"ისე უყვარს თავისი ოჯახი, ორი შვილით და მოღალატე ქმრით, რომ მზად არის ყველაფერზე წავიდეს"
18-11-2015
"ისე უყვარს თავისი ოჯახი, ორი შვილით და მოღალატე ქმრით, რომ მზად არის ყველაფერზე წავიდეს"
ოთხი წლის წინ, თბილისიდან ბათუმში მატარებლით გავემგზავრე. დიდ მანძილზე საკუთარი ავტომობილით სიარული მეზარება ხოლმე, ძალიან ვიღლები. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მე არ ვყოფილვარ ასეთი. ჩემთან ერთად მგზავრობდა სიმპათიური, ჩემი ასაკის მამაკაცი. ასე გავიცანი ვახო. უცოლო ვარო, - მითხრა. ბათუმში ჩასულს საღამოს დამირეკა, შევხვდით ერთმანეთს, კარგა ხანს  ბარში ვისხედით. ბათუმიდანაც ერთად წამოვედით. როგორც ხშირად ხდება, ეს ნაცნობობა პირად სიმპათიაში  გადაიზარდა.

- თბილისშიც ხვდებოდით ერთმანეთს?

-  ვახო ბიზნესმენია. საქმიანი პარტნიორები გავხდით. ყოველდღე გვქონდა
ურთიერთობა, თუმცა, ფლირტს ვერ შენიშნავდი...

- რამდენ ხანს გაწელეთ შორით წვა და დაგვა?
- დაახლოებით წელიწად-ნახევარი. მერე მითხრა, რომ ძალიან მოვწონდი... მეც გავუთამამდი. შემომაპარა, შენთან რომ გადმოვიდე საცხოვრებლად, რას იტყვიო? გამიკვირდა, მეგონა, მასთან ცხოვრებას შემომთავაზებდა, მშობლებს, დედმამიშვილებს და ახლობლებს გამაცნობდა. არ მიფიქრია, რომ მაშინვე დავქორწინდებოდით,
მაგრამ, ხომ იცით, ქალები საბოლოოდ მაინც ქორწინებაზე ვფიქრობთ, როდესაც კაცს ოფიციალურად ან არაოფიციალურად ვუკავშირებთ ცხოვრებას. ერთი კვირის შემდეგ შემახსენა, რა ვქნა, შენ გარეშე მიჭირს ცხოვრებაო... ხომ არ ვჩქარობთ-მეთქი. თან ვფიქრობდი, რა გაუჭირდა იმის ფასი, რომ ბინის დაქირავება ვერ შეძლო და ჩემთან უნდა გადმოსვლა-მეთქი?

მის მეგობრებთან და სხვა პარტნიორებთან  არ მაქვს ისეთი ახლო ურთიერთობა, რომ ვახოს ოჯახური მდგომარეობის შესახებ მეკითხა, ან მათ ეთქვათ, ეს ვახო თვალებს რომ გიჟუჟუნებს, ცოლი ჰყავს და ფრთხილად იყავიო. ტელეფონზე კი ურეკავდა ხოლმე ვიღაც... მოჭრით ეტყოდა, შეხვედრაზე ვარ და მოგვიანებით დაგირეკავო. ბოლოს ვკითხე, სახე რატომ გეცვლება, როდესაც თითქმის ერთსა და იმავე დროს, სავარაუდოდ, ერთი და იგივე ადამიანი გირეკავს-მეთქი. ჯერ არ უნდოდა ლაპარაკი. მერე მითხრა, რომ ეს მისი ყოფილი მეგობარი გოგონა იყო, რომელთანაც ურთიერთობა აღარ ჰქონდა, მაგრამ ის არ ეშვებოდა. შენს სახლში ხომ არ ცხოვრობს ის გოგო-მეთქი? ჯერ იუარა, მერე კი მითხრა, მის ბინაში რემონტია და მთხოვა, სანამ დამთავრდება, შენთან ვიცხოვრებო. რა ვქნა, ხომ ვერ გავაგდებ, შევთავაზე, რომ ბინას ვუქირავებდი, მაგრამ ცუდად გაიგო, სახლიდან მაგდებო... აი, ამიტომაც მინდა შენთან ცხოვრება. ღამე სასტუმროში მივდივარ, ან მშობლებს ვსტუმრობო... მოკლედ, დავუჯერე.

- სატელეფონო საუბარში მითხარით, რომ ვახოსგან სწორედ მისმა ცოლმა გიხსნათ...
- ერთ დღეს ოფისში ძალიან ლამაზი ქალი მოვიდა და თავი "აიტიუსაფრთხოების" სპეციალისტად გამაცნო. მითხრა, რომ ახალშექმნილი კომპანია აქვს და იმისათვის, რომ მომხმარებელთა ფართო ქსელი შექმნას, პირადად სტუმრობს ორგანიზაციებს  და მომსახურებას სთავაზობს. იმდენად სასიამოვნო ადამიანი იყო, ისე კვალიფიციურად და საინტერესოდ მიხსნიდა მომსახურების პაკეტის მნიშვნელობას, რომ მაშინვე დავთანხმდი ხელშეკრულების გაფორმებაზე. შემომთავაზა, რომ უფასოდ ტრენინგებსაც ჩაუტარებდა ჩემს აიტიჯგუფს. ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე მოდიოდა ოფისში. შესვენებებზე ვსაუბრობდით,  ჩაის ვსვამდით. ერთხელაც მე დავპატიჟე კაფეში. მკითხა, ასეთი წარმატებული ქალი ხარ და ქმარი რატომ არ გყავსო? მეც გულწრფელად მოვუყევი ჩემი ამბავი. მერე ჩავეძიე, შენ შესახებ რას მეტყვი-მეთქი. ისეთი რამ მიამბო, კარგა ხანს ვდუმდი. აღელვებული ჰყვებოდა, რომ უკვე 10 წელია ჰყავს ქმარი, რომელსაც დროდადრო ღალატის ჭია აწუხებს, მაგრამ სოფოს ისე უყვარს თავისი ოჯახი, ორი შვილით და მოღალატე ქმრით, რომ მზად არის ყველაფერზე წავიდეს ოჯახის გადასარჩენად. ახლა ჩემი ქმარი ერთ ძალიან სასიამოვნო ქალს ხვდება, ვიცი, რომ ვახო ატყუებს, ეუბნება, რომ სახლში ყოფილი მეგობარი გოგო ჰყავს, რომელიც საკუთარ ბინაში იმის გამო ვერ გადადის, რომ ჯერ რემონტი არ დამთავრებულაო...

ამის მერე აღარაფერი მესმოდა. წარმოიდგინეთ, ქალმა რა მოიფიქრა იმისათვის, რომ ტაქტიკურად გაეგო, ვინ იყო მისი მოწინააღმდეგე... მან მიხსნა დიდი უსიამოვნებისგან. დღემდე ამ ქალის მადლიერი ვარ, რასაც ვერ გეტყვით მის საბრალო, მატყუარა  ქმარზე. ძალიან ვაფასებ სოფოს. მხოლოდ ძალიან ლამაზი კი არა, უზომოდ ჭკვიანი, გონიერი და კეთილი ქალია. ჩემი ამბიდან გამომდინარე, გაითვალისწინეთ, ნუ ენდობით კაცებს, როგორი სერიოზული იმიჯიც უნდა ჰქონდეთ, გადაამოწმეთ მათი ნათქვამი, თორემ ყველას ჩემსავით მშველელად არ მოგევლინებათ ჭკვიანი ცოლი.

სოფო გამრეკელი
პარამპაპა
22 ივლისი 2016 09:36
ესეთი ისტორიები ბევრი ხდება დღეს-დღეობით... გასაკვირი არ არის და არც ზღაპარს ჰგავს. ცოლი,
რომ ეგრე მოიქცა ეგ კი შეიძლება იყოს გასაკვირი...
kiki
27 აგვისტო 2015 14:23
რა მნიშვნელობა აქვს შეთხზულია თუ არა ეს ამბავი.ასეთი რამეც ხდება და ცოტა უარესებიც.ვახოს ცოლი კი ტაქტიანი და დინჯი ქალი ყოფილა.შესაძლოა გამიზნულადაც ყოფილიყო ამ გოგოსთან მისული.
კომენტატორებს
29 მაისი 2015 22:32
თქვენი მოსაწონი არის რამე ან ვინმე?!

რედაქტორის რჩევით