწერეთ. დედაჩემი უბედნიერესი იყო. ის სიძისთვის ლოცულობდა, ფაქტობრივად, ჯეიმსმა გადაარჩინა ჩემი ოჯახი. ამ კაცმა ყველაფერი მომცა ბედნიერებისთვის, ყველაზე ძვირფასი შვილებიც მაჩუქა.

როდესაც ჯეიმსს ვუყურებ, ვფიქრობ, ჩემი ცხოვრება კონკიას ზღაპარს ჰგავს, რომელსაც საუკეთესო პრინცი გამოუგზავნა ღმერთმა. დაიჯერებთ? მას მერე, რაც ჯეიმსი მოინათლა, ძალიან მორწმუნე გახდა. ახლა ის საგანგებოდ კითხულობს ჯანმრთელობის ლოცვას დედაჩემისთვის, რომელსაც დედას ეძახის.

სოფო გამრეკელი