"ცოლიანმა კაცმა ლოგინის მაგივრად "დონორობა" შემომთავაზა"
"ცოლიანმა კაცმა ლოგინის მაგივრად "დონორობა" შემომთავაზა"
"სანამ ქვას მესვრით, დაფიქრდით"

"ამ რუბრიკით იმდენი უბედური და სასოწარკვეთილი ქალის ამბავს გვიყვებით, ლამის დავიჯეროთ, რომ ამ ქვეყანაში ბედნიერი ქალი აღარ არსებობს... მინდა, გაგამხნევოთ და გიამბოთ, რამ გამაბედნიერა...
ცხოვრება ისე სწრაფად მიქრის, რომ როცა 41 წლის გავხდი, მაშინღა დავფიქრდი, უშვილძიროს რისთვის და ვისთვის უნდა მეცხოვრა. მივხვდი, არაფერს ნიშნავს, გქონდეს სახლი, სადაც არავინ გელოდება. სიმარტოვით დაღლილს ძალიან მომინდა შვილი მყოლოდა. ვაითუ ვეღარც შევძლო გაჩენა-მეთქი და სასწრაფოდ ექიმებს მივმართე. ორ წელიწადში შვილოსნობის
რესურსი ამოგეწურებაო, - მომახალეს. საკუთარი თავის შებრალებას, ვარჩიე, იმაზე მეფიქრა, როგორ დავფეხმძიმებულიყავი - ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭირო ფული არ მქონდა. ისეთიც არავინ მყავდა, ვისთანაც სასიყვარულო ურთიერთობა მომინდებოდა და თანაც შვილის გაჩენაზე დამთანხმდებოდა, მაგრამ ნათქვამია, გულით რაც გინდა, ყველაფერი მოგეცემაო. ერთ მშვენიერ დღეს კუს ტბაზე ვსეირნობდი. სამუშაო
საათები იყო და აქა-იქ მხოლოდ ბავშვიან დედებს თუ მოჰკრავდი თვალს. 

ტბას წრე რომ დავარტყი, საპირისპირო მხრიდან მომავალი მამაკაცი შევიცანი - ყოფილი თანამშრომელი. ლევანი სიმპათიური და ახოვანი ვაჟკაცი იყო. მომწონდა, მისგანაც ვგრძნობდი ყურადღებას, მაგრამ ამის იქით არაფერი ყოფილა. ვიცოდი, რომ ცოლიც შეირთო და შვილებიც ჰყავდა. მოვიკითხეთ ერთმანეთი. მერე ერთად გავისეირნეთ. მანქანით წაყვანა შემომთავაზა. ავტომობილი მყავს-მეთქი. გული დასწყდა, - ერთად ვისადილებდითო. მერე უცებ დააყოლა, - აბა, ქალაქში ამა და ამ ადგილზე შევხვდეთო...

რესტორანში ვისადილეთ, გავიხსენეთ ძველი ამბები და  მხიარულად დავშორდით ერთმანეთს. იმ საღამოს ამეკვიატა ლევანზე ფიქრი. გამკიცხავთ, ცოლიან კაცზე როგორ იფიქრე, სხვისი ბედნიერების დანგრევით საკუთარის შექმნა როგორ განიზრახეო, მაგრამ ნუ იჩქარებთ. იმ ტიპის ქალი არ ვარ, კაცი მუდმივად ჩემ გვერდით ვიგუო. სწორედ ამიტომაც არასდროს მიფიქრია გათხოვებაზე. ლევანიც, მაპატიეთ და, მხოლოდ იმისთვის მინდოდა, რომ მასავით ლამაზი შვილი მყოლოდა. იცხოვრებდა თავის, როგორც უწოდებენ, კანონიერ ცოლ-შვილთან, მეც ბედნიერი ვიქნებოდი ჩემი შვილით. მოკლედ, იმ ღამით დიდხანს ვიფიქრე, მაგრამ ვერ მივაგენი გზას, რომლითაც ლევანს საამისოდ დავუახლოვდებოდი და ჩანაფიქრს გავანდობდი, არც იმის იმედი მქონდა, რომ ის დამეთანხმებოდა.
სამი დღის შემდეგ ისევ გადავეყარეთ კუს ტბაზე ერთმანეთს. უმცროს შვილთან ერთად იყო. ისევ წავედით სასადილოდ. ბევრი ვეფერე ბავშვს.

ლევანი კმაყოფილი მიყურებდა. უცებ მკითხა, - შენ არ გინდა, საკუთარი გყავდესო? შენნაირ მამობის კანდიდატს თუ ვნახავ, რატომაც არა-მეთქი. გაგვეცინა, მერე უხერხულობის განცდაც კი გაჩნდა, ისეთი, კაცის მხრიდან რომ იკითხება, - რატომაც არა, ვიქნებოდი შენი შვილის მამა, მაგრამ ოჯახს ვერ დავანგრევ... ჩემი გულიც ასევე ჩუმად, უთქმელად პასუხობდა, მერედა ვის უნდა შენი ოჯახის დანგრევა?.. მალე გავფანტეთ უხერხულობა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც სხვა აზრი გაჩნდა ჩვენ შორის და ეს მალე გახდა გასაგები... ლევანმა მითხრა, რომ ჩემი "დონორი" გახდებოდა და შვილს გამაჩენინებდა. ასე რომ, ცოლიანმა კაცმა ლოგინის მაგივრად "დონორობა" შემომთავაზა. იმაზეც შევთანხმდით, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდანვე გაიცნობდნენ ერთმანეთს, ოღონდ, როგორც მეგობრების შვილებს. "ასე მეც მექნება ურთიერთობა შვილთან. არ შემიძლია, ის გაჩნდეს და მივატოვო, თუნდაც საუკეთესო დედის ამარა. ვიზრუნებ მასზე", - მითხრა ლევანმა.

ხმა დავაგდე, რომ ხელოვნურ განაყოფიერებაზე ვფიქრობდი. ორი წელიც და თუ ბავშვი ვერ გავაჩინე, სამუდამოდ უშვილო დავრჩები-მეთქი, გამოვუცხადე მშობლებს და და-ძმას. ოჯახურ საბჭოზე მხოლოდ მშობლებმა მიიღეს ეს ამბავი ნაკლებად მტკივნეულად. თუ ბავშვი გინდა, გათხოვდიო, იყო ძმის და სიძის პასუხი. ვის მივთხოვდე, ვინმეს გამირიგებთ? - დავცინე კაცებს, - 41 წლისას სრული უფლება მაქვს, როგორც მინდა, ისე ვიცხოვრო-მეთქი... მოკლედ, რამდენიმე თვეში დავორსულდი. ძალიან ბედნიერები ვიყავით მეც და ბავშვის მამაც. გაჩნდა ალექსანდრე. ახლა ჩემი შვილი 5 წლის არის. ხშირად მიმყავს თავის ნახევარ და-ძმასთან. ან ისინი მოდიან ჩვენთან. როდესაც სანდრო სამი წლის გახდა, მივხვდი, რომ ძალიან მტანჯავდა საიდუმლო, რომელიც არ იცოდა ლევანის ცოლ-შვილმა.
ერთ დღეს გადავწყვიტე, ყველაფერი მეთქვა ლევანის ცოლისთვის. ველაპარაკე გულწრფელად, ვუთხარი, როგორ მინდოდა დედობა და რომ მისი ქმარი, როგორც კაცი, არ მაინტერესებდა და მეტიც, მინდოდა ისინი ძალიან ბედნიერები ყოფილიყვნენ.  ძალიან გაუჭირდა გაგება, მაგრამ... დღეს ვმეგობრობთ. ალბათ ბევრი უზნეოსაც მიწოდებს, მაგრამ სანამ ქვას მესვრით, და-ფიქრდით, რამდენ ქალს შეუძლია ჩემსავით ბედნიერი გახდეს ისე, რომ არავის დაუნგრიოს ოჯახი..."

სოფო გამრეკელი
lia -ლიას
12 ივლისი 2019 09:40
მე ვფიქრობ ეს ქალბატონი კარგად კი არა ძალიან კარგად მოიქცა,მამაკაციც,ბედნიერებას ვუსურვებ ორთავეს და მათ შვილებსაც გაიხარონ.(თქვენ კი ჩემო მოსახელე მაგარი დაკომპლექსებული ბრძანდებით და მეცოდებით)
თამარ
11 ივლისი 2019 10:34
ძაან მაგარი კაცი ყოფილა.თქვენც გაგაბედნიერათ,ცოლიც რა შეგნებული და ღირსეული ქალბატონი ყოფილა,ზოგ კაცს ისეთი ქაჯი ცოლი ჰყავს,ქმრის მეგობრებზეც კი ეჭვიანობენ.კარგია,რომ მეგობრობთ და ბავშვები ერთმანეთს იცნობენ.თქვენ ბედნიერებას გისურვებთ.ვერ ვიტან ქალებს ოჯახებს რომ ანგრევენ. (თუ ეს ისტორია სიმართლეა,ღმერთმა ყველას გაგიმარჯოთ)
ნ.მ.
10 ივლისი 2019 10:09
საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებაა მამაკაცის მხრიდან. როგორც წესი, ისინი ამ ნაბიჯს შეგნებულად არ დგამენ: ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენას. რაც შეეხება ქალს, ძალიანაც კარგი ქნა, რომ ბავშვი ბუნებრივი ჩასახვით გააჩინა. მისი გენეტიკა მაინც ეცოდინება. დანარჩენი ყველაფერი კი დაუჯერებლად მეჩვენება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?