დამიბრუნეთ ჩემი შვილი - კვირის პალიტრა

დამიბრუნეთ ჩემი შვილი

14 დეკემბერს დაბეჭდილ წერილს, "ცოლ-შვილი წამართვეს, მეშინია, არ გავბოროტდე", ყველაზე მეტი მკითხველი გამოეხმაურა. ჩვენი გაზეთის ელექტრონულ პორტალზე უამრავი რჩევა და კომენტარი გაჩნდა, ჩემს პირად ნომერზე კი ზარები და მესიჯები არ წყდებოდა.

ალბათ, გახსოვთ, თბილისელი გოჩას საწუხარი, რომელსაც ცოლ-შვილი "წაართვეს" და უკვე ორი წელია, ბავშვს "შფოთისთავ" და "ნარკომან" მამას აღარ აჩვენებენ. მკითხველი გოჩას ურჩევს, სასამართლოს მიმართოს და ამ გზით მოიპოვოს შვილის ნახვის უფლება (მამამ რამდენჯერაც საჩხერეში გადამალულ ბავშვს ჩააკითხა, იმდენჯერ პატრულს გამოუძახეს). ბევრმა კი მთხოვა, გოჩას ოჯახში მივსულიყავი და გამერკვია, გოჩა ტყუოდა თუ ცოლი და სიდედრი... ერთი სიტყვით, გასარკვევი მართლაც იყო, თანაც, სიმართლე გითხრათ, იმედს ვიტოვებდი, რომ მათი ოჯახის გადარჩენას შევძლებდი.

ოჩას ოჯახში ყველაფერი ისე დამხვდა, როგორც აღმიწერა... კარადის ყველა თაროზე პატარა თემოს ტანსაცმელი ალაგია, გოჩას დედას თვალი უცრემლდება შვილიშვილის ხსენებაზე, - ტანსაცმელს ბავშვისთვის ყოველთვე ვყიდულობ, იმედი მაქვს, დამიბრუნდებაო. რამდენჯერმე გავუგზავნეთ კიდეც, მაგრამ ისეთი დღე აყარეს გოჩას, საჩუქრებისთვის ვიღას ეცალაო... იქვე დგას პატარა საწოლიც, რომელიც მამას და ბებიას ფერადი ბუშტებითა და სათამაშოებით მოურთავთ. მალე მეზობლებიც შემოვიდნენ. ისინი გაოცებულნი არიან თეას საქციელით...

მარინა (მეზობელი): - თეა ამ ეზოში კარგა ხანს მდგმურად ცხოვრობდა. წყნარი, თავაზიანი გოგო იყო. მეზობლებთან ნაკლები ურთიერთობა ჰქონდა. ზაფხულობით, როცა ყველა მობინადრე ეზოში ვიყრიდით თავს, ძალით გამომყავდა ხოლმე. ვეკითხებოდი, რა გჭირს ასე ახალგაზრდას (18 თუ 19 წლის იყო მაშინ), რომ ერთს არ გაიღიმებ, სულ ოხრავ-მეთქი. მერე გაირკვა, გოჩა ჰყვარებია. გოჩას ახლა რომ ოსობა წამოაძახეს, რა, მაშინ არ იყო ოსი? ნეტავ, გოჩასნაირი ოსი ბევრი გვყავდეს საქართველოში... რომ შეუღლდნენ, ისიც იცოდა თეამ, რომ ორი ახლობლის სიკვდილის შემდეგ გოჩას მატერიალურად უჭირდა. უბანში ყველამ ვიცით, ვინ რისი გამკეთებელია, გოჩას ნარკომანობას როგორ დავწამებთ! თეა ძალიან კარგი დედა იყო, თემოს თავს ევლებოდა, გოჩაც უსაზღვროდ უყვარდა, თვალებში შესციცინებდა. თეას დედამ იმდენი ქნა, აიძულა რაღაც უაზრო მიზეზის გამო მიეტოვებინა ოჯახი. თეას სულ მობილური ეჭირა ხელში და დედამისს დღეში 7-8-ჯერ მაინც "ანგარიშს" აბარებდა - რა ჭამა, სად წავიდა, დედამთილმა რა უთხრა ან გოჩამ ხომ არ აწყენინა. ოჯახში ყოველთვის ხდება პატარა უსიამოვნება, რა საჭიროა გათხოვილმა ქალმა (ან თუნდაც მამაკაცმა) მშობლებს ყველაფერი ჩაუჭიკჭიკოს? ცოლ-ქმარი შეიძლება დაშორდეს, მაგრამ ბავშვმა რა დააშავა? თუ თეას აღარ უნდა გოჩასთან ყოფნა, ეს მისი ნებაა, მაგრამ ბავშვი მამასაც ეკუთვნის და კვირაში ორი დღე და ზაფხულის პერიოდში ერთი თვე მამასთან რომ  იყოს, განა რა დაშავდება. ეს თეამ უნდა შეიგნოს, თორემ უსიამოვნებები კვლავ გაგრძელდება. გოჩას შვილი უსაზღვროდ უყვარს და არ დათმობს.

ნორა (მეზობელი): - მიკვირს, გოჩას რომ შფოთისთავს ეძახიან. საერთო ეზო გვაქვს, ყველა მეზობელი ყველაფერს ვხედავთ და გვესმის. მათი ოჯახიდან ხმამაღალი სიტყვა არ გამოსულა, გარეთ კი სულ ხელიხელგადახვეულები დადიოდნენ... ალბათ, სიდუხჭირის გამო აღარ გააჩერა დედამისმა თეა ქმრის ოჯახში. დღეს თავზე საყრელი ვის გვაქვს? ყველამ რომ ოჯახი დაანგრიოს, ეგრე სადაა? თუკი თეას დაბრუნება არ უნდა, იცხოვროს თავის საჩხერეში, მაგრამ გოჩასთან ხანდახან უნდა გამოუშვას ბავშვი.

ვენერა (გოჩას დედა): - თეა ჩვენი მდგმური იყო. როცა აქ მოვიდა, ჩემი მეუღლე და დედამთილი ახალი გარდაცვლილები იყვნენ. თეა დამიახლოვდა და ცდილობდა, ჩემთვის დარდი გაექარვებინა. მერე გოჩა შეუყვარდა. მე კარგა ხანს არ ვიცოდი ამის შესახებ. ტიროდა ხოლმე და არ მეუბნებოდა, რა აწუხებდა. მტირალას ვეძახდი. იმ პერიოდში და მყავდა ლოგინად ჩავარდნილი და ხშირად მივდიოდი მასთან. სანამ შინ დავბრუნდებოდი, თეა სახლს დალაგებულს, ჭურჭელს დარეცხილს მახვედრებდა. ჩვენ არასოდეს დაგვიმალავს, რომ წარმოშობით ოსები ვიყავით, ჩვენი წინაპრებიც თბილისში ცხოვრობდნენ, ოსური ენაც კი არ ვიცით, ჩვენი სამშობლო საქართველოა... მეზობლებისგან არასოდეს გვიგრძნია ცივი დამოკიდებულება (შარშანდელი ომის მერეც კი) და თეას მშობლების სიძულვილით ნათქვამი - "ოსებო, ოსებო", ვერ გამიგია, რას "ემსახურება?" არც გოჩას და არც თეას არაფერი უთქვამთ თავიანთ გადაწყვეტილებაზე... მე ჩამივარდა ერთი ადრინდელი წერილი ხელში, სადაც თეა სოფელში წასვლის წინ გოჩას სწერდა, - ახლა ცოტა ხნით მივდივარ და გთხოვ, იფიქრე ჩვენზე; იცოდე, თავს რაღაცას ავუტეხავ, თუ ცოლად არ შემირთავო... გავიდა დრო. თეა ისევ დაბრუნდა. ერთ მშვენიერ დღეს, დისგან მოსულს შინ სუფრა გაშლილი დამხვდა, გოჩას მეგობრებმა შვილის გაბედნიერება მომილოცეს... თეას მამა თავიდან თბილად ექცეოდა ჩემს შვილს, - მამა არ გყავს და აწი მე გაგიწევ მამობასო. მერე ცოლმა გადაიბირა. თეა ორსულად იყო, როცა რაღაცაზე წაკინკლავდნენ და მან ბიძამისს დაურეკა, - მოდიო. ბიძამისი პოლიციაში მუშაობს. მოვიდა, მაგრამ ეტყობოდა, არ სიამოვნებდა გოჩასა და თეას ურთიერთობაში ჩარევა. თავის დას, თეას დედას უსაყვედურა, ნუ ილანძღებიო. მანანამ იძალა და საჩხერეში წაიყვანა შვილი. მისი მშობიარობის დრო რომ დადგა, გოჩა საჩხერეში წავიდა, სამშობიაროში ათენ-აღამებდა. მანანას კი ნერვები ეშლებოდა, - აქ რას დგახარ, წადი, თორემ პოლიციას გამოვუძახებო. მერე, ბავშვი თბილისში ჩამოიყვანეს, სეფსისი ჰქონდა და აქ მკურნალობდნენ. თეა და გოჩა შერიგდნენ... როგორ კადრულობს თეა ასეთ ტყუილს, - გოჩა მცემდა და გარეთ მაგდებდაო? ჰკითხეთ მეზობლებს. სასამართლოზე, როცა მოსამართლემ ჰკითხა, - ფიზიკურად ხომ არ გეხებოდა ქმარიო, ჯერ დედამისს გახედა და როცა მან თავი დაუქნია, ორჭოფულად უპასუხა, - ცოტაო. გაოცდა მოსამართლე, - "ცოტა" რას ჰქვია, ცოტათი გცემდაო?! ერთხელ, თეას ძმას დავურეკე და ვთხოვე, ბავშვი ჩავწეროთ ჩვენთან, რატომ უკარგავთ თბილისში ბინას-მეთქი. თავი დაგვანებეთო, - მიპასუხა. ამ ორი წლის განმავლობაში შვილს სულ ვეჩიჩინებოდი, რამენაირად შეირიგე თეა და ტაქტიანად აგრძნობინე, რომ დედამისს აღარ ჩარევთ თქვენს საქმეში-მეთქი. მან კი, - თეამ ერთი სიტყვითაც არ დამიცვა თავისიანებთან, მისდამი გრძნობა გამიქრა, აღარ მინდა შერიგება, ბავშვისთვის კი ვიბრძოლებო. ისე ენატრება შვილი, მეშინია, რამე არ ჩაიდინოს. თქვენი იმედი მაქვს, რაიმეს შეიგნებენ თეა და დედამისი, თუ არადა, სხვა გზა აღარ იქნება, სასამართლოს მივმართავთ ბიჭის დასაბრუნებლად.