"თუ სახელმწიფო არ იზრუნებს ჩემზე, იძულებული გავხდები, უარი ვთქვა სამშობლოზე" - კვირის პალიტრა

"თუ სახელმწიფო არ იზრუნებს ჩემზე, იძულებული გავხდები, უარი ვთქვა სამშობლოზე"

გამოხმაურება

"თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული წერილი რომ წავიკითხე, მაიას თავს გადახდენილი ამბავი საოცრად მეცნო..."

ჩემი უმცროსი გოგონას პედაგოგი რამდენჯერმე შეესწრო უფროს ვაჟთან სკაიპით ცხარე დიალოგს. მერე აკვირდებოდა თურმე აგრესიას, რომელსაც ჩემი ვაჟი  სიტყვა "დედის" ხსენებისას გამოხატავდა - საკუთარ დედასაც აგინებდა და სხვებსაც...

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში გამოქვეყნებულ წერილს ("შვილებმა დამცინეს, ვინ გითხრა, რომ სახლი უფრო გვჭირდებოდა, ვიდრე დედაო") საოცარი  გამოხმაურება მოჰყვა. სამწუხაროდ, წაიკითხავთ ისეთ ამბებსაც, ვისაც ნინოს მსგავსად იძულებით მოუწია უცხოეთში გადახვეწამ და შვილებთან პრობლემები გაუჩნდა...

ქეთი, რომელიც უცხოეთშია გადახვეწილი (მიზეზთა გამო შევცვალეთ ვინაობა და ქვეყნის დასახელება), გერმანიიდან გვწერს. მაიასავით მასაც სამი შვილი დაუტოვებია საქართველოში, მაგრამ უდედოდ დარჩენილ ბავშვებს ერთმა კეთილმა ქალბატონმა უპატრონა და ყველაფერი იღონა, რომ მოზარდებს თავგანწირული დედის მიმართ უმადურობის განცდა არ გასჩენოდათ. აი, რა გვიამბო ქეთიმ:

- თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული წერილი რომ წავიკითხე, მაიას თავს გადახდენილი ამბავი საოცრად მეცნო... საზოგადოების ნაწილი უცხოეთში ჩემსავით გადაკარგულ დედებს გმირებად მოგვიხსენიებს, რადგან ჩვენ გადავარჩინეთ ოჯახები, რომ ჩვენი მძიმე შრომით ნაშოვნი ფულით დგას საქართველო ფეხზე... მაგრამ უფიქრია კი ვინმეს ჩვენს ოჯახებში გაჩენილ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე?..

იქნებ სახელმწიფო დაგვიდგეს მხარში, დაგვეხმაროს, რომ ემიგრანტ დედებს წელიწადში ერთხელ მაინც სამშობლოში თავისუფლად დაბრუნება და შვილებთან შეხვედრა შეგვეძლოს. მე რომ ჩამოვიდე, უკან ვეღარ დავბრუნდები... მანდ რომ დავრჩე, რა ვაკეთო? სამი ობოლი შვილი და მოხუცი დედამთილ-მამამთილი მყავს სარჩენი. ვის მოვთხოვო მათი აღზრდა, მოხუც ბებია-ბაბუას?.. ზოგჯერ დღეები ისე გადის, რომ ტელეფონით სულ ორი წამით მოვიკითხავ ბავშვებს და ისევ შრომის მორევში ვეშვები. არ ვიცი, როგორ, მაგრამ სახელმწიფო დედაშვილობის განმტკიცებაში უნდა დაგვეხმაროს! სანამ ვიღაც დამცინებდეს ან ჭკუის სწავლებას დამიწყებდეს, კარგად დაფიქრდეს, რა გველის მომავალში. ღმერთმა კარგად ამყოფოს ჩემი დედამთილ-მამამთილი, მაგრამ როდესაც ისინი აღარ იქნებიან, თუ იმ დროისთვისაც საქართველოში საარსებო პირობები და სამუშაო ადგილები არ შეიქმნა, ჩემს შვილებსაც უცხოეთში წავიყვან! აქ პურის ფულიც გვექნება და სოციალური დახმარებაც. თუ სახელმწიფო არ იზრუნებს ჩემზე, იძულებული გავხდები, უარი ვთქვა სამშობლოზე.

- მწერდით, რომ შვილებთან ურთიერთობაში ერთი პედაგოგი დაგეხმარათ.

- დიახ, ჩემი უმცროსი გოგონას პედაგოგი რამდენჯერმე შეესწრო უფროს ვაჟთან სკაიპით ცხარე დიალოგს. მერე აკვირდებოდა თურმე აგრესიას, რომელსაც ჩემი ვაჟი  სიტყვა "დედის" ხსენებისას გამოხატავდა - საკუთარ დედასაც აგინებდა და სხვებსაც... ნატა მხსნელად მომევლინა. დაიწყო მუშაობა ბავშვებთან, ეუბნებოდა, რომ მათი დედა გმირია. მართლაც მოკლე ხანში შეიცვალნენ, კვლავ დაუბრუნდათ სითბო... აღარ მიყენებენ უამრავ პრეტენზიას. ახლა ერთად ვფიქრობთ იმაზე, როგორ მოვაწყოთ ცხოვრება ისე, რომ მე დავბრუნდე...

სოფო გამრეკელი