"მშობლებს ბიჭისთვის უთქვამთ, ჯერ კიდევ ბავშვი ხარ და ეგ გოგო ცოლადაც რომ შეირთო, ოჯახი მაინც დაგენგრევაო"
13-01-2014
"მშობლებს ბიჭისთვის უთქვამთ, ჯერ კიდევ ბავშვი ხარ და ეგ გოგო ცოლადაც რომ შეირთო, ოჯახი მაინც დაგენგრევაო"
ქორწინების გარეშე ჩასახულ ჩვილთა მიტოვების საკითხი კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი და ეკლესია აქტიურად ცდილობენ დედების დარწმუნებას, უარი არ თქვან შვილებზე, ჩვილ ბავშვთა სახლებში პატარებს მაინც ტოვებენ. ჩვენი რესპონდენტი ნატა კირვალიძე მიიჩნევს, რომ ასეთ დედებთან საჭიროა არა მხოლოდ იდეოლოგიური მუშაობა, არამედ ფიზიკური თუ მატერიალური დახმარებაც. მაგალითისთვის ნატამ გვიამბო ის, რაც საკუთარი თვალით ნახა.

ორი წლის წინ მესამე შვილზე ვიმშობიარე. პალატაში კიდევ ორი ქალი იწვა. ერთი ჯერაც
ბავშვი იყო, 16 წლის ლიზი. ლამაზი გოგონა შეეძინა და ძალიან იოლად იმშობიარა. მე კი მძიმედ ვიყავი და გამაყუჩებლებს მიკეთებდნენ, ამიტომაც ღამით მკვდარივით ჩამეძინა. დილით ჩოჩქოლმა გამომაღვიძა. თურმე ლიზის ჩვილი მიუტოვებია და სამშობიაროდან გაპარულა. ბავშვი ქორწინების გარეშე ჩაისახა და ჩვილის მამას, რომელიც ასევე ძალიან ახალგაზრდა, 18
წლისა იყო, მშობლებმა უარი ათქმევინეს მამობაზე, - ჯერ კიდევ ბავშვი ხარ და ეგ გოგო ცოლადაც რომ შეირთო, ოჯახი მაინც დაგენგრევაო. მიუხედავად ამისა, ბიჭი ცდილობდა, როგორმე გადაერჩინა შვილი. გოგონას აბორტზე უარი ათქმევინა და დაარწმუნა, რომ მშობლებს დაითანხმებდა... ავმა ოჯახმა გოგო-ბიჭის დასაშორებლად გამოსავალი მოძებნა და როდესაც ლიზი 4 თვის ორსული იყო, ლუკა უცხოეთში გაგზავნეს სასწავლებლად. სასოწარკვეთილ ლიზის ვიღაცისთვის უნდა გაენდო საიდუმლო, თორემ მალე მუცელი უფრო გაეზრდებოდა და ვეღარავის აუხვევდა თვალს... გოგონას დედამ თავში შემოირტყა ხელი, აბორტი გვიანია, მამაშენსაც ვერაფერს ვეტყვი, ამ შეურაცხყოფას ვერ აიტანსო  და გოგონას მუცელი აუკრა. ასე მიიყვანა ცხრა თვემდე. სამშობიაროში კი გააფრთხილა, რომ ბავშვი დაეტოვებინა...

როდესაც ლიზის ამბავი მოვისმინე, დავდარდიანდი, მაგრამ გულში იმედი გამიჩნდა, რომ აუცილებლად მობრუნდებოდა... სამშობიაროს მთავარი ექიმი ჩემი ოჯახის ახლობელი იყო, ამიტომაც ვთხოვე, პაწიას ჩვილ ბავშვთა სახლში გადაყვანა არ ეჩქარათ. გული მიგრძნობს, ის გოგო მობრუნდება-მეთქი. მართლაც, სამშობიაროდან გამოსვლიდან ერთი კვირის თავზე ექიმმა დამირეკა, ლიზი მოვიდა, მუხლებში ჩაგვივარდა, ბავშვი მომეცით, ჩემს შვილზე უნდა ვიზრუნოო. პატარა რომ დაინახა, კინაღამ გაგიჟდა, კოცნა, ეფერა, ძუძუ აწოვა... მერე მოგვიყვა, რომ  შინიდან წამოსულა და მეგობართან ცხოვრობს. მეგობრის მშობლებს უთქვამთ, დიდი სახლი გვაქვს, ერთ ოთახს შენ დაგითმობთ, მოგეხმარებით და ბავშვი ერთად გავზარდოთო... გულაჩუყებულმა ჩემს მეგობარ ექიმს ვთხოვე, იმ ოჯახის კოორდინატები მოეცა, მინდოდა მეც დავხმარებოდი ახალბედა დედას...

პატარა ანასტასია ახლა  ორი წლისაა. როგორც შემიძლია ვზრუნავ მასზე, თანაც მხოლოდ მე კი არა, მთელი ჩემი სამსახური. გადავწყვიტეთ შეგვექმნა ფონდი უპოვართა და მარტოხელა დედების დასახმარებლად...
ლიზიმ ისწავლა თმის შეჭრა, მანიკიურისა და პედიკიურის გაკეთება და ახლა  სილამაზის სალონში მუშაობს. მოკლედ, მოწყალე ხალხის დახმარებითა და თავისი გამრჯეობით მშვენივრად გრძნობს თავს... მშობლებზე სამუდამოდ უარი ვთქვიო, - მითხრა ერთხელ. მათ სურდათ შვილი მიმეტოვებინა, დედაჩემი თავის ოჯახურ მდგომარეობას უფრთხილდებოდა, სანაცვლოდ კი, ჩემი პატარა გაწირა. ჩემი ოჯახი ახლა ის ხალხია, ვინც უკიდურესი გაჭირვების დროს გვერდით დამიდგაო... რამდენიმე თვის წინ ბავშვის მამას ინტერნეტით მოუძებნია უცხოეთიდან. ვსწავლობ, სტიპენდია მაქვს, ცოტას ვმუშაობ კიდეცო და უკვე რამდენიმე თვეა ლიზისფულს უგზავნის. ვფიქრობ, მომავალში მართლაც შეძლებენ ერთად ცხოვრებას...

ვიღაც იტყვის, ლიზის რომ მეგობრის ოჯახი არ დასდგომოდა გვერდით, ვერაფერს იზამდაო. ვინ იცის, იქნებ მაინც წამოეყვანა ბავშვი სამშობიაროდან, მაგრამ მიუსაფარი გოგონა იძულებული გახდებოდა ჩვილი ბავშვთა სახლში ჩაებარებინა. ამიტომ, უნდა შეიქმნას დედათა დახმარების პროგრამა, რომელიც მათ ხელს ააღებინებს გადაწყვეტილებაზე, უარი თქვან შვილზე და შეძლონ მარტოხელა დედის ტვირთის მსუბუქად ტარება.
ვფიქრობ, შეუძლებელს არაფერს ვითხოვ, ყველა ორგანიზაციამ რომ შექმნას  ფონდი ასეთი დედების დასახმარებლად, ჩვენ ქუჩაში ცხოვრებისგან დავიცავთ ბავშვებს და შევქმნით უკეთეს საზოგადოებას. ამ ეტაპზე კი ქალებს უნდა ჩავაგონოთ, რომ ყველამ მიგატოვოთ, მაინც არ თქვათ შვილზე უარი!

სოფო გამრეკელი
მარი
19 იანვარი 2018 09:41
მე ვიცი ოჯახი,სადაც გოგო დაფეხმძომდა მეუღლის გარეშე.მან და მისმა დედამ ჩააბარეს ბავშვი(არავინ მივმხვდარვართ თუ ის გოგო ორსულად იყოისე მივიდა 9 თვემდე).ეს ამბავი გარკვეული დროის შემდეგ გოგოს მამამ რომ გაიგო,ყველანაირი სიტცხვილი ფეხებზე დაიკიდა და შვილიშვილი მოძებნა. იპოვა თავის შვილიშვილი და მოიყვანა სახლში.ეხლა დედა და ბებიაც გიჟდებიან ბავშვზე მაგრამ იმ კაცის საქციელი არის გმირობის ტოლფასი.და იმ ანგელოზს მარტო თავის პაპა იმსახურებს.დიდხანს ჭორაობდა ხალხი,მერე მობეზრდათ ეს ჭორაობაც.კაცმა ინფაქტიც გადაიტანა მაგრამ თავის შთამომავალი არ დატოვა.და ეხლა უბედნიერესია თავის სიცოცხლე ის ბავშვია.რომ ნახოთ რა ურთიერთობა აქვთ
dali
05 სექტემბერი 2017 00:16
ყველაფერი ხდება ცხოვრებაში.... მაგრამ შვილს რომ მიატოვებ, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, თუნდაც მერე გაზრდილებს რომ ეძებენ ხოლმე ,არ მესმის ისინი რატომ უნდა მიიღო მშობლებად! მშობელი ისაა, ვინც გაგზრდის და არა ვინც შეგქმნის! ყველა სულიერი იცავს თავის შვილს განსაცდელისაგან, ადამიანს როგორ უნდა აპატიო შვილის მიტოვება არ მესმის! კიდევ კარგი დაბრუნდა და შვილი მას ყავს თავისთან!
ია
30 აგვისტო 2015 22:33
Tamara....არც ტვინი გაქ და არც ნამუსი... ვინ ხარ შენ ღმერთი ??რო განუკითხავ...მაწანწალა დედაწავახალისოთ... სირცხვილი შენ ვენაცვალე ყველა იმქალს ვინც დედაა თუნდაც აღვირახსნილი ცხოვრებით ცხოვრობდეს მთავარია შვილი არ გასცეს არ გადააგდოს

რედაქტორის რჩევით