"აფხაზეთში სიყვარული დამაბრუნებს, ამაზე ძლიერი იარაღი არ არსებობს"
03-02-2014
"აფხაზეთში სიყვარული დამაბრუნებს, ამაზე ძლიერი იარაღი არ არსებობს"
"პირველად მამას გავუმხილე, აფხაზი ბიჭი მიყვარს და მინდა ცოლად გავყვე-მეთქი. დამუნჯდა კაცი, დიდხანს იჯდა სავარძელში, მერე უხმოდ ადგა და დასაძინებლად წავიდა... ორი დღის შემდეგ მითხრა, ვერაფერს დაგიშლი, თუ მოვა და შენს ხელს მთხოვს, თანხმობას მივცემო... აფხაზებმა  ორი ბიძა მომიკლეს. ვიცოდი, ჩემი ამბავი მამას შეძრავდა, მაგრამ ხომ უნდა მეთქვა?" - ამბობს ნათია, რომელიც სოხუმის დაცემის შემდეგ, ჭუბერის უღელტეხილზე ხელში ატატებული გადმოიყვანა მამამ.
ნათიას არ ახსოვს ჭუბერი, არც ომი, იმდენად პატარა იყო,
არაფერი შემორჩა მის მეხსიერებას მშობლიური ქალაქიდან, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში გრძნობს, რომ გული მიუწევს აფხაზეთისკენ.

ორი წლის წინ ნათესავს სოჭში წაუყვანია დასასვენებლად. თურმე ეხვეწა, - სოხუმში წამიყვანე, მინდა ვიცოდე, სად ვცხოვრობდი, ბებია-ბაბუის საფლავები მაჩვენეო. იმანაც ახლობელ აფხაზებს სთხოვა, ამ გოგოს დაეხმარეთ, სოხუმის  დათვალიერება მშვიდობიანად
შეძლოსო.
ნათია: - მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი უცხო იყო, სოხუმში ისე დავდიოდი, თითქოს არსად წავსულვარ. საფლავზეც რომ გავედით, რაღაც ძალამ მათქმევინა, - ბებო, ბაბუ, მალე დავბრუნდები-მეთქი...

სოხუმში ორი დღე დავყავი, ერთმა აფხაზმა მიმასპინძლა. სოჭში დაბრუნებამდე რამდენიმე საათით ადრე მასპინძელს ვიღაც ბიჭი ეწვია. ამრეზით შემომხედა. ქართველიაო? - იკითხა. ჩემი სტუმარი რა ეროვნებისაა, შენი საქმე არ არისო, - კავკასიური ადათი დაიცვა მასპინძელმა. ბიჭს სახე შეეცვალა, უცნაურად დამაშტერდა და რაღაც უთხრა აფხაზურად, ის კი, მეც რომ გამეგო, კვლავ რუსულად პასუხობდა... ბიჭო, შეიგნე, ეს გოგო ჩემი სტუმარია, მამამისი მამაშენის მკვლელი ვერ იქნებოდა, ცხოვრებაში ჭიანჭეველისთვისაც არ დაუდგამს ფეხი, იარაღი ხელში არასოდეს სჭერია. ყველა ქართველი მამისმკვლელი ნუ გგონია, მამაშენიც ხომ ხოცავდა ქართველებს, დაივიწყე, რაც იყო, ასეთი ბოღმით ვერ იცხოვრებო.

საოცრად დათრგუნვილი დავბრუნდი სოჭში...
რამდენიმე თვის შემდეგ ვიღაც აფხაზმა "ფეისბუკზე" მეგობრობა მთხოვა - ის ბიჭი იყო... შეგნებულად ვერ გავამხელ ვერც მის და ვერც ჩემი მასპინძელი აფხაზის სახელს. მოკლედ, იმ ბიჭმა მომიბოდიშა, - ხშირად სათქმელს ვერ ვზომავო... მალე ძალიან დავახლოვდით. მეტიც, უმისობა მიჭირს. ასეა ისიც... ხშირად ამბობს, თურმე მართლა შესძლებია სიყვარულს მტრობით დანგრეულის აშენებაო.

- "ფეისბუკში" შეგიყვარდა და ასე გრძელდება თქვენი რომანი?

- გადავწყვიტე, მოსკოვში წავსულიყავი სამუშაოდ. იქ დეიდაჩემი ცხოვრობს და მასთან დავბინავდებოდი. შინ არავის გაუწევია წინააღმდეგობა... ვმუშაობდი და საღამოობით ჩემს აფხაზს ვხვდებოდი, ისიც იქ გადმობარგდა... ერთი თვის თავზე დეიდაჩემმა რომ გაიგო, აფხაზს ვხვდებოდი, გამწარდა, - მაგათ ქმარი მომიკლეს, შვილი დამიინვალიდეს და აფხაზი როგორ შეგიყვარდაო. სასწრაფოდ ამიღო ბილეთი და თბილისში გამომისტუმრა, თან გამაფრთხილა, შენს მშობლებს არ ვეტყვი, საწყლებს გული რომ არ გაუსკდეთო.

მე თვითონ ვუთხარი მამას. რა მექნა, ოდესმე ხომ უნდა გამემხილა? დეიდაჩემმა მაინც ვერ გამიგო. ისევ საშინელი წარსულის მოგონებით ცხოვრობს. ვეუბნებოდი, ომი ყველამ ჩვენს თავში უნდა დავასრულოთ-მეთქი. ის ჯიუტობდა, - გინდა, აფხაზი მოამრავლოო? მეც მშვიდად ვპასუხობდი, დიახ, მათ ჩვენზე მეტად სჭირდებათ გადარჩენა, თანაც სად ქართველთმოძულე და სად ქართველთმოყვარული, ქართველი დედის გაზრდილი აფხაზი-მეთქი. არაფრის გაგონება არ სურდა, მეგონა, მამაც სიმწრისგან ყველაფერს დალეწავდა. შევცდი. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ მთელი ოჯახი შეგვკრიბა და გამოგვიცხადა, მოვიდეს სასიძო და მთხოვოს ქალიშვილის ხელიო.

- რას აპირებს შენი აფხაზი?
- ვერ გადმოდის საზღვარზე. რამდენიმე დღის წინ მწერდა, - ისეთ ჭკუაზე ვარ, რომ სერიოზულად დავიზიანებ თავს, მერე კი იქნებ თბილისში გადმომიყვანონ სამკურნალოდო...

- არ გეშინია, რომ მისი ოჯახი არ მიგიღებს?
- ეგ არ მოხდება! დარწმუნებული ვარ, ის ბიჭი ჩემთვის არის გაჩენილი, მე კი მისთვის. მოსკოვში დედამისი გამაცნო, ძალიან საყვარელი, სათნო ქალია. ისიც მამაჩემივით მოიქცა... თავიდან გადარეულა, - იქნებ ჩემი ქმრის მკვლელის შვილი უყვარს ჩემს შვილსო. მერე კი უთქვამს,  ღმერთია მოწყალე და მე რა უფლება მაქვს, სიყვარულს წინ აღვუდგეო...

ვინც კი გაიგო, რომ აფხაზი მიყვარს, გამკიცხა, - ქართველი დაილიაო? არავის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ სიყვარულმა იცის შერჩევა? მიყვარს და ყველაფერს ვუძლებ... მჯერა, ჩვენი სიყვარულით აფხაზებსა და ქართველებს შორის სიყვარულს ავაშენებთ და სხვებისთვისაც გავხდებით შუქურა. აფხაზეთში სიყვარული დამაბრუნებს, ამაზე ძლიერი იარაღი არ არსებობს.

სოფო გამრეკელი
ერეკლე
19 თებერვალი 2016 02:45
დიახაც, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! მაგრამ დღეს დიდად ვცოდავთ ქართველები, როცა აფხაზს სხვა ხალხად ან ერად მოვიხსენებთ. გამოდის ჩვენსავე ისტორიას ჩვენვე ვაყალბებთ! აფხაზი ისეთივე ეთნიკური ქართველია, როგორც კახელი, სვანი, ლაზი, ჯავახი, კლარჯი, თუში და სხვები. აფხაზი არის ქართველი და ის გადმოსახლებული ადიღეელი, რომელთაც დიმიტრი გულიამ გასული საუკუნის ოციან წლებში შეუქმნა ანბანი რუსული ალფავიტის საფუძველზე.მათ მიითვისეს ქართველის, აფხაზის სახელი და დღეს ვძულვართ ჩრდილოელი მეზობლის ,,მართლმადიდებლური" სიყვარულით განსწავლულებს. ვასწავლოთ ნამდვილი ისტორია და აღარ გვექნება ასეთი დონის მძაფრი კონფლიქტები და მათაც ეცოდინებათ რომ მოატყუეს და შებილწეს მათივე მეობა, ეროვნული კუთვნილება. იქნებ გადახედონ კიდევაც თავიანთ დამოკიდებულებას. ეს მომავლის საქმეა, რომელიც ჩვენვე უნდა მოვიმუშაკოთ. სიყვარული კი იმოტომ არის უპირველესი, რომ ის აერთიანებს, აღადგენს დაშლილს. მან არ იცის ეროვნება, კანის ფერი და სიძულვილი. დაე მსგავსი მაგალითები აღდგენილი ხიდი ყოფილიყოს ჩემსა და თქვენს მრავალეროვან სამშობლოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შორის. იმედია რაიმე რასისტულ იარლიყს არ მომაწებებენ ლიბერალ დემოკრტი ადამიანის უფლებათა დამცველები, თუმცა ,,ჩვენ ჩვენი თავი უნდა გვეკუთვნოდეს"! სიყვარულს გაუმარჯოს გზად და ხიდად ფენილს!
nato
03 ნოემბერი 2015 14:36
სიყვარულს რას გაუგებ კარგია თუ მართლა სიყვარულია გმერთმა ხელი მოგიმართოთ მაგრამ ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჯერიო ხომ გაგიგია
მარი
13 სექტემბერი 2015 20:55
არც არაფერი მიკვირს, ჩვენ ერთი ჯილა ვართ, მეც მყავს მეგობარი აფხაზი ცოლი ყავს, სიყვარული გაიმარჯვებს მჯერა, თუ ღმერთს უნდა შევრიგდეთ ჩვენ რატომ უნდა აღვუდგეთ მას?!

რედაქტორის რჩევით