თოვლის ბაბუა გამოძახებით, ანუ "შემოვდგი ფეხი"... - კვირის პალიტრა

თოვლის ბაბუა გამოძახებით, ანუ "შემოვდგი ფეხი"...

- შინ მაინც არაფერს აკეთებ და თუ გინდა, ამ საახალწლოდ პატარა ფულსაც გაშოვნინებ და შენი თამროც კმაყოფილი დაგრჩება, - უთხრა შოთიკომ ძმაკაცს და გამომცდელად მიაჩერდა.

- რას მთავაზობ ამისთანას? - გაკვირვებულმა შეხედა თენგომ "ბიზნესპარტნიორს".

- შენმა ცოლმა შემომჩივლა, - უმუშევრობამ და უსაქმურობამ გაალოთა, ეგებ რამე მოუხერხო, თორემ ან მაგას მოვკლავ, ან მე მოვიკლავ თავსო. ხომ იცი, სანამ დიდ საქმეს წამოიწყებდე, პატარით უნდა დაიწყო... იმ ფირმამ, სადაც მე ვმუშაობ, საახალწლოდ ასეთი რამ მოიფიქრა - "თოვლის ბაბუა გამოძახებით". ყველგან გავაკარით განცხადება, ტელეფონიც მივუთითეთ და იცი, რამდენმა დაგვირეკა? შვიდი თოვლის ბაბუა დავიქირავეთ, მაგრამ ნაღდად არ გვეყოფა... ჰოდა, მერვე შენ იყავი. ჩაგაცმევთ სანტას ან ნაღდი ქართველი თოვლის ბაბუს ტანსაცმელს და ჩამოუარე ოჯახებს. საჩუქრებს ჩვენ ჩაგიწყობთ ხურჯინში, ლექსები და სიმღერები კი იცი და დალევაც გიყვარს. გამოძახება კი ფასიანია.

თენგოს გულს მოეშვა - თამროსა და ბავშვებს გავახარებო და ულაპარაკოდ დათანხმდა ძმაკაცს.  წელიწად-ნახევარი სამსახურს ამაოდ ეძებდა. სადაც მივიდა, ყველგან ღიმილით დაჰპირდნენ, - დაგირეკავთო, მაგრამ არავის დაურეკავს. მოლხენა დიდებული იცოდა და ხან ვინ ეძახდა გაშლილ სუფრასთან, ხან - ვინ. შინ გვიან მისულს ცოლი ქოქოლას აყრიდა, - დაგეცეს მეხი, ისევ დალიეო? "მეხდაცემული" თენგო ჩუმად შეიპარებოდა საძინებელში და... იძინებდა მეორე დღის იმედით... სამაგიეროდ, ახლა მშვენიერი საქმე გამოუჩნდა - გაერთობოდა და ფულსაც იშოვიდა.

შოთიკომ მისალოცი ტექსტი მისცა, რომელიც ტრადიციულად ასე იწყებოდა: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი". ამის მერე უფლება ჰქონდა, იმპროვიზებულად გაეგრძელებინა "სამუშაო". გული კი დასწყდა, რომ ნაბადი და სვანური ქუდი არ ერგო, მაგრამ თავი ინუგეშა, - არა უშავს, მაინც ევროპისა და ამერიკისკენ გვიჭირავს თვალი და რაც არის, არის, ვიქნები სანტა კლაუსიო.

31 დეკემბერს დილიდანვე გამოეწყო სანტა კლაუსის წითელ ტანსაცმელში, თეთრი წვერ-ულვაშიც მოირგო და სარკის წინ პატარა რეპეტიციაც გაიარა... საღამოს 9 საათზე ხელში დამკვეთთა გრძელი სია დაიჭირა, საჩუქრებით სავსე სანტას "ბოხჩა" მხარზე გადაიკიდა და გაუდგა გზას.

...ყველა ოჯახში ბავშვები ჟივილ-ხივილით ეგებებოდნენ, გაფართოებული თვალებით უცქერდნენ თეთრწვერა "სანტა კლაუსს", რომელიც ქართულად ულოცავდათ ახალ წელს და ცეკვავდა კიდეც. რაღა თქმა უნდა, ჭიქის აუწევლად არ უშვებდნენ და ჩვენი სანტა-თენგო გვარიანად გამოგვითვრა... ქეიფ-ქეიფით მიულოცა 14 ოჯახს დღესასწაული. ბოლოს, ფეხარეული, ღიღინ-ღიღინით მიადგა ბოლო, მეთხუთმეტეს. დარეკა ზარი და კარი ფართოდ გაიღო. თენგომ ჯერ კანფეტები შეყარა, მერე მარჯვენა ფეხი ზღურბლს გადააბოტა და ხმამაღლა დაიძახა: "შემოვდგი ფეხი, დაგეცეთ მეხი!" ამის თქმა იყო და ქეჩოში სწვდა ოჯახის უფროსი, - შენ დაგექცეს ოჯახი, რამ გათქმევინა ახალი წლის ღამეს ამისთანა რამე, მეკვლე მაინც არ იყო... თუ სმა არ შეგეძლო, რას სვამდი ჩემდა ჭირად!.. იმ თქვენს ფირმას თუ არ ვუჩივლო, კაცი არ ვიყოო და ჩვენი "სანტა" კიბეზე დააგორა. მეორე დღეს, გამოფხიზლებულმა თენგომ რომ გაიგონა თამროს ქოქოლა, - დაგეცეს მეხი, არც თოვლის ბაბუად ვარგიხარო, მიხვდა, რატომაც წამოსცდა მეთხუთმეტე ოჯახში ასეთი "დალოცვა".

მართალია, "პატარა ფული" იმ საახალწლო დღეებში ვეღარ იშოვა თენგომ, მაგრამ სანტა კლაუსის ერთდღიანი როლი "ფეხბედნიერი" გამოდგა. ძალიან მალე ისეთი სამსახური იშოვა, რომ თამროს წყევლა-კრულვა მაშინვე შეწყდა. მეთხუთმეტე მასპინძელს კი აღარ უჩივლია, რადგან შოთიკოს ფირმამ საჩუქრებით დაზურგული ერთი "ნაღდი" ქართველი თოვლის ბაბუა და ერთიც - სანტა კლაუსი გაუგზავნა მისალოცად.