"გათხოვებაზე არც ვფიქრობდი, სწავლა მინდოდა, მაგრამ..."
"გათხოვებაზე არც ვფიქრობდი, სწავლა მინდოდა, მაგრამ..."
თამილა 38 წლისაა. 10 წელია მარტო ზრდის შვილებს და ცდილობს, როგორმე ამოვიდეს სიღარიბიდან, რომელშიც, მისი თქმით, დედამთილ-მამამთილმა ჩააგდო.

თამილა: - 18 წლის ვიყავი, მომავალმა ქმარმა რომ მომიტაცა. Aწესიერად არც კი ვიცნობდი, სულ სამჯერ მყავდა ნანახი. ერთ დილას რეპეტიტორთან მიმავალს მანქანით დამხვდა ძმაკაცებთან ერთად. თავიდან ვერც კი მივხვდი, რა ხდებოდა. გამიელვა, ალბათ გამოსასყიდისთვის გამიტაცეს-მეთქი. მალევე გაირკვა, რომ თურმე ცოლად ვუნდოდი. კინაღამ გული გამისკდა - ვიღაც უცნობის ცოლი როგორ უნდა გავმხდარიყავი! გათხოვებაზე
არც ვფიქრობდი, სწავლა მინდოდა, მაგრამ...

მთაში წამიყვანა, მამიდამისთან. ერთი კვირა ვეწინააღმდეგებოდი, მეგონა, მომაგნებდნენ ჩემები. ვერ მომაგნეს... პოლიციას ერთი კვირა დასჭირდა გამტაცებლის დასადგენად. მერე სამართალდამცველები ჩემს დედამთილ-მამამთილს რომ მიადგნენ შინ, ავიშვიშებულან, - ჩვენ ეგ დასასვენებლად გავუშვით, რა ცოლი, რის ცოლიო... მოკლედ, გავტყდი, დავკარგე ყველაფრის იმედი და
მივუგდე ჩემი თავი მომავალ ქმარს, რომელიც ვერაფრით შევიყვარე. მას კი, როგორც ამბობდა, თავდავიწყებით ვუყვარდი. მართლაც ძალიან მიფრთხილდებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ უშვილო იყო...

- შვილები მისგან არ გყავთ?

- დიდი ხნის შემდეგ შეგვეძინა. კარგა ხანს რომ არ დავორსულდი, ერთ დღესაც დედამთილ-მამამთილმა მომახალა, უნაყოფო ვის სჭირდებიო. ჩავიტარე გამოკვლევა. ექიმებმა მითხრეს, ჯანმრთელი ხარ, შენი ქმარი უნდა გამოვიკვლიოთო. ეს რომ ვთქვი ოჯახში, დედამთილმა კინაღამ დამახრჩო, - ჩემი შვილი უნაყოფო ვერ იქნება, ჯიშში არ აქვსო?! კიდევ კარგი, შვილი მშობლებს არ ჰგავდა... გამოკვლევებზე  წავიდა, სწორედ მას აღმოაჩნდა პრობლემა. საშინლად დაამცირა მამამისმა, - უვარგისი უძახა. მაშინ ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, ცალკე, ბებიის დანატოვარ ბინაში გადავსულიყავით...

ცალკე გადასვლიდან მალევე დავფეხმძიმდი, პირველი ბიჭი გაგვიჩნდა, 9 თვის იყო, როდესაც მეორე შვილზე დავფეხმძიმდი, გოგონა შეგვეძინა. ვიფიქრე, რა ბედნიერი ვარ, ყველაფერი კარგად აეწყო-მეთქი და ჩემს ქმარს სიმსივნე აღმოაჩნდა. ვერ ვუშველე...

- ქმრის გარდაცვალების შემდეგ მისი მშობლები არ დაგეხმარნენ?
- ქმრის სიკვდილით სასოწარკვეთილმა არ ვიცოდი, რით მერჩინა შვილები. მამამთილმა შემომთავაზა, ჩვენთან გადმოდი საცხოვრებლად, ეს ბინა გავყიდოთ, ფული დიდი პროცენტით გავასესხოთ და ყოველთვიური შემოსავალი გექნება ბავშვების სარჩენადო. დავყაბულდი. მამამთილმა ის ფული მართლაც რაღაც საქმეში ჩადო, მაგრამ თავის სახელზე. საშინელ დღეში ჩამაგდო, ყოველთვიურად დიდი ხვეწნა-მუდარით გროშებს მაძლევდა. ერთ დღეს ბავშვები დავაძინე და სამზარეულოში გავედი. ჩემი დედამთილი შინ არ იყო. მამათილი შემოვიდა და მითხრა, - ახალგაზრდა ქალი ხარ, როდემდე უნდა იყო მარტოო. თავზარი დამეცა - ამას მეუბნებოდა კაცი, რომელსაც ხუთი თვის წინ შვილი გარდაეცვალა! თუ გინდა, უცხოეთში წადი. ბავშვებს ჩვენ დავიტოვებთ და შენ, როგორც გინდა, ისე იცხოვრეო. ვიკივლე, რას კადრულობთ-მეთქი? მხარზე ხელი მომკიდა და მითხრა, - თუ ისურვებ, აქაც მოგიჩენ მუდმივ კაცს, ვინც გარჩენსო. მინდოდა დანა ჩამერტყა, მაგრამ თავს მოვერიე.

- მშობლებს, ძმებს, ნათესავებს ვერ უთხარით ეს ამბავი?
- ცდილობს პროვოკაციაზე წამოგაგოს, რომ შინიდან წამოხვიდე და ის ფული შერჩესო, - მითხრეს. მაინც წამოვედი, ერთმა მადლიანმა შეგვიფარა. მოსამსახურედ დავიწყე მუშაობა მათთან - დიდი ოთახი დაგვითმეს მე და ჩემს შვილებს. მეტიც, ჩემს ბავშვებს თავის შვილებთან ერთად ასწავლიან. მთავარია, ღია ცის ქვეშ არ ვართ, ბავშვებს არ შიათ, არ სწყურიათ, არ სცივათ. მერე რა, რომ ბევრს ვშრომობ. ის ხალხი თან ჰყვება ჩემს შვილებს, ბებია-ბაბუას კი არც ახსოვს. სამ ძაღლს უვლიან და შვილიშვილებს, რომლებსაც მამისგან დანატოვარი სახლიც კი გაუყიდეს, არც კითხულობენ.

ძალიან მიჭირს. იმდენ ფულსაც ვერ ვშოულობ, რომ ბინა ვიყიდო, მაგრამ ვიცი, შვილები გამიმართლებენ იმედს.
დედამთილ-მამამთილზე აღარც ვბრაზობ, რაც სჭირთ, იმაზე მეტი რაღა უნდა დაემართოთ?  მარტოდ დარჩენილები, ყველასგან მივიწყებული არიან.

სოფო გამრეკელი
მკითხველის კომენტარი (20)
megi
21 მარტი 2014 14:15
თქვენი მამამთილი არის უკანასკნელი ნაძირალა!

დღეს ისეთი რაღაცები ხდება "სექსუალური რევოლუციის" ეგიდით, რომ მას(და ბევრს) ვეღარ წარმოუდგენიათ ქალის ერთგულება თუნდაც გარდაცვლილი ქმრისადმი!

მაგრამ საკუთარ რძალს, რომელის ქცევა არასდროს ყოფილა დამაეჭვებელი, მხოლოდ უნამუსო არაკაცი აკადრებს საწყენ სიტყვებს.

გამხნევდით, ქალბატონო, ღმერთს მადლობა, რომ კარგი ადამიანები შეუხვედრებია. ღმერთი არც შემდგომში მიგატოვებთ,-აუცილებლად ეღირსებით საკუთარ ჭერს.

ისე, სამართლებრივადაც გეცადათ მამათილისგან არამარტო წილი, არამედ თქვენი კუთვნილის თანხობრივი ანაზღაურება.
იბრძოლეთ ამისთვის.
უნამუსოს ეგრე თუ წაგლეჯთ რამეს!
მარიტა
17 მარტი 2014 23:41
''კაცი'' კი არა,კაცუნა ხარ შენ! 23 წელია ქმარი გარდამეცვალა.არც შეხედულება ვუჩივი და არც ინტელექტს,მაგრამ სხვა კაცისკენ აღარ გამიხედავს.ჩემს ქალიშვილს სხვა ''მამას'' ვერ დავაყენებ თავზე მეთქი.ახლა შენისთანა კაცუნამ უნდა მომაყენოს შეურაცხყოფა ?
ჩემი ქმარი იყო ჩემთვის პირველი და უკანასკნელი კაცი. გინდა დაიჯერე და გინდა არა.შენნაირების აზრი არ არის საინტერესო,მაგრამ რომ ლანძღავ დაუმსახურებლად ადამიანს,ამიტომაც ხარ არაკაცი.ყველა შენნაირი ნაძირალა არ უნდა გეგონოა
ნინუნა
25 თებერვალი 2014 17:09
რა არის იცით? ადამიანებმა დავკარგეთ ერეთმანეთის ნდობა და სიყვარული და უკვე გვიკვირს რამე კარგის გაგონება და გაგება. 10 წელი ქმრის ერთგულება დასაეჭვებელია ხო? თან იმ ქმრის, რომელსაც უსიყვარულოდ და ძალდატანებით გაჰყევი?

მე კიდევ არც მიკვირს. დედაჩემი მყავს და იმიტომ...
ნეტავ წერის ნიჭი მქონდეს, რომ დედაჩემზე დავწერო რამე... ოთარაანთ ქვრივი და თავსაფრიანი დედაკაცი აღარც გაახსენდებოდა ვინმეს, დედაჩემის კარგქალობის გამგონეს და მნახველს
ნატო
21 თებერვალი 2014 10:50
ვიღაც "კაცი" რა კომენტარს ტოვებ? კაცი უნდა გერქვას შენ!
KACI...
20 თებერვალი 2014 14:33
ესე იგი 10 წელია,ქმრის ხსოვნის ერთგული ყოფილხარ.რაც ძნელი დასაჯერებელია,ჩვენს ეპოქაში. საუკუნეების წინ,ხდებოდა ესეთი ერთგულება...ამიტომ მამამთილს კარგად უთქვამს,სწორედ მოქცეულა....არ გამომივიდა წმინდა თამილა? ან კიდევ თამუნა მართალი,ქმრის ხსოვნისადმი წამებული?....
nini
18 თებერვალი 2014 15:38
რა საშინელებაა უნამუსო ხალხი ყოპილან
Nia
18 თებერვალი 2014 10:29
პირველი შეცდომა ისაა, რომ ასეთ მამათილთან დაბრუნდი, მის ჭკუაზე გაიარე და ბინა გაყიდეთ. როცა "უნაყოფოს" გეძახიან, ე.ი. ადამიანად არ გთვლიან, გამრავლების ობიექტად სჭირდები. უნდა დაიტოვო ადამიანმა შენთვის, რაც შენია!
მამამთილი ისედაც ვალდებული იყო, დახმარებოდა მარჩენალდაკარგულ შვილიშვილებს!
tami
15 თებერვალი 2014 17:16
ღმერთი დაგიფარვთ.......
ნანა
11 თებერვალი 2014 14:49
ხშირად მესმის,ახლანდელმა ახალგაზრდებმა უფროსების პატივისცემა არ იციანო,მე მინდა ვკითხო ასეთებს,ამ საცოდავი ქალის დედამთილ-მამამთილი თუ იმსახურებენ იოტისოდენ პატივისცემას? შეიძლება ეს ახალგაზრდა ქალი გაამტყუნოს ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა? და ასეთი უამრავია....
mako
11 თებერვალი 2014 14:30
საწყალი, ზოგი რა უბედურია.....

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?