საბედისწერო ადგილი
16-12-2013
საბედისწერო ადგილი
იმ ადგილზე, სადაც წლების წინ "ტრაგედია" გავითამაშე, ნინოს ვიღაც გარეწარი მანქანით დაეჯახა და მომიკლა...

მამაკაცმა, რომელიც ჩვენი გაზეთის მუდმივი მკითხველი აღმოჩნდა, წერილი მოგვწერა. მისი ადრესატია ყველა ქალი, ვის შესახებაც ოდესმე წაგიკითხავთ რუბრიკაში "თქვენთვის, ქალბატონებო", ასევე ისინიც, ვინც მონდომებით წერს კომენტარებს საიტზე განთავსებული წერილების შესახებ. შალვამ გვიამბო თავისი სიყვარულის ამბავი:


-  დიდი ხანია რუბრიკას "თქვენთვის, ქალბატონებო" ვკითხულობ. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც თინეიჯერი ვიყავი და ვგრძნობდი, რომ ყველა სასწავლო საგანზე მეტად
ქალი მაინტერესებდა, ყველაზე ამოუცნობი და საინტერესო ქმნილება დედამიწაზე.

თავდაპირველად, სისულელედ მეჩვენებოდა რუბრიკის რესპონდენტთა სურვილი, სააშკარაოზე გამოეტანათ თავიანთი ამბები. მიუხედავად ამისა, ორშაბათიდან ორშაბათამდე  ინტერესით ველოდებოდი გაზეთის ახალი ნომრის გამოსვლას, რომ კიდევ ერთი ინტიმური ან სულაც დრამატული ამბავი წამეკითხა. ერთ დღესაც მივხვდი, რომ ამ ამბებით, ამ წერილებით
გამოცდილებას ვიღებდი. ქალების ხასიათს ვსწავლობდი. ვცდილობდი, გაზეთით გახმაურებული ამბის გმირების მსგავსი ადამიანები ცხოვრებაში მენახა და დავკვირვებოდი.

რა მომცა ამ დაკვირვებამ? ძალიან ბევრი რამ. მასწავლა, როგორ გავუფრთხილდე ურთიერთობებს, რომ იგივე არ დამემართოს, რაც თუნდაც "კვირის პალიტრაში"  ნომერში დაბეჭდილი ამა თუ იმ ამბის პერსონაჟს.
უნივერსიტეტში ვსწავლობდი,  ერთ დღესაც უამრავ სტუდენტში გოგონას მოვკარი თვალი, თითქოს სხვებისაგან არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ მე მაინც რაღაც განსაკუთრებული მომეჩვენა. გავიკითხე და გავიგე, რომ ჩემზე ერთი წლით უმცროსი იყო, უკარება და ამაყი. არადა ჩუმად რომ ვაკვირდებოდი, მართალია თავისებური ხასიათი ჰქონდა, თუ თვალში არ მოუხვიდოდი, გამარჯობასაც არ გეტყოდა, მაგრამ იმავდროულად ძალიან თბილი ადამიანი იყო. როგორც კი  განსაკუთრებული ყურადღება შემამჩნია, სულ ზურგი მაქცია, ჩემს დანახვაზე გზის მეორე მხარეს გადადიოდა, ან უცებ შებრუნდებოდა და გარბოდა. მოკლედ, ვერაფრით მივაღწიე იმას, რომ ერთხელ მაინც ადამიანურად მოესმინა. გავიგე, ობლად გაზრდილი ყოფილა, დედა მშობიარობას გადაჰყოლია, მამა ავტოკატასტროფაში დაღუპულა, როდესაც ნინო სამი წლის ყოფილა და ბებია იყო მისი დედაც და მამაც.  ნუცუბიძის ქუჩაზე ჩვილ ბავშვთა სახლში დადიოდა, თემქაზე მოხუცთა თავშესაფარში ერთ ქალთან დაჰქონდა  საჭმელი. ვიფიქრე, განსაცდელში თუ მნახავს, ალბათ, ზურგს არ შემაქცევს-მეთქი და ძალიან საშიში ხერხი მოვიფიქრე მასთან დასაახლოებლად. რაღაც ისეთი უნდა გამეკეთებინა, ფილმივით. თუნდაც მანქანა უნდა დამჯახებოდა მის თვალწინ, დარწმუნებული ვიყავი "ტრაგედია" გულს მოულბობდა და დამიახლოვდებოდა.

ძლივს "დავკერე" ჩემი უბნელი, ბავშვობის მეგობარი გოგა, რომ დამჯახებოდა. ვიცოდი, ნინო შინ რა დროსაც ბრუნდებოდა და მის სახლთან ახლოს უნდა გაგვეთამაშებინა სცენა. მოკლედ, როგორც კი გამოჩნდა, გოგას დავურეკე (მაშინ ახალი შემოსული იყო მობილურები):  გადაღება დაიწყო, არაფერი შეგეშალოს, თორემ დუბლს ვერ გავიმეორებთ-მეთქი, ვუთხარი და მსუბუქი დარტყმისთვის მოვემზადე. გჯერათ ბედისწერის? გოგას მანქანის მოულოდნელად მოშლილმა მუხრუჭმა მანქანა რომ ვეღარ დაიჭირა, ისეთი მგლიჯა, რომ თითქმის ნინოს ფეხებთან მომისროლა.  მერე ორივეს ჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი  გვასულიერებდა, მოგვიანებით კი საავადმყოფოში ცდილობდნენ ჩვენს გონზე მოყვანას.

ნინო მალე გამოვიდა შოკიდან, მე კი ორი თვე  საავადმყოფოში ვიწექი, გირებშებმული თაბაშირიანი ფეხით და დამტვრეული ნეკნებით. მიუხედავად იმისა, რომ ძვირად დამიჯდა, ნინოს სიახლოვეს მივაღწიე. თავისი ფეხით მოვიდა საავადმყოფოში ჩემს სანახავად. დიდი წვალება დამჭირდა იმაში დასარწმუნებლად, რომ გოგა შემთხვევით დამეჯახა და რომ არ შეიძლებოდა მანქანის ნომრისა და მძღოლის ვინაობის პოლიციასთან გამხელა.
მოკლედ, როგორც იქნა, ნინოს გული მოვინადირე. გამოხდა ხანი და დავქორწინდით კიდეც, ქალიშვილიც შეგვეძინა, მაგრამ ბედისწერამ გვიმუხთლა - ზედ იმ ადგილზე, სადაც მე ჩემივე თხოვნით დამეჯახა გოგა, ნინო ვიღაც გარეწარმა გადაჭარბებული სიჩქარით მომავალი მანქანით მომიკლა და გაიქცა. რომ გაჩერებულიყო, რომ ეცადა საავადმყოფოში წაყვანა, ჩემი სიყვარული დღესაც გვერდით მეყოლებოდა.

მას შემდეგ 7 წელი გავიდა. მე და ჩემი ანუკა მარტო ვცხოვრობთ. ბედნიერი ვარ, რომ შვილი დამრჩა ჩემი ნინოსგან. არ მჩვევია წუწუნი და არც ამ ამბის გამო დავცემულვარ. ძალიან ძნელია მის გარეშე, ვინც გიყვარს, ვის გვერდითაც თავს სრულყოფილად და სრულფასოვნად გრძნობ, მაგრამ როდესაც მას სიკვდილის გამო კარგავ, მგონია, რაღაცნაირად უნდა ინუგეშებდე თავს,  რომ მხოლოდ სიკვდილი გახდა თქვენი განშორების მიზეზი და არა ადამიანური სისუსტეები, რომელთა გამო სიყვარული ხშირად სიძულვილსა და საშინელ მტრობაშიც კი გადადის.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ, არავინ მაინტერესებს და ვფიქრობ, რომ თუ ამქვეყნად ღირსეულად ვიცხოვრებ, გარდაცვალების შემდეგ ულამაზეს სამყაროში შევხვდები ჩემს ნინოს, რომელთანაც ვეღარაფერი დამაშორებს.

აქ კი, ამ სამყაროში, ვფიქრობ ჩემს ანუკაზე. ისევ ვკითხულობ ჩემს საყვარელ რუბრიკას, ვადევნებ თვალს კომენტარებს სტატიების დაბლა მოთავსებულ გრაფაში და იცით, რა შევნიშნე? ადამიანებს არ უყვართ ბედნიერი ამბების მოსმენა. ვერ მივმხვდარვარ, რატომ? როგორც კი ვინმე გაუბედურებულის ამბავი იწერება, ემოცია პიკს აღწევს, მკითხველები ლანძღავენ ამბის რომელიმე გმირს, ლანძღავენ ერთმანეთს და მათ კომენტარებში ძალიან შემაშფოთებლად ჩანს ერთი რამ - ჩვენ, ყველაზე განვითარებულმა არსებებმა, მგონი, სიყვარულის, ბედნიერებისა და სიხარულის უნარი დავკარგეთ. განსაკუთრებით ქალების კომენტარები მაშფოთებს. იმის ნაცვლად, სხვისი ამბავი დამაფიქრებელი, უფრო მეტად საკუთარ თავში ჩამაღრმავებელი გახდეს, აგრესია იპყრობთ.   Aვფიქრობ, ზოგიერთი კომენტარის დასაწერად მაშინ ჯდება, როდესაც ძალიან გაბრაზებულია და გინდათ ვინმე შეჭამოთ ან სულაც კომპიუტერი დაამტვრიოთ. ამას არ სჯობს, კარგ ამბებს მოჰყვეთ იმ თქვენს კომენტარებში და ადამიანებს გული გაუხაროთ.

სოფო გამრეკელი
იზა
11 ოქტომბერი 2015 22:29
იცით ამ დროში ძნელია დაწერო კარგი ამბავი რადგან ყველა დათრგუნული და ჩაფიქრებულია იმაზე რომ ოჯახის რომელიმე წევრი წასული და გადაკარგულია ლუკმა პურის ფულის საშოვნელად ასეტ ვითარებაში როგორ დაწერ კარგ სტატიას რომ მკითხველი ასიამო
nat
03 მარტი 2014 16:27
გეთანხმებიტ ბატონო,ქალი ღუპავს ბევრ რამეს,მტაცებელი და გარესიული ქალები მომრავლდა ძალიან..მეც კი მზარავს უკვე და მამაკცებს როგორ არ შეეზარება?მამაკაცების დაკნინების ბრალია ალბათ..ან არ ვიცი რისი..
QETI
20 იანვარი 2014 20:20
ბედნიერი ვარ, მართლა, ასეთი სიყვარული რეალობაში რომ არსებობს და არა ფილმებში და წიგნებში.


რედაქტორის რჩევით