"შვილებმა დამცინეს, ვინ გითხრა, რომ სახლი უფრო მეტად გვჭირდებოდა, ვიდრე დედაო"
20-01-2014
"შვილებმა დამცინეს, ვინ გითხრა, რომ სახლი უფრო მეტად გვჭირდებოდა, ვიდრე დედაო"
საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, ალბათ საშინელ სიღარიბეში ვიცხოვრებდით, მაგრამ შვილებს
არ დავკარგავდი


"შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ ოჯახის სარჩენად ცხრა მთას გადაღმა საშოვარზე გადაგებული ქალების ამბავი მოძველდა და საინტერესო აღარ არისო, მაგრამ მერწმუნეთ, ასე არ არის. გთხოვთ, მეც მომისმინეთ", - მოგვწერა ნინომ ამერიკიდან და სკაიპის მისამართიც მიუთითა.

ნინო ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც წლების განმავლობაში საბერძნეთში მუშაობდა და იქიდან არჩენდა ოჯახს, მაგრამ ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა აიძულა ამერიკაში გადახვეწილიყო.
ნინო - არ ვაპირებ ახლა
იმაზე წუწუნს, თუ როგორ მძიმე პირობებში გვიწევდა ან გვიწევს მუშაობა. აღარც იმის იმედი მაქვს, რომ ოდესმე საქართველოში გაჩნდება სამუშაო ადგილი და შინ დავბრუნდებით. სამწუხაროდ, ქვეყნიდან გამოქცეულთა ნაკადი არ წყდება. იმედი გვქონდა, რომ ჩვენი შრომით შვილების თაობას გადავარჩენდით, სამშობლოში გაიზრდებოდნენ, ნორმალურ განათლებას მიიღებდნენ და სამშობლოშივე დასაქმდებოდნენ.
რეალობა კი სულ სხვა აღმოჩნდა. ახალგაზრდა ქალები მოდიან საქართველოდან იმ იმედით, რომ ცხოვრებას მოიწყობენ. რატომღაც არავინ გვეკითხება ჩვენ რა შევძელით და რის სანაცვლოდ.

- რას გულისხმობთ?
- საქართველოდან 1998 წელს წამოვედი. 32 წლის ვიყავი, სამი შვილის დედა. მეუღლე ავტოკატასტროფაში მოყვა. ავარია მისი დაუდევრობის გამო მოხდა და ჩვენი გადასახდელი გახდა არა მხოლოდ ჩემი მეუღლის მკურნალობის, არამედ ვინც გვერდით ეჯდა და ვისაც დაეჯახა იმათი სამედიცინო ხარჯებიც. ამასთან დაზარალებულმა მანქანის გაკეთებაც მოითხოვა. იძულებული გავხდით სახლი ბანკში ჩაგვედო და სესხი გამოგვეტანა. მერე იმ სესხს ხომ სჭირდებოდა გასტუმრება?! ჩემი ქმარი ნახევრად ინვალიდი იყო... რაღაც უნდა გვეღონა... ვერ წარმომედგინა, რომ შვილებს დავტოვებდი და მთელი 11 წელი ისე გავიდოდა, რომ მათ ვერ ვნახავდი. უფროსი ვაჟი მაშინ 13 წლის იყო, გოგონა 10-ის, ნაბოლარა ბიჭი კი 6 წლის. იმ წელს უჩემოდ მივიდა სკოლაში. საბედნიეროდ, ჩემი ქმარი ღირსეული კაცი აღმოჩნდა - სხვა, ჩემნაირი ქალების ქმრებივით საყვარლები არ გაუჩენია და საკუთარ სიამოვნებაში არ დაუხარჯავს ფული. 5 წელიწადში სახლიც გამოვისყიდეთ ბანკიდან და დანაზოგიც მოვაგროვეთ... მთხოვა, დაბრუნდი, ვეღარ ვუძლებ შენს სიშორეს, ახლა მეც ვმუშაობ და ჩემი ხელფასიც გვეყოფა საჭმლის ფულადო. ნეტავ დამეჯერებინა და დავბრუნებულიყავი. ავიხირე, ცოტა კიდევ გავიჭირვოთ უერთმანეთოდ, იქნებ კიდევ ერთი ბინა ვიყიდოთ, რომ გავაქირავოთ და შემოსავლი გვქონდეს-მეთქი. ესეც შევძელი, მაგრამ 2009 წელს, როდესაც დავბრუნდი, ჩემი ქმარი სიმსივნით დაავადებული დამხვდა. თურმე ყველა გააფრთხილა, ჩემთვის არ გაემხილათ. ცოდოა, ჩემი მკურნალობისთვის ფულის მოსაგროვებლად დარჩება უცხოეთში და ისე მოვკვდები, ვეღარ ვნახავო.
ქმარი, სამ თვეში გამომეცალა ხელიდან. შემდეგ კი დაიწყო ყველაზე მძიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. შვილებისგან საშინელ სიცივეს ვგრძნობდი. თითქოს ჩემები არც იყვნენ. ერთ დღესაც, როდესაც შენიშვნა მივეცი, გამომიცხადეს, რა უფლება გაქვს, შენიშვნებს რომ გვაძლევ, როდესაც ძალიან გვჭირდებოდი, მიგვატოვეო. ენა გამიშრა, დავმუნჯდი, მერე კი მოვიკრიბე ძალა და შევახსენე, რომ ეს მათთვის გავაკეთე, რომ საკუთარ სახლში ეცხოვრათ და მაწანწალებივით არ ყოფილიყვნენ ქუჩაში. დამცინეს, ვინ გითხრა, რომ სახლი უფრო მეტად გვჭირდებოდა, ვიდრე დედაო. ერთხელ ისიც კი მაკადრეს, საიქიოდან მობრუნებულივით ხარ, როდესაც შევეგუეთ უშენობას, მაშინ გამოჩნდიო...

ერთი წელი ამაოდ ვცდილობდი მათი გულის მოგებას. Mმერე ერთი-ორი ჩემსავით გადახვეწილი ქალის ამბავიც გავიგე, საწყლებს მხოლოდ შვილები კი არ გაუუცხოვდნენ, ქმრებმაც უღალატეს. ვფიქრობ ხოლმე, იქნებ მართლები არიან ჩემი შვილები... უდედოდ გაიზარდნენ, როცა სტკიოდათ, მათ გვერდით არ ვიყავი, არც მაშინ, როცა ძალიან ბედნიერები იყვნენ, მათთვის უცხო ადამიანად ვიქეცი, ახლა კი მოვითხოვ პატივი მცენ? მაგრამ მათ არ ესმით, რას ნიშნავს დედობა, შვილებისთვის თავგანწირვა და მათ გადასარჩენად ჯანდაბაში გადახვეწა...

- იქნებ სჯობდა, რომ მართლა არ წასულიყავით.
- მეც ბევრი ფიქრის შემდეგ მაგ დასკვნამდე მივედი. აქ რომ დავრჩენილიყავი, რაღაც სხვა, საშველი გამოჩნდებოდა, ალბათ საშინელ სიღარიბეში ვიცხოვრებდით, მაგრამ შვილებთან კავშირს შევინარჩუნებდი. ვიმეორებ, შვილებს პირველ რიგში დედა სჭირდებათ, მისი სითბო და არა ფული. ჩემმა უმცროსმა ბიჭმა  მითხრა, მეც სხვა, ჩემნაირი ბავშვებივით ჯართს მოვაგროვებდი, მოჯამაგირედ დავუდგებოდი ვინმეს და ბედნიერი ვიქნებოდი იმითაც, რომ საღამოობით შენ გვერდით დავიძინებდიო. ახლა ხომ შენ გვერდით ვარ-მეთქი,  ახლა ძალიან გვიანააო.
ქმრის გარდაცვალებიდან წელიწადი რომ გავიდა, საბერძნეთიდან შემეხმიანა ჩემი გაზრდილი გოგონა, შვილი გამიჩნდა და შენზე უკეთეს ძიძას ვერ ვნახავო... როდესაც ჩემს შვილებს ეს ამბავი ვუთხარი, ჩაეცინათ, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდი, მაშინ არ გიკითხავს ჩვენთვის აზრი, გვინდოდა თუ არა შენი წასვლა, ახლა როგორც გინდა, ისე მოიქეციო. წავედი საბერძნეთში. იქ კი ისე გაჭირდა ცხოვრება, რომ ვისთანაც ვმუშაობდი, იმათაც კი გადაწყვიტეს ამერიკაში წასულიყვნენ და მეც თან გავყევი. მათ ოჯახში ისე ვარ, როგორც ნამდვილი წევრი. ბავშვი ბებიას მეძახის, ჩემი გაზრდილი  კი დედას. ამასობაში კი საკუთარი შვილები დავკარგე. ამიტომაც გთხოვთ ყველას, გადაუდექით იმ დედებს წინ, ვისაც ჰგონია, რომ უცხოეთში წასვლით შვილებს გადაარჩენს, არ მისცეთ ქვეყნის დატოვების უფლება.

სოფო გამრეკელი
მაიკო
11 იანვარი 2018 19:07
იცით რა, უმადური შვილი,ყოველთვის უმადური იქნება.როგორ ვერ იგებენ იმას,რა ცხოვრება ექნებოდათ დედა რომ არ წასულიყო.შიმშილი,სიცივე, ნერვიულობა როგორ გაესტუმრებინათ ვალები და ამის გამო უსიამოვნებები ოჯახში. განა რა სამუშაო უნდა ეშოვათ,საქართველოში,რომ ამდენი ვალებიდან დაეძვრინათ თავი და თან ეარსებათ. ძალიან ძნელია უდედოდ ყოფნა,მაგრამ რომ არ წასულიყო დედა,მაშინ იმას ეტყოდნენ,რატომ არ წახვედიო.ასე,რომ კიდევ ვიტყვი,უმადური ადამიანი,ყოველთვის უმადური იქნება.
დალი
10 იანვარი 2018 19:31
ვერ გაიგებ რა ჯობია, გაიჭირვებ წახვალ, სიმწრით ნაშოვნი ფულით ოჯახს გაამდიდრებ, შვილი უმადურია, აქ იქნები იშრომებ იწვალებ და ოჯახს გადაარჩენ რა გაგიკეთებიაო, ჩემი აზრით უმადური შვილი ყოვეთვის უმადური იქნება, მე ძალიან მეცოდება წასულები უცხოეთში ვინ იცის ყველაფერს მონატრებულები ოჯახზე ზრუნვაში რას იტანენ და თვითონ რჩებიან მარტო, ოჯახისთვის გაუცხოებულები.. სირცხვილი ასეტ შვილებს.
მიშა
10 იანვარი 2018 18:04
მაგას ვიძახი რამდენი ხანია არ უნდა წავიდნენ საზღვარგარეთ სამუშაოდ აქ იყვნენ და 2 კაპიკი იშოვნონ ის ურჩევნიათ წავლენ საზღვარგარეთ და მერე ფეისბუქში მაღალფარდოვანი სიტყვებით ააჭრელებენ სტატიებს

რედაქტორის რჩევით