ჩემი მაჭანკალი "ნოკია"
30-12-2013
ჩემი მაჭანკალი "ნოკია"
- იმ დღეს კინოში წასვლა ძალიან მეზარებოდა, მაგრამ თაკოს წყენინება არ მინდოდა. კინოთეატრ "რუსთაველში" კანტიკუნტად ისხდნენ. შუქი ჩააქრეს თუ არა, შეყვარებულს მივეკარი, კოცნა მინდოდა, მან კი აბეზარი ბუზივით მომიშორა. სიგარეტს მოვწევ-მეთქი, ჩავილაპარაკე და გარეთ გავედი. მე და თაკოს უკვე არეული გვქონდა ურთიერთობა. მას აშკარად  გული გაუცივდა ჩემზე, მეც თავს არ ვუტყდებოდი, რომ... იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ მეთქვა, ალბათ, დროა, ერთმანეთს შევეშვათ-მეთქი. უცებ ტელეფონის ზარი აწკრიალდა. ძირს დავიხედე, შავი "ნოკია" ეგდო.
ერთი პირობა გავიფიქრე, ვინმემ ქურდობა არ დამაბრალოს, ხელსაც არ ვახლებ-მეთქი, მერე მაინც ავიღე, - მიყვება ლევანი, რომელსაც ამ ამბის შემდეგ მტკიცედ სჯერა ბედისწერისა.

- ტელეფონი გამოვრთე და ჯიბეში ჩავიდე... დარბაზში აღარ შევბრუნებულვარ, თაკოს გარეთ დაველოდე. მერე "საქმის გასარჩევად" კაფეში წავედით. გამოვუცხადე, - უნდა დავშორდეთ-მეთქი. ზიზღით 
მომახალა, - ჯანდაბამდის გზა გქონიაო; მაინცდამაინც გული არ დასწყვეტია. ჩანთას ხელი დაავლო და გამშორდა... ლუდი მოვითხოვე და ერთხელ კიდევ შევათვალიერე ნაპოვნი ნივთი, ჩავრთე და მესიჯების გრაფაში შევძვერი - ბლოკი სუფთა იყო. გალერეაში რომ შევედი, დავიბენი, საოცრად  ლამაზი გოგოს ფოტოებს წავაწყდი. ვფიქრობდი, იღბალს მივენდობი, ტელეფონს ჩავრთავ და დაველოდები, თუ დამირეკავს-მეთქი... უცებ მოდის მესიჯი. მე ნუცა ვარ, ტელეფონის პატრონი. თუ ეს ტელეფონი იპოვეთ, გთხოვთ დამიბრუნოთ  და საჩუქარსაც მიიღებთო. სიხარულით გული ამიჩქროლდა, ავკრიფე ნომერი, საიდანაც მესიჯი მოვიდა და...

- რატომ გაჩუმდი? ვინ გიპასუხა?
- ვიღაც ქალმა. რაღას ვიზამდი, შევთანხმდით შეხვედრაზე და წავლასლასდი. მეგონა, ვიღაც წუპაკი მოვიდოდა, ტელეფონს გამომტაცებდა და მადლობის თქმაც კი დაავიწყდებოდა, მაგრამ მაგარი მანქანიდან მაგარი ქალი და ის მზეთუნახავი გადმოვიდნენ. ორივემ ისე გამიღიმა, ცა გამეხსნა. წამოდი, კაფეში ყავა დავლიოთო, - შემომთავაზეს და მანქანისკენ გამიძღვნენ. უარის თქმა როგორ შემეძლო?! დედა-შვილი აღმოჩნდა. ლიკამ, ასე ჰქვია დედას, სუნამო მაჩუქა. მე კი ვერაფერს ვგრძნობდი, არაფერი მესმოდა, ვერავის ვხედავდი მისი ნუცას გარდა და გული მელეოდა, - ეს დღე რომ დაღამდება, მერე რა ვქნა-მეთქი. ტელეფონის ნომერი კი მქონდა ჩანიშნული, მაგრამ ვერ წარმომედგინა, რომ ასეთ გოგოს შეყვარებული არ ეყოლებოდა ან თუ ეყოლებოდა, შევძლებდი კი, მასზე უარი მეთქმევინებინა და ჩემზე ეფიქრა? მაშინ მე 19 წლის ვიყავი, ნუცა - 17-ის.

- დღეს რა ხდება?
- დღეს ნუცა ჩემი ცოლია, ლიკა კი სიდედრი. კარგა ხანს მაწამა ნუცამ... 2008 წელს, აგვისტოში, ომი რომ დაიწყო, რეზერვისტი ვიყავი და გორის დაბომბვის დროს დავიჭერი. ნუცამ საავადმყოფოში მინახულა და მითხრა, - შენით ვამაყობო და მკერდზე დამადო თავი. დაჭრილი კი ვიყავი, მაგრამ ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი.
შარშან დავქორწინდით და ახლა შვილს ველოდებით...

სოფო გამრეკელი
777
03 იანვარი 2017 06:02
"მაგარი მანქანიის" მაგივრად დახეული კაბიტ რო მოსულიკვნენ მაგრად გატეხავდა არა??? ... !!!
sofo
09 იანვარი 2014 17:01
ტყუილია თუ მართალი სასიამოვნო წასაკითხია, მაგრამ თუ არ გჯერათ ხოლმე რატომ კითხულობთ საერთოდ?
nino
08 იანვარი 2014 01:08
იდიოტიზმი ლიკა არა შვანსკი

რედაქტორის რჩევით